ქალები ხელოვნურ ინტელექტში - პროექტი წარმატებით დასრულდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და Norwegian Agency for Development Cooperation (Norad)-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, პროექტის - "ქალები ხელოვნურ ინტელექტში" კიდევ ერთი ნაკადის ადმინისტრირება დაასრულა წარმატებით. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა ჩართულობის, ტექ-უნარებისა და კარიერული შესაძლებლობების გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ვებ-დეველოპმენტის მიმართულებებით.
პროგრამის განხორციელება დაიწყო 2024 წლის თებერვალში ცნობიერების ამაღლების მასშტაბური კამპანიით, რომელმაც თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის 10 საჯარო და კერძო სკოლა მოიცვა. კამპანიას მოჰყვა სასტარტო ღონისძიება, რომელშიც 100-ზე მეტი დაინტერესებული პირი იღებდა მონაწილეობას და რომელმაც მკვეთრად გაზარდა დაინტერესება როგორც საზოგადოების, ისე სხვადასხვა ორგანიზაციისა და დამწყებ პროფესიონალების მხრიდან.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეორე ნაკადის დაანონსებისთანავე 544 განაცხადი იქნა მიღებული, საიდანაც ტესტირების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე საბოლოოდ 100 ბენეფიციარი შეირჩა. მონაწილეები გაიყვნენ ორ მიმართულებად: ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ვებ-დეველოპმენტის, თითოეულში 50 ბენეფიციარით, საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
პროგრამის მსვლელობისას, ბენეფიციარებმა გაიარეს სტრუქტურირებული სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავდა ხელოვნური ინტელექტისა და ვებ-დეველოპმენტის ძირითად თემებს და პრაქტიკულ კომპონენტებს შემუშავებულს პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფდა პრაქტიკული უნარების განვითარებას, რეალურ გამოწვევებთან მუშაობასა და დარგის პროფესიონალებთან უშუალო კავშირს.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები რომელთაც წარმატებით დაასრულეს არჩეული მოდულები, დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით. დასკვნით ღონისძიებაზე, სადაც ერთად მოიყარეს თავი ბენეფიციარებმა, ლექტორებმა, პარტნიორ ორგანიზაციებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, დამსწრეებს სიტყვით მიმართეს: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ნინო ენუქიძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ, ევროკავშირის დელეგაციისა და ნორვეგიის საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოში. მათ ხაზი გაუსვეს ინიციატივის მნიშვნელობას ქალთა გაძლიერების, ტექნოლოგიურ სფეროში მრავალფეროვნების ხელშეწყობისა და საქართველოს ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით.
გამორჩეულმა ბენეფიციარებმა ღონისძიებაზე წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები, დამსწრე აუდიტორიასთან ერთად განიხილეს ინდუსტრიული გამოწვევები და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პროგრამის როლს საქართველოს ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებაში, ქალთა ლიდერობის ხელშეწყობასა და გენდერული უთანასწორობის შემცირებაში ICT სექტორში.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში
გაეროს ქალთა ორგანიზაცია არის გაეროს პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფას. საქართველოში ორგანიზაცია მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ლიდერობასა და შესაძლებლობებზე წვდომას თანამედროვე სექტორებში, მათ შორის ICT და ციფრულ პროფესიულ სფეროებში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების ხელშეწყობაზე, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერასა და ახალი თაობის ტექ- პროფესიონალთა მომზადებაზე. საერთაშორისო პარტნიორობების, ინდუსტრიულ თანამშრომლობებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით, BTU ამზადებს სტუდენტებს მომავლის პროფესიული გარემოსთვის და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.