Get All Access for $5/mo

ნიჭი თუ შეუპოვრობა? რა ხდის წარმატებულ ადამიანებს განსაკუთრებულად?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

ადამიანის მიერ მიღწეული წარმატების კომენტირებისას ხშირად გვსმენია ფრაზა – რა ნიჭიერია!

ნიჭი თავისთავად არის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ დავფიქრებულვართ თუ არა იმაზე, რომ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ნიჭზე არანაკლებ, თუ მეტად არა, განაპირობებს წარმატებას?

როცა ადამიანის წარმატებას მის ნიჭიერებასთან ვაკავშირებთ, შესაძლოა არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ამით ცოტა არ იყოს ვაკნინებთ კიდეც ადამიანის მიერ წლების განმავლობაში გაწეულ დაუღალავ შრომას, ძალისხმევას, წინააღმდეგობების მუდმივი გადალახვისას გამოჩენილ სიმამაცესა და გამძლეობის გასაოცარ უნარს, რის გარეშე არც ეს წარმატება იქნებოდა.

– რა ნიჭიერია! გაგიგიათ? ალბათ ბევრჯერ...

– რა შეუპოვარია! გაგიგიათ? ალბათ ნაკლებად...

ჩვენი საზოგადოება ნიჭიერებად და უნიჭოებად ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ყოფს ბავშვებს, როცა სინამდვილეში არავინ იცის, ვინ რას მიაღწევს ცხოვრებაში.

როცა ტალანტს ვაფეტიშებთ და ადამიანის წარმატებას მხოლოდ მის ნიჭიერებას ვუმადლით, ყველაფერი დანარჩენი უკანა პლანზე გადაგვაქვს და მეორეხარისხოვნად მიგვაჩნია, მათ შორის ადამიანის წარმატებისთვის აუცილებელი ისეთი თვისებები, როგორიცაა ხასიათის სიმტკიცე, დაუმარცხებლის სულისკვეთება, გაუტეხლობა, ჟინიანობა, მოთმინება, ნებისყოფა, გამძლეობა, ამტანობა...

გვავიწყდება, რომ თუ ნიჭი თანდაყოლილია, ჟინსა და შეუპოვრობას ადამიანი თავად ირჩევს, როგორც წარმატებისა და განსაკუთრებულის მისაღწევად აუცილებელი ხასიათის თვისებას.

შესაძლოა ყველაზე ნიჭიერი არ იყო, მაგრამ ყველაზე შეუპოვარი შეგიძლია გახდე და თუ გამძლეობასა და ჟინიანობაში საკუთარ თავს დროის დიდ მანძილზეც გამოცდი და არ დანებდები, წარმატებაც არ დააყოვნებს.

ასეა, წარმატება სხვა არაფერია, თუ არა საქმის თავდავიწყებით სიყვარულისა და შეუპოვრობის კომბინაცია! ხანგრძლივად!

დიახ, ხანგრძლივად, რადგან წარმატება სწორედ დროში გამოიცდება. ვინც გაუძლებს, ის მოიგებს.

ადამიანთა უმრავლესობა კი მალევე კარგავს ინტერესს ამა თუ იმ საქმის, ამა თუ იმ საკითხის მიმართ და პირველივე წინააღმდეგობისას ფარ-ხმალს ყრის და ნებდება.

წარმატებული, შესაბამისად, ჟინიანი და შეუპოვარი ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება და თუ ყველაფერი კარგად არ არის, ეს ბოლოც არ არის...

ბევრი ადამიანი მანამდე ანებებს თავს საქმეს, ვიდრე საკუთარ პოტენციალს სრულად გამოავლენს. ხშირად, ეს პირველივე მარცხის, პირველივე წარუმატებლობისას ხდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ის კი არ არის მთავარი, როგორი ხარ მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა, არამედ როგორი ხარ და როგორ იქცევი მაშინ, როცა ყველაფერი კარგად არაა, მეტიც − როცა ყველა და ყველაფერი შენ წინააღმდეგაა.

სწორედ წინააღმდეგობის გადალახვის, დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომისა და სწრაფად აღდგენის უნარი, გამძლეობა და გულმოდგინე შრომისუნარიანობა განაპირობებს ადამიანის მიერ მაღალი მწვერვალების დაპყრობის შესაძლებლობას, და არა მხოლოდ ნიჭი, რომელიც მუდმივი ძალისხმევის გარეშე საჭირო უნარ-ჩვევად ვერ გადაიქცევა და შესაბამისად, ვერც დიდ წარმატებას მოუტანს ადამიანს.

სრულყოფილებისკენ სწრაფვა მუდმივი ძიების, მისწრაფების, ახალ-ახალი აღმოჩენების პროცესია, რომელსაც დასასრული არ აქვს.

ადამიანები, რომლებიც დიდ წარმატებებს აღწევენ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, სწორედ შეუპოვრობისა და არჩეული საქმისადმი თავდავიწყებით გატაცებითა და იშვიათი ერთგულებით გამოირჩევიან, რასაც წლებს და ზოგიც მთელ ცხოვრებას უძღვნის.

რა ხდის წარმატებულ ადამიანებს განსაკუთრებულად?

ნიჭი თუ ძალისხმევა?

ნიჭი თანდაყოლილი, ბუნებისგან ნაჩუქარი პოტენციალია, მაგრამ ერთია პოტენციალი, და მეორეა, როგორ ვიყენებთ მას?

ძალისხმევას კი საბოლოო რეზულტატამდე მივყავართ. წარმატება მხოლოდ ძალისხმევასთან ერთად მიიღწევა. ძალისხმევის გარეშე ნიჭი მხოლოდ აუთვისებელი პოტენციალია.

ნუ იქნები ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი...

სჯობს იყო უნიჭო, მაგრამ შეუპოვარი...

საკუთარი ძალისხმევით, მისწრაფებითა და თავდაუზოგავი შრომით თავად შექმენი უკეთესი მომავალი!

და თუ ფიქრობ, რომ ბუნებამ თავის დროზე ნიჭით არ დაგაჯილდოვა, ნუ იდარდებ − შენ მიერ გაწეული ძალისხმევა და დროში გამოცდილი შეუპოვრობა ათმაგად დაგიფასდება.

P.S.: და შენ, მომავალი მუსიკოსო, გულს ნუ გაიტეხ, თუ "ნიჭიერთა ათწლედში" ვერ მოხვდი, რადგან ვიღაცამ ასე გადაწყვიტა. გახსოვდეს, რომ ყველაფერი წინაა... მთავარია ძალისხმევა არ დაიშურო, უარმა და მარცხმა არ შეგაშინოს, მუდმივად ისწრაფოდე დასახული მიზნისკენ, თავდავიწყებით გიყვარდეს შენი საქმე, შენი პროფესია, არასოდეს დანებდე, ბევრი იმუშაო საკუთარ თავზე, მაქსიმალურად აითვისო შენი პოტენციალი და ვინ იცის, იქნებ სწორედ შენ აღმოჩნდე "ლა სკალას" სცენაზე და არა შენი თანატოლი ნიჭიერები "ნიჭიერთა ათწლედიდან"...

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge