ნაცნობი და უცნობი ტრამპი და მაინც, რა კაცია ტრამპი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველებს ჩვენი შიდა პოლიტიკის მასშტაბი რომ არ გვაკმაყოფილებს და გლობალური პოლიტიკა მეტად გვიტაცებს, ახალი ამბავი არაა, მაგრამ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიმართ ინტერესმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

ტრამპი, ტრამპმა, ტრამპს, ტრამპის, ტრამპით, ტრამპად, ტრამპო – ამერიკის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის სახელი, უფრო სწორად გვარი, მართლაც რომ ყველა ბრუნვაში ისმის ყველგან, სადაც მინიმუმ ორი ქართველი მაინც ხვდება ერთმანეთს.

თუმცა, ამჯერად არა იმდენად საქართველოზე ამერიკის ახალი პრეზიდენტის რეალური თუ პროპაგანდისტული გავლენის ფაქტორებზე, არამედ დონალდ ტრამპის არაპოლიტიკურ პორტრეტზე ვისაუბრებთ და მისი პიროვნული ხასიათის ფართო საზოგადოებისთვის ნაცნობ თუ უცნობ მხარეებს გაგაცნობთ. ტრამპის იმ თვისებებს გავშლით, რამაც საუკუნის დასაწყისში მისი ვარსკვლავური კარიერისა და უძრავი ქონების ბიზნესის თავბრუდამხვევი ტემპით ზრდა განაპირობა, რაც, საბოლოოდ, მისი პრეზიდენტობით დაგვირგვინდა.

და მაინც, რა კაცია ტრამპი?

ტრამპი ის კაცია, რომელიც საკუთარ წიგნში "იფიქრე დიდად" (2007) საკუთარ გამოცდილებას მკითხველს გაუზიარებს და დაწერს – "მე დიდი გარიგებები მიყვარს. მოწინააღმდეგე მხარის დანგრევა და ყველა სარგებლის წამოღება მიყვარს. რატომ? იმიტომ, რომ არაფერია ამაზე მაგარი. ჩემთვის ეს სექსზე მეტიცაა, და მე მიყვარს სექსი".

ტრამპისთვის არ არსებობს ურთიერთსასარგებლოს გაგება, როცა ორივე მხარე მოგებულია. ის მხოლოდ მაშინ განიცდის სიამოვნებას, როცა მოწინააღმდეგეს დიდი ანგარიშით ამარცხებს და ყველაფერს საკუთარ აქტივში იწერს – "საუკეთესო გარიგება ისაა, სადაც შენ რჩები მოგებული და არა მეორე მხარე, როცა შენ ანგრევ ოპონენტს და მოგაქვს მთელი სარგებელი. მოლაპარაკებებში მე დამაჯერებელი გამარჯვება მიყვარს. ამიტომაც არის ჩემს სახელზე ამდენი წარმატებული გარიგება".

რას იტყვით? რას შეიძლება მოელოდეს თანამედროვე მსოფლიო ასეთი ღირებულებების მქონე კაცისგან? შევთანხმდეთ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მას ბოლო წლებში შეეცვალა ღირებულებები...

ტრამპისთვის სტრესის ქვეშ მუშაობა და ზეწოლის გაძლება ჩვეულებრივი ამბავია. მას უზომოდ უყვარს, რასაც აკეთებს და საქმის სიყვარული ყველა სირთულესთან გამკლავებაში ეხმარება – "მე ბევრ ჭკვიან ადამიანს ვიცნობ, მაგრამ ნაკლებად ვიცნობ ისეთებს, ვისაც ზეწოლის გაძლება შეუძლია".

"უნდა გიყვარდეს შენი საქმე და უნდა შეგეძლოს ზეწოლასთან გამკლავება", – ეს ტრამპისეული წარმატების ფორმულაა.

მისთვის არ არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა უკან დახევა და დანებება. მის წარმატებას დაუღალავი ენთუზიაზმი და შეუპოვრობა განაპირობებს – "აივსე მოთმინებითა და ენთუზიაზმით, როცა ეს შენს მიზნებს ეხება. იფიქრე დიდად, მაგრამ იყავი რეალისტი. მე ოცდაათი წელიც მიცდია..."

ტრამპი საკუთარ თავს რთული პრობლემების მომგვარებლად ხედავს. მისთვის წარმატება რთული პრობლემების გადაჭრასთან ასოცირდება. "ყოველდღიურად ვაწყდები პრობლემებს. ეს ერთ-ერთია მათ შორის, რაც საუკეთესოდ გამომდის. თუ გსურს მდიდარი და წარმატებული ადამიანების 2 პროცენტში მოხვედრა, შენ უნდა შეძლო გამოსავლის პოვნა ისეთი პრობლემებიდანაც კი, რომელთა გადაჭრაც შეუძლებლად მიიჩნეოდა".

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რაც 2 პროცენტში მოსახვედრად არის აუცილებელი, "არა"-სთან გამკლავების უნარია. ტრამპი არ ცნობს "არას". მას სხვისი ნათქვამი "არა" ვერ აჩერებს.

"ადამიანების 98% იმიტომაა ხელმოცარული, რომ ისინი ჩერდებიან, როცა მათ ეუბნებიან – "არა!" ადამიანები შენზე არ ფიქრობენ, მათ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ. როცა ისინი გეუბნებიან "არა"-ს, ამას საკუთარი ინტერესებისთვის აკეთებენ. არავის მისცე უფლება, შეგაჩეროს".

ტრამპისთვის სამყარო ბრუტალური და ამორალურია, სადაც ადამიანები სახეში უცინიან, ზურგს უკან კი ვნებენ და სტკენენ ერთმანეთს.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ტრამპი ადამიანებისგან თავდაცვის სწავლას გვირჩევს – "ლომები ჯუნგლებში ერთმანეთს მხოლოდ საკვების გამო კლავენ, მაგრამ ადამიანები გასართობად იმეტებენ ერთურთს. შენს მეგობრებსაც კი არ სურთ შენთვის კარგი: მათ უნდათ შენი თანამდებობა, შენი სახლი, შენი ფული, შენი ცოლი და შენი ძაღლიც კი. და ეს, რაც შეეხება შენს მეგობრებს, ხოლო შენს მტრებს კიდევ უარესი ზრახვები აქვთ. ჩემი მოტოა: დაიქირავე საუკეთესო ადამიანები და არ ენდო მათ!"

საინტერესოა, ენდობა თუ არა ტრამპი იმ საუკეთესო ადამიანებს, ვინც დღეს ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ახალ ადმინსტრაციას წარმოადგენენ და ვისზეც დიდწილად არის დამოკიდებული ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტურა...

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ქალი ანტრეპრენერი

DR. Gvantsa - როგორ იქცა საყვარელი საქმე ბიზნესად

"მინდა, რომ თავის მოვლა, სილამაზე და სიჯანსაღე ყველა ქალისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს"