OpenAI-ის საბჭომ ილონ მასკის 97 მილიარდ დოლარიანი შესყიდვის წინადადება უარყო
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ ოფიციალურად უარი განაცხადა 97.4 მილიარდი დოლარის შეთავაზებაზე, რომლის სანაცვლოდაც ილონ მასკი და ინვესტორების გუნდი კომპანიის შეძენას ცდილობდნენ.
"OpenAI არ იყიდება და საბჭომ ერთხმად უარყო მასკის მცდელობა, ჩაერიოს კონკურენციაში," – განაცხადა OpenAI-ის საბჭოს თავმჯდომარემ, ბრეტ ტეილორმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს განცხადება კიდევ ერთი ეტაპია OpenAI-სა და ილონ მასკს შორის ხანგრძლივი დაპირდაპირების ისტორიაში, რომელიც დაკავშირებულია ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის დაგეგმილ რესტრუქტურიზაციასთან. OpenAI 2015 წელს დააარსა გუნდმა, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად მასკი და კომპანიის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი იყვნენ. OpenAI არაკომერციული კვლევითი ლაბორატორიის ფორმით დაფუძნდა. 2018 წელს ილონ მასკმა კომპანია დატოვა. ამჟამად OpenAI რესტრუქტურიზაციის გზით ცდილობს, გაამარტივოს კაპიტალის მოზიდვა და გაზარდოს ინვესტორებისა და კომპანიის გუნდისათვის ფინანსური სარგებელი.
ილონ მასკი ამ ნაბიჯს OpenAI-ის არაკომერციული მისიიდან გადახვევად აფასებს. ახლახან ინვესტორთა ჯგუფმა, მასკის ხელმძღვანელობით, OpenAI-ს შესყიდვის წინადადება წარუდგინა. შესყიდვით დაინტერესებული პირები აღნიშნავდნენ, რომ ამ გარიგების მიზანი იყო, კომპანიის ე.წ. "ღია კოდის პრინციპებზე დაფუძნებულ, უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ძალად" შენარჩუნება. შეთანხმების მიღწევა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევდა. უფრო კონკრეტულად კი ილონ მასკს, რომელიც OpenAI-ის კონკურენტი კომპანიის, xAI-ის მფლობელია, ტექნოლოგიურ სექტორში კიდევ უფრო ძლიერ მოთამაშედ აქცევდა.
თუმცა, OpenAI-მ ეს შეთავაზება მყისიერად უარყო. სემ ალტმანმა X-ზე გამოაქვეყნა სარკასტული პასუხი: "არა, გმადლობთ! მაგრამ, თუ გნებავთ, Twitter-ს 9.74 მილიარდ დოლარად ვიყიდით."
14 თებერვალს OpenAI-ის საბჭოს სახელით გაკეთებულ განცხადებაში, ბრეტ ტეილორმა, რომელიც წარსულში Twitter-ის (ამჟამინდელი X-ის) საბჭოს თავმჯდომარე იყო, აღნიშნა: "OpenAI-ის ნებისმიერი შესაძლო რესტრუქტურიზაცია ჩვენს არაკომერციულ მისიას კიდევ უფრო გაამყარებს. ის უზრუნველყოფს, რომ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი (AGI) მთელ კაცობრიობას მოემსახუროს."
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასკი OpenAI-ის რესტრუქტურიზაციის გეგმას წინ აღუდგა.
2024 წლის ივნისში მასკმა OpenAI-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა მოგვიანებით უკან გაიწვია. სარჩელის გაწვევას წინ OpenAI-ის პოსტი უძღვოდა, რომელიც OpenAI-ის დაარსების პირველივე წლებში ილონ მასკის მიერ გაგზავნილ ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებს შეიცავდა. შეტყობინებებიდან ჩანდა, რომ მასკი აღიარებდა კომპანიისთვის დიდი რაოდენობით შემოსავლის აუცილებლობას, რათა AI-ის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაფინანსების წყარო გაჩენილიყო.
2024 წლის აგვისტოში, მასკმა ახალი სარჩელი შეიტანა. ის OpenAI-ს ადანაშაულებდა, რომ კომპანია ზოგადი ხელოვნური ინტელექტის (AGI) შექმნას "მაქსიმალური მოგებისთვის" ცდილობდა. OpenAI კი აცხადებს, რომ მასკი უბრალოდ იმით არის განაწყენებული, რომ მას კომპანიასთან კავშირი აღარ აქვს.
AI სამიტზე, რომელიც პარიზში გაიმართა, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა Bloomberg TV-ისთან ინტერვიუში მასკზე საუბრისას განაცხადა: "ნეტავ, კონკურენციის გაწევა უბრალოდ უკეთესი პროდუქტის შექმნით ეცადა."