პროფესიული არჩევანი, რომელიც სტერეოტიპებს უპირისპირდება – სალომე მიქაუტაძის კარიერული წარმატება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქალები, რომლებიც კარიერული გზის არჩევისას გაბედულ ნაბიჯს დგამენ და სტერეოტიპებს უპირისპირდებიან, ნათელი მაგალითები ხდებიან იმისა, რომ წარმატება არ არის დამოკიდებული არც სქესსა და არც სოციუმის აღქმებზე. სტატიის გმირი, სალომე მიქაუტაძე, სწორედ ამ ქალებს შორის არის – მისი პროფესიული წარმატების ისტორია გვიჩვენებს, როგორ იქმნება კარიერა, როცა არჩევანს საკუთარი თავის რწმენით აკეთებ.

"მე ადვოკატი ვარ. ეს სიტყვა თავისთავად უკვე მიუთითებს, რომ კლიენტები სწორედ პრობლემის გადასაჭრელად მომმართავენ", – ამბობს სალომე მიქაუტაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

სალომე მიქაუტაძე საერთო სპეციალიზაციის ადვოკატია. ის წარმატებით მუშაობს როგორც კომპანიებთან, ასევე კერძო პირებთან. სალომე კომპანიებს ეხმარება სამუშაო პროცესების სწორად გამართვაში – დაწყებული დოკუმენტაციით, დასრულებული სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის მართვით. სასამართლო დავების შემთხვევაში თავად წარმოადგენს კლიენტებს, თუმცა როდესაც კომპანიების საქმიანობაში თავიდანვე ერთვება, რისკების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. სისხლის სამართლის მიმართულებით ის იცავს როგორც ბრალდებულების, ასევე დაზარალებულთა უფლებებს. მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ადამიანის ბედზე ზრუნვა, მათი თავისუფლებისთვის ბრძოლა და დარღვეული უფლებების აღდგენა. სამოქალაქო საქმეებზე საუბრისას სალომე მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ მაქსიმალურად იყენებს საკუთარ რესურსებს, რათა სრულყოფილად დაიცვას კლიენტის ინტერესები. მის პრაქტიკაში ადმინისტრაციული დავებიც ხშირია. სალომე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან დაწყებული სამართლებრივი დავის შემთხვევაში ადვოკატის ჩართულობა აუცილებელია, რათა დიდი ძალის წინააღმდეგ გამოიყენოს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები და დაცვის სტრატეგიები.

პროფესიის არჩევის წინაპირობებზე საუბრისას ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენისკენ მუდმივმა სწრაფვამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მის არჩევანს არ ეთანხმებოდა, თავად ზუსტად იცოდა, რისი კეთებაც სურდა და ეს წარმატებითაც შეძლო.

სალომე მიქაუტაძე:

"ახალი გამოცდილება ახალი გონებაა. როცა ჩვენს სპეციალობას ახალი პროფესიონალი ემატება, ის თავისთავად ახალ პრაქტიკასაც ქმნის. მიმაჩნია, რომ ადვოკატობა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და უაღრესად საპასუხისმგებლო პროფესიაა. ჩემთვის დიდი პატივია, სწორედ ამ პროფესიას ვემსახურებოდე. ალბათ იკითხავთ, ამ სფეროში ჩართვა რამდენად მოითხოვდა სიმამაცეს. რა თქმა უნდა, ის მრავალმხრივ მოითხოვს გამბედაობას. მაგალითისთვის, ბევრი ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს სისხლის სამართლის სფეროში ქალ ადვოკატს და მეც მომიწია ამ სტერეოტიპებთან შეჯახებამ. გარდა გენდერული ფაქტორისა და სტერეოტიპებისა, სასამართლო პროცესის მეორე მხარის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. შენ მის საპირისპირო პოზიციას იცავ, რაც თავისთავად მოითხოვს სიმამაცეს. უნდა შეძლო და არაერთ ზეწოლას, წნეხს გაუძლო და არასდროს გადაუხვიო შენი მიზნიდან".

სალომე მიქაუტაძეს კარგად ესმის, რამდენად დიდი გამოწვევაა კონკურენტულ გარემოში საქმიანობა, როცა ქვეყანაში ათი ათასზე მეტი ადვოკატია. სალომესთვის თავდაპირველად ეს ნამდვილად იყო გარკვეული ბარიერი, თუმცა სწორედ ბარიერების გადალახვა იქცა მის ძლიერ მხარედ – თვისებად, რომელსაც დღესაც აქტიურად იყენებს პროფესიულ საქმიანობაში. როგორც თავად ამბობს, რომ არა ეს უნარი, დღეს ვერც საზოგადოების ყურადღებას მიიქცევდა და ვერც ამ სტატიის გმირი გახდებოდა.

სალომე მიქაუტაძე:

"თავიდან ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, თუ როგორ გავაცნობდი საკუთარ თავს საზოგადოებას და როგორ შევძლებდი დიდი კონკურენციის პირობებში კლიენტების ყურადღების მიქცევას. ეს იყო ერთადერთი, რაც გონებაში მიტრიალებდა. ჩემი პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი, თუმცა იმდენად დაიმსახურო ხალხის ნდობა, რომ საკუთარი ბედი სრულიად უცხო ადამიანს მოგანდონ, ძალიან რთულად მეჩვენებოდა. საბედნიეროდ, სწრაფად განვვითარდი და მცირე დროში შევძელი ნდობის მოპოვება. როცა ადამიანების თვალებში იმედს ვხედავ და ვხვდები, რომ ამ იმედის მიზეზი მე ვარ, სიამაყის გრძნობა მეუფლება. ჩემი თითოეული კლიენტის მიმართ უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ. სწორედ მათმა ნდობამ შემაძლებინა, საკუთარი მიზნისთვის მიმეღწია და კარიერულ გზაზე წინ მევლო".

როგორც სალომე მიქაუტაძე იხსენებს, გენდერულმა სტერეოტიპებმა პროფესიულ გზაზე ჯერ კიდევ ოჯახიდან იჩინა თავი. მშობლები და ახლობლები ფიქრობდნენ, რომ სალომემ "ქალისათვის რთული პროფესია" აირჩია. ამბობს, რომ პროფესიულ გარემოშიც, განსაკუთრებით გამოძიების ეტაპზე გამომძიებლებთან ურთიერთობისას, გრძნობდა განსხვავებულ მიდგომებს ქალი და მამაკაცი ადვოკატების მიმართ. თუმცა მისი ხასიათის გამო ეს დაბრკოლებები პირადად ნაკლებად შეეხო. კლიენტებთანაც თავდაპირველად ელოდა, რომ მსგავს დამოკიდებულებას წააწყდებოდა, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებში, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა საზოგადოებამ მისი პროფესიონალიზმი და შესაძლებლობები დაინახა, სიტყვა "ქალი" გაქრა და მხოლოდ "ადვოკატი" დარჩა. მას დღეს პატივს სცემენ, როგორც თავისი საქმის მცოდნე პროფესიონალს. "როცა გაქვს სურვილი, მიზანი და ზუსტად იცი – რა, რატომ და როგორ – იქ ყველა პრობლემას გადაჭრი", – აღნიშნავს Entrepreneur-თან საუბრისას სალომე მიქაუტაძე.

სალომე მიქაუტაძე:

"მე ვისწავლე, რომ უნდა გააკეთო ის, რისიც გეშინია და აღარ შეგეშინდება. დავრწმუნდი, რომ ყველა ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია – მთავარია, სჯეროდეს და მოქმედებდეს. დავინახე, რომ ნებისმიერი დახურული კარი იღება, თუ იცი სწორი მუშაობის ტექნიკა. ცხოვრებაში ყველას გვირჩევნია მივიღოთ მზა კერძი, მაგრამ საკუთარი შრომით შექმნილს სხვა გემო აქვს. გზა ყოველთვის გამოჩნდება, მთავარია დაიწყოთ".

წარმატების გზაზე სალომესთვის ინსპირაცია საკუთარი თავი და ის მიზნებია, რაც ჯერ კიდევ წინ აქვს. მისთვის ასევე შთამაგონებელია ადამიანების ნდობა. "მე სხვა ადამიანების ბედს ვცვლი და ამაზე მეტი ინსპირაცია რა შეიძლება იყოს?" – ამბობს ადვოკატი სალომე მიქაუტაძე ინტერვიუში.

მიზნების შესახებ კითხვაზე სალომე გვპასუხობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მისი მიზანი გაცილებით დიდია.

სალომე მიქაუტაძე:

"ჩემი პროფესიის ყველაზე აღიარებული და ძლიერი წარმომადგენელი გავხდები. გარდა ამისა, ბევრი იდეა და გეგმა მაქვს, რომლებზე საუბარიც წინასწარ არ მსურს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მომავალში კიდევ ბევრჯერ მომიწევს თქვენთვის ჩემი წარმატებების გაზიარება".

Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი