"მიწექი" - მულტიფუნქციური ჩანთები, რომლებშიც ტევადობა და კომფორტი ერთიანდება

By მარიამ ქობალია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"იდეა სამეგობროში დაიბადა. ჩვენი მთავარი და გულწრფელი მოტივი იყო, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად პრაქტიკული და მარტივად გამოსაყენებელი. ვინაიდან ზაფხული გვიახლოვდება, თვითონაც გვსურდა, გვქონოდა ნივთი, რომელსაც მოხერხებულად ვატარებდით და სხვა დანიშნულებითაც გამოგვადგებოდა - ჩვენი ჩანთა შესაძლებელია იყოს სათავსოც და პრაქტიკული შეზლონგის ფუნქციაც ჰქონდეს", - ამბობს "მიწექის" ერთ-ერთი შემქმნელი, ლიზი ეზიეშვილი.

ლიზის თქმით, მას და მის სამ მეგობარს, თემურ მღებრიშვილს, სოფიკო გამყრელიძესა და ნია ძაძამიას, დაახლოებით სამი თვის წინ გაუჩნდათ "მიწექის" შექმნის იდეა, რასაც მოჰყვა სურვილი, შემუშავებული პროდუქტი საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ.

"სანაცნობოში იდეის გაზიარების შემდეგ გამოჩნდა ბევრი დაინტერესებული პირი, ვისაც ჩვენი პროდუქტი მოეწონა. როდესაც პირველი პროტოტიპი შევქმენით, მომხმარებლებს გავუზიარეთ. მომხმარებლებში ჩვენს სამეგობრო წრეს ვგულისხმობთ. მათგან მივიღეთ უკუკავშირი, ჩანთა ძალიან მოეწონათ კომფორტულობის გამო, ასევე სიმარტივიდან გამომდინარეც", - ამბობს ის.

დიზაინი, ხარისხი და ფუნქცია

ლიზი ეზიეშვილი ამბობს, რომ ბაზარზე მათი პროდუქცია ჯერ კიდევ ახალია, ხოლო მათ შემქმნელებს არ აქვთ დიდი გამოცდილება, თუმცა ამოძრავებთ გულწრფელი სურვილი იმისა, რომ მომხმარებლებამდე მიიტანონ სწორედ ისეთი პროდუქტი, რომელიც მათ საჭიროებებზე სრულად იქნება მორგებული.

"პროდუქტი მზადდება საქართველოში, ქართველების მიერ ქართველებისთვის. პროდუქციას შეუძლია მიაწოდოს მომხმარებელს ის, რაც სჭირდება ზაფხულის ცხელ დღეებში როგორც ზღვის სანაპიროზე, ასევე ბუნებაში. აქვს მულტიფუნქციური დატვირთვა: გამოიყენება როგორც სათავსოდ, ჩვეულებრივ ჩანთად და ასევე, შეზლონგადაც, რომელიც ინარჩუნებს ფორმას. ის სავსე არის პენოპლასტის ბურთულებით. ჩანთა ძალიან მსუბუქია და, შესაბამისად, მაქსიმალურად კომფორტულია მომხმარებლისთვის",- ამბობს ლიზი.

ლიზი ეზიეშვილი აღნიშნავს, რომ მასალა მათ მიერ შერჩეული და დატესტილია. ნაჭერი, რისგანაც ჩანთები მზადდება, არის ჭუჭყის ამტანი, ადვილად ირეცხება და ასევე, ნაწილობრივ წყალგამძლეცაა. შიგნით მოთავსებულია პენოპლასტის ბურთულები, რომლებიც ცალკე სარჩულით არის გამოყოფილი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საჭიროების დროს ის ჩანთიდან ამოიღოს და გარეცხოს.

ამ ეტაპზე "მიწექის" ოთხი დიზაინის ჩანთა აქვს, რომლებიც ორი ზომითაა ხელმისაწვდომი - ვარდისფერი, ლურჯი, მწვანე და წითელი და თეთრი ზოლებით. გუნდი ახლო მომავალში სხვადასხვა დიზაინის დამატებასაც გეგმავს.

"ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ ორიგინალ პროდუქტს, არამედ ჩანთაში არსებული პენოპლასტის ბურთულების მარაგის შევსებასაც, რომლის გამოცვლაც რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელს დასჭირდება პროდუქტის გამოცვლა და განახლება, არ მოუწევს მთლიანად ახალი პროდუქტის შეძენა - გამოცვლის მხოლოდ ამ სარჩულში ჩადებულ პენოპლასტის ბურთულებს, რომელსაც ჩვენ თვითონვე მივაწვდით", - ამბობს ლიზი ეზიეშვილი.

ლიზის თქმით, დიზაინის ინსპირაცია ერთ-ერთი ბრენდისგან აიღეს, რომელიც პროდუქტის რეალიზაციას არ ახორციელებს.

"გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, რომ მორგებული იყოს მაქსიმალურად ჩვენს მომხმარებელზე და მათი უკუკავშირის მიხედვით გაუმჯობესებულ ვერსიაზე. გვსურს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. შესაბამისად, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე - ყველას შეუძლია მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით",- ამბობს ის.

რაც შეეხება პროდუქციის კონკურენციას ბაზარზე, ლიზი აღნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით "მიწექის" პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს.

"ეს ჩანთა მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ სათავსის ფუნქციას, არამედ მაქსიმალურ კომფორტსაც. შესაბამისად, მისი ორიგინალი ვერსია ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზეა. ამ ეტაპზე არ ჰყავს კონკურენტი, ვინაიდან ვიცით, რომ არსებობს ჩვეულებრივი ზღვის ჩანთები, პიკნიკის ჩანთები, თუმცა მულტიფუნქციური ჩანთა, როგორც ასეთი, არ არსებობს. მითუმეტეს, საქართველოში დაბადებული ქართული ნაწარმი",- აღნიშნავს ლიზი ეზიეშვილი.

"მიწექის" პროდუქციის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი Instagram, Facebook და TikTok პლატფორმებზე. თუმცა გუნდი ფიზიკურ სივრცეში მაღაზიის გახსნასაც ფიქრობს.

"ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით მხოლოდ ონლაინსერვისით, თუმცა, ბიზნესის გაფართოების შემდეგ ვაპირებთ შევიძინოთ კომერციული ფართი, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება, მოვიდეს, დაათვალიეროს პროდუქტი, იქვე დატესტოს, სურვილის შემთხვევაში შეიძინოს ან, უბრალოდ, გვითხრას, მოსწონს თუ არა",- ამბობს ლიზი.

ხელმისაწვდომობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები

"ოთხივეს, ზოგადად, ძალიან გვაინტერესებს ბიზნესი და ორიენტირებული ვართ მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსზე. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელი იყოს ჩვენი პროდუქტით კმაყოფილი, რომ შემდგომ გავაფართოოთ, განვავითაროთ და განვავრცოთ ჩვენი ბიზნესი, დავამატოთ სხვადასხვა პრიდუქტი და შევქმნათ "მიწექის" სახე - ბრენდი, რომელიც მორგებული იქნება მომხმარებლის სურვილებსა და კომფორტზე. ეს მოტივაცია გვაქვს და ვეცდებით განვახორციელოთ", - აღნიშნავს ლიზი.

პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე საუბრისას ლიზი ეზიეშვილი ამბობს, რომ ის ყველანაირ ბიუჯეტზეა გათვლილი.

"პროდუქცია ინდივიდუალურად არის მორგებული სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე და თუ სამომავლოდ რაიმე ტიპის უკუკავშირს წავაწყდებით, რომ ვერ ახერხებს მომხმარებელი კონკრეტული პროდუქტის შეძენას, გავითვალისწინებთ და მოვახერხებთ მის ინკორპორაციას ჩვენს პროდუქტსა და ფასებში. ამ ეტაპზე ვითვალისწინებთ ყველანაირი ტიპის ბიუჯეტს და ვთავაზობთ მომხმარებელს ორი ზომის ჩანთას. ფასები, რა თქმა უნდა, შესაბამისია", - ამბობს ის.

შექმნის დღიდან "მიწექის" მთავარ გამოწვევად ლიზი მარკეტინგს ასახელებს.

"საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის იდეის დამუშავება დიდი წარმატება იყო. როდესაც დავიწყეთ უშუალოდ პროდუქტის რეალიზაცია, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ხალხის მოზიდვა გახდა. დღესაც ჩვენი ერთ-ერთი და ყველაზე დიდი გამოწვევა ეს გახლავთ, იქნება ეს მომხმარებელი თუ ბიზნესპარტნიორი. პროდუქტი საკმაოდ კარგია და ძალიან ბევრი მომხმარებელი გვიკავშირდება უამრავი კითხვით, თუნდაც გამოყენების, ფუნქციურობის მხრივ. გვსურს, რომ მაქსიმალურად დიდ მასაზე მოხდეს ჩვენი პროდუქტის რეალიზაცია, ჯერჯერობით საქართველოში.

გვაქვს მოკლევადიანი გეგმა, შევქმნათ კარგი მარკეტინგული კამპანია და მოვახერხოთ მეტი ადამიანის დაინტერესება ჩვენი პროდუქციით. შემდგომ კი გვსურს გავფართოვდეთ, როგორც ბიზნესბრენდი და არსებულ პროდუქციას დავამატოთ ახალი დიზაინებიც", - ამბობს ლიზი ეზიეშვილი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი