NANO - ქართული დიზაინის ახალი ერა და ინოვაცია ყოველდღიურობაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
NANO მარი ვილის მიერ შექმნილი კომპანიაა, რომელიც ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალ მიმართულებას ნერგავს და მომხმარებლებს იოგას, ღვინისა და ყვავილების უნიკალურ ჩანთებს სთავაზობს. NANO ქმნის ახალ კულტურას, სადაც კომფორტი, სილამაზე და ცხოვრების სტილი ერთმანეთთან ჰარმონიაშია.
NANO ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის - ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. იოგა და ვარჯიში ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, ამიტომ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. იოგას ხალიჩის ტარება ხშირად მოუხერხებელია, ამიტომ მინდოდა ისეთი ჩანთა, რომელიც პრაქტიკული, ლამაზი და მოსახერხებელი იქნებოდა.
ყვავილები სივრცეს ცვლიან და გარემოს უფრო თბილსა და განსაკუთრებულს ხდიან. მჯერა, რომ სილამაზეს დიდი ძალა აქვს, და სწორედ ამიტომ შევქმენი ყვავილების ჩანთები, რომლებიც მათი ტარებისა და ჩუქების გამოცდილებას უფრო მოხერხებულსა და დახვეწილს ხდის.
ღვინო - ეს არის სიამოვნების, კომფორტისა და სასიამოვნო მომენტების ნაწილი. ღვინის ჩუქება ბევრ კულტურაში განსაკუთრებულ ტრადიციას უკავშირდება, და მინდოდა, ეს პროცესი საქართველოში უფრო ელეგანტური და უნიკალური გამხდარიყო. NANO პრაქტიკულობას, ესთეტიკასა და ცხოვრების სტილს აერთიანებს", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მარი ვილი.
როგორც NANO-ს დამფუძნებელი განმარტავს, კომპანიის შექმნა მოითხოვდა სიმამაცეს, ნებისყოფასა და მტკიცე რწმენას. როდესაც ბიზნესი დაიწყო, იმ პერიოდში ქართულ ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი პროდუქტი, რაც, თავისთავად, რისკთან იყო დაკავშირებული. ანტრეპრენერის მიზანი გახლდათ ახალი კულტურის შექმნა, სადაც ჩანთა არა მხოლოდ უბრალო ნივთია, არამედ მოსახერხებელი, ესთეტიკური და ცხოვრების სტილის გამომხატველი აქსესუარი. "როცა ინოვაციურ იდეას აყალიბებ, უნდა გქონდეს სწორი ხედვა და თავდაჯერებულობა, რომ იმოქმედო მაშინაც კი, როცა თავდაპირველად სხვები ვერ ხედავენ იმ ღირებულებას, რომელსაც შენ ქმნი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე ვიცოდი, რა სჭირდებოდა ქართულ ბაზარს და როგორი პროდუქტი იყო საჭირო. NANO-ს შექმნისას არა მხოლოდ ბიზნესი დავიწყე, არამედ ახალი შესაძლებლობებიც გავხსენი იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ხარისხიან, უნიკალურ და ფუნქციურ ჩანთებს", - განმარტავს რესპონდენტი.
NANO-ს შექმნის გზაზე ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსური რესურსები გახლდათ. მარი ვილის აღნიშვნით, ბიზნესის დაწყება და მისი განვითარება მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციას, რაც მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხარ მარტოხელა დედა და მთელი პასუხისმგებლობა შენს მხრებზეა. ბიზნესის მართვის პარალელურად უნდა ეზრუნა საკუთარ შვილზე, ოჯახის ყოველდღიურ საქმეებსა და პირად გამოწვევებზე, რაც ხშირად დამღლელი და ემოციურად რთული დასაძლევი იყო. არსებობდა მომენტები, როცა ყველაფერი, ფინანსური შეზღუდვები, დროის სიმცირე და სტრესთან გამკლავება, გადაულახავ დაბრკოლებად ეჩვენებოდა. მაგრამ NANO-ს დამფუძნებელი არ გაჩერებულა და იბრძოდა იმისთვის, რისიც ბოლომდე სწამდა.
`დღეს NANO არსებობს და ვითარდება, და ეს ჩემთვის უდიდესი გამარჯვებაა. ეს არა მხოლოდ ბიზნესის წარმატებაა, არამედ იმ ძალის და შეუპოვრობის დასტურიც, რაც დამეხმარა, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი წინ მევლო. მე დავუმტკიცე, პირველ რიგში, საკუთარ თავს, რომ თუ საკმარისად გჯერა შენი იდეის, ყველაზე რთული გამოწვევების დაძლევაც შესაძლებელია", - აცხადებს რესპონდენტი.
ფინანსურ გამოწვევებთან ერთად, მარი ვილის გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებამაც მოუწია. როგორც თავად აღნიშნავს, გენდერულ სტერეოტიპებთან შეჯახება განსაკუთრებით იჩენს თავს მაშინ, როცა ქალი ხარ ბიზნესის სამყაროში და თან, ამასთან, მარტოხელა დედაც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უამრავ ქალს აქვს საკუთარი ბიზნესი, ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ ბიზნესის მართვა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა მამაკაცების საქმეა.
"ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო იმ აზრის დამსხვრევა, რომ ქალი ვერ შეძლებს საკუთარი ძალებით წარმატების მიღწევას, განსაკუთრებით ფინანსური სირთულეების და დედობის პარალელურად. ხშირად ვაწყდებოდი კითხვებს, როგორ შევძლებდი ბიზნესის მართვას, როცა შვილზეც უნდა მეზრუნა, ან იქნებ "უკეთესი იქნებოდა, სხვა რამე მეკეთებინა".
მაგრამ ჩემთვის NANO-ს შექმნა მხოლოდ ბიზნესი არ არის - ეს არის დამტკიცება იმისა, რომ ქალი დამოუკიდებლადაც შეიძლება იყოს ძლიერი, წარმატებული და ფინანსურად თავისუფალი. მიუხედავად სირთულეებისა, მე არ შევჩერებულვარ და ყოველდღე ვმუშაობ ჩემი მიზნისთვის. დღეს უკვე ვიცი, რომ ქალს შეუძლია შექმნას, ააშენოს და განავითაროს საკუთარი ბიზნესი ისე, რომ არავისგან იყოს დამოკიდებული", - აღნიშნავს NANO-ს დამფუძნებელი.
დამოუკიდებელი ბიზნესის მართვამ მარი ვილის ასწავლა, რომ წარმატება არ მოდის სწრაფად და მარტივად - ეს გამძლეობის, მოთმინებისა და ყოველდღიური შრომის შედეგია. როცა საქმე საკუთარ საქმეს ეხება, არავინ გაძლევს გარანტიას და ყველაფერი შენს გადაწყვეტილებებსა და მტკიცე ნაბიჯებზეა დამოკიდებული. როგორც თავად იხსენებს, მთავარი გაკვეთილი, რაც ისწავლა, არის ის, რომ იდეის წარმატება არა მხოლოდ ფინანსებზე, არამედ რწმენაზე, შრომასა და სწორად გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. ასევე, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ნათელი გახადა, რომ შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ მნიშვნელოვანია მათგან სწავლა და სწრაფად მოქმედება. არ უნდა ელოდო სრულყოფილ მომენტს დასაწყებად - მთავარია, გადადგა პირველი ნაბიჯი და ადამიანი გზად ყველაფერს ისწავლი.
"პირველი და მნიშვნელოვანი რჩევაა, არ შეგეშინდეთ სირთულეების - ბიზნესი სავსეა გამოწვევებით, მაგრამ მხოლოდ ისინი აღწევენ წარმატებას, ვინც არ ნებდება. მეორე: წინასწარ მოემზადეთ - კვლევა, სწორი დაგეგმვა და ბაზრის გაანალიზება მნიშვნელოვნად ამარტივებს გზას. მესამე: ფინანსების მართვა ისწავლეთ - განსაკუთრებით დასაწყისში, თითოეული თეთრი სწორად უნდა გაანაწილოთ, რომ ბიზნესმა სარგებელი მოიტანოს. მეოთხე: გქონდეთ გამბედაობა ინოვაციისთვის - არ შეუშინდეთ ახალი იდეების გამოცდას და განსხვავებული მიდგომების დანერგვას... დაბოლოს: გარშემო შემოიკრიბეთ სწორი ადამიანები - გარემო, სადაც მოტივაცია და განვითარება წახალისებულია, ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ანტრეპრენერი.
NANO-ს იდეის ავტორის ხედვით, ქალებისთვის ბიზნესის დაწყება ორმაგად რთულია, რადგან ხშირად მათ წინაშე არა მხოლოდ ფინანსური ან მენეჯერული გამოწვევები, არამედ სოციალური სტერეოტიპებიც დგას. თუმცა, მარის აზრით, სწორედ ანტრეპრენერული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანები შეძლებენ ამ გამოწვევების ახალ შესაძლებლობებად ქცევას. მარი ვილი ანტრეპრენერს "მომავლის შემოქმედს" უწოდებს - ლიდერს, რომელიც არ ელის იდეალური პირობების დადგომას, არამედ თავად ქმნის მათ. ინოვატორი, რომელიც არ უშინდება შეცდომებს და იცის, რომ წარუმატებლობა, უბრალოდ, წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ანტრეპრენერი, მარის ხედვით, არის მებრძოლი, რომელიც მუდამ მზად არის, გაუმკლავდეს გამოწვევებს, გადალახოს დაბრკოლებები და ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი მიზნისთვის. ის არის შემოქმედი, რომელიც მარტივი იდეიდან ქმნის რეალურ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც სხვების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
"ჩემთვის ანტრეპრენერი არის ის, ვინც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და თვითონ ქმნის თავის წარმატებას. სწორედ ამიტომ, ეს გზა რთულია, მაგრამ იმავდროულად უდიდესი თავისუფლებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობაა.
არ გაჩერდეთ შიშის გამო - ბევრ ქალს აქვს უნიკალური იდეები, მაგრამ თავს იკავებენ, რადგან ფიქრობენ, რომ "არ არიან მზად" ან "ბევრი სირთულე იქნება". სიმართლე ის არის, რომ სრულყოფილი მომენტი არ არსებობს - გადადგით ნაბიჯი და ყველაფერს გზადაგზა ისწავლით. დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი რამ არის - საკუთარი ბიზნესი გაძლევს ფინანსურ და პირად თავისუფლებას, რაც გეხმარება, თვითონ აკონტროლო შენი ცხოვრება. იყავით მზად შრომისთვის, მაგრამ შედეგი ღირს ამად - დასაწყისი შეიძლება რთული იყოს, მაგრამ საკუთარი წარმატების შექმნა უდიდესი სიამაყის წყაროა.
დღეს მე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, NANO ჩემმა შრომამ და დაუღალავმა რწმენამ შექმნა. ამიტომ, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, თითოეულ ქალს ვურჩევ, არ შეეშინდეს ოცნებების რეალობად ქცევის - ყველაფერი შესაძლებელია, თუ საკმარისად გჯერა შენი გზის!", - აღნიშნავს მარი ვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, NANO-ს მიზანია, საქართველოში გახდეს ერთ-ერთი აღიარებული ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მაღალხარისხიანი, უნიკალური ჩანთებით, რომელიც მოიცავს სავარჯიშო მატის, ყვავილის, ღვინის ჩანთების და კიდევ სხვა საინტერესო და საჭირო ჩანთების შექმნას. გარდა ამისა, NANO-ს გუნდი საწყისი წარმოების გაფართოებას, ახალი პროდუქტების დამატებასა და წარმოების პროცედურების გამარტივებასაც გეგმავს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, გაზარდონ პროდუქციის მოცულობა და თამამად შეხვდნენ გაზრდილ მოთხოვნებს.
გარდა ამისა, NANO-ს უახლოესი მიზნები მოიცავს ბრენდის გლობალიზაციასა და კომპანიის გაფართოებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ევროპისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე. ასევე, მარი ვილის განმარტებით, იგეგმება ბრენდში მდგრადობის პრინციპების შეტანაც: ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება, რაც პროდუქტის ეფექტურობასა და მწარმოებლობის გარემოსდაცვით ასპექტებს გააძლიერებს.
"გვსურს, NANO-ს პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ მცირე წრეებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს უნიკალური და მაღალი ხარისხის ნივთები. მინდა NANO იყოს ფინანსურად სტაბილური და დამოუკიდებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ შევძლო ბიზნესის მართვა ისე, რომ ის არა მხოლოდ მოგებიანი იყოს, არამედ გრძელვადიანი წარმატებისთვის საჭირო რესურსები შევქმნათ. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია დასაქმების შესაძლებლობების შექმნა - მჯერა, რომ NANO-ს გაშენება და განვითარება ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მივაწოდო ადამიანებს შესაძლებლობა, ვისწავლოთ, ვვითარდებოდეთ და გავიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ჩემთვის წარმატება არის არა მარტო ფინანსური უპირატესობის მიღება, არამედ მუდმივი პირადი და კოლექტიური ზრდა, ამიტომ ძირითად მიზნად ყოველთვის ადამიანების უკეთესი ცხოვრების შექმნას ვიხილავ", - აღნიშნავს ანტრეპრენერი.
მასშტაბური გეგმების განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანია ის მოტივაცია და ინსპირაცია, რაც ბიზნესს ამოძრავებს და დამფუძნებელსაც ყველა დასახული მიზნის მიღწევაში ეხმარება. მარი ვილისთვის მთავარი ინსპირაცია საკუთარი თავი, ცხოვრება და მრავალფეროვანი შესაძლებლობებია. როგორც თავად განმარტავს, ბიზნესში პიროვნული ზრდა და განვითარება უდიდესი ინსპირაციაა. იმის ცოდნა, რომ საკუთარი შრომა და თავდაუზოგავი მცდელობები რეალურად ქმნის რაღაც ახალსა და ღირებულს, უდიდეს ძალას მატებს დამოუკიდებელ საქმიანობაში.
"გარდა ამ ინსპირაციისა, ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა ჩემი ქალიშვილისა და სხვა ახალგაზრდა ქალების წინაშე არსებული შესაძლებლობები, რომლებსაც მინდა დავანახვო, რომ ქალს შეუძლია განავითაროს საკუთარი ბიზნესი, იყოს დამოუკიდებელი და წარმატებული. ასევე, უდიდესი ძალის მომცემია თითოეული ემოცია, რაც ჩემ მიერ შექმნილი პროდუქტის გამო მომხმარებელს მოაქვს, ან მათი წარუმატებლობის დაძლევა და დადებითი გამოცდილება, რაც მათ საშუალებას აძლევს, ჩემი ბრენდის დახმარებით გაიუმჯობესონ თავიანთი ყოველდღიურობა, ეს არის უდიდესი ინსპირაცია. ეს ყველაფერი ერთად მეხმარება, რომ რეგულარულად დავინახო ჩემი მიზნები და მივაღწიო მათ", - აღნიშნავს მარი ვილი.