MIT-ის სტანდარტებით სწავლა საქართველოში – რა გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის MIT რეგიონში?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს, როცა ტექნოლოგიური პროგრესი უჩვეულო სისწრაფით ცვლის მსოფლიოს, განათლება აღარ არის მხოლოდ ცოდნის მიმოცვლის წყარო და ის სცდება აკადემიური სივრცის ჩარჩოებს. უნივერსიტეტები ტრანსფორმირდებიან ინოვაციის ჰაბებად, იდეების ინკუბატორებად და პლატფორმებად, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, რეალური ზეგავლენა ჰქონდეთ მათ გარშემო არსებულ სამყაროზე. ამ ტრანსფორმაციის ეპიცენტრში დგას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) – უნივერსიტეტი, რომელიც არა მხოლოდ აკადემიური ხარისხით, არამედ გლობალური გავლენითაც გამოირჩევა. MIT უკვე მეთორმეტე წელია, რაც QS World University Rankings-ის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. MIT-ს კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30 000-ზე მეტი კომპანია, რომელშიც დღესდღეობით 4,6 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული და წელიწადში 2 ტრილიონ დოლარზე მეტის ეკონომიკურ აქტივობას ქმნის. MIT-ის კვლევების თანახმად, ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ შექმნილი ეკონომიკა ცალკე ქვეყანა რომ იყოს, ის მსოფლიოს სიდიდით მე-10, მძლავრი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ MIT-ის კურსდამთავრებულები არა მარტო ბიზნესში, არამედ მეცნიერებასა და პოლიტიკაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათ შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ტექნოლოგიური გიგანტების დამფუძნებლები.
რეგიონში არსებობს უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც იქმნება საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია პარტნიორობა მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებსა და მათ სამეწარმეო ცენტრებთან, როგორიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) Martin Trust Center for MIT Entrepreneurship. ამგვარი პარტნიორობები ხელს უწყობს Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN)-ის განვითარებას, რომელიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ინიციატივით შეიქმნა. ამგვარი ქსელები განსაკუთრებულ წვდომას აძლევს ადგილობრივ უნივერსიტეტებსა და მათ ბენეფიციარებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ და სამეწარმეო მიღწევებთან. ამასთან, ეძლევა შესაძლებლობა, აქტიურად განავითარონ ადგილობრივი ეკონომიკა და სამეწარმეო ეკოსისტემა საკუთარი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით. Martin Trust Center for MIT Entrepreneurship, როგორც დამწყები მეწარმეებისთვის რესურსების უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ცენტრი, სხვადასხვა პროგრამის, ვორქშოფისა და მენტორობის შესაძლებლობას იძლევა.
ბილ ოლეტის, Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მმართველი დირექტორის განცხადებით, ამგვარი ქსელის არსებობა საქართველოსა და რეგიონში უმნიშვნელოვანესია. ყოველწლიურად ხორციელდება სტუდენტებისა და ლექტორების ვიზიტები MIT-ში, სადაც ისინი გადამზადდებიან "გამართული ანტრეპრენერობის მეთოდოლოგიაში". ეს მიდგომა, რომელიც ათეულობით წელია ვითარდება, საფუძვლად დაედო GENAI-ის ახალ ინსტრუმენტს - Orbit-ს. ეს ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი ხდება რეგიონში პარტნიორი უნივერსიტეტებისა და მათი ბენეფიციარი მეწარმეებისთვის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კომპანიის შექმნასთან დაკავშირებულ დროსა და რესურსებს.
სტრატეგიული პარტნიორობები წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორიცაა MIT, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების განვითარებასა და მათ აქტიურ ჩართულობას ინოვაციურ პროცესებში. ქართველი სტუდენტებიც უკვე იღებენ შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით გაემგზავრონ მასაჩუსეტსში, MIT-ის კამპუსში, სადაც მონაწილეობენ სამკვირიან პროგრამაში, სახელწოდებით StartMIT. ეს პროგრამა გულისხმობს მეწარმეობის პრაქტიკულ და ღრმა შესწავლას, მათ შორის, წვდომას ინდუსტრიის ლიდერების ლექციებზე (როგორიცაა ბილ ოლეტი), მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, ასევე პირდაპირ კავშირს სილიკონ ველის ინვესტორებთან, ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის წამყვან ეკონომიკურ აქტორებთან და სხვა.
გარდა სტუდენტური გამოცდილებისა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზეც. ყოველწლიურად რამდენიმე წარმომადგენელი გადის გადამზადებას MIT-ის კამპუსში, სადაც ინტენსიური პროგრამის ფარგლებში ეცნობიან სწავლების ინოვაციურ მიდგომებს მეწარმეობის, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ინოვაციური ეკონომიკის მიმართულებით. აღნიშნული ტრენინგები მათ აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ სასწავლო კურსების ხარისხი და მოარგონ ისინი გლობალურ სტანდარტებს.
MIT-ში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრისას, პროგრამის მონაწილეები ხაზს უსვამენ სისტემის ავტორებთან უშუალო შეხების განსხვავებულ და უნიკალურ ბუნებას. "MIT-ის ისტორიისა და მისი პოზიტიური გავლენების განხილვისას ინოვაციების, ფინანსების, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უამრავ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს პროგრამა, რომელიც კონკრეტულად მეწარმეობას ეძღვნება, წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს კვლევით და სასწავლო ცენტრს. პირველწყაროსთან უშუალო შეხება განსხვავებული და უნიკალური გამოცდილების საწინდარია – როდესაც ურთიერთობა გაქვს თავად სისტემის ავტორსა და შემქმნელთან, ეს პირდაპირ აისახება ხარისხსა და შინაარსობრივ ღირებულებაზე. აღნიშნულს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც აკადემიურ მიმართულებაზე, ასევე ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე. MIT-ის ფილოსოფია და კონცეფცია მეწარმეობას აღიქვამს, როგორც პროფესიას, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს დისციპლინირებული მეწარმეობის სახით. ამ მიდგომების შესახებ დისკუსია და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, ეს ცოდნა, გამოცდილება და დოვლათი ჩამოვიტანოთ საქართველოში და ეფექტურად გავავრცელოთ", – აღნიშნავს პროგრამის მონაწილე, ბიზნესკონსულტანტი და ანგელოზი ინვესტორი – პაატა შურღაია.
მსოფლიოს #1 უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ აკადემიურ და სტუდენტურ საზოგადოებას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, გამოიყენონ MIT-ის სპეციალიზებული ციფრული პლატფორმა – Orbit, რომელიც მომხმარებლებს სტარტაპ იდეების ანალიზში, რისკების წინასწარ შეფასებასა და ბიზნესმოდელის დახვეწაში ეხმარება. Orbit წარმოადგენს GenAI უნიკალურ პლატფორმას, რომელიც მოიცავს MIT-ის მეწარმეობის ექსპერტების მიერ შექმნილ 5 000-ზე მეტ სტატიას და მილიონ მონაცემს. აღსანიშნავია, რომ MIT აღნიშნულ პლატფორმაზე წვდომას ბევრ უნივერსიტეტს უხსნის, თუმცა შეუზღუდავი წვდომა მსოფლიოში 5-ს, ხოლო რეგიონში, კერძოდ კი საქართველოში, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს აქვს.
ინსტიტუციების მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონში სტარტი აიღო MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულმა სამდონიანი სწავლების პროგრამის პირველმა მოდულმა, რომელსაც ახორციელებს MIT GLEEN Under Martin Trust Center for MIT Entrepreneurship. ტრენინგის პირველი მოდული, რომელიც გათვლილია დამწყები და მომავალი ანტრეპრენერებისთვის – მათთვის, ვისაც უკვე აქვს ზოგადი ან საერთოდ არ გააჩნია წარმოდგენა მეწარმეობაზე და სურს ცოდნის გაღრმავება/მიღება პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მოდელით, უკვე მიმდინარეობს. MIT-თან თანამშრომლობის ფარგლებში ასევე რეგულარულად იმართება Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN)-ის კვარტალური შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, კანადის, ავსტრიის, ბრაზილიის და სამხრეთ აფრიკის წევრი უნივერსიტეტები და განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ერთობლივი პროექტები სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპ ეკოსისტემის გლობალური სტანდარტების განვითარების მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ უკვე დაწყებულია აქტიური მუშაობა საქართველოსა და რეგიონში საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორის შექმნაზე, რომელიც თანამედროვე მეწარმეობისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში დაეხმარება ახალ თაობას. თანამშრომლობა MIT-თან ქმნის უნიკალურ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს, ლექტორებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს და აყალიბებს გლობალურად კონკურენტუნარიან ინოვაციურ გარემოს საქართველოსა და მთელ რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის და მრავალმხრივი პარტნიორობა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან, მათ შორის Orbit პლატფორმაზე ულიმიტო წვდომა, რომელიც რეგიონის განვითარებასა და საერთაშორისო ინტეგრაციას უწყობს ხელს, რეგიონში მხოლოდ ერთ ქართულ უნივერსიტეტს გააჩნია – საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს. SEU მსოფლიოს 5 უნივერსიტეტს შორის ერთ-ერთია, რომელთან ერთადაც MIT-ის სამეწარმეო ცენტრმა Martin Trust Center for MIT Entrepreneurship, Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) დააფუძნა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, SEU-ს მისიაა, გაავრცელოს MIT-ის სტანდარტებზე დაფუძნებული ცოდნა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში და გაუხსნას წვდომა უახლეს ტექნოლოგიურ ტრენდებთან, საერთაშორისო საინვესტიციო ქსელებსა და მოწინავე სამეწარმეო მეთოდოლოგიებთან. SEU x MIT კოლაბორაცია ქმნის მყარ საძირკველს ახალი მაღალტექნოლოგიური სტარტაპების გასაჩენად, კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად და რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, რითაც ხელს უწყობს მის პოზიციონირებას, როგორც ინოვაციების წამყვან ცენტრს რეგიონში.