OrderFlow – მცირე და საშუალო ბიზნესების საოპერაციო პრობლემების შესწავლისა და გადაჭრის გზა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
OrderFlow კომპანიაა, რომელიც პასუხობს ქართული მცირე და საშუალო ონლაინბიზნესების (სამომავლოდ ფიზიკური ბიზნესებისაც) ერთ-ერთ მწვავე გამოწვევას – გაყიდვების ზრდასთან ერთად წარმოქმნილ ქაოსსა და პრობლემებს.
კომპანიის დამფუძნებელი, ჯაბა ცენტერაძე აღნიშნავს, რომ გუნდმა დაინახა, თუ როგორ ხარჯავდა ათასობით მცირე და საშუალო მეწარმე დღეში დიდ დროს რუტინულ სამუშაოზე: შეკვეთების ხელით გადატანაზე სხვადასხვა პლატფორმიდან (Viber, WhatsApp, Messenger, Instagram…) Excel-სა ან რვეულებში. იგივე პრობლემა მეორდება და უფრო დიდ ოპერაციულ ხარვეზს ქმნის, როდესაც ბიზნესს შეკვეთების მიტანის ორგანიზება სურს. ზუსტად იმავე მეთოდებს ემატება სატელეფონო ზარები, ინფორმაციის უსასრულო გადამოწმება, გაცვლა- გამოცვლა და ჩასწორება წარმოშობს აურზაურსა და არაეფექტურ სერვისს.
მისი თქმით, საბოლოოდ ეს ყველაფერი როგორც ბიზნესის, ისე კურიერის ეფექტიანობაზე აისახება და პირდაპირ დარტყმას აყენებს სერვისის ხარისხსა და ბიზნესის რეპუტაციას.
"გარდა ამისა, ბიზნესის წარმადობა მოწყვლადია რაოდენობის ზრდასთან ერთად – თუ ოპერაციები არაეფექტიანია, ბიზნესის ზრდა ნელდება ან შეუძლებელიც კი ხდება. ეს მთელი პროცესი არის ძალიან ნელი, დამღლელი და შეცდომებით სავსე. ზოგადად, სტარტაპიდეა და იდეები ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაჩნდა, მაგრამ რეალურ, ფუნქციურ აპლიკაციამდე (პროგრამამდე) მაშინ მივედით, როდესაც დავინახეთ, რომ ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ბიზნესის "უკანა მხარე" – Back-end და Back-office, კვლავ მოძველებული მეთოდებით იმართებოდა.
ჩვენი მიზანია, ბაზარზე შემოვიტანოთ არა მხოლოდ ჩვენი გამოცდილება, არამედ თანამედროვე სამუშაო პროცესი, სადაც ჭკვიანი ფუნქციები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იღებენ თავის თავზე რუტინას და ამარტივებენ ადმინისტრირებას. ეს მეწარმეს უტოვებს დროს ბიზნესის განვითარებისთვის, ან თუნდაც – თუ უსასრულო ზრდა არ სურთ – მიღწეულ სტაბილურობაში მეტი დრო დაუთმონ ოჯახს, ახლობლებს, პირად საქმეებსა თუ ჰობის. ამით გვინდა "ქაოსი" გადავაქციოთ სიმშვიდედ, პროგრესად და რევოლუციად თვითონ ბიზნესის პრობლემების საფუძველში – შეკვეთების მიღებისა და ორგანიზების პროცესში, რაც ბუნებრივად ხსნის ათასი სხვა შესაძლებლობის კარიბჭეს", – ამბობს ჯაბა ცენტერაძე.
მისი თქმით, ეს აპლიკაცია და მისი იდეაც ახალი გამოცდილებაა. კოპანიას არ სურს სტანდარტული CRM სისტემის შექმნა – მათი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიური საოპერაციო პრობლემების ზედმიწევნით შესწავლა და გადაჭრა.
"ამაში კი ჩვენი აპლიკაციის MVP ვერსია და მომავალში მიღებული მომხმარებლის გამოცდილება თუ გამოხმაურება დაგვეხმარება. უნივერსიტეტში ლექტორები იდეებით გვზრდიდნენ, რომ თანამედროვე ბიზნესი არ უნდა იყოს "ველური", მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული; რომ ბიზნესი უნდა ემსახურებოდეს ადამიანების უშუალო პრობლემების გადაწყვეტას და იყოს ჰარმონიაში იმ საზოგადოებასთან, რომელშიც არსებობს. იმედი გვაქვს, რომ ეს ფილოსოფია პირდაპირ აისახება OrderFlow-სა და მომხმარებლებთან ურთიერთობაში – გამოვუთავისუფლებთ ადამიანებს (როგორც ბიზნესის მფლობელებს, ასევე მათ თანამშრომლებს) დროს უფრო მეტი სიმშვიდისთვის, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ბედნიერებისთვის", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ჯაბა ცენტერაძე აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით, ბიზნესის დაწყება ზოგადად დაკავშირებულია ან კრეატიულ იდეებსა და პრობლემის გადაწყვეტის სურვილთან, ან უბრალოდ, ეკონომიკურ სარგებლთან და დამატებითი თავისუფლების მოპოვების სურვილთან.
"როდესაც ადამიანს კორპორაციული საქმიანობა არ აკმაყოფილებს, არ უნდა, რომ ყოველდღე 8- 9 საათს ატარებდეს ოფისში – რაც არ უნდა კარგ კომპანიაში იყოს, რაც არ უნდა ელიტურ ბიზნესს წარმოადგენდეს, ან რაც არ უნდა მზარდი ხელფასი ჰქონდეს. ასეთ ადამიანს გამოცდილება კარნახობს, რომ იქ, სადაც ახლა არსებობს, იმ დროსა და სივრცეში, ვერ მოიპოვებს იმას, რისი მოპოვებაც სურს მას. ისევ ვუბრუნდებით საწყისებს: კრეატიულობა, პრობლემის გადაწყვეტის სურვილი, ეკონომიკური სარგებელი და თავისუფლება. ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი. ნაპერწკალი შეიძლება სხვა რამ აღმოჩნდეს – მაგალითად, მეგობარი, რომელიც პრობლემას წააწყდა და ეცადე, რომ მისთვის გამოსავალი OrderFlow-ს შექმნით მოგვეძებნა", – ამბობს ის.
მისი თქმით, ამ ფაქტორების ერთობლიობამ და ტექნოლოგიურმა შესაძლებლობებმა იმ კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა გუნდის წევრები, რომ ერთი უბრალო პრობლემა იქცა ნაპერწკლად, მისიად და შესაძლებლობად, შეექმნათ OrderFlow.
რაც შეეხება კონკრეტულ დროსა და მომენტში გაბედულობას: რომ არა ის აკუმულირებული ფაქტორები, რაც ჩამოვთვალე, ფიზიკურად, ემოციურად და სულიერადაც ვერ შევძლებდით ამ აპლიკაციის შექმნასა თუ საჯაროდ წარმოჩენას. ადამიანის ბუნებაა, რომ თავი აარიდოს რისკებს და ეს სტარტაპი როგორც ფინანსურ, ასევე რეპუტაციულ რისკებთანაა დაკავშირებული. მითუმეტეს, რომ მარცხის შიში ძალიან დიდია. ყველაფერს რომ თავი დაანებო, არ გინდა შენი ახლობლების წინაშე წაიქცე; არ გინდა, შენი იდეებით სავსე გონება დამარცხდეს და ნაცრისფერი არსებობა განაგრძო; გინდა, რომ მშობლებმა იამაყონ, გინდა ახლობლები გაახარო, გინდა, უბრალოდ, ხალხის გვერდით იყო და მათი ყოველდღიური პრობლემები გადაწყვიტო. ასე რომ, გაბედულობა და რწმენა, შიშების უარყოფა იყო და არის ერთ-ერთი ფაქტორი OrderFlow-ს შექმნაში", – აღნიშნავს ჯაბა ცენტერაძე.
მისი თქმით, პრობლემა, რომელიც თავდაპირველად გადაუჭრელად ეჩვენებოდათ, კოდირება და პროგრამირების ენები იყო, თუმცა ამაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარათ.
"დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების ეტაპზე შესაძლებლობა გვაქვს, სწორედ ისეთი საქმეები ვაკეთოთ, როგორსაც, მაგალითად, 2014 წელს – ჩემი ძვირფასი ლექტორი მეუბნებოდა: "სტარტაპი დაიწყე, კრეატიული ხარ, კარგი დროა ახლა" – ვერ ვიზამდით. ვერ ვიზამდით იმიტომ, რომ ჩვენ ბიზნესს ვსწავლობდით, პროგრამირების ენებს – არადა, ფინანსური რესურსებიც შეზღუდული იყო. ასე რომ, ყველაზე დიდი გამოწვევა, მგონი, უკვე გადაჭრილია: ერთი მხრივ, გაბედულობა შეგვმატა ამ განვითარებამ, მეორე მხრივ – ფინანსური შეზღუდვები შემცირდა. მეორე გადაუჭრელი და ძალიან რთული გამოწვევა მარკეტინგია. აქ მეც, ჩემი თანადამფუძნებელი მეგობარიც და ჩვენი მარკეტოლოგიც ძალიან ვირჯებით, ვცდილობთ გავუმკლავდეთ და ასეც მოხდება, თუკი ადრეული სტარტაპის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს გადავლახავთ", – ამბობს ის.
ჯაბა ცენტერაძის თქმით, საქმიანობაში ინსპირაციას აძლევს იმის ცოდნა და დანახვა, რომ რაღაცები მარტივად შეიძლება მოგვარდეს – ბიზნესში იქნება ეს, თუ უბრალოდ, ცხოვრებაში. ის აღნიშნავს, რომ პრობლემების მარტივად მოგვარება არის გზა თავისუფლებამდე, პირადი სურვილების განხორციელებისკენ, არა მხოლოდ მატერიალურ სარგებლამდე.
"იქნება ეს შეკვეთების ორგანიზება თუ შეყვანა, გაყიდვების წარმოება თუ ავტომობილით გადაადგილება – ყოველი ადამიანი ეძებს უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ გზას, რომ მერე ამით მთავარი სარგებელი, მთავარი ცხოვრების საზრდო – დრო მიიღოს. ამაზე დიდი ინსპირაცია რთულია გქონდეს ადამიანს: როცა შენ, შენი საქმიანობით სხვის იმავე პრობლემას აგვარებ, რასაც შენ იგვარებ და ყველა ერთად მოიპოვებთ თავისუფლებას", – ამბობს ის.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ გუნდის ხედვაა OrderFlow-ის მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილად ქცევა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მათ სურთ, რომ სოციალური ქსელები დარჩეს მხოლოდ კომუნიკაციის სივრცედ, ხოლო მენეჯმენტი სრულად პლატფორმამ გადაიბაროს.
კოპანიის უახლოესი 1 წლის გეგმები მოიცავს:
1. სრულიად მობილურისთვის ოპტიმიზებული აპლიკაციის გაშვებას, რათა მართვა სმარტფონიდან კიდევ უფრო მარტივი იყოს.
2. შიდა საკურიერო სერვისის (შეკვეთების მიტანის მოდულის) ისეთ განვითარებას, რომ შეკვეთის მიღებიდან მის მიტანამდე და ჩაბარებამდე ყველაფერი ერთ ეკოსისტემაში მოხდეს და, რაც მთავარია – მნიშვნელობა არ აქვს, კურიერი პირდაპირ დასაქმებული იქნება ბიზნესში, აუტსორსზე თუ მეზობელი ან მეგობარი, ბიზნესს ექნება საშუალება, მარტივად გააზიაროს თავისი მზა შეკვეთების ნუსხა და თვალყური ადევნოს მიწოდებას, ხოლო ვისაც მიაქვს შეკვეთა, მარტივად გადაამოწმოს ინფორმაცია შეკვეთის შესახებ, შეცვალოს სტატუსი და დაასრულოს შეკვეთა.
3. მარაგების მართვის დახვეწას, რათა სისტემა სრულფასოვან მაგრამ ძალიან მარტივ ERP-ად იქცეს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რაც თავისთავად ჭკვიანი და ინოვაციური ფუნქციების ინტეგრაციასაც გულისხმობს.
"ჩვენი ზოგადი მიზანია, მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ ბიზნესს მინიმალური დროისა თუ ფინანსური დანახარჯებით, ერთიან ეკოსისტემაში. მარტივად ათვისებადი და სამართავი პლატფორმა, სადაც ყველა პროცესი ისე იქნება აწყობილი, რომ "ფურცლები" წარსულს ჩაჰბარდება, ინფორმაციის მიმოქცევა კი სინქრონული და პირდაპირი იქნება. ეს უკვე არის მიღწევადი, მაგრამ შეკვეთების გაციფრულებით, ზოგადად, ულევი შესაძლებლობა იხსნება მართვის ოპტიმიზაციის თუ სხვა საკითხებში", – ამბობს OrderFlow-ის დამფუძნებელი, ჯაბა ცენტერაძე.