Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ოდნავ მაინც მოაზროვნე ამომრჩეველიც აღარ გადარდებ, ბიძინა?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღია წერილის ავტორი: ბასა ქართველიშვილი

ერთი თვის წინ, სააღდგომოდ, ვრცელი წერილი მოგწერე, პარტიულ ოფისსაც მივაწოდე, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გადავუგზავნე - სამწუხაროდ, უშედეგოდ.

ვიცი, ძალიან დაკავებული ხარ და ყველა წერილზე რეაგირებას ვერ მოახდენ, მაგრამ რამოდენიმე საკითხი აუცილებლად გვაქვს გასავლელი. ამიტომ, დრო რომ არ დავკარგოთ, პირდაპირ საკვანძო კითხვებს ჩამოვწერ, შენ კი, შეძლებისდაგვარად, პასუხი დამაწიე.

1. საერთოდ აღარ გაინტერესებს, ვინ მოგცემს ხმას? მარტო რაოდენობა განაღვლებს?

ეს კითხვა სათაურშიც გამოვიტანე, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია. გასაგებია, რომ პროცესები რადიკალური დაპირისპირების რეჟიმში გადაგყავს, რომ ემოციები წინა პლანზე გამოგაქვს და აქცენტს მართვად ელექტორატზე აკეთებ. ის საკითხებიც გამოიკვეთა, რომლებიც ამომრჩევლის ნერვებზე სათამაშოდ იქნება გამოყენებული. ტექნოლოგიურად და მარკეტინგულად მშვენივრად ხარ მომზადებული. ცოტა გასაკვირია, სასურველი შედეგის დასადებად, ქართული სულის ასეთ შავბნელ ჯურღმულებში რატომ ჩახვედი, ასეთ მანკიერ თვისებებზე რატომ აგებ კამპანიას. მგონი ამ ყველაფრის გარეშეც შეიძლებოდა არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლა. მაგრამ ეხლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. სხვა რამეს ვკითხულობ: ნუთუ საერთოდ არ გენაღვლება, რომ ოდნავ მაინც მოაზროვნე ამომრჩეველმა, მშვიდად, შეგნებულად, კედელთან მიბჯენის გარეშე, მოგცეს ხმა?

ყველას აქვს რთული პერიოდები ცხოვრებაში, ჩემო ბიძინა. როგორც ვხვდები, დღეს შენს ცხოვრებაში სწორედ ასეთი პერიოდია. ზოგჯერ, ადამიანს, რომელსაც ენდობი, რომელსაც პატივს სცემ, რომელთან ხანგრძლივი ურთიერთობაც გაკავშირებს, შეიძლება არ მოუწონო რაღაც ნაბიჯი, მაგრამ მაინც გაყვე. შეიძლება გულიც დაგწყვიტოს, შარშიც გაგხვიოს, მაგრამ მაინც არ მიატოვო და გვერდში დაუდგე. იმიტომ, რომ ა) პატიობ წარსულის ხათრით, ან ბ) შანსს აძლევ, მომავალში ყველაფერი გამოასწოროს.

თუ ასეთ ვითარებაში ხარ, რომ ეხლა მხოლოდ ბრმა მხარდაჭერა გჭირდება, რომ საერთოდ არ გაინტერესებს არავის აზრი, რომ იძულებული გადაწყვეტილებების ლოგიკით მოქმედებ და ან თავს გიქნევ მორჩილივით, ან მტერი ვარ მოსისხლე - თუ ეს ვითარება გაქვს, მითხარი, ბიძინა! რამენაირად ხმა მომაწვდინე, რომ მივხვდე, რომ ამ დღეში ხარ. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია გჯეროდეს, რომ აი ეს ყველაფერი, რაც ეხლა საქართველოს თავს ხდება, ნორმალურად მოაზროვნე, გაწონასწორებულ ამომრჩეველს, შენთვის ხმის მიცემის სურვილს გაუღვივებს.

2. ასე გახლეჩილი ერის გაერთიანებას როგორ აპირებ?

ამაზე წინა წერილშიც მიგანიშნე, ეხლაც გაგიმეორებ: აცნობიერებ, რამხელა ბზარები გააჩინე საზოგადოებაში? ხვდები, რამხელა ტკივილი მიაყენე ყველას? გახსოვს, როგორი ამაყი და ჯიუტი ერი ვართ? და ეს ამაყი, ჯიუტი ერი, ორ ნაწილად რომ გახლიჩე, ერთმანეთს რომ წაკიდე, როგორც საქართველოს ისტორიის ყველაზე შავბნელ მომენტებში ხდება ხოლმე? თანაც, რისი გულისთვის, ბიძინა?

მართლა გჯერა, რომ გაქვს ასე გახლეჩილი საზოგადოების შერიგების რესურსი? გულწრფელად გგონია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დაწყებული სპეკულაციებით ქვას გახეთქავ და ერს დარაზმავ? პირდაპირ გეტყვი, არ ვარ დარწმუნებული, რომ აცნობიერებ პრობლემის მასშტაბს.

3. მოკავშირეების შემორიგებას თუ გეგმავ?

თუნდაც ევროპაშიც და ამერიკაშიც მმართველი რგოლები წელს ისე განახლდეს, რომ მემარცხენე-ლიბერალური ტენდენციები შესუსტდეს და კონსერვატორები მომძლავრდნენ, როგორ წარმოგიდგენია თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობების დალაგება?

სულ რომ კონსერვატორთა რეაქციის ტალღა აგორდეს, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური დინება იქნება, ბიძინა, ეს საქართველოსადმი დამოკიდებულებას დიამეტრალურად არ შეცვლის. თავისუფალ სამყაროში ფუნდამენტურ ღრებულებებზე შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს, 2022-2024 წლებში, საფუძველთა საფუძველის ფორმირება ხდება, შენ კი ამ პროცესში უცხო სხეულის პოზიციას იკავებ.

ყველამ მშვენივრად იცის, რომ თავისუფალ სამყაროში პოლიტიკური რეალობა იდეალური არ არის, რომ უამრავი პრობლემებია ევროსტრუქტურებშიც, არასამთავრობოებშიც, საერთაშორისო ურთიერთობებშიც. მაგრამ 2022-2024 წლები სწორედ თავისუფალი სამყაროს გამოფხიზლების წლებია, მისი გაერთიანების, სოლიდარობის, უმთავრეს ღირებულებებზე შეთანხმების პერიოდს გავდივართ. და ამ დროს, ნაცვლად იმისა, რომ ღია კარში შეხვიდე, საქართველო სამშვიდობოზე გაიყვანო, ეზოდან გაბრაზებული მეზობელივით ქვების სროლას იწყებ და აქეთ უპირისპირდები. ნუთუ ვერ აცნობიერებ, რა ცუდი დრო შეარჩიე ამ ყველაფრისთვის?

რაოდენ ნაწყენიც არ უნდა იყო და რა მორალურ უფლებასაც ამგვარი წყენა არ უნდა გაძლევდეს, ამას არავინ დაგივიწყებს, ბიძინა. სულ რომ ინკვიზიტორებმა გაიმარჯვონ წელს ევროპაშიც და ამერიკაშიც, ამისთანა კრიტიკულ მომენტში ასეთ ქცევას ყველა დაგიმახსოვრებს. იმიტომ რომ ასე, როგორც შენ ჩაუსაფრდი თავისუფალ სამყაროს, მხოლოდ მტრებს უსაფრდებიან.

4. ვთქვათ იგებ ამ არჩევნებს ტრიუმფალურად - მერე რას ვშვრებით?

არჩევნების წაგების შემთხვევაში კი ბატონო, დაიხურავ ქუდს და წახვალ, მაგრამ რომ მოიგო არჩევნები, რას შვრები? სად წაუხვალ მერე ამ პასუხისმგებლობას? პროცესები ხომ არ გაჩერდება თავისით?

თანაც, შენც ხომ ვერ გარდაისახები ერთ დღეში, ამ დაღმავალი სპირალით მოძრაობას ხომ გააგრძელებ? სად მიგიყვანს ეგ ხომ იცი? სპირალი დაღმავალი გაქვს, ბიძინა, სურათი ნათელია, კლინიკა ცნობილია, სად გაეცლები იმ რეალობას, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით აგრძელებს გაუარესებას? მე პოლიტიკიდან მივდივარ და ქვეყანას აყვავებულს ვტოვებ - ეს რომ აღარ გაჭრის შენც ხომ მშვენივრად ხვდები?

მოდი აქ გავჩერდები. კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ ამ ოთხი საკითხით შემოვიფარგლები. ოღონდ, წინა წერილი თხოვნის ფორმატში მოგწერე, ამჯერად კი, მაპატიე, მაგრამ შენგან უკვე პასუხებს ვითხოვ.

დიახ, ბიძინა, მე შენი ამომრჩეველი ვარ, 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებში შენ მოგეცი ხმა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემს წინაშე ანგარიშვალდებული ხარ. შეიძლება, ვიღაც რადიკალებს ერჩივნოთ, რომ ამომრჩეველი მორჩილი იყოს, მაგრამ რადიკალების ჭკუაზე ნამდვილად ვერ ვივლი. არ ყოფილა არც ერთი არჩევნები და არც ერთი მიტინგი დედამიწის ზურგზე, რომელზეც მე ქართული ოცნების წინააღმდეგ წავსულვარ. და სანამ ასეთი რამ არ მომხდარა, ჩემი არჩევანი წარმოადგენს შენი ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს.

ასე რომ, დამდე პატივი, წინა წერილსაც გაეცანი და ამომრჩევლის წუხილებზე რეაგირება მოახდინე.

ბასა ქართველიშვილი
basa.kartvelishvili@gmail.com

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ