Nvidia-მ გამოძიება დაიწყო – კომპანიის CEO შესაძლოა ჩინეთის დაზვერვის სამიზნე გამხდარიყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Nvidia-მ დაიწყო დამოუკიდებელი გამოძიება გავრცელებული ცნობების საფუძველზე, რომლის თანახმადაც კომპანიის გენერალური დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი, უცხოური დაზვერვის ოპერაციის სამიზნე გახდა. ამ ცნობებმა გააჩინა კითხვები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოტენციური რისკებისა და თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამო ვაშინგტონსა და პეკინს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე კომპანიის მოწყვლადობის შესახებ.
კვირას, 8 ნოემბერს, Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ გამოძიებას, გარე იურიდიული მრჩევლების მხარდაჭერით, დამოუკიდებელი კომიტეტი გაუწევს ზედამხედველობას. გადაწყვეტილება მოჰყვა ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა ჩინეთის მოქალაქე და სინგაპურში დაფუძნებული მონაცემთა ცენტრების კომპანია Megaspeed-ის მაღალჩინოსანი, ელის ჰუანგი, პეკინისთვის მომუშავე პოტენციურ სადაზვერვო აგენტად მიიჩნიეს.
განცხადებაში Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ აღნიშნა, რომ არ აქვს საფუძველი იფიქროს, თითქოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ან კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციას საფრთხე დაემუქრა. თუმცა, ხაზგასმით ითქვა, რომ გამოძიება შეისწავლის ყველა არსებულ ცნობას. საბჭომ ასევე დაადასტურა, რომ ჯენსენ ჰუანგი მხარს უჭერს გამოძიებას და სრულ თანამშრომლობაზე თანახმაა.
დირექტორთა საბჭოს აღნიშნული განცხადების გამოქვეყნება დროში დაემთხვა ჰუანგის მიერ ქორწინების გარეთ ურთიერთობის აღიარებას Nvidia-ს თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში. გამოცემების, CNN-ისა და Axios-ის ცნობით, 63 წლის აღმასრულებელმა დირექტორმა აღიარა, რომ მისმა ქმედებებმა ცოლსა და შვილებს ტკივილი მიაყენა და შედეგებზე პასუხისმგებლობაც აიღო. მიუხედავად იმისა, რომ მას ქალის ვინაობა არ დაუსახელებია, მისი განცხადება ელის ჰუანგთან ურთიერთობის მიმართ მზარდი ყურადღების ფონზე გაკეთდა.
"მე ვუღალატე ჩემს ცოლს. ჩემმა ქმედებებმა გულის ატკინა მასა და ჩვენს შვილებს. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს", – წერს ჰუანგი წერილში Axios-ის ცნობით და დასძენს, რომ მან ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები კომპანიის თანამშრომლების, საბჭოსა და აქციონერების წინაშე.
Nvidia-მ დაადასტურა ისიც, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ჯენსენ ჰუანგი CEO-ს პოსტზე დარჩება. კომპანიის პრესსპიკერმა, ჯონ რიზომ, CNN-ს განუცხადა, რომ განვითარებული მოვლენები კომპანიის მუშაობას ხელს არ შეუშლის და ჰუანგი კვლავაც შეუფერხებლად გააგრძელებს Nvidia-ს ხელმძღვანელობას.
სავარაუდო სადაზვერვო კავშირები და Nvidia-ს ბიზნესი ჩინეთში
სკანდალის ეპიცენტრში ელის ჰუანგის პროფესიული კავშირები და Nvidia-ს გენერალურ დირექტორთან მისი სავარაუდო ურთიერთობაა. The New York Times-ის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა დაადგინეს, რომ იგი პეკინისთვის აგროვებდა ინფორმაციას და მუშაობდა სენსიტიური მონაცემების მოსაპოვებლად, რათა ჩინეთისთვის Nvidia-ს მოწინავე პროცესორებზე წვდომა გაემარტივებინა.
სინგაპურში დაფუძნებული მონაცემთა ცენტრების კომპანია Megaspeed-ის მაღალჩინოსნად დანიშვნამდე, ელის ჰუანგი ჩინეთში სატელევიზიო რეპორტიორად მუშაობდა. The New York Times-ის ცნობით, Megaspeed სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Nvidia-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლიენტი გახდა, რომელმაც გასული ორი წლის განმავლობაში 4,8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ჩიპები შეიძინა. AP-ის ინფორმაციით, Megaspeed-ის ელის ჰუანგსა და NVIDIA-ს ჯენსენ ჰუანგს ნათესაური კავშირი არ აქვთ.
მანამდე The Financial Times იტყობინებოდა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელთა აზრით, ჯენსენ ჰუანგსა და ელის ჰუანგს რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდათ. თავდაპირველად, Nvidia-ში ამტკიცებდნენ, რომ მსხვილ კლიენტებთან შეხვედრები CEO-ს პროფესიული მოვალეობების რუტინული ნაწილი იყო.
ბრალდებებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია გლობალურ ნახევარგამტარების ინდუსტრიაში Nvidia-ს პოზიციის გამო. კომპანია ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცესორებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესაქმნელად და სამართავად. მისი ტექნოლოგია სტრატეგიულ აქტივად იქცა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონკურენციაში, რა დროსაც ვაშინგტონმა საექსპორტო შეზღუდვები დააწესა, რათა პეკინისთვის მოწინავე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე წვდომა შეეზღუდა.
როგორც Axios აღნიშნავს, ჯენსენ ჰუანგი იმ გამოჩენილ ბიზნესფიგურებს შორისაა, რომლებიც ჩინეთში აშშ-ის ჩიპების ექსპორტისადმი ნაკლებად მკაცრი მიდგომის მომხრენი არიან. იგი ამტკიცებდა, რომ ჩინურ ბაზარზე წვდომის შენარჩუნება გააძლიერებდა ამერიკულ ტექნოლოგიურ კონკურენტუნარიანობას და ჩინეთს ალტერნატიული ტექნოლოგიების დამოუკიდებლად განვითარების სტიმულს დაუკარგავდა.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აშშ-ის კანონმდებლების ყურადღებაც მიიპყრო. CNN-ის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის სამი გავლენიანი კომიტეტის – საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის საკითხების სპეციალური კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარეებმა ჰუანგს წერილი გაუგზავნეს. ისინი ითხოვენ, რომ იგი წარდგეს მათ კომიტეტებში და უპასუხოს შეკითხვებს Megaspeed-თან მისი ურთიერთობისა და უცხოური ჯაშუშობის წინააღმდეგ Nvidia-ს დამცავი მექანიზმების შესახებ.
კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ ბოლოდროინდელი ცნობები აშშ-ის ტექნოლოგიებსა და ინფორმაციაზე ჩინეთის პოტენციური წვდომის გამო ეროვნული უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
პოლიტიკური გავლენა და ცვლილებები ბაზარზე
გამოძიება Nvidia-სთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე პერიოდს დაემთხვა, რადგან მისი საბაზრო ღირებულება ხელოვნური ინტელექტის გლობალურ გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიის მოწინავე პროცესორები ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ინვესტორი მსხვილი ტექნოლოგიური ფირმებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურად იქცა, რამაც Nvidia გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ცენტრალურ მოთამაშედ აქცია.
CNN-ის თანახმად, სკანდალმა შესაძლოა გაამძაფროს კომპანიის ბიზნესურთიერთობებისა და ჩინეთში გაყიდვების მიმართ ყურადღება, ამავდროულად კი ინვესტორებში გააჩინოს კითხვები კორპორაციული მართვისა და ლიდერობის თაობაზე.
Yorkville & Ives Co.-ს პარტნიორმა და უფროსმა მმართველმა დირექტორმა, დენ აივზმა, შექმნილი ვითარება ჰუანგისთვის მნიშვნელოვან რეპუტაციულ უკუსვლად შეაფასა. CNN-ის ცნობით, აივზმა ივარაუდა, რომ გამოძიებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს Nvidia-ს აქციების ფასზე, რადგან ინვესტორები პოტენციურ შედეგებს აფასებენ.
განხილვის საგანი გახდა კომპანიის დამოკიდებულება ჰუანგის ლიდერობაზეც. CNN-ის კონტრიბუტორმა და ტექნოლოგიურმა ჟურნალისტმა, ჯეიკობ უორდმა, ყურადღება გაამახვილა Nvidia-ს ოპერაციებში აღმასრულებელი დირექტორის ცენტრალურ როლსა და აშკარა მემკვიდრის არარსებობაზე. მან აღნიშნა, რომ მის პოზიციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გაურკვევლობას შესაძლოა თავად კომპანიის ფარგლებს გარეთაც ჰქონდეს გავლენა.
ამასობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰუანგს მხარდაჭერა გამოუცხადა. კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ მას Nvidia-ს გენერალურ დირექტორთან ბოლოდროინდელი მოვლენები არ განუხილავს, თუმცა, იგი ღირსეულ პიროვნებად დაახასიათა და შეერთებული შტატებისთვის მის ღვაწლს ხაზი გაუსვა. AP-ის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, კომენტარზე უარი თქვა, მიზეზად კი საკითხის სენსიტიურობა და გამოძიების შიდა კორპორაციული სტატუსი დაასახელა.