Get All Access for $5/mo

Meubles - საკუთარი სახლისთვის ავეჯის დამზადებით ნაპოვნი საყვარელი საქმე, რომელიც ბიზნესად იქცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ეს არის ამბავი, რომელიც ახლა უკვე რვა ადამიანის - ოთხი ზრდასრულისა და ოთხი ბავშვის ისტორიად იქცა", - ასე ახასიათებს ნანკა ქაჯაია თავის სტარტაპს, Meubles-ს, რომელიც მომხმარებლის ინტერიერის გალამაზებაზე ზრუნავს. Meubles-ის სერვისი სხვადასხვა დიზაინის ავეჯის დამზადებას და მის დამონტაჟებას მოიცავს. Meubles-ის ისტორია პირადი გამოცდილებით დაიწყო.

ნანკა ქაჯაია, Meubles-ის თანადამფუძნებელი:

"ეს ისტორია რთულად, თუმცა საინტერესოდ დაიწყო. დღეს უკვე ვიცით, რომ საუკეთესო შედეგი დიდი მონდომებით, შრომითა და გამბედაობით, შესაძლოა ნულიდან მივიღოთ. ასე მოხდა ხუთი წლის წინ, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ბინა შევიძინეთ. ავეჯის შეკვეთისთვის საკმარისი თანხა არ გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, საკუთარი ძალებით გაგვეკეთებინა სამზარეულო. ამას საძინებელი და ბოლოს ბავშვების ოთახიც მოჰყვა".

ნანკასა და მისი მეუღლის, მიშკას ინიციატივა, რომ საკუთარი სახლისთვის ავეჯი თავადვე შეექმნათ, პანდემიას დაემთხვა. ნანკას თქმით, ეს დრო საქმის პროფესიონალურ დონეზე შესასწავლად გამოიყენეს.

თავიდან მათი შემართების არავის სჯეროდა. გარშემო მყოფები ეუბნებოდნენ, რომ გამოცდილების გარეშე ამ საქმესთან შეჭიდება რთული იყო.

"ჩვენ მოვახერხეთ და სახლის თავად გარემონტება შევძელით. ეს საქმე თერაპიაც აღმოჩნდა და სტრესისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა. სამსახურის შემდეგ ბავშვებს ვაძინებდით, ვტოვებდით ბებია-ბაბუასთან და "სამუშაოდ" მივდიოდით. შედეგმა არ დააყოვნა და გარშემო ყველას მოწონება დაიმსახურა. მეტიც, შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩვენს ახლობლებსაც უსასყიდლოდ "ვემსახურებოდით". ყველაზე მთავარი კითხვა, რასაც ჩემს მეუღლეს უსვამდნენ, შემდეგი იყო - "მართლა ნანკა აწყობს ავეჯს?" მას კი ეცინებოდა და პასუხობდა, რომ მისი საუკეთესო დამხმარე ვიყავი. უფრო და უფრო გვიზიდავდა ეს სფერო. ვკითხულობდით, ვსწავლობდით, ვიხვეწებოდით და აქამდეც მოვედით".

ნანკა ქაჯაია ამ საქმეს დიდი სიყვარულით აღწერს. მისი თქმით, პროცესი შრომატევადია, თუმცა იმდენად საინტერესოა, დაღლა არ იგრძნობა.

"რამდენიმე ნათესავისთვის ავეჯის აწყობის შემდეგ, დადგა დრო, ჩემი მეუღლის დისშვილების საძინებელზე გვემუშავა. ამ დროს ჩემს მეუღლეს ხელის ტრავმა ჰქონდა და მხოლოდ ჩემი დახმარება საკმარისი არ იყო. აღმოჩნდა, რომ ჩემი სიძეც ხელმარჯვეა. პროცესში ჩემი მეუღლის დაც ჩაერთო და სულ რამდენიმე დღეში ავაწყვეთ ბავშვების საძინებელი. მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, შემდეგ რამდენიმე შეკვეთაზეც ერთად ვიმუშავეთ. ასე გავხდით ერთი გუნდი".

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი საქმის დაწყებასთან დაკავშირებით ნანკას და მიშკას გარკვეული ეჭვები ჰქონდათ, საბოლოოდ გადაწყვიტეს, ოცნებებს მიჰყოლოდნენ და Meubles-ი დააფუძნეს.

აღსანიშნავია, რომ ავეჯზე მუშაობის პარალელურად, ნანკა ქაჯაიამ ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის შესწავლა დაიწყო. სტუმრობდა ავეჯის მაღაზიებს, ეცნობოდა ტრენდებს და აკვირდებოდა სამომხმარებლო ბაზარს. სწავლობდა, თუ რა სურს მომხმარებელს. დღეს მისთვის მარტივია, უპასუხოს კითხვას - რა არის ამ საქმეში მთავარი და მნიშვნელოვანი. ეს კმაყოფილი მომხმარებელი, ხარისხიანი პროდუქტი და დათქმულ ვადებში ჩაბარებული შეკვეთაა. Meubles-ის გუნდი მომხმარებელთან კომუნიკაციისას გულისხმიერებით გამოირჩევა და ჩაბარებულ შეკვეთას თან არაერთი რჩევაც ახლავს.

ამჟამად Meubles-ის მიღმა ოთხი ადამიანი დგას: ნანკა ქაჯაია, მიხეილ ახოიშვილი, თათია ახოიშვილი და თამაზ მეტრეველი. თუმცა ზრდასრულების გვერდით არ უნდა დაგვავიწყდეს ოჯახის პატარა წევრებიც, რომლებსაც კომპანიის დამფუძნებლები "პატარა შეგირდებად" მოიხსენიებენ.

"გუნდის ყველაზე ძვირფასი წევრები ჩვენი შვილები არიან, რომლებიც იაზრებენ, რომ შრომა მომავლის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. ოთხივე დიდი ინტერესით გვიყურებს, როგორ ვაწყობთ შეკვეთებს. ცდილობენ, დაგვეხმარონ ხელსაწყოების მოწოდებით ან თუნდაც წყლის მოტანით, რომელიც ჩვენთვის დროის დაზოგვაა".

როგორც ნანა ქაჯაია ამბობს, Meubles-ის იდეაში მთავარი მაინც ის არის, საზოგადოებას აჩვენოს, რომ გოგოებსაც შეუძლიათ ავეჯის არაჩვეულებრივად აწყობა.

"როდესაც ამ საქმეში ჩართულ გოგონებს გვხედავენ, ერთად იგრძნობა გაოცება, სითბო, პატივისცემა და რაც მთავარია - ნდობა. ჩვენ ერთი პატარა გუნდი ვართ, უკვე საკმაოდ დიდი შედეგებით და დაგროვებული გამოცდილებით, მონდომებითა და ოცნებით - გვქონდეს საკუთარი საწარმო და შოურუმი. გვინდა გარშემო მყოფებს მოტივაცია, შვილებს კი შრომისმოყვარეობის მაგალითი მივცეთ. და რაც მთავარია - მომხმარებლები დავარწმუნოთ, რომ ვადებში შეკვეთის ხარისხიანად შესრულება რეალურია", - ამბობს ნანა ქაჯაია.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია