Get All Access for $5/mo

"ნიჭიერთა ათწლედიდან" Grammy-ს ნომინაციამდე - ქართველი პიანისტის წარმატება აშშ-ის მუსიკალურ ინდუსტრიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიანა ფაილოძე-ჰარონის ალბომი − Vesna Duo Presents: The Rite of Spring, Grammy®-ის პრესტიჟულ ყოველწლიურ პრემიაზეა წარდგენილი, ხოლო მის მიერ შესრულებულ ნაწარმოებს, ცნობილ ამერიკელ მუსიკის კრიტიკოს ტიმ ფეიჯის დადებითი შეფასება მოჰყვა The Wall Street Journal-ის სტატიაში.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტის ლიანა ფაილოძე-ჰარონის ალბომი − Vesna Duo Presents: The RiteofSpring, Grammy®-ის პრემიაზეა ნომინირებული, რაც უდიდესი მიღწევაა როგორც თავად არტისტისთვის, ისე ზოგადად ქართული მუსიკალური სფეროსთვის. გარდა ამისა, ლიანას მიერ შესრულებული იგორ სტრავინსკის "კურთხეული გაზაფხული", ცნობილ ამერიკელ კრიტიკოს ტიმ ფეიჯის ყურადღების ობიექტი გახდა, რასაც მან პოპულარულ ამერიკულ გამოცემა The wall street Journal-ში სტატიაც კი მიუძღვნა.

ლიანა ფაილოძე-ჰარონი 2000-იანების დასაწყისში აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად და მისი შემდგომი წარმატებული მუსიკალური კარიერაც სწორედ "ახდენილი ოცნებების" ქვეყანას უკავშირდება. Entrepreneur დაინტერესდა ამ მუსიკოსის ისტორიით და გვსურს გაგაცნოთ ლიანა ფაილოძე-ჰარონის ჭეშმარიტად ანტრეპრენერული გამბედაობით აღსავსე გზა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედიდან", Grammy®-ის ნომინაციამდე.

როგორც ვიცით, საფორტეპიანო განხრით დამთავრებული გაქვთ მაიამის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა. გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით აშშ-ში, რა უძღოდა ამ პროცესს და როგორ შედგა ლიანა ფაილოძე-ჰარონი ამ მასშტაბის მუსიკოსად?
მაიამის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა საფორტეპიანო განხრით 2013 წელს დავასრულე და მას შემდეგ, უკვე 9 წელია რაც ნიუ იორკში ვსაქმიანობ. ამ წლების განმავლობაში ძალიან საინტერესო გზა გავიარე. დამიკრავს ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა: "კარნეგი ჰოლი", "ლინკოლნ ცენტრი" და ა.შ. ასევე, არაერთხელ ვყოფილვარ მიწვეული ცნობილ სატელევიზიო გადაცემებშიც. მიმუშავია განთქმულ მუსიკოსებთან: სტივენ ტაილერთან, Sting-თან, მაესტრო ზუბინ მეტასთან და არაერთ პოპულარულ შემსრულებელთან. შესაბამისად, თითქმის ყველანაირ მუსიკალურ მიმართულებასთან მქონია შეხება, ვინაიდან ნებისმიერი სტილის მუსიკას ვასრულებ.

რაც შეეხება ჩემს გზას აშშ-მდე, იგი 2001 წელს იღებს სათავეს, როდესაც საფორტეპიანო სპეციალობით დავასრულე "ნიჭიერთა ათწლედი", მარინა გელაშვილის კლასი. ამის შემდეგ, მქონდა შემოთავაზება აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტისგან და მიწვეულიც ვიყავი მისაღებ გამოცდებზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მაიამის უნივერსიტეტმა ყველაზე მეტად იაქტიურა. მახსოვს, საკონსულოშიც კი დარეკილი ჰქონდათ, რათა ვიზის გამო რაიმე პრობლემა არ შემქმნოდა. ამ უნივერსიტეტს იმდენად უნდოდა სწორედ მაიამიში მესწავლა, რომ მისაღები გამოცდების გარეშე მიმიწვიეს სასწავლებლად და საბოლოოდ დავთანხმდი კიდეც. დღეს, ეს უნივერსიტეტი ერთ-ერთ მთავარ სასწავლებლად მიიჩნევა მუსიკალურ სფეროში და იმდენად შემიყვარდა აქაურობა, რომ შემდგომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც მაიამიში დავამთავრე.

რა სახის გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება ამ გზის განმავლობაში?
ეს ძალიან დიდი და რთული შეკითხვაა ყველა ქართველისთვის. ვერ ვისაუბრებ ჩემს კარიერაზე, თუ არ ვახსენე, რამდენად მამაცი და უშიშარი ერი ვართ. ჩვენ − ქართველებს ისეთი სირთულეები გვაქვს გადატანილი, რომ მართლაც აღარაფრის გვეშინია ცხოვრებაში.

ჩემი პირველი წლები შტატებში არც ისე ადვილი იყო. ვყოფილვარ უსახლკაროდაც, დიდი გაჭირვების წინაშეც. რომ არა მაიამის უნივერსიტეტის პროფესორები და მეგობრები... მაგრამ ასეთ დროს, ყველაზე ძალიან ვგრძნობდი ჩვენს ქართულ, უშიშარ ძალას და მუდამ მიზანდასახული ვიყავი. მინდოდა, ჩემი კარიერით ყველაფრისთვის მიმეღწია, ამიტომაც დროს არ ვკარგავდი, გამუდმებით ვმუშაობდი და ვმეცადინეობდი. შემდეგ, როგორც აშშ-ში ხდება ხოლმე, შრომა დამიფასდა და ნელ-ნელა ჩემი კარიერაც წინ წავიდა. უმაღლესი ქულებით დავამთავრე სადოქტორო პროგრამა, ჩავალაგე ჩემს პატარა მანქანაში რაც ჩაეტია და ნიუ იორკისკენ გავეშურე.

როგორია თქვენი შემოქმედებითი კარიერა აშშ-ში?
ამჟამად უზომოდ დაკავებული ვარ კონცერტებით, ჩაწერებით და მყავს 14 მოწაფე. ყოველთვის მაქვს რამდენიმე პროექტი, წინასწარ გაწერილი, ამიტომ საქმე არასდროს ილევა, რაც მე ძალიან მიყვარს! მაგალითად, ნოემბრის თვეში მაქვს კონცერტები და მასტერკლასები ტეხასის ხუთ ქალაქში, ასევე, ალაბამაში, ინდიანასა და არკანზასში.

თქვენი ბოლო ალბომი Grammy®-ზეა წარდგენილი. როგორ მიხვედით Grammy®-მდე? მოგვიყევით ალბომის შესახებ და როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?
ჩემი ბოლო ალბომის GRAMMY®-ზე წარდგენა დიდი წარმატებაა ჩემთვის და ვფიქრობ, სრულიად საქართველოსთვის. როდესაც ათიათასობით შეტანილი ჩანაწერიდან შეირჩევა შენი ალბომი, ეს უკვე უდიდესი მიღწევაა.

GRAMMY®-ზე წარდგენილია ჩემი დუეტის (ქსენია კომლიენოვიჩთან ერთად) Vesna Duo-ს ალბომი − Vesna Duo Presents: The Rite of Spring, მარიმბასა და ფორტეპიანოსათვის, კატეგორიაში "წლის საუკეთესო პატარა ანსამბლი". აღსანიშნავია, რომ უშუალოდ GRAMMY®-ზე შესვლა რთული პროცესია, ამიტომაც ძალიან იშვიათია აქამდე მიღწევა.

თქვენ მიერ შესრულებულ ი. სტრავინსკის ნაწარმოებს "კურთხეული გაზაფხული" დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკულ პრესაში, კერძოდ WSJ-ში. რას ნიშნავს ასეთი აღიარება ქართველი პიანისტისთვის და პირადად თქვენთვის? გვიამბეთ მეტი დეტალი ამ ნაწარმოების თქვენეული ვერსიის შესახებ.
სტრავინსკის ბალეტი "კურთხეული გაზაფხული" იყო პროექტი, რომლის დროსაც დაიბადა ჩემი დუეტი − Vesna Duo. 2020 წლის მარტში, როდესაც მთელი მსოფლიო ჩაიკეტა პანდემიის გამო, გაუქმდა ჩემი კონცერტი "კარნეგი ჰოლშიც", რომელიც უნდა დამეკრა სერბ პერკუსიონისტ ქსენია კომლიენოვიჩთან ერთად. მე და ქსენიამ გადავწყვიტეთ დიდი პროექტის შექმნა, სადაც მან არანჟირება გაუკეთა ამ ცნობილ ბალეტს მარიმბასა და ფორტეპიანოსათვის და სულ რამდენიმე თვეში ავაწყვეთ ეს 86-გვერდიანი ნაწარმოები, რომელსაც ზეპირად ვუკრავთ.

ძალიან მალევე ჩავწერეთ ალბომი და ჩვენი დუეტი წარდგენილი იყო უმთავრეს მუსიკალურ კონფერენციაზე Chamber Music America 2021. სწორედ ამის შემდეგ, აშშ-ში ჩვენი დუეტმა დიდი ცნობადობა მოიპოვა და შეიქმნა Vesna Duo.

ამ ზაფხულს მოგვივიდა ცნობა, რომ Pulitzer-ის პრიზის მფლობელს, ერთ-ერთ მთავარ ამერიკელ მუსიკის კრიტიკოს ტიმ ფეიჯს ძალიან მოეწონა ჩვენი ალბომი და დაწერა სტატია ჩვენზე The Wall Street Journal-ის 1 სექტემბრის გამოშვებაში.

არასდროს დამავიწყდება ის მომენტი: პენსილვანიისკენ მივფრინავდი კონცერტზე და აეროპორტში, როდესაც კიოსკში დავინახე Vesna Duo The Wall Street Journal-ში, ეტყობა ისეთი რეაქცია მქონდა, რომ კიოსკის გამყიდველმა მაჩუქა ჟურნალი.

როგორია თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები აშშ-ში?
ძალიან ბევრი რამ მაქვს ჩაფიქრებული პროექტებისთვის. ძირითადად, ქართული რეპერტუარის ჩაწერა სოლოალბომისთვის და ასევე, ქართული ნაწარმოების არანჟირება ჩემი დუეტისთვის. სირცხვილი იქნება პერკუსიონისტთან რომ დუეტი მქონდეს ქართველ ადამიანს და "ხორუმი" არ დავუკრათ. დანარჩენი დრო წავა გასტროლებზე და ჩემს მოწაფეებზე. იმედია, მალე საქართველოშიც მოგვიწვევენ, რადგანაც ქსენიას მინდა ვაჩვენო, როგორი არაჩვეულებრივია ჩვენი სამშობლო!

ლიანას შემოქმედების უკეთ გასაცნობად და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ მის პერსონალურ ვებგვერდს: www.lianapailodzeharron.com

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...

სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.