პრობლემა თუ შესაძლებლობა? ბიზნესიდეა უნდა ეძებო იქ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სად ვეძებოთ ბიზნესიდეა? ეს, ალბათ, ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა მათგან, ვინც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობს. პასუხი ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერს, თუმცა გამოცდილ ანტრეპრენერებს შორის ამაზე არავინ დავობს:
ბიზნესიდეა უნდა ეძებო იქ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა.
დიახ, რაც უფრო მეტი პრობლემაა, მით უფრო დიდია ახალი შესაძლებლობის აღმოჩენის შანსი. იქ, სადაც სხვები დაბრკოლებას ხედავენ, ანტრეპრენერი ხედავს ბაზარს; იქ, სადაც უმრავლესობა წუწუნებს, ანტრეპრენერი იწყებს ფიქრს – როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა?
ანტრეპრენერი არ ყიდის პროდუქტს. ის ყიდის პრობლემის გადაწყვეტას.
თუ კარგად დავაკვირდებით, თითქმის ყველა დიდი კომპანია სწორედ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ყოველდღიური დისკომფორტის აღმოფხვრის მცდელობით დაიწყო.
ადამიანებს უჭირდათ ინფორმაციის მოძიება – შეიქმნა Google.
რთული იყო ერთმანეთთან სწრაფი კომუნიკაცია – გაჩნდა WhatsApp.
ქუჩაში ტაქსის გაჩერება მოუხერხებელი იყო – შეიქმნა Uber.
სახლში უცნობ ადამიანთან დარჩენა ბევრისთვის წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ თავისუფალი საცხოვრებელი ფართების პრობლემა Airbnb-მ მრავალმილიარდიან ბიზნესად აქცია.
არცერთი ამ იდეათაგანი თავიდანვე რევოლუციური არ ყოფილა. რევოლუციური პრობლემის დანახვის განსხვავებული უნარი იყო.
ყველაზე ძვირფასი საჩუქარი უკმაყოფილო მომხმარებელია.
Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, ამბობდა: "ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებლები თქვენი ყველაზე დიდი მასწავლებლები არიან".
ეს ფრაზა მეწარმეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს ასახავს. კომპლიმენტი სასიამოვნოა, მაგრამ ბიზნესს იშვიათად ავითარებს. პრეტენზია, კრიტიკა და მომხმარებლის გაღიზიანება კი ხშირად ზუსტად მიგანიშნებს, რა უნდა შეცვალო, გააუმჯობესო ან თუნდაც საერთოდ თავიდან შექმნა.
სწორედ აქ იბადება ახალი პროდუქტი. სწორედ აქ ჩნდება ახალი სერვისი. სწორედ აქ იწყება ახალი კომპანია.
საქართველო – პრობლემების ქვეყანა თუ შესაძლებლობების?
ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "საქართველოში იმდენი პრობლემაა..."
მაგრამ ანტრეპრენერი ამავე სიტყვებს სრულიად განსხვავებულად ისმენს. მისთვის ეს ნიშნავს: "საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი აუთვისებელი შესაძლებლობა არსებობს".
ტურიზმი, განათლება, ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ლოჯისტიკა, ტექნოლოგიები, მომსახურების სფერო – თითქმის ყველა მიმართულებით მომხმარებელი ჯერ კიდევ ელოდება უკეთეს, უფრო სწრაფ, მარტივ, კომფორტულ და ხელმისაწვდომ გადაწყვეტას.
საქართველოში უამრავი სფეროა, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია თამაშის წესების შეცვლა.
ბევრს ჰგონია, რომ წარმატებულ ადამიანებს პრობლემები ნაკლებად აქვთ. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. რაც უფრო იზრდება ბიზნესი, მით უფრო იზრდება პასუხისმგებლობაც. უფრო მეტი თანამშრომელი. უფრო მეტი მომხმარებელი. უფრო მეტი რისკი. უფრო რთული გადაწყვეტილებები.
თუ ყოველდღე მხოლოდ მარტივ საკითხებს აგვარებ, დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ პატარა თამაშის ნაწილი ხარ.
დიდ შედეგებს ყოველთვის დიდი გამოწვევები ახლავს. ბაზარი მარტივი პრობლემების გადაჭრაში იშვიათად იხდის დიდ ფულს. ის ყველაზე მეტად აფასებს მათ, ვისაც ყველაზე რთული ამოცანების გადაჭრა შეუძლია. ფინანსური წარმატებაც სწორედ ამ ღირებულების პროპორციულია.
ყველა პრობლემა ახალო ბიზნესიდეის დასაწყისია. დღეს, როცა ტრანსპორტით მგზავრობ, მაღაზიაში საკუთარ რიგს ელოდები; ბანკში მომსახურებით უკმაყოფილო ხარ; სპორტდარბაზში რაღაც გაღიზიანებს ან რესტორანში ცუდ გამოცდილებას იღებ – სცადე, წუწუნის ნაცვლად ერთი კითხვა დასვა:
როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაიქცეს ისეთ პროდუქტად ან მომსახურებად, რომელიც ადამიანებს ამ დისკომფორტს მოუხსნის და ამავე დროს მოგებიანი ბიზნესიც გახდება?
შეიძლება სწორედ ამ კითხვაზე პასუხი გახდეს შენი პირველი სტარტაპის, პირველი კომპანიის ან პირველი მილიონიანი იდეის დასაწყისი.
პრობლემის დანახვა წარმატების პირველი ნაბიჯია. წარმატება ძალიან იშვიათად იწყება იქ, სადაც ყველაფერი იდეალურად მუშაობს.
ის იწყება იქ, სადაც სხვები ხელს ჩაიქნევენ. იქ, სადაც ქაოსია. იქ, სადაც გაურკვევლობაა. იქ, სადაც პრობლემაა. ანტრეპრენერი კი პრობლემებს არასოდეს გაურბის. ის მათ შესაძლებლობებად გარდაქმნის.
და სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი და იმავე რეალობაში ზოგი მხოლოდ დაბრკოლებებს ხედავს, ზოგი კი მომავალი კომპანიის, ახალი ინდუსტრიისა და დიდი წარმატების დასაწყისს.
დაიმახსოვრეთ! პრობლემა არასოდეს არის დასასრული. ანტრეპრენერისთვის პრობლემა ყოველთვის ახალი შესაძლებლობის დასაწყისია.
ხშირად კი სწორედ ყველაზე დიდი პრობლემები მალავს ყველაზე დიდ შესაძლებლობებს.
და სად ხედავ პრობლემას შენ, რომლის გადაჭრასაც შენი ახალი ბიზნესი შეეცდება?
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge