ნდობა, როგორც უმაღლესი ვალუტა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რატომ რჩება უსაფრთხოება ნებისმიერი FinTech ინოვაციის საფუძველი და როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი ინოვაციასა და რისკს შორის?
თანამედროვე FinTech ინდუსტრია გამუდმებით ცდილობს მომხმარებლების მოხიბვლას ახალი, ინოვაციური პროდუქტებით. ეს შეიძლება იყოს სესხის სწრაფად დამტკიცება, ვირტუალური ბარათებით განხორციელებული გადახდები, ან ნებისმიერი სიახლე, რომლითაც მომხმარებელი ზოგავს ფილიალში მისთვის დროს და ყველაფერს ციფრულად აგვარებს. ეს სიახლეები ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელია. თუმცა, ამ ტექნოლოგიური რბოლის ფონზე, ხშირად გვავიწყდება მთავარი: რაც არ უნდა დახვეწილი იყოს ფუნქციონალი, ის უსარგებლოა, თუ არ არის უსაფრთხო.
FinTech-ში მომხმარებლისთვის მთავარია არა ის, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს ახალ სერვისს, არამედ ის, თუ რამდენად დაცულია მისი ფინანსური მონაცემები. ნდობა არის ერთადერთი ვალუტა, რომელსაც FinTech ვერასდროს შეცვლის.
მრავალი ორგანიზაცია უსაფრთხოებას განიხილავს, როგორც დანამატს (Add-on), ბოლო წუთს შემოწმებულ ფილტრს ან ტესტირების ეტაპს. მაგრამ FinTech-ში, უსაფრთხოება უნდა იყოს არქიტექტურული გადაწყვეტილების საძირკველი.
- Security by Design პრინციპი: ნებისმიერი ახალი პროდუქტის, მოდულის თუ API-ის დაგეგმვა უნდა იწყებოდეს რისკების შეფასებით. უსაფრთხოების მოთხოვნები უნდა იყოს ინტეგრირებული პროექტის საწყის ეტაპზე და არა მისი დასრულების შემდეგ.
- ტრანზაქციის მთლიანობა (Integrity): მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ურყევი ნდობა, რომ მისი ტრანზაქციები არის ზუსტი და უცვლელი. სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ არცერთ გარე ან შიდა ფაქტორს არ შეუძლია ფინანსური მონაცემების დაზიანება ან არასწორად ასახვა.
FinTech-ში ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია: ეს მოიცავს არა მხოლოდ ბალანსს ან გადახდის ისტორიას, არამედ პერსონალურ საიდუმლოებასაც.
- მონაცემთა დაშიფვრა (Encryption): კლიენტის მონაცემები ყოველთვის უნდა იყოს დაშიფრული, როგორც ტრანზიტის დროს (In Transit), ისე შენახვისას (At Rest). ნებისმიერი დაუშიფრავი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია გარე თუ შიდა სისტემებისთვის, წარმოადგენს უზარმაზარ რისკს.
- წვდომის კონტროლი: გამოიყენება უპირატესობების მინიმალური მოთხოვნის პრინციპი(Principle of Least Privilege). ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს თუ სერვისებს უნდა მიენიჭოთ მხოლოდ ის მინიმალური წვდომა, რაც მათ ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ.
ნებისმიერი დაუდევრობა ამ საკითხებში, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ფუნქციის დანერგვისას, პოტენციურად შეიძლება გახდეს სისტემური გაჟონვის მიზეზი.
ინოვაციური ფუნქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც კრიზისი დგება (მაგალითად, DDoS შეტევა ან გაუთვალისწინებელი ტრაფიკის ზრდა), მომხმარებელი მხოლოდ ორ რამეს ელოდება:
- სისტემის ხელმისაწვდომობა (Availability): აპლიკაცია უნდა მუშაობდეს.
- ფულადი სახსრების უსაფრთხოება: თანხა უნდა იყოს დაცული.
არქიტექტურა უნდა იყოს აგებული მთლიანობის იზოლაციაზე (Bulkhead Pattern) და ჭარბ სიმძლავრეზე (Redundancy), რათა ერთმა შეტევამ ან ტექნიკურმა შეფერხებამ არ მოახდინოს გავლენა კრიტიკულ ტრანზაქციებზე.
ლიდერებისთვის, რომლებიც FinTech-ის პროდუქტებს ქმნიან, მთავარი გზავნილია: ნდობა ყოველთვის წინ უსწრებს სიახლეს. სანამ მომხმარებელს ვთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი საფუძველი, მისი ფული და მონაცემები, არის აბსოლუტურად დაცული. მხოლოდ ამ პრინციპის დაცვით შეგვიძლია შევინარჩუნოთ გრძელვადიანი წარმატება ბაზარზე.