პროფესიული უნარების სააგენტო - ერთწლიანი საქმიანობის შეჯამება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით, პროფესიული უნარების სააგენტო უპრეცედენტო და პროფესიული განათლების მართვის სრულიად ახალ მოდელს სთავაზობს საზოგადოებას. მისი მიზანია, გაზარდოს შესაბამისობა დასაქმების ბაზარზე და გააუმჯობესოს საგანმანათლებლო დაწესებულებების კერძო სექტორთან პარტნიორობა. დეტალური ინფორმაციისა და 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით Entrepreneur გაესაუბრა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორს − თამარ ქიტიაშვილს.
რა წარმოადგენს პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის მთავარ მიზანს?
რეფორმის დასაწყისიდანვე გამოწვევას წარმოადგენდა კერძო სექტორთან სისტემური თანამშრომლობის იმგვარი ფორმის მოძებნა, რომელიც თანასწორი პარტნიორობის ფორმატში შესაძლებლობას გააჩენდა და ბიზნესის ხმას გააჟღერებდა, მის ჩართულობას უზრუნველყოფდა როგორც პოლიტიკის შემუშავებისას, ისე მისი დანერგვისას. შესაბამისად, ყოველთვის კრიტიკულად განიხილებოდა უნარებზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობის საკითხი და ღიად უნდა ითქვას, რომ ასევე განათლების მიმწოდებლებსა და ბიზნესს შორის ნდობის ნაკლებობაც გამოწვევა იყო. ამასთან, სხვადასხვა სექტორის განსხვავებული სპეციფიკის გათვალისწინებაც სირთულეს წარმოადგენდა, ამისთვის აუცილებელი სისტემური მექანიზმების ნაკლებობის გამო. სწორედ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და საგანმანათლებლო მხარის გაძლიერებისთვის შეიქმნა პროფესიული უნარების სააგენტო, როგორც ახალი პლატფორმა კერძო და საჯარო სექტორების თანასწორი პარტნიორობისთვის, მათი ხედვებისა და მოლოდინის შეჯერებისთვის, რაც სფეროში ინოვაციისა და სწრაფი განვითარების წინაპირობაა.
როგორ შეაფასებთ 2022 წელს თქვენი სააგენტოსთვის?
2022 წლის ჩვენი მთავარი მონაპოვარი სწორედ ის პარადიგმული ცვლილებაა, რომელმაც კერძო და საჯარო სექტორები გააერთიანა და სააგენტოს მართვის მოდელშიც პოვა ასახვა. სააგენტოს მართავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც 6 მსხვილი ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი და 6 მინისტრის მოადგილეა გაერთიანებული, რაც არა მხოლოდ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის გააუმჯობესებს დიალოგს, არამედ სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობას და ახალი ინიციატივების ხელშეწყობასაც გააძლიერებს.
მართვის მოდელი ითვალისწინებს ასევე სექტორულ ჭრილს. 2022 წლის უმნიშვნელოვანეს შედეგად 9 დარგობრივი უნარების ორგანიზაციის, ე.წ. დუოს შექმნას მივიჩნევთ. დუომ გააერთიანა ცალკეულ დარგში მოქმედი ყველა ასოციაცია ერთი ქოლგის ქვეშ, უნარების განვითარების მიზნის გარშემო. დუოს მთავარ ამოცანას დარგის დინამიკის გათვალისწინებით, ახალი უნარების იდენტიფიცირება, კვალიფიკაციების შექმნა და განახლება წარმოადგენს სააგენტოს მიერ შემუშავებული ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლის საფუძველზე წელსვე მოხერხდა ცხრავე სექტორში დარგობრივ რუკებზე დაყრდნობით, რამდენიმე ახალი კვალიფიკაციის შექმნა. დარგის რუკა წარმოადგენს ერთგვარ საერთო ხედს სფეროზე, გზამკვლევს სექტორისთვის და განათლების სფეროსთვის, რომლის მიხედვით სააგენტოსა და შესაბამისი დარგის მიერ დაიგეგმება ახალი უნარების განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში.
დარგობრივი უნარების ორგანიზაციების მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მასშტაბის გაფართოება და მისი ხარისხის განვითარება. სექტორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აისახა დუალური პროგრამებისა და მომზადება/გადამზადების პროგრამების რაოდენობაზეც. 2022 წელს 36%-ით გაიზარდა დუალურ პროგრამებში ჩართულ სტუდენტთა, ხოლო 50%-ით გაიზარდა სასერტიფიკატო პროგრამების რაოდენობა.
2022 წელს დაინერგა მასწავლებელთა გაძლიერების ახალი მიმართულებები, მათ შორის ამოქმედდა მასწავლებელთა დარგობრივი ქსელები, 1200-მდე მასწავლებელი ჩაერთო განვითარების სხვადასხვა აქტივობაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დავიწყეთ საქართველოს რეგიონებში, 30 საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვა, კერძოდ, თანამშრომლობით სკოლებში დაიწყება მოკლევადიანი სასერტიფიკატო მომზადება-გადამზადების კურსების მიწოდება. წლის მნიშვნელოვან შედეგად მივიჩნევთ სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის და მისი დანერგვის ახალი მოდელის შემუშავებას, რომელიც 2023 წლიდან დაინერგება და ეთნიკურ უმცირესობათა პროფესიულ განვითარებაში ჩასართავად უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. წელს დაინერგა კიდევ ერთი სიახლე, არაფორმალური კურსები პროფესიული სტუდენტებისთვის. სააგენტოს აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და ახალგაზრდების ხელშეწყობას სასწავლო პროცესში, ისეთი "რბილი" უნარების გასავითარებლად, როგორიცაა სამეწარმეო, სამოქალაქო, ციფრული, კომუნიკაციისა და სხვა კომპეტენციები.
სააგენტომ წელს პირველად წარმართა კომპლექსური საინფორმაციო კამპანია პროფესიულ განათლებაში ჩართვის მსურველთა მოსაზიდად, რის შედეგადაც 30%-ით გაიზარდა აპლიკანტთა რაოდენობა. აღსანიშნავია სააგენტოს მიღწევები პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხითაც. სააგენტო გახდა პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გაიმარჯვა Erazmus + კონკურსის პროფესიული განათლების კომპონენტში. სააგენტო გაწევრიანდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში (WEF), ევროპის შეგირდობის ალიანსში (EAA), იუნესკოს იუნევოკსა (UNESCO-UNEVOC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ ქსელებში. ამ კუთხით გაძლიერდა ასევე კოლეჯების შესაძლებლობები.
რა სახის სირთულეებთან გამკლავება მოგიწიათ ამ დროის განმავლობაში?
თავდაპირველად, ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა იმ კომუნიკაციის მასშტაბი და ინტენსივობა, რომელიც წარიმართა ბიზნესსექტორის ინფორმირებისა და ხშირად, დარწმუნებისთვისაც. უწყვეტად მიმდინარეობდა გაცნობითი სამუშაო შეხვედრები, მოლაპარაკებები სხვადასხვა სექტორთან, ცალკეულ ორგანიზაციებთან, დისკუსია ცვლილებების აუცილებლობისა და ახალი ფორმატის ეფექტიანობის შესახებ. თუმცა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ შედეგმა გაგვაოცა, რადგან ნამდვილად არ გვქონდა იმედი ამ სიძლიერის მხარდაჭერისა ბიზნესის მხრიდან. პროცესები იმაზე ბევრად სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით.
ვინაიდან სააგენტომ თავიდანვე ფართო მანდატითა და ძალიან ბევრი ფუნქციით დაიწყო ოპერირება, მეორე დიდი გამოწვევა სწორედ ჩვენი ლიმიტირებული ადამიანური რესურსი აღმოჩნდა. გუნდს ეტაპობრივად ვაკომპლექტებდით, ხოლო სამუშაო ძალიან კომპლექსური იყო, რაც სხვა ამოცანებთან ერთად, გულისხმობდა ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება-დახვეწასაც.
რამ განაპირობა პროფესიული უნარების სააგენტოს წარმატებულად ოპერირება?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენი დამფუძნებლების − განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრი ორგანიზაციის მხარდაჭერაა. შემდეგი ფაქტორი კი გახლავთ ნდობა და მხარდაჭერა, რომელიც მოვიპოვეთ როგორც კერძო სექტორის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. ჩვენი პირველი, სწრაფი წარმატება ასევე განაპირობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერამ, რომლებიც უცხოური საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დამუშავებული, ახალი ინიციატივების დანერგვის შესაძლებლობას უზრუნველყოფენ. დაბოლოს, სააგენტოს პირველი და ყველა შემდგომი წარმატება ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისათვის, რომ იდეა რეალობად გვექცია.
გაგვაცანით სააგენტოს სამომავლო გეგმები. რა სახის მთავარ სიახლეებს უნდა ელოდოს საზოგადოება 2023 წელს?
უნარებზე მზარდი მოთხოვნა დიდ გამოწვევებს უქმნის მიწოდების მხარეს. ერთი მხრივ, საჭიროა ახალი პროფესიების, კვალიფიკაციების დანერგვა, მეორე მხრივ კი მიწოდების მასშტაბის გაფართოება. ამისათვის, 2023 წელს აქცენტი გამახვილდება როგორც სააგენტოსა და დუო-ების მიერ კვალიფიკაციების შექმნასა და განახლებაზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს ჰოლისტური მიდგომით, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გაძლიერებას, ასევე ახალი პროგრამებისა და მრავალფეროვანი სტუდენტური სერვისების დანერგვაში მათ მხარდაჭერას.