More Beauty – როგორ იქმნება ბრენდი, რომელიც მხოლოდ პროდუქტს არ ყიდის?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სილამაზისა და თავის მოვლის ბაზარზე, სადაც ახალი პროდუქტი თითქმის ყოველდღე ჩნდება, მხოლოდ ფართო ასორტიმენტი მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად საკმარისი აღარ არის. More Beauty-ის ისტორია სწორედ იმ იდეით დაიწყო, რომ ინოვაციური თავის მოვლა ადამიანებისთვის მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებული გამხდარიყო.

ერთ მაგიდასთან დაწყებული ოჯახური ბიზნესი დღეს თითქმის 30-კაციან გუნდს აერთიანებს, თუმცა ბრენდის მთავარი ხედვა უცვლელია: დაეხმაროს მომხმარებელს, მიიღოს სასურველი შედეგი უფრო მარტივად და სწრაფად, ევროპული სტანდარტით.

More Beauty-სთვის თავის მოვლა მხოლოდ პროდუქტის შეძენასა და გამოყენებას არ გულისხმობს. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებლის სრულ გამოცდილებას – პროდუქტის შერჩევისა და ინდივიდუალური კონსულტაციიდან დაწყებული, პერსონალიზებული მომსახურებითა და გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერით დასრულებული. ამ მიდგომის საფუძველია რწმენა, რომ ტექნოლოგიის ღირებულება მაშინ ვლინდება, როდესაც ის ადამიანს დროს უზოგავს, ყოველდღიურობას უმარტივებს და რეალურ შედეგს აძლევს.

More Beauty-ს განვითარების, ბრენდის ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელი, დავით ვაზაგაშვილი Entrepreneur-ს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა More Beauty-ს შექმნის იდეა და რა საჭიროება დაინახეთ ქართულ ბაზარზე?

More Beauty-ს ისტორია შვეიცარიული, ინოვაციური კანის მოვლის მოწყობილობებით დაიწყო. იმ პერიოდში საქართველოში თავის მოვლა ბევრისთვის ძირითადად დამატენიანებელი კრემის გამოყენებას ნიშნავდა, ხოლო კანის მოვლის აპარატები მხოლოდ პროფესიონალურ სივრცესთან ასოცირდებოდა. ადამიანებს ეგონათ, რომ მსგავსი მოწყობილობის გამოსაყენებლად სპეციალური განათლება იყო საჭირო.

ჩვენ ამ აპარატებს თავად ვიყენებდით და შედეგით იმდენად კმაყოფილი ვიყავით, რომ გაჩნდა იდეა, ეს გამოცდილება უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო. გვსურდა გვეჩვენებინა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სახლშიც მარტივად და უსაფრთხოდ შეიძლებოდა. სწორედ ასე დაიწყო ოჯახური ბიზნესი.

რას სთავაზობს More Beauty მომხმარებელს პროდუქტს მიღმა?

ჩვენი მთავარი ღირებულება ცხოვრების გამარტივებაა. თავის მოვლა არ უნდა ნიშნავდეს ყოველდღიური გრაფიკის პროცედურებზე მორგებას, დროის მუდმივ დეფიციტს ან დამატებით სტრესს. პირიქით, პროცედურა უნდა მოერგოს ადამიანს, მის რეჟიმსა და საჭიროებებს.

More Beauty-ს მომხმარებელი მხოლოდ პროდუქტს არ ყიდულობს. ის იღებს შესაძლებლობას, საკუთარ თავზე ზრუნვა უფრო მარტივად, სწრაფად და ეფექტურად აქციოს ცხოვრების ნაწილად. ჩვენთვის ტექნოლოგიის რეალური ღირებულება სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც ის დროს ზოგავს, პროცესს ამარტივებს და შედეგს იძლევა.

როგორ იქცევა ეს დამოკიდებულება მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებად?

ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს, როდესაც მომხმარებლის გახარებაში უშუალოდ ვმონაწილეობთ. შეკვეთებს პერიოდულად საჩუქრებს, სიურპრიზებსა და ხელით დაწერილ წერილებს ვამატებთ, რადგან გვინდა ადამიანმა იგრძნოს, რომ ამ გზავნილის უკან რეალური გუნდი დგას, რომელმაც მისთვის დრო დათმო და ყურადღება გამოიჩინა.

წლის განმავლობაში არაერთ კამპანიას ვქმნით, ხოლო სეზონურ ბრენდირებას ყოველ კვარტალში ვაახლებთ. ვფიქრობთ თითოეულ დეტალზე, შეფუთვიდან დაწყებული, იმ ემოციით დასრულებული, რომელიც მომხმარებელს შეკვეთის მიღებისას უნდა დარჩეს. ჩვენი მთავარი სურვილია, მის ყოველდღიურობაში პატარა სიხარული და სიახლის განცდა შევიტანოთ.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, რომ More Beauty-ს ასორტიმენტში მოხვდეს?

პროდუქტის შერჩევისას კომპრომისს არ ვუშვებთ. ვაფასებთ ხარისხს, უსაფრთხოებას, ეფექტიანობას, ტექნიკურ შესაძლებლობებს, მომხმარებლის რეალურ საჭიროებასა და გაყიდვის შემდგომ მომსახურებას.

პროდუქტი მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი ან ტრენდული არ უნდა იყოს, მან უნდა გაამართლოს დაპირება და ისეთი ხარისხი ჰქონდეს, რომ ჩვენ თვითონაც მშვიდად გამოვიყენებდეთ და ახლობელ ადამიანსაც ვურჩევდით.

ასორტიმენტში სიახლის დამატება ჩვენთვის მხოლოდ კომერციული გადაწყვეტილება არ არის. ეს პასუხისმგებლობაა მომხმარებლის წინაშე, ამიტომ პროდუქტი ყველა მნიშვნელოვან კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ბოლომდე დარწმუნებულები არ ვართ, მას More Beauty-ს სახელით არ ვთავაზობთ.

რა ქმნის მომხმარებლის ნდობასა და ერთგულებას?

ნდობას ერთი ფაქტორი ვერ ქმნის. პროდუქტის ხარისხი, მომსახურება, სწორი კომუნიკაცია და გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა ერთ მთლიან გამოცდილებად უნდა გაერთიანდეს. საუკეთესო პროდუქტიც კი შეიძლება მომხმარებლისთვის არასწორი არჩევანი აღმოჩნდეს, თუ მისი საჭიროება სწორად არ განისაზღვრა ან გამოყენების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიიღო.

ამიტომ ჩვენთვის ურთიერთობა გაყიდვით არ სრულდება. მაგალითად, ჩვენს ბესტსელერ მოწყობილობაზე ხუთწლიანი გარანტია მოქმედებს. ეს გადაწყვეტილება პროდუქტის მიმართ ჩვენს ნდობასაც გამოხატავს და მომხმარებელსაც აძლევს განცდას, რომ ბრენდი მის გვერდით გრძელვადიანად რჩება.

როგორ ეხმარებით მომხმარებელს მისთვის შესაფერისი პროდუქტის არჩევაში?

მომხმარებელს დეტალურ, ინდივიდუალურ კონსულტაციას ვთავაზობთ როგორც ფილიალებში, ისე სატელეფონო ზარებით. ჩვენი მიზანი უბრალოდ კონკრეტული პროდუქტის შეთავაზება არ არის, პირველ რიგში, ვარკვევთ, რა შედეგის მიღება სურს ადამიანს, როგორია მისი ყოველდღიური რეჟიმი და რომელი პროდუქტი იქნება მისთვის პრაქტიკული.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი და უწყვეტი კომუნიკაციაც. გვაქვს დახურული კლუბი Instagram-ზე, ხოლო VIP მომხმარებლებისთვის – WhatsApp-საზოგადოება. ეს სივრცეები მხოლოდ შეთავაზებების გასაზიარებლად არ შეგვიქმნია: აქ მომხმარებლებს ვუსმენთ, ვიგებთ მათ საჭიროებებს, ვიღებთ უკუკავშირს და ამ ინფორმაციას ასორტიმენტისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ.

გვინდა, რომ More Beauty-სთან შეხებისას ადამიანმა თავი დაფასებულად და მნიშვნელოვნად იგრძნოს. ჩემთვის სწორედ ეს განცდაა ძლიერი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი.

როგორ ჩამოაყალიბეთ More Beauty-ს იდენტობა და რით განსხვავდება ის თავის მოვლის სხვა მაღაზიებისგან?

თავიდანვე გვინდოდა, რომ More Beauty მხოლოდ პროდუქტის გამყიდველი სივრცე არ ყოფილიყო. ჩვენი როლია, ინოვაცია მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე ვთარგმნოთ, არჩევანის პროცესი გავუმარტივოთ და ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება ტექნოლოგია მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრივად ჩაერთოს.

ჩვენი იდენტობა ეფუძნება სიმარტივეს, შედეგსა და ადამიანურ ურთიერთობას. არ გვინდა მომხმარებელმა თავი უბრალოდ შეკვეთის ნომრად იგრძნოს. გვინდა იცოდეს, რომ შეუძლია მოგვმართოს კითხვით, მიიღოს გულწრფელი რეკომენდაცია და გაყიდვის შემდეგაც ჰქონდეს მხარდაჭერა.

ერთ მაგიდასთან დაწყებული ბიზნესი დღეს თითქმის 30 ადამიანს აერთიანებს. რა იყო ზრდის მთავარი მამოძრავებელი?

დასაწყისში ერთ მაგიდასთან სამი ადამიანი ვმუშაობდით. დღეს ჩვენი გუნდი თითქმის 30 წევრს აერთიანებს. More Beauty ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ამ ზრდის უკან მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლები არ დგას, მას ქმნიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი საქმე ნამდვილად უყვართ.

More Beauty ოჯახური ბიზნესია, რაც მყარი ფუნდამენტი და ძლიერი საყრდენია. ამით ერთგვარ სტერეოტიპსაც ვანგრევთ: ოჯახის წევრებთან ერთად წარმატებული, პასუხისმგებლობებზე დაფუძნებული ბიზნესის შექმნა შესაძლებელია. ვფიქრობ, ჩვენი ძალაც სწორედ საერთო ღირებულებებში, ნდობასა და საქმის სიყვარულშია.

როგორ პასუხობთ სწრაფად ცვალებად ტენდენციებს ისე, რომ ხარისხის სტანდარტი შეინარჩუნოთ?

თავის მოვლის ინდუსტრიაში სიახლეების სიჩქარე ძალიან მაღალია, თუმცა ჩვენთვის ახალი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს. მუდმივად ვაკვირდებით საერთაშორისო ბაზარს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მომხმარებლის ქცევას, მაგრამ თითოეულ სიახლეს ჩვენი ძირითადი კრიტერიუმებით ვაფასებთ: რამდენად ეფექტიანია, რამდენად უსაფრთხოა, რამდენად მარტივად გამოიყენებს მას ადამიანი და რეალურად ამარტივებს თუ არა მის ცხოვრებას.

ტრენდს მხოლოდ იმიტომ არ მივყვებით, რომ პოპულარულია. გვირჩევნია გადაწყვეტილებას მეტი დრო დავუთმოთ და მომხმარებელს ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ, რომლის უკანაც თავდაჯერებით დავდგებით. სწორედ ეს თანმიმდევრულობა ქმნის ნდობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

როგორ ხედავთ More Beauty-ს განვითარების შემდეგ ეტაპს?

შემდეგი ეტაპი ახალი კატეგორიების დამატებასა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნას უკავშირდება. ახალი წლიდან არაერთ სიახლეს ვგეგმავთ, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო პრინციპი გააერთიანებს: პროდუქტი უნდა ამარტივებდეს ყოველდღიურობას, ზოგავდეს დროს და რეალურ შედეგს იძლეოდეს.

ჩვენი მიზანია, More Beauty ეტაპობრივად განვითარდეს ბრენდად, რომელიც ადამიანებს ცხოვრების სხვადასხვა ნაწილში ეხმარება არა მხოლოდ სილამაზის პროდუქტის არჩევაში, არამედ საკუთარი დროისა და კომფორტის უკეთ მართვაშიც. გვინდა მომხმარებელთან ერთად გავიზარდოთ და შევქმნათ გამოცდილება, სადაც ინოვაცია, ხარისხი და ზრუნვა ერთმანეთისგან განცალკევებული ცნებები არ არის.