Nvidia პირველად ააშენებს AI სუპერკომპიუტერებს აშშ-ში: "წარმოუდგენელი და მზარდი მოთხოვნა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი აპროექტებს და აშენებს ქარხნებს, რომ შექმნას ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერები აშშ-ში.

Nvidia-მ ორშაბათს განაცხადა, რომ ექსპლუატაციაში გაუშვა მილიონ კვადრატულ ფუტზე მეტი საწარმოო ფართი აშშ-ში, მათ შორის ერთი ქარხანა არიზონაში - ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შესაქმნელად და შესამოწმებლად და ორი ქარხანა ტეხასში - ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერების საწარმოებლად.

Nvidia-მ განაცხადა, რომ ამ ქარხნების მეშვეობით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კომპანია აპირებს 500 მილიარდ დოლარამდე AI ინფრასტრუქტურის წარმოებას აშშ-ში.

"მსოფლიო AI ინფრასტრუქტურის ძრავები პირველად შენდება შეერთებულ შტატებში. ამერიკული წარმოების დამატება გვეხმარება, უკეთ დავაკმაყოფილოთ ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩიპებსა და სუპერკომპიუტერებზე წარმოუდგენელი და მზარდი მოთხოვნა, რაც ამძლავრებს ჩვენი მიწოდების ჯაჭვს და აძლიერებს ჩვენს გამძლეობას",- თქვა Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა პრესრელიზში.

Nvidia ითანამშრომლებს Amkow-სა და Siliconware Precision Industries-თან არიზონაში ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩიპების შესაფუთად და შესამოწმებლად.

Nvidia-მ აღნიშნა, რომ მან უკვე დაიწყო საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩიპების წარმოება ფენიქსის Taiwan Semiconductor (TSMC) ქარხნებში. აგრეთვე, კომპანია თანამშრომლობს ელექტრონიკის მწარმოებლებთან - Foxconn-სა და Wistron-თან იმისთვის, რომ დალასსა და ჰიუსტონში ორი სუპერკომპიუტერების მწარმოებელი ქარხანა ააშენოს.

ტეხასის ქარხნები მასობრივ წარმოებას დაიწყებენ 12-დან 15 თვემდე შუალედში.

ახალი ამბები ვრცელდება თითქმის ერთი კვირის შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა 32% ტარიფი ტაივანზე, სადაც Nvidia AI ჩიპების უმრავლესობას აწარმოებს, ხოლო 145% ტარიფი - ჩინეთზე. ტრამპმა დროებით გამორიცხა სმარტფონები, კომპიუტერები და ხელოვნური ინტელექტის ჩიპები ტარიფებიდან პარასკევ საღამოს, მაგრამ კვირას განაცხადა, რომ ამ კვირაში გამოაცხადებდა ახალ ტარიფს იმპორტირებულ ჩიპებზე.

"ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ჩიპები და ნახევარგამტარები და ა.შ. დავამზადოთ საკუთარ ქვეყანაში", - თქვა ტრამპმა კვირას ღამით Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას, Fox Business-ის მიხედვით.

ორშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ Nvidia-ს ნაბიჯი აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებაზე იყო მაგალითი "ტრამპის ეფექტის მოქმედებაში".

"პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ჩიპების წარმოება პრიორიტეტად აქცია, როგორც მისი სწრაფვის ნაწილი ამერიკული წარმოების რენესანსისკენ და ეს ანაზღაურებადია", - ვკითხულობთ თეთრი სახლის პრესრელიზში.

Nvidia გეგმავს გამოიყენოს საკუთარი ხელოვნური ინტელექტი იმისთვის, რომ დაიხმაროს ობიექტების სამართავად. მაგალითად, Nvidia Isaac GR00T, AI მოდელი ჰუმანოიდური რობოტებისთვის, რომლის შესახებაც კომპანიამ პირველად გასულ თვეში განაცხადა, გამოყენებული იქნება რობოტების შესაქმნელად ქარხნებში სამუშაოდ.

Nvidia არის ღირებულებით მესამე კომპანია მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალი სტატიის მომზადების მომენტისთვის 2,7 ტრილიონი დოლარის ტოლია. კომპანია ფლობს AI ჩიპების ბაზრის წილის 70%-დან 95%-მდე.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.