ნანა გოგუაძე – ახალი თაობის ლიდერი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნანა გოგუაძის პროფესიული ისტორია იმ ადამიანების ისტორიას ჰგავს, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს ლიმიტებს არასდროს უწესებენ. მისი გზა ერთდროულად აერთიანებს გამოცდილებას აშშ-სა და საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, კორპორაციულ სტრუქტურებში, ფინანსურ ტექნოლოგიებსა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიმართულებით.

ეს არ არის მხოლოდ თანამდებობების, ჯილდოებისა და პოსტების ქრონოლოგია – ეს არის ლიდერის განვითარების პროცესი, რომელიც სტრატეგიულ ხედვას, ინსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და შედეგებზე ორიენტირებულ მართვას ეყრდნობა.

ნანა ის პროფესიონალია, ვინც კარიერის დასაწყისშივე დაინახა, რომ თანამედროვე ბიზნესში წარმატება მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებით არ იზომება. მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ცვლიან გადაწყვეტილებები გარემოს, ადამიანებსა და ინსტიტუტებს; როგორ შეიძლება ბიზნესმა, ტექნოლოგიამ და საზოგადოებრივმა სექტორმა ერთიან ეკოსისტემად იმუშაოს.

სწორედ ამ მზაობამ – სისტემურად ფიქრისა და ფართო სურათის დანახვის უნარმა განაპირობა, რომ მისი კარიერა დღეს მოიცავს მრავალსექტორულ გამოცდილებას, სადაც ერთმანეთის გვერდით გვხვდება როგორც კერძო, ისე საჯარო და არასამთავრობო სივრცეები.

"საზოგადოებრივი წინსვლა იქ იქმნება, სადაც სხვადასხვა სექტორი საერთო მიზნებისთვის ერთიანდება. თითოეულ მათგანს საკუთარ უნიკალური სიძლიერე აქვს, თუმცა, რეალური შედეგი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ეს ძალები ერთმანეთის გამაძლიერებლად მუშაობენ. თანამედროვე ლიდერის როლი სწორედ ამ სისტემური სინერგიის შექმნაა ისეთი ჩარჩოს ჩამოყალიბება, სადაც ეკონომიკური განვითარება, ინოვაცია და საზოგადოებრივი კეთილდღეობა პარალელურად და თანხვედრი ვითარდება", ამბობს ნანა Entrepreneur-თან ინტერვიუში.

მისი პროფესიული თვითგამორკვევისა და ლიდერობის სტილის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) სტერნის ბიზნესსკოლაში. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აკადემიური სტანდარტების მქონე ბიზნესსკოლაში სწავლამ ნანას მისცა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ანალიტიკური და გლობალური აზროვნების ჩარჩო – უნარი, პრობლემას შეხედოს სხვადასხვა პერსპექტივიდან, გაითვალისწინოს როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო კონტექსტი და გადაწყვეტილებები დიდი სურათიდან გამომდინარე მიიღოს.

"NYU Stern-მა დამანახ, რომ ლიდერობა გაცილებით მეტია, ვიდრე სწორი გადაწყვეტილებების მიღების ტექნიკური უნარი. იქ ვისწავლე, როგორ უნდა დაინახო პროცესები ფართო კონტექსტში როგორ ურთიერთქმედებს ბიზნესი ეკონომიკურ დინამიკასთან, საზოგადოებრივ საჭიროებებსა და გრძელვადიან განვითარებასთან. ამ გამოცდილებამ მომცა ის ინტელექტუალური ჩარჩო, რომელმაც ჩემი პროფესიული ხედვა ჩამოაყალიბა: რომ ბიზნესი მხოლოდ მოგების გენერირების სისტემა არაა, არამედ ძალაა, რომელსაც შეუძლია საზოგადოების გაძლიერება და უფრო მდგრადი ინსტიტუტების შექმნა".

NYU Stern-ში მიღებული გამოცდილება ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ეკონომიკურ პროცესებსა და ლიდერობის თანამედროვე მოდელებზე იყო ის საფუძველი, რომელზეც ნანამ საკუთარი პროფესიული ფილოსოფია ააგო. მისთვის ბიზნესი მხოლოდ მოგების გენერირების მექანიზმი არ არის; ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება საზოგადოების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ინსტიტუტების მეტ სტაბილურობას ემსახურებოდეს. სწორედ ამ შეხედულების გადმოტანა საქართველოში, საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, გახდა ნანა გოგუაძის კარიერის შემდეგი ეტაპების ბუნებრივი გაგრძელება.

თუმცა, ნანა გოგუაძის ამერიკული გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური გზით – ეს არის პერიოდი, როდესაც მისი პროფესიული ინტერესები, სოციალური პასუხისმგებლობა და ლიდერობის ბუნება რეალურ პროექტებსა და საერთაშორისო პლატფორმებზე გამოიხატა.

"სტუდენტობის წლებში მიღებული გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო დრო, როცა ინტერესები ეტაპობრივად ჩამოყალიბდა და ერთიან პროფესიულ მიმართულებად შეიკრა. გაეროში გავლილმა პრაქტიკებმა საშუალება მომცა ახლოდან შემეხედა საერთაშორისო ინსტიტუციების მუშაობის კულტურისთვის და დამენახა, როგორ გარდაიქმნება გლობალური დღის წესრიგი კონკრეტულ ინიციატივებად. უნივერსიტეტში განხორციელებულმა კვლევითმა და საზოგადოებრივმა პროექტებმა კი მასწავლა, როგორ უნდა გააანალიზო საკითხი სიღრმისეულად, სიზუსტით და განსხვავებული პერსპექტივებიდან. სწორედ ამ გამოცდილებებმა ჩამოაყალიბა ჩემი სამომავლო ინტერესები და თავდაჯერებულად მიმიყვანა იმ პროფესიულ გზამდე, სადაც საზოგადოებრივი განვითარება, ინოვაცია და სტრატეგიული ლიდერობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის", ამბობს ის.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად მის ბიოგრაფიაში იქცა გაეროში გავლილი პრაქტიკული გამოცდილება, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, უშუალოდ ენახა საერთაშორისო ინსტიტუტების მუშაობის კულტურა. ეს პრაქტიკა მოიცავდა საერთაშორისო პროცედურების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებებისა და ახალგაზრდული ჩართულობის მექანიზმების შესწავლას. ნანა ამ პროცესს არ უყურებდა მხოლოდ როგორც ფორმალურ ეტაპს – მისთვის ეს იყო შესაძლებლობა, დაენახა, როგორ იქცევა გლობალური დღის წესრიგი კონკრეტულ ინიციატივებად და გადაწყვეტილებებად, რომლებიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

ამ გამოცდილებას ემატება მისი საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (International Labour Organization – ILO) მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც გაიმართა გაეროს ჟენევის შტაბ-ბინაში. ნანა იქ ახალგაზრდული წარმომადგენლის სტატუსით იყო მიწვეული და ჩართული იყო შრომის ბაზრის ტრენდების, ახალგაზრდული დასაქმების გამოწვევებისა და გლობალური სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვან დისკუსიებში.

"დიდ პატივად და ერთდროულად დიდ პასუხისმგებლობად მეჩვენებოდა 19 წლის ასაკში ILO- ჟენევაში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს წარდგენა. ამისთვის განსაკუთრებულ მადლიერებას ვგრძნობ დამსაქმებელთა ასოციაციის მიმართ, რომელმაც ახალგაზრდა წარმომადგენელს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ხედვები გაეზიარებინა. შთამბეჭდავი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ლიდერებთან დისკუსიებში მონაწილეობა ამ გამოცდილებამ დამანახ, რომ გლობალურ თემებზე საუბრისას პასუხისმგებლობა იწყება არა ხმამაღალი განცხადებებით, არამედ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომით და იმ უნარით, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები საგულდაგულოდ და პროფესიონალურად წარმოადგინო", იხსენებს ნანა გოგუაძე.

სოციალური ზეგავლენის მიმართ მისი დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკის დონეზე, არამედ პრაქტიკულ დონეზეც გამოიხატა. ნანა ერთ-ერთ ლიდერ როლში იყო ჩართული "Rescuing Leftover Cuisine-ის" საქმიანობაში – ეს არის ინიციატივა, რომელიც ნარჩენი საკვების გადანაწილებაზე მუშაობს.

მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა საკვების ნარჩენების შემცირების პროცესის ორგანიზებას, მოხალისეთა გუნდის მენეჯმენტს და ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაციას. ეს იყო კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ კარგად ორგანიზებული სისტემა ერთდროულად პასუხობდეს როგორც ეკოლოგიურ, ისე სოციალურ გამოწვევებს – შეამციროს ნარჩენები და დაეხმაროს ადამიანებს, ვისაც საკვების მიღება ყველაზე მეტად სჭირდება.

საზოგადოებრივი ჩართულობის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ეკავა UNICEF-ის საუნივერსიტეტო კლუბშიც, სადაც ის მონაწილეობდა ღონისძიებების დაგეგმვასა და სოციალური კამპანიების კოორდინაციაში. ეს იყო სივრცე, სადაც ახალგაზრდები აღმოჩენილ პრობლემებს რეალურ პროექტებად გარდაქმნიდნენ – ბავშვთა უფლებებზე, განათლებაზე, თანასწორობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე.

"ამ გამოცდილებებმა მასწავლა, რომ ლიდერობა ხშირად იწყება იქ, სადაც სხვადასხვა პროცესს უნდა მიანიჭო სწორი პრიორიტეტი, დაინახო მთავარი და გუნდს მისცე მიმართულება. სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობამ დამანახ, რომ ძლიერი ლიდერი, პირველ რიგში, პრაქტიკაში ყალიბდება იქ, სადაც გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანები და შედეგები უკავშირდება".

ამ მრავალმხრივი ჩართულობის შედეგი გახდა უნივერსიტეტის სოციალური ზეგავლენის სტიპენდია – აღიარება იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც ნანამ საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიმართულებით გაიღო. ეს იყო ინსტიტუციური დაფასებაც, მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ გზის დადასტურება, რომელიც აირჩია – რომ სოციალური გავლენა შეიძლება გახდეს პროფესიული იდენტობის ორგანული ნაწილი და არა მხოლოდ "მესამე სექტორის" თემატიკა.

ამავე პერიოდში ნანა პარალელურად მუშაობდა ფინანსური გადახდების მიმართულების სტარტაპზე, რომელიც მომხმარებლებისთვის ანგარიშსწორების ციფრული პროცესების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. ტექნოლოგიურ პროექტში ჩართულობამ მას მისცა შესაძლებლობა, შეეთავსებინა სოციალური ხედვა და ინოვაციური ბიზნესმოდელები.

ციფრული გადახდების სფეროში მუშაობა მისთვის იყო პრაქტიკული გამოცდილება იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ შეცვალოს მომხმარებლის ყოველდღიური ფინანსური ქცევა, როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც ერთდროულად კომფორტულიცაა და უსაფრთხოც.

სწორედ ამ სტარტაპში შესრულებულმა სამუშაომ, ინოვაციურმა მიდგომებმა და სტუდენტურ ინიციატივებში ლიდერობამ განაპირობა მისი შერჩევა აშშ-ის Forbes Under 30 Scholar პროგრამაში. ეს პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვისაა, რომლებიც გამოირჩევიან აკადემიური შედეგებით, ინოვაციური პროექტებითა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით.

"ამერიკის მასშტაბით 1000 სტუდენტი შეირჩა Forbes-ის სტიპენდიისთვის და დიდი პატივი იყო ჩემთვის მათ შორის ყოფნა. ვფიქრობ, ბევრი "არას" შემდეგ ეს იყო მომენტი, რომელმაც მაჩვენა, რომ შრომას მართლაც აქვს შედეგი უბრალოდ, ზოგჯერ სჭირდება დრო, ჟინი და სიმამაცე, საკუთარ გზაზე იარო. ეს აღიარება ჩემთვის არა მხოლოდ წარმატების დაფიქსირება იყო, არამედ შეგრძნება, რომ ჩემი ძალისხმევა ხედვას და მიმართულებას იღებს", იხსენებს ნანა.

გლობალურ კონტექსტში მიღწეული შედეგები და დაგროვილი გამოცდილება საბოლოოდ გადაიზარდა კიდევ ერთ, უფრო ფართო მასშტაბის აღიარებაში – Forbes Under 30-ის (Social Impact) 2025 წლის სიაში მოხვედრაში. საერთაშორისო გამოცდილება, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები და ტექნოლოგიურ სფეროში ჩართულობა გახდა ის საფუძველი, რის გამოც ნანა უკვე აღიქმება როგორც ლიდერი, რომელიც აერთიანებს სოციალური ზეგავლენის, ინოვაციური ბიზნესისა და თანამედროვე ლიდერობის დღის წესრიგს.

ნანა გოგუაძის საქართველოში დაბრუნება მხოლოდ გეოგრაფიული ცვლილება არ ყოფილა – ეს იყო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო გამოცდილება უკვე ქვეყნის ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების სამსახურში დაეყენებინა. მისი კარიერის შემდეგი ეტაპი უკავშირდება EY Georgia-ს, სადაც ის ჩაერთო იმ პროექტებში, რომლებიც უშუალოდ იყო მიმართული ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის, ეკონომიკური ზრდისა და საჯარო სერვისების გამყარებისკენ.

"EY ჩემთვის იყო ის ადგილი, სადაც საერთაშორისო გამოცდილების რეალურ პროექტებად გადმოტანა შეიძლებოდა. მიზიდავდა მასშტაბი, თემების სირთულე და ის გარემო, სადაც კერძო და საჯარო სექტორის განვითარება ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ვიცოდი, რომ იქ შევძლებდი იმაზე მუშაობას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ გაძლიერებას პირდაპირ ეხება და ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო".

EY-ში ნანას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა EU4Digital ინიციატივაში კონსულტანტად. ამ ფორმატში ის მუშაობდა ქვეყნის ციფრული განვითარების ანალიზზე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაციფრულების გზების განსაზღვრაზე, ეკონომიკური და რეგულაციური გარემოს შეფასებაზე. მისი ამოცანა იყო, დაენახა, სად იყო ციფრული ინფრასტრუქტურა ყველაზე სუსტად განვითარებული, რა ბარიერები უშლიდა ამ სეგმენტს ციფრულ ინსტრუმენტებზე გადასვლაში და როგორ შეიძლებოდა სახელმწიფო პოლიტიკა და კერძო სექტორის ინიციატივები მეტი სინქრონით განვითარებულიყო.

ამ მუშაობის შედეგი იყო კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მხარს უჭერდა როგორც საჯარო სერვისების დიგიტალიზაციას, ისე ბიზნესისთვის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე წვდომის გაფართოებას.

EU4Digital-ის პარალელურად, ნანა ჩართული იყო საქართველოს ეკონომიკის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში იმ მიმართულებით, რომელიც ციფრული სტანდარტების გამყარებას უკავშირდება. ციფრული ბაზრის ჰარმონიზაცია, მონაცემთა დაცვის სტანდარტები, ელექტრონული სერვისების ინტეგრირება – ეს ის თემებია, სადაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ ტექნიკური, ვიწროპროფესიული კონტექსტი არ აქვს; აქ ერთდროულად იკითხება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გავლენები.

"ამ პროცესებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რადგან ციფრული სტანდარტების გამყარება და ევროკავშირთან დაახლოება მხოლოდ ტექნიკური ამოცანა არ არის ის პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ მიმართულებას და მის გრძელვადიან შესაძლებლობებს. ჩემს ჩართულობას კი ისე ვუყურებდი, როგორც შესაძლებლობას, ანალიზი და რეკომენდაციები რეალურ გადაწყვეტილებებად ქცეულიყო. მნიშვნელოვანია განცდა, რომ შენი სამუშაო მცირე, მაგრამ აუცილებელ ნაწილს ქმნის იმ დიდ ნაბიჯში, რომელსაც ქვეყანა განვითარების მომავალ ეტაპებთან მიახლოებისთვის დგამს".

მისი საქმიანობა ასევე მოიცავდა მონაწილეობას EU4Business პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ კვლევებსა და მხარდაჭერის კომპონენტებში. ამ პროგრამის მიზანი მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის ხელშეწყობა იყო – მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის ხელშეწყობა, მენეჯმენტისა და ოპერაციული პროცესების გაძლიერება. ნანასთვის ეს სამუშაო სწორედ იმ წერტილზე გადიოდა, სადაც მისი ფინანსური, ტექნოლოგიური და სოციალური ხედვები ერთმანეთს კვეთდა: მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი საქართველოს ეკონომიკის ხერხემლად ითვლება, ხოლო მათი გაძლიერება ნიშნავს უფრო მდგრადი, დივერსიფიცირებული და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნას.

EY-ში მის კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს EBRD-სა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და EY-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც ექთნების და მეანთა პროფესიის განვითარებას ეხებოდა. ინიციატივა დაფუძნებული იყო EBRD-ის უფრო ფართო სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ემსახურებოდა. აქ უკვე სურათში აღარ იყო მხოლოდ ციფრული ეკონომიკა ან ბიზნესის ზრდა – საუბარი იყო იმ ადამიანებზე, ვინც ჯანმრთელობის სისტემის წინა ხაზზე დგას.

პროექტის მიზანი იყო ქვეყნის ჯანდაცვაში კრიტიკული კომპეტენციების დეფიციტის შემცირება და ექთნების თუ მეანთა პროფესიის განვითარება საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით. ეს გულისხმობდა არა მხოლოდ პროფესიული უნარების გაძლიერებას, არამედ ინსტიტუციური საფუძვლების შექმნას – როგორ რეგულირდება, ლიცენზირდება და რეგისტრირდება ეს პროფესიები, რა ჩარჩოები იცავს როგორც სპეციალისტებს, ისე პაციენტებს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა არსებული სისტემის სიღრმისეული ანალიზი, შეფასდა საკანონმდებლო ჩარჩო, შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და მისი ადაპტაციის შესაძლებლობები საქართველოს რეალობაში. ნანა ჩართული იყო ამ პროცესში როგორც ანალიტიკური, ისე სტრატეგიული კუთხით – მისი მონაწილეობით მუშავდებოდა რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გამხდარიყო საყრდენი პროფესიების ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის.

"ორივე მიმართულებას იქნება ეს ექთნებისა და მეანთა პროფესიის გაძლიერება თუ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა ერთი საერთო მნიშვნელობა აქვს: ისინი ქმნიან ქვეყნის სტაბილურ საფუძველს. ჯანდაცვის სისტემა ვერ ვითარდება ძლიერი პროფესიული ჩარჩოს გარეშე, და ეკონომიკა ვერ იზრდება მაშინ, როცა მცირე ბიზნესები სუსტია. ჩემთვის სწორედ ამიტომ იყო ამ პროექტებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი აქ საქმე პირდაპირ ისწრაფოდა იმ საყრდენების შექმნისკენ, რომელზეც ქვეყანა ყოველდღიურად დგას", ამბობს ნანა ინტერვიუში.

ამ ეტაპზე მის პროფესიულ გზაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – მენტორობისა და ლიდერობის მნიშვნელობა. EY-ში ნანამ იპოვა მენტორი, რომლის როლმაც სერიოზულად განსაზღვრა მისი პროფესიული ეთიკა და ლიდერობის სტილი. მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, სტრატეგიული ხედვის მქონე პროფესიონალთან ყოველდღიური თანამშრომლობა მისთვის იყო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება რთული, მრავალშრიანი პროექტების მართვა ისე, რომ შედეგი იყოს არა მხოლოდ ფორმალურად შესრულებული დავალებები, არამედ გრძელვადიანი სისტემური ცვლილებები.

შედეგად, მისი კარიერა EY-ში იქცა სივრცედ, სადაც გლობალური გამოცდილება ადგილობრივ გამოწვევებს დაუკავშირდა – ციფრული ტრანსფორმაცია, ეკონომიკური განვითარება და ჯანდაცვის სისტემის გამყარება ერთ საერთო ნარატივში გაერთიანდა.

ნანა გოგუაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მაგალითად მისი მონაწილეობა "წყალი გუდაურის" ბრენდის განვითარებაში იქცა. ეს არ იყო მხოლოდ პროდუქტის ბაზარზე გამოყვანა – ეს იყო მცდელობა, საინდუსტრიო სტანდარტების ფარგლებში ქართულ წყალს ბრენდის ისეთი იდენტობა მიეღო, რომელიც ერთდროულად გახდებოდა ადგილობრივადაც ამოცნობადი და საერთაშორისო მასშტაბითაც კონკურენტუნარიანი.

"ამ კომპანიაზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ "წყალი გუდაური" იყო ის იშვიათი შემთხვევა, სადაც რეალურად ჩანდა ზრდის პოტენციალი და სწორი ბრენდის არქიტექტურის საჭიროება. იდეა მომწონდა ქართული წყალი, რომელსაც შეეძლო ადგილობრივი პროდუქტის ფარგლებს გასცდენოდა და ბრენდად ქცეულიყო. ჩემთვის ეს იყო საინტერესო გამოწვევა: როგორ შექმნა ისეთი იდენტობა, რომელიც ქართულ პროდუქტს საერთაშორისო სტანდარტამდე მიიყვანს".

"წყალი გუდაურში" ნანა ხელმძღვანელობდა პროდუქტის განვითარების მიმართულებას, რაზეც, ფაქტობრივად, აიგო ბრენდის ვიზუალური და სტრატეგიული ხაზი. მისი ჩართულობით ჩამოყალიბდა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, შეფუთვის დიზაინი და პოზიციონირება – როგორც პრემიუმ ხარისხის ქართული წყლის ბრენდი, რომელიც საქართველოში დაბადებულ ბუნებრივ რესურსს თანამედროვედ, მინიმალისტურად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენით ჰყვება.

ბუნებრივია, ამ მიდგომამ ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ გლობალური დიზაინის პროფესიულ წრეებშიც მიიპყრო. შედეგი იყო "წყალი გუდაურის" ბრენდინგზე გამოქვეყნებული სტატია World Brand Design Society-ის პლატფორმაზე, სადაც დიზაინი შეფასდა, როგორც "საქართველოს სული და იდენტობა ბოთლში".

ეს შეფასება გარკვეულწილად სიმბოლური დაგვირგვინება იყო იმ აზრის, რომელსაც ნანა მთელი პროცესის განმავლობაში ეყრდნობოდა – რომ პროდუქტი უნდა ასახავდეს ქვეყნის ხასიათს, ბუნების უნიკალურობასა და თანამედროვე საქართველოს ვიზუალურ ენას.

მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ბრენდის გაფართოების სტრატეგია, რომელმაც "წყალი გუდაური" ქართული ბაზრის ფარგლებს გასცდა და 11 საერთაშორისო ბაზარზე გავიდა – ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ბრენდის საერთაშორისო გაშლა მოითხოვდა არა მხოლოდ მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს, არამედ რთულ ოპერაციულ, ლოგისტიკურ და რეგულაციურ პროცესებთან გამკლავებას.

"პროცესი ძალიან ინტენსიური იყო, რადგან ბრენდის შექმნა ერთი ნაწილია, მაგრამ მისი გატანა სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე სრულიად სხვა მასშტაბია. ყველაზე დიდი სირთულე ექსპორტის ოპერაციები აღმოჩნდა: სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციები, შეფუთვის სტანდარტები, ლოგისტიკა და დისტრიბუციის გზების ძიება. ეს ყველაფერი ძალიან კონკრეტულ და პრაქტიკულ მუშაობას მოითხოვდა. საბოლოოდ, რასაც ყველაზე მეტად ვენდობოდი, იყო მუდმივი ტესტირება, ადგილობრივი პარტნიორების სწორად შერჩევა და ის მიდგომა, რომ ბრენდი ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე ხარისხს უნდა ატარებდეს. სწორედ ამ თანმიმდევრულობამ მოგვცა შესაძლებლობა, "წყალი გუდაური" 11 ბაზარზე გვყოლოდა წარმოდგენილი", ასე იხსენებს ნანა გოგუაძე კომპანიის წინაშე იმ დროს არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

ეს ეტაპი მოიცავდა რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას სხვადასხვა ქვეყანაში, მიწოდების ჯაჭვის სწორ სტრუქტურირებას, დისტრიბუტორებთან მოლაპარაკებებს, გლობალური მოთხოვნების ანალიზს და ბრენდის სხვადასხვა ბაზრის სტანდარტებთან ადაპტაციას ისე, რომ მისი ქართული იდენტობა არ დაკარგულიყო. ნანა გოგუაძის როლი ამ პროცესში იყო არა მხოლოდ სტრატეგიული კურსის განსაზღვრა, არამედ იმ მოდელის შექმნა, სადაც ქართული პროდუქტი თანამედროვე საერთაშორისო ბრენდად გარდაიქმნება – მკაფიო იდენტობით, სტაბილური ხარისხით და გრძელვადიანი ზრდის პოტენციალით.

ნანა გოგუაძის პროფესიულ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავი Visa-სთან თანამშრომლობას უკავშირდება, სადაც მისი როლი სცდება მხოლოდ კორპორაციულ კომუნიკაციებს და უშუალოდ ეხება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების დღის წესრიგს რეგიონში. როგორც რეგიონული მიმართულებით პასუხისმგებელი ლიდერი, ნანა მონაწილეობს იმ პროცესების მართვაში, რომლებიც აერთიანებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს, კომუნიკაციის სტრატეგიას და სოციალური ზეგავლენის მქონე ინიციატივებს.

Visa-ს გლობალური პროგრამის – She's Next-ის ფარგლებში ნანა ხელმძღვანელობდა ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის პლატფორმას საქართველოსა და სომხეთში. ეს გულისხმობდა როგორც სტრატეგიულ, ასევე საკომუნიკაციო მართვას: პროგრამის კონცეპტუალური მიმართულების განსაზღვრას, პარტნიორობების ჩამოყალიბებას, საგანმანათლებლო მოდულების განვითარებას და იმ გარემოს შექმნას, სადაც ქალი მეწარმეები იღებდნენ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ რეალურ წვდომას ფინანსურ და ბიზნესრესურსებზე. მისი საქმიანობა აქ კონცენტრირებული იყო იმაზე, რომ ქალების საკუთრებაში მყოფი ბიზნესები რეგიონებში აღარ დარჩეს სისტემის პერიფერიაზე და შეძლოს ზრდა, მასშტაბირება და ახალი ბაზრების ათვისება.

ნანა ასევე ჩართული იყო ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვის პროცესებში, სადაც მის პასუხისმგებლობაში შედის რეგიონული კომუნიკაციების, პარტნიორობებისა და ბრენდის ნარატივის მართვა. ეს მოიცავს იმაზე მეტს, ვიდრე მხოლოდ პროდუქტების პრეზენტაციას – აქ მნიშვნელოვანია სწორი მესიჯების შერჩევა როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისა და ინსტიტუციური პარტნიორებისთვის.

მისი როლი იყო, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები აღქმული ყოფილიყო როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს ფინანსურ ოპერაციებს, ხდის მათ უფრო უსაფრთხოს და ხელმისაწვდომს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

Visa-ში საქმიანობა ნანასთვის იყო შესაძლებლობა, ინსტიტუციურ დონეზე ჩამოეყალიბებინა კომუნიკაცია, რომელიც სხვადასხვა ბაზარზე ბრენდის პოზიციას აძლიერებდა. ეს გულისხმობს ერთიანი სტრატეგიული ჩარჩოს შექმნას, სადაც გლობალური ბრენდის ღირებულებები ადგილობრივ კონტექსტთანაა მორგებული – განსხვავებული ეკონომიკური რეალობების, კულტურული მგრძნობელობისა და რეგულაციური გარემოს გათვალისწინებით. შედეგად, მისი მუშაობა Visa-ში აერთიანებდა კორპორაციულ კომუნიკაციებს, რეგიონულ სტრატეგიულ ხედვას და ქალთა ეკონომიკური ჩართულობის გაძლიერებას ერთიან, თანმიმდევრულ ნარატივში.

"ქალთა ეკონომიკურ ჩართულობაზე მუშაობა ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა, რადგან აქ შედეგს სიტყვებზე მეტად რეალური პროგრესი განსაზღვრავდა. ჩემთვის, როგორც ქალი ლიდერისთვის, ეს გამოცდილება ნიშნავს იმის განცდას, რომ შეგიძლია გზა ცოტათი მაინც გაუხსნა სხვებს და შექმნა სივრცე, სადაც ქალები ბიზნესში მხოლოდ მონაწილეები კი არა, თავისი სფეროს განმსაზღვრელი ძალა ხდებიან".

Pave Bank-ის გუნდს ნანა გოგუაძე უკვე გლობალური ხედვის მქონე მარკეტინგის ხელმძღვანელის როლში შეუერთდა. იგი მონაწილეობს ბანკის გლობალური ბრენდის ნარატივისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარებაში – იმ გზების ფორმირებაში, რომელთა საშუალებითაც Pave Bank ინოვაციურ ფინანსურ სერვისებს საერთაშორისო ბაზარს აცნობს და თანამედროვე ციფრულ ბანკინგს უფრო ხელმისაწვდომს და გასაგებს აქცევს სხვადასხვა აუდიტორიისთვის.

ნანა გოგუაძის პროფესიული საქმიანობა მხოლოდ კორპორაციულ სტრუქტურებს არ ერგება – ის პარალელურად აქტიურად ინარჩუნებს საზოგადოებრივ ჩართულობას და ლიდერობის დამატებით როლებს, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ახალგაზრდების, ქალ მეწარმეთა და ბიზნესგარემოს გაძლიერებაზე. მისთვის კარიერა ნიშნავს არა მხოლოდ პირად პროფესიულ ზრდას, არამედ იმ ეკოსისტემის განვითარებას, სადაც ეს ზრდა ხდება.

UN Women Expo-ს ფარგლებში ნანა მენტორის როლს ასრულებდა ქალი მეწარმეებისთვის. ის ჩართული იყო ბიზნესსაბჭოს გაძლიერებაში, კონსულტაციებს უტარებდა მონაწილეებს, აანალიზებდა მიმდინარე გამოწვევებს და ერთად მუშაობდა ზრდის სტრატეგიების განსახორციელებელ გზებზე.

მისი როლი განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ევროპული ბიზნესასოციაციის ახალგაზრდული ფრთის ბორდის თავმჯდომარის პოზიციაში. ამ პლატფორმაზე ნანა ცდილობდა, ერთმანეთთან დაეკავშირებინა კერძო სექტორი და ახალგაზრდული სექტორი – კომპანიების საჭიროებები და ახალგაზრდების პოტენციალი.

"ინსპირაციას მაძლევს ის, რომ ამ სამუშაოში შედეგი ყოველთვის ძალიან კონკრეტულია ხმა, რომელიც ადრე არ ისმოდა, იწყებს გაჟღერებას; იდეა, რომელიც გაურკვეველი იყო, კონტურს იღებს. ამ გარდასახვის ნახვა ჩემთვის ყველაზე ძლიერი მოტივაციაა".

აქ მთავარი ფოკუსი ეკონომიკური განათლების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოება იყო, რათა ახალგაზრდები შრომის ბაზარზე მეტად ინფორმირებული და გაძლიერებული შევიდნენ.

დაგროვილი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება მის პროფესიულ ბიოგრაფიაში ბუნებრივ გაგრძელებად იქცა. ნანა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) სტრატეგიული მარკეტინგის მიმართულებით კითხულობს ლექციებს. აუდიტორიაში მისი ფოკუსი თეორიაზე მეტად პრაქტიკაზეა – რეალურ ქეისებზე, თანამედროვე ბაზრის დინამიკაზე, ბრენდის მართვის რეალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მხოლოდ საგნის შესწავლა კი არა, საკუთარი კარიერული მიმართულებების უკეთ დანახვა შეძლონ, გაიაზრონ, როგორ შეიძლება მათი ცოდნა კონკრეტულ ინდუსტრიებში გარდაიქმნას შედეგიან საქმიანობად.

ნანა გოგუაძე ამბობს, რომ სამომავლოდ სურს გააგრძელოს მუშაობა იმ მიმართულებებზე, რომლებიც რეალურ პროგრესს ქმნის – იქნება ეს ბიზნესის გაძლიერება, სოციალური პროექტები თუ განათლების სფერო.

"მჯერა, რომ მაგალითს ძლიერი გავლენა აქვს. სწორედ ამიტომ, ვცდილობ ჩემი გზა და გამოცდილება ინსპირაციად ვაქციო მათთვის, ვინც დღეს მხოლოდ პირველ ნაბიჯე დგამს წარმატების გზაზე!"