Pottarea – სივრცე, სადაც ხელოვნება, არტთერაპია და კულტურული გამოცდილება ერთიანდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღევანდელ სწრაფ და სტრესულ სამყაროში ადამიანებს ხშირად აკლიათ სივრცე, სადაც შეძლებენ გაჩერებას, საკუთარი ხელით რაღაც ახლის შექმნასა და შინაგან სიმშვიდესთან დაკავშირებას. კერამიკოს ნათია ზამთარაძის მიზანიც სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა იყო – შექმნა სახელოსნო Pottarea, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, არტთერაპიასა და კულტურულ გამოცდილებას. იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც დაინახა, რამდენად დიდია მოთხოვნა არა მხოლოდ პროდუქტზე, არამედ ემოციურ გამოცდილებაზე.
"ჩემი სახელოსნო არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ადამიანები ამზადებენ ნივთებს – ეს არის სივრცე, სადაც ისინი ქმნიან მოგონებებს, სწავლობენ საკუთარ შესაძლებლობებს და პოულობენ სულიერ ჰარმონიას.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც სტრესმა და ემოციურმა გადაღლილობამ თითქმის დამამარცხა, სწორედ თიხასთან მუშაობამ და შემოქმედებითმა პროცესმა მომცა შანსი, თავიდან აღმომეჩინა ჩემი თავი. თიხა დამეხმარა, მეპოვა სიმშვიდე და ახალი ენერგია. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ამ გამოცდილებას შეუძლია შეცვალოს ადამიანების ცხოვრება ისე, როგორც ჩემი შეცვალა", – ამბობს ნათია ზამთარაძე.
ნათია ზამთარაძის თქმით, ბიზნესის დაწყება ბევრ რისკთან ასოცირდებოდა, ვინაიდან საქმე არა მხოლოდ კომერციული იყო, არამედ ემოციური ღირებულების მატარებელიც. ის აღნიშნავს, რომ საქმე როგორც ფინანსურ, ასევე ფსიქოლოგიურ მზაობასა და სიმამაცესაც მოითხოვდა.
"მჯეროდა, რომ ადამიანებს სჭირდებათ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი თავის აღმოჩენას. ეს რწმენა გახდა ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა და სწორედ ამ რწმენამ გადამატანინა ყველა გამოწვევა", – აღნიშნავს იგი.
მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და სწორი ფასების განსაზღვრა ისე, რომ მომსახურება ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ხოლო ბიზნესი მოგებიანი დარჩენილიყო. თავიდან ეს გადაუჭრელი ჩანდა, მაგრამ პრობლემის მოგვარებაში დეტალური ხარჯების ანალიზი, სწორი სტრატეგია და კრეატიული შეთავაზებები დაეხმარა.
დღეს კი, როგორც ამბობს, უკვე აქვს გამართული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს, იმუშაოს როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორაციულ მომხმარებლებთან.
"ინსპირაციას მაძლევენ ადამიანები, რომლებიც პირველად ეხებიან თიხას და ხედავენ, რომ შეუძლიათ შექმნან რაღაც საკუთარი ხელით. მათი ემოციები, ღიმილი და განცდა, რომ "მე შევძელი", არის ის, რაც ძალას მმატებს. ეს მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩემი საქმიანობა იყოს არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ ღირებულებით დატვირთული", – გვეუბნება კერამიკოსი.
ნათია ზამთარაძე მომდევნო წლის განმავლობაში გეგმავს სახელოსნოს გაფართოებას, ხოლო დანადგარების ყიდვის შემდეგ, რომლებიც მალე დაემატება სახელოსნოს, პროდუქციის ხაზის განვითარებას. მას ასევე, სურს ახალი მასტერკლასების დამატება, მათ შორის მოზაიკის არტთერაპია და თემატური ღონისძიებები, რომლებიც კულტურასა და ხელოვნებას გააერთიანებს.
"ასევე, ვმუშაობ კორპორაციული შეთავაზებების გაძლიერებაზე – პერსონალიზებული საჩუქრები და გუნდური აქტივობები. ჩემი ხედვაა, რომ სახელოსნო გახდეს ადგილი, სადაც ადამიანები არა მხოლოდ ნივთებს ქმნიან, არამედ მოგონებებსაც.
გრძელვადიან პერსპექტივაში მინდა ეს სივრცე გადაიქცეს პლატფორმად, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებით განვითარებას და კულტურული ღირებულებების შენარჩუნებას", – გვიმხელს თავის გეგმებს Pottarea-ს დამფუძნებელი, ნათია ზამთარაძე.