პირველი რა უნდა გაახსენდეთ ადამიანებს შენზე?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფაზლის აწყობა ძალიან მიყვარს, ერთი დიდი სიამოვნებაა დასახულ მიზნამდე მისვლა და სურათის სრულყოფა.
ზუსტად იცი, შედეგი რა უნდა მიიღო, იწყებ ნელ-ნელა, პატარა ნაბიჯებით, პატარა ნაწილებით, ხან კარგად იკვეთება გზა, ხანაც რთულდება შენების პროცესი, მაგრამ საბოლოო მიზანი იმდენად მკაფიოა, გიადვილებს და გკარნახობს სამოქმედო ნაბიჯებს.
ასევეა ცხოვრებაშიც, თუკი მიზანი ზუსტად გაქვს განსაზღვრული: რა გინდა, სადამდე გინდა მისვლა, როგორია შენი მომავალი "მე", მაშინ გაცილებით მარტივდება მიზნამდე მისასვლელი გზა.
აბა, წარმოიდგინე, ფაზლის აწყობას იწყებ ისე, რომ არ იცი, საბოლოოდ რა ვიზუალი უნდა გამოვიდეს. გართულდა ხომ პროცესი?
სწორედ ამიტომ, პერსონალური ბრენდის შენებას სწორედ მიზნების განსაზღვრით ვიწყებთ.
მაგრამ აქ გვაქვს მთავარი წესი:
მიზანი უნდა იყოს არა იდეალური, არამედ რეალისტური, რეალურად მიღწევადი მიზნები უნდა განვსაზღვროთ.
აი, მაგალითისთვის, თუ შენი მიზანია გახდე სპიკერი, მაგრამ მორცხვი ხარ, საჯაროდ გამოსვლის შიშიც გაქვს და არც ბევრ ადამიათან კომუნიკაცია გხიბლავს დიდად.
ამ შემთხვევაში ან შენი მიზანი უნდა შეიცვალოს, ან უნარებისა და პიროვნული მახასიათებლის შეცვლაზე დიდი ენერგია და რესურსი უნდა დახარჯო, რადგან სხვა შემთხვევაში სპიკერობა და თან მორცხვობა და თან სოციალიზაციის შიში, სახარბიელო კომბინაცია ნამდვილად არ არის.
თუმცა, აქვე გახსოვდეს, რომ პიროვნების თუ უნარების 180 გრადუსით შეცვლა საკმაოდ რთული პროცესია.
ამიტომ მიზნის განსაზღვრისას აუცილებლად შესასრულებელია შემდეგი:
შეაფასე:
- შენი არსებული ძლიერი მხარები
- შენი სუსტი მხარეები
- ის შესაძლებელობები, რისი განვითარება და გაუმჯობესებაც რეალურია
და მიღებული შედეგები დასახულ მიზანთან მოიყვანე შესაბამასობაში.
მაშ ასე:
მიზანი გვაქვს, მიზნის შესაბამისი უნარები, ცოდნა და გამოცდილებაც მოგვყვება და ახლა უნდა შევქმნათ შენი პერსონალური ბრენდის ფუნდამენტი – შენი, როგორც ბრენდის, პოზიციონირება უნდა განვსაზღვროთ.
მარტივად, რომ ვთქვათ, პოზიცინირებაში უნდა გამოვკვეთოთ ის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რითიც გამოირჩევი კატეგორიაში და რის გამოც ხალხმა უნდა აგირჩიოს შენ და არა სხვა.
პოზიციონირების განსასაზღვრად მარტივ სამკუთხედის მოდელს გთავაზობ:
1. სამიზნე აუდიტორიის ანალიზი
2. კონკურენტების ანალიზი
3. ღირებულების, ნიშის – Point of Difference გამოკვეთა
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.
სამიზნე აუდიტორია
მნიშვნელოვანია გყავდეს მკაფიოდ განსაზღვრული აუდიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ შეეცდები იყო ყველასთვის და აქ დაუშვებ პირველ დიდ შეცდომას.
გახსოვდეს, არ არსებობს პროდუქტი ან სერვისი, ან ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს ყველას საჭიროებებსა თუ სურვილებს.
ამიტომ კარგად განსაზღვრე, ვინ არიან ისინი, ვისთვისაც საინტერესო იქნება შენი ბრენდი?
აი, მაგალითად, თუ შენ ხარ ფრილანს კონტენტ კრეატორი, ვინ შეიძლება იყოს სამიზნე აუდიტორია (პოტენციური დამკვეთები)?
- მცირე და საშუალო ზომის კომპანიები?
- თუ ბრენდები ჰორეკა ბიზნესში (თუკი საკვების გადაღება გამოგდით იდეალურად)?
- თუ სტარტაპები?
- თუ ანტრეპრენერები?
- და ა.შ.
რა ტიპის კომპანიებზეა მორგებული შენი ცოდნა, გამოცდილება, ხედვა, შესაძლებლობები, ინტერესები?
დეტალურად ჩაშალე და დაავიწროვე სამიზნე აუდიტორია და რამდენადაც შეგიძლია, განსაზღვრე მათი მახასიათებლები.
და აქვე უპასუხე კითხვებს:
- რა პრობლემის გადაჭრაში დაეხმარები მათ?
- რას მოუგვარებ?
- რა ბენეფიტს მიიღებენ შენთან თანამშრომლობით?
და თუ ზუსტად გაიგებ შენი სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს, ამით გარანტირებულად შეძლებ სწორად განსაზღვრო შენი უნიკალური შეთავაზებაც.
და აქვე, პოზიციონირებისას ჩვენ ან პრობლემას ვწყვეტთ, ან შესაძლებლობას ვქმნით, ზოგჯერ შესაძლოა ორივე ერთად იყოს.
კონკურენტები
სანამ კონკურენტებს კარგად არ შეისწავლი:
- ვინ არიან?
- რას სთავაზობენ თქვენს საერთო სამიზნე აუდიტორიას?
- რითი პოზიციონირებენ ბაზარზე?
- რა ძლიერ მხარეები აქვთ?
მანამდე ვერ განსაზღვრავ შენს სწორ პოზიციონირებას.
ერთ მარტივ მიდგომასაც გაგიზიარებ, გააკეთე კონკურენტების სია და თითოეული კონკურენტი აღწერე:
- ერთი დადებითი ზედსართავით – ეს შესაძლოა იყოს მისი მთავარი მახასიათებელი
- ერთი ნეგატიური ზედსართავით – ეს შეიძლება იყოს მისი სუსტი წერტილი
ნიშის განსაზღვრა
Point of Difference
აქ უნდა გამოკვეთო ის განმასხვავებელი ნიშა, რითიც გამოირჩევი კონკურენტებისგან, აქ უნდა შექმნა შენი ზედსართავი სახელი და უნდა გააჩინო ძლიერი მიზეზი, რატომ უნდა აგირჩიონ შენ?
- რატომ უნდა დაგიკვეთონ პროექტი შენ და არა შენს კონკურენტს?
- რატომ უნდა ითანამშრომლონ შენთან და არა სხვასთან?
- რატომ უნდა მიგიწვიონ შენ სპიკერად და არა სხვა?
რას სთავაზობ ისეთს, რასაც სხვები არ სთავაზობენ?
კონკურენტულ გარემოში მყარი პოზიციონირებისთვის საჭიროა, შექმნა განსხვავება ბაზარზე,
ეს არის ის ფუნდამეტური საკითხი, რასაც ყველაზე დიდი დროს ვუთმობთ ბრენდის სტრატეგიის შექმნისას.
რადგან, თუკი შენ ზუსტად იმას შესთავაზებ და ზუსტად იმ ფორმით, როგორც ამას შენი კონკურენტები აკეთებენ, რამდენია შანსი, რომ სამიზნე აუდიტორიამ მაინცადამაინც შენ აგირჩიოს?
რას ეტყვი მათ, რატომ უნდა აგირჩიონ შენ, რა გაქვს განსხვავებული კონკურენტებისგან?
დასაწყისისთვის მარტივად რომ შეხედო საკითხს, დაფიქრდი, რა არის ის 1-2 რამ, რაც გინდა, რომ პირველი გაახსენდეს ადამიანებს შენზე?
თუკი დაგეხმარება პოზიციონირების სამკუთხედზე მუშაობისას, შენი თავი როგორც პროდუქტი ისე წარმოიდგინე, ეს უფრო გაგიადვილებს, რაციონალურად შეხედო საკითხს.
და თუ კი ამ ყველაფრის დამუშავების გარეშე სოციალურ არხებში დაიწყებ პოზიციონირებას, შეიცვლი იმიჯს, აუდიტორიასთან დაამყარებ კომუნიკაციას. იცი რას ჰგავს ეს პროცესი?
სახლს რომ აშენებდე, საძირკველი არ ჩაასხა და პირდაპირ ფასადების მოწყობა დაიწყო!
ასე რომ, ფაზლის აწყობა მას შემდეგ დაიწყე, რაც საბოლოო სურათი გეცოდინება, სახლის შენება კი – საძირკველის ამოყვანით!