ნუცა ბახტაძის კურსი, რომელიც ადამიანებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში ეხმარება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"პროფესიით ემოციური ინტელექტის ქოუჩი ვარ. განათლება მიჩიგანის უნივერსიტეტში მივიღე. საქართველოში განათლებისა და დასაქმების მიმართულებით ხელშეწყობა ყველას სჭირდება. სწორედ ამიტომ შევქმენი ჩემი კურსი და ადამიანებს ვეხმარები იმ უნარების დაუფლებაში, რაც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კარიერული წარმატებისათვის," – ამბობს პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსის შექმნელი, ნუცა ბახტაძე.

თანამედროვე სამყაროში წარმატება მხოლოდ ტექნიკური ცოდნითა და პროფესიული უნარებით არ განისაზღვრება. სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ემოციური ინტელექტი – უნარი, გავიგოთ, ვმართოთ და გამოვხატოთ ემოციები ეფექტურად. ძლიერი ინტერპერსონალური ურთიერთობები, კომუნიკაციის უნარი და თვითშემეცნება თითოეული ადამიანის პიროვნული და პროფესიული განვითარების საფუძველია. სწორედ ამ იდეით ნუცა ბახტაძემ, მარიამ პაკაცოშვილთან ერთად, დააფუძნა პროფესიული განვითარების ასოციაცია და შექმნა პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია ემოციური ინტელექტისა და ინტერპერსონალური უნარების განვითარებაზე.

კურსი შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიული და პიროვნული ზრდა სურთ. კურსი ასევე ფოკუსირებულია ახალგაზრდებზე და მათ პროფესიის არჩევასა და კარიერის განვითარებაში დაეხმარება.

"დამსაქმებლები ხშირად ითხოვენ ისეთ პრაქტიკული უნარებს, როგორიცაა კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემის ეფექტიანად გადაჭრა. ბევრი ამ უნარებს არ ფლობს. ემოციური ინტელექტის ამაღლების მთავარი ეფექტი სწორედ ის არის, რომ ადამიანები მარტივად ადაპტირდნენ ნებისმიერ გარემოში და მიიღონ გამოწვევები, როგორც შესაძლებლობა", – ამბობს ნუცა ბახტაძე.

ნებისმიერი ანტრეპრენერისთვის ახალი საქმის დაწყებისას ნდობის მოპოვება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა როგორც ნუცა ამბობს, მას და მის პარტნიორს ეს არ გასჭირვებიათ, რადგან გვერდით წარმატებული და ნიჭიერი ადამიანები დაუდგნენ.

ნუცა ბახტაძე საკუთარი ბიზნესის დაწყების დადებით მხარეებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიზნესის დამოუკიდებლად კეთების გადაწყვეტილებამ მეტი თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

"ანტრეპრენერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება თვითმოტივაციაა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხედვა, ინტუიცია, თავდაჯერებულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმ ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, ვეტყოდი, რომ უნდა განვითარდნენ როგორც პიროვნულად, ისე პროფესიონალურად. მინდა ესმოდეთ, რომ მარცხი პროცესის ნაწილია და არა საბოლოო შედეგი. სწორედ ამას ემსახურება ჩემი კურსი ემოციური ინტელექტის შესახებ – რომ საქართველოში უფრო მეტი ძლიერი და წარმატებული ქალი გვყავდეს", – აღნიშნავს ნუცა ბახტაძე.

ნუცა ბახტაძის თქმით, ემოციებზე დაკვირვების უნარი ემოციური ინტელექტის მთავარი ასპექტია. ის ეხმარება მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რთული სიტუაციების მართვასა და პიროვნულ ზრდაში.

ნუცა ბახტაძე:

"ეს ჩემთვის არის ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარებისა და ლიდერობის საფუძველი. მე ვეხმარები ადამიანებს და ისინი მეხმარებიან მე – მათი მიღწევები ჩემთვის მოტივაციაა და მაძლევს ძალას, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა გავაგრძელო. ადამიანური კავშირი და თანაგრძნობა აუცილებელია სრულფასოვანი და წარმატებული ცხოვრებისთვის. ჩემი მიზანია, შევქმნა სამყარო, სადაც ადამიანები და ორგანიზაციები განვითარდებიან მაღალი ემოციური ინტელექტის, ჯანსაღი ურთიერთობების, გაუმჯობესებული კომუნიკაციისა და პირადი, თუ პროფესიული ზრდის გზით. მინდა, ხელი შევუწყო ემოციური ინტელექტის მნიშვნელობის აღიარებას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში".