მრავალმხრივი ხედვა, როგორც წარმატების ქვაკუთხედი – როგორ გადავიდა კომპანია "მეგავატი" განვითარების ახალ ეტაპზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე საქართველოში, სადაც მშენებლობისა და ურბანული განვითარების ტემპი ყოველდღიურად იზრდება, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი კომპანიების როლი, რომლებიც არა მხოლოდ ტექნიკურ სტანდარტებს, არამედ ღირებულებებსა და ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომას აყალიბებენ.
კომპანია "მეგავატს" 15-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მრავალმხრივი და დივერსიფიცირებული საქმიანობის გამოცდილება დაუგროვდა, რამაც მას განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისკენ უბიძგა - საპროექტო მიმართულების პარალელურად უკვე ჩამოყალიბდა სტრუქტურული ერთეული "მეგავატ ქონსთრაქშენი", რომელიც სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში შესვლას მოიაზრებს, როგორც კომპანიის მისიის სტრატეგიულ გაგრძელებას. "მეგავატის" გუნდი მზად არის, მომხმარებელს შესთავაზოს სრულყოფილი მომსახურება იდეის ფორმირებიდან რეალიზებამდე. მთლიან ციკლს კომპანია ცენტრალიზებულად მართავს, რაც დამკვეთის ჩართულობისა და ფინანსური რისკების შემცირებას განაპირობებს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
კომპანია "მეგავატი" აქტიურად თანამშრომლობს კერძო და საჯარო სექტორთან. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს საცხოვრებელ, საოფისე, საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობით ობიექტებს, სამრეწველო შენობა-ნაგებობებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, სარეკრეაციო სივრცეებსა და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციას. მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტით დატოვა კვალი როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. "მეგავატის" პორტფოლიო 250-ზე მეტ წარმატებულ პროექტს მოიცავს.
"მეგავატის" დამფუძნებელი, ალექსანდრე ბელოუსოვი Entrepreneur Georgia-ს უამბობს კომპანიის შექმნის, გამოწვევებისა და იმ ღირებულებების შესახებ, რომელსაც მისი გუნდი დღემდე ემსახურება. ასევე, მოგვიყვება კომპანიის განვითარების ახალ სტრატეგიაზე, რაც კომპანია "მეგავატს" კონკურენტულ გარემოში გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და განმარტავს, თუ რატომ უნდა აირჩიოს დამკვეთმა დიზაინ-ბილდ მოდელი თანამედროვე სამშენებლო პროცესებში:
როდის და რა გარემოებებში დაფუძნდა კომპანია "მეგავატი"?
კომპანია "მეგავატი" დაარსდა 2009 წელს – მაშინ, როდესაც საქართველოში კერძო ბიზნესი და განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე იყო. ასეთ გარდამავალ პერიოდებში ყოველთვის ჩნდება შესაძლებელობები, რასაც დროული დანახვა და შესაბამისი რეაგირება სჭირდება. დღეს ბაზარზე უკვე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. თუმცა კონკურენტული გარემო კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევების წინაშე გვაყენებს და, ამავე დროს, მეტ მოტივაციას გვაძლევს.
მუშაობა სკოლის ასაკში დავიწყე. ცნობილ 90-იანებში ზაფხულის არდადეგებზე ქალაქიდან მაინც არსად გავდიოდით, ამიტომ შემოთავაზებაზე უარი არ ვთქვი და თბილისის ერთ-ერთი სკოლის სამღებრო სამუშაოებში ჩავერთე. ჩემთვის ეს პროცესი სახალისო აღმოჩნდა. თანაც საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა... სწორად მაშინ ვიგრძენი, რას ნიშნავდა დამოუკიდებლობა და მივხვდი, რომ აღარ უნდა გავჩერებულიყავი.
შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ძალიან მეამაყება, რომ სულ ცოტა ხნის წინათ, სტუ-ის მე-6 კორპუსის რეაბილიტაციის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე სწორედ ჩემმა კომპანიამ იმუშავა. ერთგვარი სიმბოლური დაბრუნება გამოვიდა იქ, საიდანც დაიწყო ყველაფერი.
რა იყო კომპანიის შექნის მთავარი მოტივაცია?
მრავალი წელი ვიმუშავე, როგორც დამოუკიდებელმა, ინდივიდუალურმა სპეციალისტმა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში. დროთა განმავლობაში დაგროვებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მიბიძგა შემექმნა გუნდი, რომელიც დამეხმარებოდა ჩემი ხედვებისა და იდეების განხორციელებაში. პირველი ნაბიჯები არ იყო მარტივი. ოფისი პატარა ნაქირავებ ბინაში მოვაწყეთ, შეზღუდული ტექნიკითა და რესურსებით. თუმცა სირთულეების ფონზე ჩემთვის მთავარი ყოველთვის პროფესიონალიზმი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა იყო.
თქვენ მიერ განხორციელებულ რომელ პროექტს გამოარჩევდით?
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქალაქის იერსახის მოწესრიგების საქმეში შეტანილი წვლილი. შარშან ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე ე.წ. მედიკოსთა სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც ცნობილი ფოლკლორული ანსამბლი "ერისიონი" დაიდებს ბინას. ისტორიული შენობების აღდგენა-განახლება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ამ კუთხით გამოვარჩევდი კოსტავას ქუჩაზე ოთხი შენობის ჯაჭვს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობები მოქცეულია სასტუმრო "სტამბასა" და რუსთაველის მეტროს შორის. ჩვენმა სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს შენობის ფასადი, ჩავატარეთ ფერთა კვლევა, დავადგინეთ სამშენებლო მასალების თავსებადობა და ხარისხი, ყველა ეტაპზე მაქსიმალური სიზუსტით ვიმუშავეთ, რათა შენობებს პირვანდელი იერსახე დავუბრუნოთ. სამწუხაროდ, ყოფითი მიზნებისა და გარე ფაქტორების ზემოქმედების გამო შენობების ფასადები მკვეთრად არის დაზიანებული. საინტერესო ფაქტია, რომ ბოლოს ამ შენობებს რეკონსტრუქცია 1970-იან წლებში ჩაუტარდა, ოღონდ მაშინ საავტომობილო გზის გაფართოების მიზნით. სწორედ მაშინ გადაინაცვლა ტროტუარმა შენობების შიგნით. როგორც ჩანს, გადატვირთული მოძრაობა იმ დროისთვისაც აქტუალური საკითხი იყო.
კომპანია "მეგავატის" პორტფოლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ჩოხატაურის მრავალპროფილური სპორტკომპლექსია. საპროექტო ფართობი 83 251 მ2 შეადგენდა, რაც მოიცავდა სარაგბო და საფეხბურთო მოედნებს, მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზს, აუზს, საცხენოსნო დოღის ტრასას, სასტუმროს, ლადშაფტის დიზაინს და ა.შ...
როგორ ფიქრობთ, რა არის "მეგავატის" ძლიერი მხარე?
ჩვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა მრავალმხრივი და დივერსიფიცირებული გამოცდილებაა. ვმუშაობთ როგორც საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობებზე, ისე კულტრული მემკვიდრეობის ძეგლებსა სპეციფიკური დანიშნულების ობიექტებზე. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია დატა-ცენტრი, რომელიც განსხვავებულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა – მაღალი უსაფრთხოების სისტემები, ელ ენერგიის მიწოდება-გენერაცია და ა.შ...
კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის – რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?
წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და მატერიალურ-ტექნიკურმა აქტივებმა კომპანიას ახალი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა მისცა, რამაც "მეგავატ-ქონსთრაქშენის" ჩამოყალიბება გადაგვაწყვეტინა. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან დავასრულეთ 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტში. უფრო ადრე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ კომპანია "უდაბნოს" დაკვეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, სადაც ნუშის გადამამუშავებელი მასშტაბური ქარხანა ავაგეთ. ამ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესი იყო, რადგან არასტანდარტული კონსტრუქციული მიდგომები დაგვჭირდა. დიზაინ-ბილდ მეთოდით შესრულდება მიმდინარე პროექტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, სადაც ბაგა-ბაღის სრულ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ჩვენი კომპანიის ფარგლებში განვახორციელებთ.
რას სთავაზობს კომპანია "მეგავატი" დამკვეთს?
ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ საპროექტო-სამშენებლო პროცესს, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:
- პროექტის კონცეფციის პირველადი შეთანხმება დამკვეთთან;
- ტოპოგრაფიული და გეოლოგიური კვლევები;
- კონსტრუქციული პროექტის მომზადება;
- არქიტექტურული პროექტირება, გეგმარება და ვიზუალიზაცია;
- საინჟინრო ქსელების პირველადი კვლევა და სრული პროექტირება;
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
- მშენებლობის ორგანიზების პროექტის შედგენა;
- საბოლოო კორექტირებების შეტანა და სამუშაო ნახაზების მომზადება;
- სრული საპროექტო ალბომის შექმნა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმება;
- მშენებლობის სრული ციკლი.
რა სტრატეგიით აპირებთ კონკურენციას ქართულ საპროექტო და სამშენებლო ბაზარზე?
კონკურენტული გარემო გაიძულებს მუდმივად განვითარდე, ეძებო ახალი გზები და შესაძლებლობები, მომხმარებელს შესთავაზო გამორჩეული მომსახურება... ჩვენი მიზანია ჩამოვყალიბდეთ, როგორც "მეგავატ ჰოლდინგი", გავხდეთ სრულფასოვანი დიზაინ-ბილდ (design-build) კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ ციკლს – იდეის ფორმირებიდან – რეალიზებამდე, რაც დღევანდელ გადატვირთულ და დაჩქარებულ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
რატომ უნდა გააკეთოს მომხარებელმა არჩევანი დიზაინ-ბილდ კომპანიაზე?
ეს მოდელი დამკვეთს სთავაზობს ცენტრალიზებულ, კოორდინირებულ მომსახურებას: მომხმარებელს ურთიერთობა აქვს მხოლოდ ერთ კომპანიასთან, რაც ამცირებს კომუნიკაციის სირთულეებს, კონფლიქტებს და პასუხისმგებლობის გადაცემის მცდელობებს სხვადასხვა მხარეს შორის. პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესები უფრო მოქნილად და სწრაფად იმართება. გამარტივებულია ბიუჯეტის კონტროლი. პროექტის ღირებულება თავიდანვეა განსაზღვრული, რაც დამკვეთს ნათელ ფინანსურ სურათს უქმნის. ყველა ჩართული მხარე ერთ გუნდში მუშაობს, რაც შესრულების ხარისხსა და სინქრონიზაციას აუმჯობესებს. შესაბამისად, მინიმუმამდე მცირდება საპროექტო შეუსაბამობები. კოორდინირებული მუშაობა ახალი იდეების რეალიზებისა და მასალების ან პროცესების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
ჩვენ თანამშრომლობისთვის ვიწვევთ კერძო ინვესტორებს, ინსტიტუციებსა და კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან უძრავი ქონებისა და მშენებლობის ბაზარზე შესვლით, ან უკვე აქტიურად საქმიანობენ ამ სფეროში. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ მათი იდეები და ერთად გადმოვიტანოთ რეალურ ცხოვრებაში. "მეგავატის" წარმატება ეფუძნება დამკვეთთან პერსონალიზებულ მიდგომას, დროულობასა და ხარისხს.
რა არის "მეგავატის" მთავარი ღირებულება?
ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანია, რომელიც ცხოვრების 80-90%-ს შენობებში ატარებს. არქიტექტურის გავლენა ადამიანზე წარმოუდგენლად დიდია, აქედან გამომდინარე, არქიტექტურა სცილდება გეგმარებით და სამშენებლო საქმიანობას. ჩვენი ამოცანაა ადამიანებს გავუუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, რაც კომპლექსური მუშაობით მიიღწევა. ახალი გამოწვევების დაძლევით, პროფესიონალიზმით, განვითარებაზე ფოკუსირებით მუდმივად ვეძებთ ოპტიმალურ სოციალურ-ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და ესთეტიკურ გადაწყვეტილებებს.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საკუთარი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალგაზრდა ტალანტების მოძიებაზე, რადგან გვჯერა – სწორედ ცოდნა, ადამიანური კაპიტალი და სტრატეგიული ხედვა ქმნის მდგრად წარმატებას.