მინდა ვუთხრა ახალდამწყებ მეწარმეებს: არ შეუშინდეთ მარცხს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩვენი უპირველესი ამოცანაა – ავამოქმედოთ ადამიანები.
არსებობს ასეთი გამოთქმა: "მე გეხმარები შენ იმისთვის,
რომ შენ დაეხმარო საკუთარ თავს", – ილია II
"დღეს არას მქონე, მაგრამ გონიერი ადამიანი, თავისუფლად შეიძლება ხვალ გამდიდრდეს. ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და ღვთის შეწევნის იმედი არ უნდა დავკარგოთ.
საჭიროა კეთილგონიერება, შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი.
მინდა ვუთხრა ახალდამწყებ მეწარმეებს: არ შეუშინდეთ მარცხს. თუ ერთ საქმეში არ გაგიმართლათ, ხელი მოჰკიდეთ მეორეს. კარგად გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობები, შეისწავლეთ თქვენივე თავი, ნუ იქნებით სხვისი დახმარების მომლოდინე, გამოიჩინეთ საზრიანობა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ".
ამ სიტყვების წაკითხვისას ბევრი თქვენგანი ავტორად, ალბათ, მსოფლიოში ცნობილ რომელიმე ბიზნესმენს ან მენტორს მოიაზრებს. სინამდვილეში კი ეს სიტყვები მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ეკუთვნის.
მარცხის ფენომენის, შეუპოვრობის, ბიზნესში წარმატებისთვის საჭირო თვისებებისა თუ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე პატრიარქი ჯერ კიდევ 1999 წლის საშობაო ეპისტოლეში საუბრობდა – ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ თემებზე საქართველოში არც პოპულარული პოდკასტები იწერებოდა, არც ხალხმრავალი ღონისძიებები ტარდებოდა და არც ქართული წამყვანი ბანკების მარკეტინგული კამპანიები იქმნებოდა ("შეცდომები მოსულა", "არ გაჩერდე").
2018 წლამდე არც ქართული Entrepreneur გამოდიოდა, რომლის მთავარი მისია სწორედ მეწარმეობის იდეის პოპულარიზაცია და ბიზნესგანათლების გავრცელებაა.
დიახ, თქვენ ახლა კითხულობთ ამონარიდებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ჯერ კიდევ გასული საუკუნის საშობაო ეპისტოლედან, რომლის დიდი ნაწილიც მისმა უწმინდესობამ მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობას დაუთმო:
"ჩვენი ყოფა დადებითისკენ რომ შეიცვალოს, აუცილებელია, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მიიღწევა. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა ძირითადად ორი ნაწილისაგან – უკიდურესად ღარიბთა და მდიდართა ფენებისაგან შედგება, რომელთა შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება. საშუალო ფენა არის სახელმწიფოს დასაყრდენი, ამიტომაც მეწარმეობის განვითარება დროის მოთხოვნა და ჩვენი გადარჩენის საწინდარია.
მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ამ მიმართულების განვითარება, იქნებ როგორმე გამოიძებნოს საშუალება, რათა დამწყები მეწარმენი დროებით მაინც განთავისუფლდნენ გადასახადებისაგან. ეს მოუხსნის მათ წარუმატებლობის კომპლექსს და გაუღვივებს საქმისადმი ინტერესს.
სახელმწიფომ უნდა დაარსოს მცირე ბიზნესის შემსწავლელი სკოლებიც და თუ იქ უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს, ეს მალე დიდ შედეგს მოგვცემს.
მეწარმეებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა: "თუ ეჭვობ, არ გააკეთო, თუ არ ეჭვობ, მოიფიქრე". და მართლაც, ვინც წარმოების ჩამოყალიბებას გადაწყვეტს, კარგად უნდა გაანალიზოს ყოველივე, მცოდნე ადამიანებს რჩევა ჰკითხოს, შეაჯეროს მოპოვებული ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ შეუდგეს იდეის ხორცშესხმას.
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენი მეწარმეები უშვებენ, ის არის, რომ გრანდიოზულ გეგმებს აწყობენ, დიდ საქმეებს ეჭიდებიან და სწრაფად გამდიდრება სურთ.
სინამდვილეში კი, წარმატებას რომ მიაღწიო, მცირედით, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოთი უნდა დაიწყო, გამოცდილება თანდათან შეიძინო და საქმიანობა გააფართოო. მაშინ იქნება წამოწყება რეალური და იმედის მომცემი".
დიახ, ასეთი პატრიარქი გვყავდა... ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ მის ქადაგებებსა და ეპისტოლეებში ღრმა თეოლოგიურ და დოგმატურ საღვთისმეტყველო საკითხებთან ერთად მეწარმეობის მნიშვნელობასა და ადამიანის წარმატებისთვის საჭირო პრაქტიკულ თვისებებზე აქცენტებსაც ვხვდებით, ძველ აღმოსავლურ სიბრძნესაც, დიდ ფილოსოფოსთა მიგნებებსაც, ცნობილი მეცნიერების აღმოჩენებსაც, ამერიკის პრეზიდენტების გამონათქვამებსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰენრი ფორდის ბიზნესრჩევებსაც. ამ უკანასკნელის რჩევებიდან ერთ-ერთს, კვლავ პატრიარქის 1999 წლის საშობაო ეპისტოლედან, აქაც გთავაზობთ:
"წარუმატებლობა შედეგია შიშის, უმოქმედობის, უდარდელობისა და უზრუნველობის. შიშის უკუგდებით მოდის სიმტკიცე და ბარაქა. მაშ, განძლიერდით და შეუდექით საქმეს. დაე, მოწყალება სუსტებმა მიიღონ".
იშვიათია რელიგიური ლიდერი ასეთი ფართო თვალსაწიერით, განსხვავებული კულტურებისა და შეხედულებების მიმღებლობით, ღრმა აზროვნებითა და, ამავდროულად, პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული უნიკალური ორგანიზაციული ნიჭით დაჯილდოებული, რაც მასშტაბური და კომპლექსური პროექტების დაგეგმვისა და მართვის განსაკუთრებულ ეფექტურობაში გამოიხატებოდა.
2006 წლის 14 იანვრის ქადაგებაში პატრიარქი იტყვის:
"მთავარია იმედი არ დავკარგოთ. სიძნელეებს არ შევუშინდეთ. დედაჩემი გვარიგებდა, სიღარიბეს არ შეეჩვიოთო, სიღარიბემ შეჩვევა იცისო. საჭიროა შრომა, საჭიროა ფიქრი, მოქმედება. ერთი საქმე თუ არ გამოგდის, მეორე საქმე წამოიწყე, მერე მესამე და ა.შ. ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებს".
მადლობა, უწმინდესო!
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge