Get All Access for $5/mo

მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდები ბავშვთა აღზრდაში - "მონტესორის სკოლის" მისია საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სკოლამდელი აღზრდა ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ის ერთგვარი საფუძველია შემდგომი ეტაპებისთვის. ინგა პატარაიამ შვილებსა და ლერი მილდიანთან ერთად პატარების აღზრდის საკითხში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა გადაწყვიტა და სწორედ ამ მისიით შეიქმნა საბავშვო ბაღი "მონტესორი".

ცნობილი იტალიელი პედაგოგი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე, მარია მონტესორი, მე-19 საუკუნის რეფორმატორულ-პედაგოგიკური მოძრაობის წარმომადგენელია. მისი ჩამოყალიბებული აღზრდის მეთოდი არ კარგავს აქტუალურობას 21-ე საუკუნეშიც და სრულიად ადეკვატურია თანამედროვე განათლების მიზნებისთვის, რომლებიც მიმართულია ბავშვის თვითაღზრდასა და თვითგანვითარებაზე.

საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი დაწესებულების თანადამფუძნებელი, ინგა პატარაია ამბობს, რომ სწრაფად ცვალებად და განვითარებად მსოფლიოში ქვეყნების წინაშე სულ ახალ-ახალი ამოცანები ჩნდება. სწორედ ამიტომ, "მონტესორის" დამფუძნებლებისთვის მთავარი ამოცანა განათლების ჰუმანიზაცია და ბავშვის პიროვნების თავისუფალი განვითარებაა მისი ბუნების და პროცესების ანალიზის საფუძველზე.

"ამის გამოც გადავწყვიტეთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისა და სრულყოფისთვის. სწორედ ამ მიზნით დავაფუძნეთ "მონტესორის საერთაშორისო სკოლა" - გვსურდა, ჩვენი მომავალი თაობისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ მონტესორის სამეცნიერო პედაგოგიკით მიეღოთ სკოლამდელი განათლება. ჩვენი სკოლამდელი განათლების ცენტრი ხარისხიანი სწავლების საშუალებას გვაძლევს. ის 2021 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. ჩვენთან ბავშვებისთვის მოწყობილი უნიკალური გარემო პატარებს ეხმარება დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში", - ამბობს ინგა პატარაია.

მონტესორის მეთოდი სწორედაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ უნდა დაფასდეს უფროსების მიერ, რათა დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება აღიზარდოს.

ინგა იხსენებს, რომ მონტესორის მეთოდებზე დაფუძნებული სკოლის შექმნა მოითხოვდა გაბედულებას და სიმამაცეს, რადგან მეცნიერის სახელი საქართველოსთან მიმართებაში ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება. როგორც სკოლის დამფუძნებელი Entrepreneur-თან ჰყვება, მარია მონტესორის მეთოდიკის დანერგვა ქვეყანაში პირველად 1918-21 წლების რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ დაიწყო.

მონტესორის სამეცნიერო პედაგოგიკა, მეთოდიკა ძალიან იყო გავრცელებული ევროპაში და იმ დროისთვის ყველა ევროპულმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ სასკოლო პროგრამა სწორედ ამ პრინციპებს დაჰფუძნებოდა. 1920 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ და კონკრეტულად განათლების სამინისტრომ გამოყო სოლიდური თანხა იმისთვის, რომ მონტესორის სამეცნიერო პედაგოგიკა საქართველოში ჩამოეტანათ და სკოლებში დაენერგათ.

როგორც ინგა გვიყვება, განათლების სამინისტრომ მაშინ მარია მონტესორის მოსწავლეც კი ჩამოიყვანა და პედაგოგებისთვის სასწავლო კურსი შეადგინა. ამ კურსის შემდეგ იტალიიდან ჩამოიტანეს სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა - დიდაქტიკური მასალა, რომელიც საკლასო ოთახების მოწყობას სჭირდებოდა. მონტესორის კლასები ძალიან განსხვავდებოდა მაშინდელი სტანდარტული საკლასო ოთახებისგან ისევე, როგორც რადიკალურად განსხვავდებოდა სწავლების არსებული მეთოდებისგანაც.

რუსულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ მოსვლისთანავე გააუქმა ყველაფერი ევროპული. სწორედ ამიტომ ინგასა და "მონტესორის" მთელი გუნდისთვის ამ პედაგოგიური მიმდინარეობის აღდგენა საქართველოში ისტორიული არჩევანის გაგრძელებაა.

"მეოცე საუკუნის ოციანი წლების შემდეგ, ფაქტობრივად, პირველად, მე, ჩემმა შვილებმა, სანდრო და ლაშა ბოლქვაძეებმა, და ლერი მილდიანმა, გადავწყვიტეთ საქართველოში ერთად დაგვეწყო ნამდვილი მონტესორის სისტემის დანერგვა. ჩამოვაყალიბეთ მონტესორის ასოციაცია და გავხსენით მონტესორის საერთაშორისო სკოლა 0-6 წელზე. ეს ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა ჩვენთვის", - ამბობს ინგა.

"მონტესორის" დამფუძნებლებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ბავშვებს შეუქმნან ჯანსაღი, ლაღი, თავისუფალი გარემო, რომელშიც პატარები კომფორტულად იგრძნობენ თავს.

ინგა ამბობს, რომ მათ დააფუძნეს აღმზრდელობითი დაწესებულება, რომელიც პასუხობს ბავშვის მოთხოვნილებებს; სადაც მასწავლებელი კი არ ასწავლის, არამედ ეხმარება; განვითარება ხდება არა მოსმენით, არამედ გამოცდილების მიღებით და ბავშვი თავის გარემოში მოქმედებს.

"მონტესორის" ბაღის თანადამფუძნებელი ინტერვიუში იმ პრინციპებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გამოარჩევს მათი აღზრდის მეთოდებს არამხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო ასპარეზზეც. ინგა პატარაია ამბობს, რომ ეს პრინციპები მარია მონტესორის პედაგოგიურ მეთოდიკას ეფუძნება და საბავშვო ბაღის სააღმზრდელო პროგრამას წარმოადგენს.

1. ანთროპოლოგიური პრინციპი

მონტესორის პედაგოგიკა უშუალოდ "ბავშვიდან" მომდინარეობს. მის ცენტრში ბავშვია, რომლის განათლებაც ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის პოზიციებზეა აგებული. პედაგოგიურ სისტემაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ პატარა ასაკში ადამიანის დამოკიდებულება თავისუფლებისა და ღირსებისადმი. ამიტომაც ჩვენი აღზრდის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა -"პატივისცემა ბავშვის სულიერ თავისუფლებას".

2. ბავშვის განვითარების თავისუფლების პრინციპი

აღზრდის სტრუქტურის შეცვლაში ჩვენ ვგულისხმობთ "თავისუფლების პირობებს". ჩვენს მიზანს წარმოადგენს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების აღზრდა. ვფიქრობთ, აქედან გამომდინარეობს მონტესორის მეთოდიკის მთავარი დევიზი: "დამეხმარე, რომ მე თვითონ შევძლო ამის გაკეთება". მარია მონტესორი მიიჩნევდა, რომ ბავშვის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ უნდა დაფასდეს უფროსების მიერ, რათა დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება აღიზარდოს. მონტესორის სისტემაში თავისუფლება ნიშნავს ბავშვის თავისუფლად გადაადგილებას დიდაქტიკურად მომზადებულ გარემოში. ეს არის საქმიანობის დროს ადგილის თავისუფალი არჩევანი, საგნებისა და დიდაქტიკური მასალის არჩევა შემეცნებითი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ბავშვი სწავლობს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას, აცნობიერებს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილების მიღებისას, განიცდის სიხარულის გრძნობას ამ პროცესისა და საქმიანობისგან, რომელიც შინაგანად ხორციელდება და არა გარეგანი განწყობით.

3. ყურადღების კონცენტრაციის პრინციპი

საგანზე შინაგანი კონცენტრაციის წყალობით შესაძლებელი ხდება ბავშვის თვითგანვითარების პროცესის წარმართვა. ამას გარდა, იგი ავითარებს გამძლეობასა და მოთმინებას, რომელიც აუცილებელია ინტელექტუალური საქმიანობისთვის. "რაც უფრო ვითარდება შინაგანი კონცენტრაციის უნარი, მით უფრო ხშირდება მუშაობაში ჩართვა და უფრო მკვეთრი ხდება ახალი ფენომენი - ბავშვების დისციპლინა", - წერდა მონტესორი. შინაგანი დისციპლინა "თავისუფლების მეორე მხარე" ხდება.

4. საგანგებოდ მომზადებული სასწავლო გარემოს პრინციპი

მონტესორის აზრით, საგანგებოდ მომზადებული გარემოს შექმნისათვის აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობები. ჩვენს ბაღში ადვილად ხელმისაწვდომ თაროებზე უხვადაა განლაგებული საგულდაგულოდ შერჩეული და მოსწავლეთა ყოველმხრივი განვითარებისთვის საჭირო დიდაქტიკური მასალა. ბავშვისათვის მონტესორის მასალები არის "გასაღები", რომლის მეშვეობითაც მას სისტემაში მოჰყავს ქაოსური წარმოდგენები სამყაროს შესახებ. მონტესორის სიტყვებით "მასალა...ბავშვისათვის შინაგანი სამუშაოს დამხმარე და ხელმძღვანელი უნდა იყოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი იზოლირებული არ უნდა იყოს სამყაროსგან. მას ეძლევა "იარაღი", რომლის დახმარებითაც შესაძლებელია, დაეუფლოს მთელ სამყაროს და მის კულტურას".

5. სენსიტიურობის პრინციპი

ჩვენს ბაღში მონტესორის დიდაქტიკური მასალა თავისი სტრუქტურითა და საგნობრივი ლოგიკით ბავშვის განვითარების სენსიტიურ პერიოდს შეესაბამება. მონტესორიმ გამოყო 6 წლამდე ბავშვის განვითარების 6 ძირითადი სენსიტიური პერიოდი: ლაპარაკის განვითარების, სენსორული, აღქმითი და წესრიგის დამყარების სენსიტიური, უმცირესი საგნების მოძრაობების და მოქმედებების ათვისებისა და სოციალური განვითარების პერიოდები.

6. შეზღუდვისა და წესრიგის პრინციპი

წესრიგის დარღვევა და მისი აღდგენა - ბავშვის საქმიანობის უძლიერესი მოტივაციაა, რადგან ბავშვს მოსწონს, მის გარშემო არსებულ ნივთებს ხედავდეს ერთსა და იმავე ადგილზე. თუ დაარღვია, ის ცდილობს აღადგინოს წესრიგი.

7. განათლების სისტემაში პედაგოგის განსაკუთრებული ადგილის პრინციპი

ჩვენს ბაღში სწავლის პროცესში აქტიურობის ცენტრის პედაგოგიდან ბავშვზე გადატანა ხდება. თითოეული აღსაზრდელი სწავლობს საკუთარი "საგანმანათლებლო მარშრუტით", მისთვის კომფორტული სისწრაფით. ეს საშუალებას იძლევა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მაქსიმალურად იქნას დაცული სწავლისადმი ინდივიდუალური და დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი.

8. სოციალური აღზრდისა და ინტეგრაციის პრინციპი

ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია სოციალური აღზრდისა და ინტეგრაციის პრინციპი, ინდივიდუალური მუშაობა და ინდივიდუალური ინტერესი. ბავშვის შეფასება ხდება მისივე წინა მიღწევებთან შედარებით, რაც ჰუმანური პედაგოგიკის მოთხოვნებს სავსებით შეესაბამება".

ინგა პატარაია ამბობს, რომ "მონტესორის" გუნდის სამომავლო გეგმები კვლავაც მეთოდიკის კვლევასა და მის დანერგვაზე მუშაობას გულისხმობს. იგეგმება, რომ გაგრძელდეს აღნიშნული პედაგოგიკური კონცეფციის კვლევა, მისი კავშირი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცესთან და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

გარდა ამისა, "მონტესორის" ხელმძღვანელები ფიქრობენ სტუდენტების შესაბამისი მეთოდიკით გადამზადებასა და შემდგომ დასაქმებას.

"მონტესორის იდეების სრულყოფილი შესწავლა და პრაქტიკაში დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში გაამდიდრებს ქართულ პედაგოგიკას და ხელს შეუწყობს ახალი, საინტერესო საგანმანათლებლო სასწავლო მიდგომების, პროგრამებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრების გაჩენას. ამ პედაგოგიკური სისტემის გამოყენება ხელს შეუწყობს განათლების ჰუმანური ხასიათის და პიროვნების თავისუფალი განვითარების დამკვიდრებას ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში", - გვეუბნება ინგა პატარაია.

ინდუსტრიული ტრენდები

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს