მირანდა ნადიბაიძის ტკბილი გზა: როგორ გადაიქცა საყვარელი ჰობი ხელწერად ბიზნესში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მირანდა ნადიბაიძე, La Miranda-ს დამფუძნებელი, ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, ვინც საყვარელი საქმე რეალურ ბიზნესად აქცია. მისი საკონდიტრო საქმიანობა ორი მთავარ მიზანს ემსახურება: უნიკალური და ხარისხიანი დესერტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის და ინდივიდუალურად, გემოვნებაზე მორგებული შეკვეთების მიწოდებას.

"ხშირად ადამიანები ეძებენ დესერტებს, რომლებიც არა მხოლოდ გემრიელი იქნება, არამედ ესთეტიკურადაც გამორჩეული. მე ვქმნი დესერტებს, რომლებიც განსაკუთრებულ მომენტებს უფრო დასამახსოვრებელს ხდის", - გვიამბობს მირანდა.

მისი ამბავი საყვარელი ჰობით იწყება. თავდაპირველად ტორტებსა და დესერტებს მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ამზადებდა.

თუმცა წახალისებამ და დადებითმა გამოხმაურებებმა გადააწყვეტინა, რომ ეს საქმე მხოლოდ გატაცებად არ უნდა დარჩენილიყო და ბიზნესად ექცია.

"ვარ გამოუსწორებელი პერფექციონისტი. სანამ პროფესიონალურ საქმიანობას დავიწყებდი, ჯერ საქართველოს კულინარიის აკადემიის შეფკონდიტერის პროგრამა გავიარე და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე ინდივიდუალური შეკვეთების მიღება. მინდოდა ყველაფერი ხარისხიანად და სუფთად ყოფილიყო გაკეთებული", - ამბობს ის.

მირანდა ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ბიზნესის წამოწყება სირთულეებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი საკუთარი ძალებით, ნულიდან იწყება.

იხსენებს, რომ საკონდიტრო საქმიანობის დაწყება ნამდვილად მოითხოვდა გამბედაობას. ეს ნიშნავდა კომფორტის ზონიდან გამოსვლას, პასუხისმგებლობის აღებას და გაურკვევლობების შესაძლებლობებად ქცევას.

ბიზნესის დაწყების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად მირანდა გამოცდილების ნაკლებობას ასახელებს. ყველაფერი გზადაგზა, პირადი გამოცდილებით უნდა ესწავლა - როგორ ემუშავა მომხმარებელთან, როგორ ემართა შეკვეთები და როგორ შეეთავაზებინა ვიზუალურადაც გამორჩეული პროდუქტი.

"იყო მომენტები, როცა ეს ყველაფერი ძალიან რთული და გადაულახავი მეჩვენებოდა. მაგრამ, პირველ რიგში, საქმისადმი სიყვარული და, თანაც, მუდმივი სწავლის სურვილი იყო ის ძალა, რომელმაც მაცდუნებელი სიმძიმეების მიუხედავად ნაბიჯ-ნაბიჯ ამიყვანა წინ", - აღნიშნავს მირანდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონდიტერია არ მიიჩნევა სტერეოტიპებით დატვირთულ სფეროდ, მირანდა მაინც გრძნობს ზოგად ბარიერებს, რასაც ქალ მეწარმეებს საზოგადოება უქმნის.

"მთავარია პროფესიონალიზმი, შრომა და ხარისხი - ეს უნივერსალური ღირებულებებია. თუ რაიმე სტერეოტიპი არსებობდა, მას ჩემი ნამუშევრებითა და შედეგებით ვუპასუხე", - გვეუბნება თავდაჯერებულად.

მისი თვალით დანახული ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც მზად არის შეცვალოს რეალობა საკუთარი იდეით, მიიტანოს შინაარსი ადამიანებამდე და არ შეეშინდეს არც შეცდომის, არც გზის მრავალჯერ გააზრების.

"ეს არის დიდი შრომის, პასუხისმგებლობისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიყვარულის საქმე," - მიაჩნია მას.

მირანდას მთავარი მოტივაცია კონდიტერიისადმი სიყვარული და ის ემოციაა, რასაც მისი დესერტები ადამიანებში იწვევს.

"როდესაც ვხედავ, როგორ ახარებს ჩემი ნამუშევრები მომხმარებელს, როგორ ჩუქნიან სხვებს და როგორ ხდება ჩემი შექმნილი დესერტი მათი განსაკუთრებული მომენტების ნაწილი, სწორედ მაშინ ვრწმუნდები, რომ სწორ საქმეს ვაკეთებ".

დღეს მირანდა სახლიდან მუშაობს და მომხმარებლებისგან მიღებული ნდობა და მადლიერება მისთვის უდიდესი სტიმულია. თუმცა მისი მომავლის დიდი გეგმაა საკუთარი პატარა, მყუდრო საკონდიტროს გახსნა.

"მინდა ეს იყოს ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ დესერტისთვის კი არ მოვლენ, არამედ იმ სითბოსა და გულწრფელი დამოკიდებულებისთვის, რასაც იქ იგრძნობენ. ვიცი, ეს გზა შრომას მოითხოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად შევძლებ", - ამბობს მირანდა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი