მსოფლიოს ქალ ქირურგთა საზოგადოება: ბაია-მარგარიტა კეპულაძის და თინათინ დუნდუას მასშტაბური ინიციატივა სამედიცინო სფეროში ქალების პროფესიული მხარდაჭერისა და კარიერული წინსვლისთვის

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიო ქალ ქირურგთა საზოგადოება წარმატებული ქართველი ექიმების, თინათინ დუნდუას და ბაია-მარგარიტა კეპულაძის მიერ დაფუძნებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, ქალ ქირურგებს შეუქმნან პლატფორმა, სადაც ისინი შეძლებენ გააზრებული და ღია დისკუსიების მეშვეობით ერთობლივად გადაჭრან პროფესიული და სოციალური გამოწვევები. ეს გაერთიანება, რომლის შექმნის იდეაც 2018 წელს გაჩნდა, ხელს უწყობს ქალთა წამყვან როლს ქირურგიის სფეროში, მათი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების გაცვლასა და ერთობლივ მუშაობას გენდერული თანასწორობის, განათლებისა და კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად.

რატომ "მსოფლიო ქალ ქირურგთა საზოგადოება"?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შტაბ-ბინა საქართველოში მდებარეობს, ჩვენი ხედვა გაცილებით ფართოა. მიგვაჩნია, რომ საზღვრების დაწესება საჭირო არ არის, რაც მეტ თავისუფლებას და შესაძლებლობებს მოგვცემს, რომ:

- გავზარდოთ პროფესიული ქსელი და კოლაბორაცია გლობალურ დონეზე,

- მივიღოთ სტუმრები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან,

- ვიზრუნოთ ერთმანეთის მხარდაჭერაზე, სწავლასა და განვითარებაზე არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზე.

"ეს ინიციატივა დაიბადა იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომელიც მოითხოვდა გვქონოდა შესაფერისი გარემო, სადაც ყველაზე კარგად მოისმენენ და გაიგებენ თითქოს უმნიშვნელო პრობლემებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით ჩვენს პროფესიაში, სადაც შევძლებთ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას, მხარდაჭერასა და გაძლიერებას, რათა ქალ ქირურგებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობის გარეშე მიიღონ და შეინარჩუნონ დამსახურებული ადგილი მედიცინისა და ქირურგიის სფეროში, მიუხედავად გენდერისა. სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოება ღიაა ყველა ქირურგისთვის, მათ შორის მამაკაცებისთვის, რათა შევძლოთ უფრო ახლოდან დავანახოთ ჩვენი პრობლემები, ჩვენს პროფესიასთან დაკავშირებული გამოწვევები და მივიღოთ მეტი მხარდაჭერა მათგან. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო მასშტაბით შევძლოთ ჩვენი შესაძლებლობების ჩვენება", - Entrepreneur- თან საუბარში აღნიშნავს ბაია კეპულაძე.

როგორც ასოციაციის დამფუძნებელი განმარტავს, ქალ ქირურგებს ხშირად უწევთ გამკლავება გენდერულ სტერეოტიპებთან. სამწუხაროდ, ქირურგიის სფერო უფრო კაცების მიერ დომინირებულ სფეროდ მიიჩნევა, სადაც ქალებისთვის ადგილი მეტ-ნაკლებად მოზომილია. "ჩვენ, ქალ ქირურგებს, გვმართებს არა მხოლოდ ჩვენი პროფესიის განსაზღვრა, არამედ ბრძოლაც იმისთვის, რომ არ დავუშვათ, გენდერი გახდეს წინააღმდეგობა ჩვენს პროფესიულ განვითარებაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს დიდი მხარდაჭერა ჩვენი მამაკაცი კოლეგების მხრიდან, რაც ასევე ხაზს უსვამს ამ ასოციაციის დაარსების მნიშვნელობას", - აცხადებს ბაია-მარგარიტა კეპულაძე.

წარმატებული ექიმი განმარტავს, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა საერთო ინტერესების მქონე ადამიანების მოძიება გახლდათ. ისეთი ადამიანების, ვისთან ერთადაც შესაძლებელი იქნებოდა ერთი აზრის, ენერგიისა და იდეის გარშემო გაერთიანება. მოხერხდებოდა ღიად საუბარი იმაზე, რაც სამედიცინო სფეროში მომუშავე უამრავ ქალს აწუხებდა. საბოლოოდ მან შეძლო და იპოვა ის ადამიანები, რომლებმაც მოისმინეს ასოციაციის არსი, ენდნენ და გაიზიარეს იდეა, რომელიც ამჟამად ამ საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს.

"ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ადამიანების რეაქცია, როდესაც ამ იდეაზე საუბარი დავიწყე. თავიდან ბევრი არასერიოზულად აღიქვამდა და ეს გამოწვეული იყო არა მხოლოდ იმით, რომ ამას ვერ შევძლებდი და ეს პროექტი ჩავარდებოდა, არამედ საზოგადოებაში არსებული ზოგადი დამოკიდებულებით ქალების მიმართ ამ სფეროში (მაგალითად, წლების წინ ქალ ქირურგს პაციენტები გარკვეულწილად ერიდებოდნენ). ამიტომ ბევრჯერ გადავდე განხორციელება, თუმცა გამუდმებით ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მოვიდოდა დრო, როცა მე ამას შევძლებდი.

დრო იმისთვისაც დამჭირდა, რომ იმ ადამიანების ნდობა მომეპოვებინა, ვინც დაიჯერებდა, გაინაწილებდა პასუხისმგებლობას და ბოლომდე გამომყვებოდა ამ იდეის განხორციელებაში. საბოლოოდ შევძელი და ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ჩემი საქმისადმი დამოკიდებულებით, ერთგულებით და პასუხისმგებლობით. ჩვენ ერთად დავიწყეთ, ვფიქრობ, ძალიან საჭირო და დროული პროცესი",- აცხადებს რესპონდენტი.

დამოუკიდებელმა საქმიანობამ და მრავალწლიანმა გამოცდილებამ ასწავლათ, რომ წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორები სერიოზული მომზადება, გამძლეობა და საკუთარი მიზნების რწმენაა. მათი შეხედულებით, განუწყვეტელი გამოწვევები, პრობლემების გადაჭრა, გუნდთან ერთად მუშაობა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება - ყველა ეს ინდიკატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქმის სწორად წარმართვაში. ამ ყველაფერთან ერთად კი მნიშვნელოვანია ე.წ. ანტრეპრენერული აზროვნებაც, რომელიც ღირებულ იდეებს რეალობად გვაქცევინებს.

ბაიას ხედვით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ აანონსებს ახალ იდეებს, არამედ მოქმედებს და იღებს პასუხისმგებლობას მათ განხორციელებაზე. ეს არის ლიდერი, რომელიც თავისი ინიციატივით გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, იღებს სარისკო გადაწყვეტილებებს და მუდმივად ცდილობს საკუთარი საქმიანობის განვითარებას. ანტრეპრენერი მუდმივად ეძებს ახალ გზებს, რათა წინ აღუდგეს გამოწვევებს, იპოვოს ინოვაციური გადაწყვეტილებები და შექმნას ახალი ღირებულებები როგორც საკუთარ საქმეში, ისე მთელ საზოგადოებაში. მას ახასიათებს მუშაობაში გამძლეობა, დასახული მიზნებისკენ წინსვლა, შესაძლებლობების რწმენა და ხშირად ბარიერების გადალახვა.

"ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, მნიშვნელოვანია მოძებნო გამოსავალი. დამწყებ ანტერეპრენერებსა და ტოპმენეჯერებს ვურჩევდით, ყურადღება მიაქციონ გუნდსა და ურთიერთობებს. ხშირად ვფოკუსირდებით მხოლოდ იდეებზე, მაგრამ წარმატებული საქმიანობა, პირველ რიგში, ძლიერ გუნდზეა დაფუძნებული. აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია, თანამშრომლობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. უნდა შეძლოთ თქვენი გუნდის მოტივაცია და ხედვების ერთიანობა", - აღნიშნავს თინათინ დუნდუა.

რაც შეეხება ქალებს, რომლებსაც საკუთარი იდეის განხორციელება სურთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო თავს იკავებენ, წარმატებული ქართველი ექიმები და მსოფლიო ქალ ქირურგთა საზოგადოების დამფუძნებლები ურჩევენ, რომ არასდროს დაელოდონ იდეალურ მომენტს. ყველა საქმე იწყება ერთი ნაბიჯით და მაშინაც კი, თუ არ აქვთ სრულყოფილი გეგმა ან საჭირო რესურსები, მნიშვნელოვანია, გადადგან ეს ნაბიჯი და დაიწყონ. მნიშვნელოვანია, სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და არ დააგვიანონ მოქმედება.

სამომავლო პერსპექტივაში, მსოფლიო ქალ ქირურგთა საზოგადოების განვითარების გეგმა ძალიან კონკრეტული და მულტიდისციპლინარულია. ამ საზოგადოების მიზანია, მათი საქმიანობა არა მხოლოდ პროფესიონალურ ასპარეზს მოიცავდეს, არამედ ქალთა უფლებებისა და ლიდერობის გაძლიერების საკითხებსაც. პირველ რიგში, იგეგმება ქალ ქირურგებისთვის განათლებისა და პოტენციური ტრენინგების პროგრამების შეთავაზება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი კომპეტენციების განვითარებასა და შესაძლებლობების გაფართოებას ამ სფეროში.

მეორე მიმართულება არის გადგილობრივი და საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესება. ასოციაცია გეგმავს საერთაშორისო ურთიერთობების გააქტიურებას, რაც შესაძლებლობას მისცემს წევრებს, მიიღონ გამოცდილება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების მიმართულებით. ეს კავშირები ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებასა და ქალ ქირურგთა გაძლიერების საერთო მიზნებისთვის ერთიანი ძალისხმევის კონსოლიდაციას.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალთა ლიდერობის გაძლიერებას. ასოციაცია გეგმავს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ლიდერებად ჩამოყალიბებას სამედიცინო სფეროში. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას მაღალი რანგის პოზიციებზე და მათი როლის გაძლიერებას სფეროში, რაც საბოლოოდ ზეგავლენას მოახდენს მთელი სამედიცინო ინდუსტრიის განვითარებაზე.

"ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესია ინსპირაცია, რომელსაც მთელი ასოციაცია ვიზიარებთ და ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მთლიანად საზოგადოებაში ქალების როლის ცვლილებამ, მათ მიერ მიღწეულმა წარმატებამ მოგვცა ძალა და შემართება, რომ დაგვეწყო ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ადამიანების დახმარება, მათ კარიერაში რეალური ცვლილებების მონაწილედ გახდომა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა – ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან დიდ შთაგონებას წარმოადგენს.

ჩვენს გუნდში არსებული სანდო გარემო, რომელიც დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო გაიზრდება, ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაციით, ღიად ყველა საჭირბოროტო საკითხზე საუბრით, აუცილებლად მიგვიყვანს საერთო და ყველასთვის საჭირო საქმის კეთებისკენ, ეს სოლიდარობა ამძაფრებს სურვილს, განვახორციელოთ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები", - აღნიშნავენ რესპონდენტები.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

EU-funded 3E Partnership Project coordinated by Business and Technology University Hits the First Milestone

Co Creating Knowledge and Enhancing Mutually beneficial Regional Cooperation in Energy Efficiency

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია