ნათია სირბილაძის კარიერული გზა და საერთაშორისო მიღწევები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქალების წარმატება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევა. ეს არის ძლიერი, პროგრესული საზოგადოების შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველი. წარმატებული ქალები ასახავენ ძალასა და შთაგონებას, რაც სხვებსაც უბიძგებს, აირჩიონ საკუთარი გზა, დაარღვიონ საზღვრები და მიაღწიონ წარმატებას ნებისმიერ სფეროში.
ნათია სირბილაძის მაგალითი სწორედ ამ შთამაგონებელ ქალთა შორისაა, რომელსაც თავისი მრავალმხრივი კარიერით, წამყვანი პოზიციებითა და მიღწევებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს IT სექტორში და ქალთა გაძლიერების პროცესში.
ნათიას პროფესიული გზა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მიმართულებით - მისი გამოცდილება მოიცავს დეველოპერის, ანალიტიკოსის, პროექტმენეჯერის, ფინანსური განყოფილების სპეციალისტის, საგადასახადო კონსულტანტისა და ბიზნესკონსულტანტის როლებს. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, ნათიას წარმატებული კარიერა, მისი მრავალმხრივი ცოდნისა და პროფესიონალიზმის დამსახურებით, გამორჩეულია.
იგი ასევე გახლავთ Exactpro თბილისის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი, GeoSTQB-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი და ICT ასოციაციის ბორდის წევრი.
"ყოველთვის მომწონდა მენჯმენტი. სანამ CEO გავხდებოდი, "თიბისი" ბანკში რამდენიმე ციფრულ პროდუქტს ვმართავდი. ყველაფერი ძალიან უცნაურად და საინტერესოდ მოხდა. ლინკდინზე კომპანია Exactpro-ს ერთ-ერთი დამფუძნებლისგან წერილი მივიღე. საქართველოში deliver center-ის გახსნა და ჩემთან გასაუბრება სურდათ.
თავიდან ყურადღება არ მივაქციე, რადგან ყალბი შეტყობინება მეგონა, თუმცა მეორე ჯერზე დავინტერესდი, დავათვალიერე და გასაუბრებაზე დავთანხმდი, რომელიც თითქმის 4 საათი გაგრძელდა. მეორე თუ მესამე დღეს ოფიციალური შემოთავაზება მივიღე".
ნათია იხსენებს, რომ გზა ციფრული პროდუქტების მენეჯმენტიდან დირექტორობამდე იყო საკმაოდ გრძელი და მრავალფეროვანი. მან წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში დააგროვა ცოდნა და გამოცდილება როგორც ფინანსების, ასევე გადასახადებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
საქართველოში ინფორმატიკა შეისწავლა, პორტუგალიაში საინფორმაციო სისტემებისა და მენეჯმენტის მიმართულება გაიარა.
"წლებია ლონდონის საფონდო ბირჟა და მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი მოთამაშეები ფინანსურ ინდუსტრიაში ჩვენი კლიენტები არიან.
მაშინ საქართველოში ბიზნესი ტესტირებას ნაკლებად ითხოვდა, კადრების მოძიებაც ძალიან გვიჭირდა. თავიდან სტუდენტების აყვანა დავიწყეთ, მაგრამ სფეროს დაბალი მოთხოვნის გამო, ისინი სხვა მიმართულებას ირჩევდნენ.
ამან მომცა პირველი ბიძგი და Exactpro-ს ერთ-ერთი დამფუძნებლისგან მხარდაჭერა მივიღე, რათა სხვა მიმართულებითაც დამეწყო ზრდა და ცვლილებები, კერძოდ, საქართველოში International Software Testing Qualifications Board-ი შემოგვეყვანა, რომელიც მსოფლიოში გლობალური სასერტიფიკატო სქემების დამნერგავია.
მათ ჰქონდათ თავიანთი მოთხოვნები, შევკარი გუნდი და დავიწყეთ ქომუნითის ზრდა, რომელსაც დღეს ყველა GeoSTQB-ის სახელით იცნობს. წელს 5 წლის იუბილე გვაქვს. 8-9 სექტემბერს ღონისძიებები გაიმართება, რომელშიც როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან. ჩატარდება საინტერესო ვორქშოპები, იქნება თავისუფალი სცენა და ბოლოს, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ამ განსაკუთრებულ დღეს აღვნიშნავთ".
ნათია გვიყვება, რომ წლების განმავლობაში ბევრ თემაზე მუშაობამ მოუწიათ, კომპანიებისა და ტრენინგების მხარდაჭერამ, კონსულტაციებმა, აკრედიტაციებმა, საგამოცდო ცენტრის დაარსებამ და აკრედიტირებამ, რითაც საქართველოში გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი გახდა.
"ქომუნითის სიყვარულმა, ზრუნვამ და ზოგადად, სექტორის მხარდაჭერამ დამატებით ისიც განაპირობა, რომ შარშან, წლის ბოლოს, კიდევ ერთ ასოციაციას, ICT-ის, შევუერთდი, როგორც ბორდის წევრი და ასევე Exactpro-ს წარმოვადგენთ, სადაც სექტორში მომუშავე სხვადასხვა კომპანია ერთიანდება და მისიაც ამ სექტორის ზრდას, ხელშეწყობას, ადვოკატირებასა და წინსვლას უკავშირდება".
ნათია იხსენებს, რომ ბოლო 2023 წელი განსაკუთრებული იყო და საქართველოს ქომუნითის თემების გარდა უკვე ISTQB-ის გლობალურ თემებშიც ჩაერთო. პოდკასტების თემის ლიდერია, ასევე ქალთა სტიმშიც აქტიურადაა ჩართული და საკუთარი კონტრიბუციის შეტანას ცდილობს.
GeoSTQB-ის ინიციატივით, ნათია სირბილაძე აქტიურად ჩაერთო ქალთა გაძლიერების კამპანიაში, რაც UN Women-ის WEPs-ის ხელმოწერით დაიწყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც ის მონაწილეობდა, იყო 500 ქალის გადამზადება ტექნოლოგიებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ნორვეგიის მთავრობამ დააფინანსეს. ამ პროექტში შედიოდა ტრენინგები, ტესტირებები და სტაჟირებები.
ნათია ასევე იყო WomeninTech-ის გლობალური ასოციაციის მენტორობის პროგრამების წევრი, სადაც რამდენიმე გოგონას მენტორიც გახლდათ. მისი მიზანი იყო ცოდნის გაზიარება და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა, რაც ISTQB-ის გლობალურ ტესტერ ქალთა სტრიმში ჩართულობითაც გამოიხატა.
ნათიას ინიციატივით ISTQB-ის და UN Women-ის WEPs -ის პარტნიორობა შედგა, რის შედეგადაც, წარმატებული პანელი გაიმართა მსოფლიოს მასშტაბით. მას სხვადასხვა პანელიც მოჰყვა და ერთ-ერთი საქართველოშიც ჩატარდება 9 სექტემბერს, ტესტერების დღეს.
ნათია წელს მუშაობას იწყებს და აქტიურად იქნება ჩართული ქალების მენტორობის პროგრამაში, რომელიც სატესტო რეჟიმში აფრიკელი ქალებისთვის ამოქმედდება, ხოლო მენტორები შეიძლება მთელი მსოფლიოდან იყვნენ.
ნათიასთვის 2024 წელი მნიშვნელოვანი პროექტებით და სიახლეებით არის დატვირთული. აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს, ზუსტად 1 კვირის განმავლობაში, 2 სხვადასხვა ჯილდო მიიღო, რაც მისთვის მოულოდნელი, თუმცა ძალიან სასიამოვნო ფაქტია.
ნათია მელიორას კონკურსში წლის CSR მენეჯერი გახდა. ასევე ტექნოლოგიური ლიდერის სტატუსი მოიპოვა და "გრეის ჰოპერის" ჯილდოს მფლობელი გახდა.
"გრეის ჰოპერზე" ადრე განაცხადი შევიტანე და ფინალისტებში მოვხვდი. მერე ამაზე აღარ მიფიქრია, წელს სხვებს ვუწევდი რეკომენდაციას. მაგრამ მეილი მივიღე, რომელმაც შემატყობინა, რომ ნომინირებული სხვის მიერ ვიყავი.
ეს იყო დიდი მოტივაცია, რათა ისევ შემევსო აპლიკაცია. ვიღაცას ჩემი სჯეროდა და გავიმარჯვე კიდეც. ორივე მნიშვნელოვანი აღიარება და დიდი მოტივაციაა იმ საქმისთვის, რასაც ვაკეთებ".
სამი სხვადასხვა აქტიური როლის პარალელურად ნათია დედაა და მიაჩნია, რომ ეს მის ცხოვრებაში პირველ ადგილას დგას.
"ვარ ტყუპის დედა. არც ისე მარტივია, ძალიან ვიღლები ხოლმე. არ მახსოვს, ბოლოს მშვიდად ფილმს როდის ვუყურე, თუმცა ამავდროულად, ძალიან სახალისოცაა. არასოდეს ვიწყენ და პატარებთან ერთად მე და ჩემი მეუღლეც ვიზრდებით.
ვცდილობ, ხშირად მოვაწყო ოჯახური შეკრებები. მინდა ეს ტრადიციად იქცეს. ყოველთვის მაწუხებს განცდა, თითქოს მათ დროს ვაკლებ. თუმცა, როგორც მეუბნებიან, ბალანსს არ ვკარგავ".
ნათია მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად შრომა და მონდომება აუცილებელია. ის განსაკუთრებით ქალებს ურჩევს, არასოდეს დანებდნენ და არ თქვან უარი საკუთარ სურვილებზე.
"ბევრი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგად, ყველაფერი გამოვა. ზოგადად, პოზიტიური ვარ და ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობ, მოვიძიო გამოსავალი, გზა და შესაძლებლობები, რათა დასახულ მიზანს მივაღწიო", - ამბობს ის. ნათიას რჩევით, არ უნდა გვეშინოდეს გამოწვევების და დავიხმაროთ ჩვენი ძალა და ცოდნა, რათა ოცნებები რეალობად ვაქციოთ.