"მთელი ცხოვრება ვაიმაყებ ამ საქმით, სათიბეზე მეტადაც კი, რადგან ორბეთი შეინარჩუნებს თავის ხიბლს, თვითმყოფადობას და ევროპულად განაშენიანდება." - ირაკლი გაფრინდაშვილი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ორბეთი არის პირველი სოფელი საქართველოში, რომელიც კერძო მესაკუთრეთა მიერ დამუშავებული მთელი სოფლის განაშენიანების გეგმით განვითარდება.
2025 წლის 28 მარტს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორბეთის განაშენიანების გეგმის კონცეფცია დაამტკიცა!
იმდენი ხანია ამ ამბისთვის ვიბრძვი, ორი დღე დამჭირდა გასააზრებლად, რომ სიტყვებს თავი მოვუყარო. შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ იმ გზის შესახებ, რაც აქამდე გავიარეთ.
როგორ დაიწყო ყველაფერი
Satibe • სათიბეს იდეის განხორციელება 2020 წლის მარტში დავიწყე, ზუსტად იმ დღეს, როცა კარანტინი გამოცხადდა და ჩავიკეტეთ.
ორი წელი გავატარე ველზე...
ადგილობრივი მოსახლეობისგან გარკვეული ვადით და პირობებით ვიღებდი მათ საკუთრებაში არსებულ დიდი ფართის მიწებს, ვყოფდი ნაკვეთებად და ვთავაზობდი მეგობრებს, ისინი თავიანთ მეგობრებს და ამასობაში 250 ოჯახი შევიკრიბეთ 30 ჰექტარ ტერიტორიაზე.
ეს მიწები თავად რომ შემესყიდა ფული არ მქონდა, ამიტომ მიწის მეპატრონეს ვუხდიდი საბაზრო ღირებულებაზე ოდნავ მეტს, რათა ჩემთვის სანაცვლოდ მოეცათ დრო გასაყიდად.
ამ პერიოდშო დაახლოებით 900% გაიზარდა მიწების ფასი ორბეთში, რომელთა თავდაპირველი ფასი სამი დოლარიდან იწყებოდა. პარალელურად სათიბეს პროექტის გარეთაც ბევრი მიწა გაიყიდა, რამაც სოფლის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრმა სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ორბეთის არსებობა. ამ ყველაფრით უზომოდ ბედნიერი ვარ და ეს მხოლოდ დასაწყისია.
გზა დაბრკოლებების გავლით
პანდემიის გამო, ორი წლის განმავლობაში მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელი იყო და როგორც კი რეგულაციები შემსუბუქდა 2022 წლის გაზაფხულზე მე და ჩემი მეგობარი, სათიბეს მთავარი არქიტექტორი თაკო ვალიშვილი წავედით თეთრიწყაროს მერიაში მოსამზადებელი სამუშაოების დასაწყებად და მერთან შესახვედრად, რომელთანაც მანამდეც გვქონდა კომუნიკაცია და სრული მხარდაჭერის იმედიც გაგვაჩნდა.
ამ შეხვედრაზე გვითხრეს, რომ შეიცვლა კანონი სივრცითი მოწყობის შესახებ, რაც ნიშნავდა, რომ უშენი ტერიტორიის განაშენიანება შესაძლებელი იყო მხოლოდ სოფლის განაშენიანების ერთიანი გეგმის მიხედვით და სახელმწიფო ამ გეგმის მომზადებას 5-7 წლის ვადაში აპირებდა. შესაბამისად იმ ეტაპზე მშენებლობის ნებართვები არ გაიცემოდა.
კრიზისი ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელია და არც ამ გამოწვევისთვის ვაპირებდი თავის დახრას.
ქმედებები და გადაგმული ნაბიჯები
გამოსავლის საპოვნელად დავიწყეთ იურისტებთან კონსულტაციები. ერთ კვირაში შევკრიბეთ სათიბეს მოსახლეობა, ჩავაყენეთ საქმის კურსში და შევთავაზეთ ორბეთის განაშენიანების გეგმის ჩვენივე სახსრებით მომზადება და სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემა.
ამ საქმეში შემოგვიერთდა რამდენიმე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კოპანია, რომლებსაც ასევე აქვთ მიწები ამ ტერიტორიაზე და აპირებენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას.
განაშენიანების გეგმის ჩუქებასთან დაკავშირებით გავაფორმეთ მემორანდუმი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან, მოვიწვიეთ ურბანისტების კერძო კომპანია "თბილქალაქპროექტი" და დავიწყეთ.
ურბანისტების მიერ დამუშავდა 300 ჰექტარამდე ტერიტორიის განაშეინანების გეგმის კონცეფცია.
გარემოსდამცველების მიერ დამუშავდა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიში.
შესწავლილი იქნა ყველა ხევი, კულტურული თუ ისტორიული ძეგლი, ფლორა და ფაუნა. დადგინდა ბუნებრივი საფრთხეების ტერიტორიები და სხვა.
ეს დოკუმენტები პარალელურად თანხმდებოდა გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ხდებოდა სახალხო განხილვები სოფლის მოსახლეობასთან.
შედეგები და სამომავლო გეგემები
საბოლოოდ კი განაშენიანების გეგმის კონცეფციას მწვანე შუქი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ აუნთო, გადაიგზავნა მუნიციპალიტეტში და ერთხმად დამტკიცდა.
პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულებულია.
ვაგრძელებთ მუშაობას გენგეგმის დასამტკიცებლად.
მთელი ცხოვრება ვაიმაყებ ამ საქმით, სათიბეზე მეტადაც კი, რადგან ორბეთი შეინარჩუნებს თავის ხიბლს, თვითმყოფადობას და ევროპულად განაშენიანდება.
განაშენიანების გეგმის დამტკიცების შემდეგ, დამუშავდება განაშენიანების დეტალური გეგმები ყოველი კონკრეტული ტერიტორიისთვის, რომლებიც დაადგენენ სტანდატებს სართულიანობის შესაზღუდად, გაითვალისწინებენ გარკვეული იერსახის შენარჩუნებას, განისაზღვრება სახლის ფართობი მიწის ნაკვეთის ზომასთან მიმართებაში, დაადგენენ 8.5 მეტრის სიგანის გზებს შიდა საუბნო ქუჩებზეც კი. უზრუნველყოფენ ტროტუარების მოწყობას, ავტომობილების მოსაბრუნებლებს სახანძრო უსაფრთხოებისათვის. ამასთანავე, ყველა დასახლებულ უბანში სარეკრეაციო და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას, ყოველივე ეს კი განაპირობებს ცხოვრების მაღალ ხარისხს.
დიდი მადლობა სათიბელებს ნდობისთვის და მოთმინებისთვის.
მადლობა ჩვენს მეზობლებს - ვინც აქტიურად ჩაერთო და მხარდაჭერა აღმოგვიჩინა ამ რთულ გზაზე.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს უანგარო და დაუღალავი შრომისთვის.
ამ რთულ პერიოდში პაუს მხრებზე გადანაწილდა უდიდესი სიმძიმის პასუხისმგებლობა, რომელიც პირადად ჩემს ნდობაზეა ჩამოკიდებული.
მადლობა პაუ მხარდაჭერისთვის და შემსუბუქებისთვის! Pau Nórk
ამ ნდობის გასამართლებლად შეუძლებელს შევძლებ სანამ ცოცხალი ვარ!
ირაკლი გაფრინდაშვილი
2025 წელი
სათიბე