Get All Access for $5/mo

ქართველი მარკეტერი დიდ ბრიტანეთში - ვინ არის მარიამ გოგიძე?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შვილი, და, მეგობარი, პარტნიორი, მარკეტერი, ლიდერი, ბიზნესვუმენი, რომელიც მუდმივად სწავლობს - საკუთარ თავს მარიამი ასე ახასიათებს. 21 წლის ქართველი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული მარკეტერია და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისთვის მხოლოდ გზის დასაწყისია.

მარიამ გოგიძე საქართველოში დაიბადა და 16 წლამდე აქ ცხოვრობდა. მოზარდობისას აღმოაჩინა, თუ რამხელა სხვაობა იყო ქართულ და დასავლურ რეალობებს შორის, ამის მთავარ მიზეზად კი განათლებას ხედავდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, რომ უკეთესი მომავლისთვის მაღალი დონის განათლება მიეღო და ცოდნა თუ გამოცდილება თავიდან დაეგროვებინა.

16 წლისამ, სკოლის ადრეულად დამთავრების შემდეგ, მოიპოვა დაფინანსება და სწავლა დიდ ბრიტანეთში გააგრძელა მარკეტინგის მიმართულებით. უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ კი პირადი ბრენდის განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა.

"დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებლობა და გამძლეობა ვისწავლე. სოციალური მედიის მიმართ ჩემმა ინტერესმა ციფრულ მარკეტინგში კარიერის დაწყებისკენ მიბიძგა. ახლა, 21 წლის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი LinkedIn მარკეტერი ვარ დიდ ბრიტანეთში და მსოფლიო მასშტაბით ვმუშაობ კლიენტებთან, მათ შორის წამყვან აღმასრულებლებსა და დამფუძნებლებთან. როგორც სოლო მეწარმე, ვეხმარები კლიენტებს პირადი ბრენდების განვითარებაში, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებასა და ბიზნესში წარმატების მიღწევაში", - გვიყვება მარიამი.

Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ პირველად სოციალური მედიის ძალა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, პანდემიის საწყის ეტაპზე დაინახა. მარიამი ძმასთან ერთად სოციალური მედიის კომპანიის დამფუძნებელი გახდა - ისინი მეწარმეებს სოცმედიაში დამკვიდრებაში უწყობდნენ ხელს.

"ჩვენი კომპანიის Instagram-ის გამომწერები გავზარდე 7 ათასიდან 110 ათასამდე ექვს თვეში, რის შედეგადაც ჩართულობამ საოცრად მოიმატა. მაშინ პირველად შევიგრძენი მკაფიო სტრატეგიისა და სოციალური მედიის ძალა".

პირადი ბრენდის ჩამოყალიბება და მასზე მუშაობა ლონდონში გადასვლის შემდეგ დაიწყო. სრულიად უცხო გარემოში აღმოჩენილ 16 წლის მარიამს დიდ ბრიტანეთში არ ჰყავდა სანაცნობო წრე, არ ჰქონდა პროფესიული კავშირები და კონტაქტები - არადა, ამ ყველაფრის მნიშვნელობა თავიდანვე გააცნობიერა.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა LinkedIn-ზე გააქტიურება. იხსენებს, რომ ბევრი ურჩევს სხვებს ამ პლატფორმის გამოყენებას, თუმცა, რეალურად ცოტას თუ ესმის მისი შესაძლებლობები. მარიამი ამბობს, რომ პლატფორმის ძალა თვითონაც გზადაგზა ისწავლა.

LinkedIn-ზე მარიამი აქვეყნებდა საკუთარ პროექტებს, აყალიბებდა ურთიერთობებს და აფართოებდა პროფესიულ სანაცნობო წრეს. ეს ერთგვარი ცოცხალი რეზიუმეც კი გახდა მისთვის, საიდანაც ნელ-ნელა შემოთავაზებებისა და შეკვეთების მიღებაც დაიწყო.

მალევე მარიამ გოგიძე LinkedIn-მა სპეციალურ, წინასწარ შერჩეული კრეატორების ქსელში მიიწვია და ექსკლუზიური Top Voice Badge-იც გადასცა. ერთ წელიწადში მისი გამომწერების რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა, კონტენტის წვდომა კი 3 664 673 ადამიანს აღწევს (Content reach (analytics)).

"ახალგაზრდა თუ ხარ, პროფესიულ სამყაროში ხშირად არ განგიხილავენ სერიოზულად. ზუსტად ეს იყო ჩემი პირველი viral პოსტის თემა. მიხაროდა, რომ ბევრმა გაიზიარა ჩემი გრძნობები და მხარი დამიჭირა, რამაც უფრო დიდი მოტივაცია მომცა ჩემი ისტორიის გაზიარებისთვის და ჩემი პოზიციის განსამტკიცებლად", - იხსენებს მარიამი.

მარიამი ამბობს, რომ Top Voice Badge-ის მიღება LinkedIn-ის მხრიდან იმის აღიარებაა, რომ მისი შექმნილი კონტენტი ღირებულია და ეს ერთგვარი სიგნალია სხვა მომხმარებლებისთვის, რომ აღნიშნული პიროვნება ნამდვილად ავთენტურ, საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს გამომწერებს.

სხვა პლატფორმებზე არსებული ბეჯებისგან განსხვავებით, Top Voice Badge-ის ყიდვა შეუძლებელია - მას LinkedIn-ი თავად გადასცემს შერჩეულ პროფესიონალებს. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონტენტის სანდოობას. მსგავსი ბეჯი აქვთ ისეთ ლიდერებსა და ბიზნესმენებს, როგორებიც არიან ბილ გეიტსი, მარკ კუბანი და სხვები.

"თქვენი LinkedIn პროფილი არის თქვენი ციფრული სავიზიტო ბარათი, თქვენი ბილბორდი პროფესიულ სამყაროში. ეს თქვენი მთავარი უძრავი ქონებაა. ნუ მისცემთ მას გაფუჭების საშუალებას. ოპტიმიზაცია გააკეთეთ. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენთვის იმუშაოს. გაქვთ ნიჭი? გააზიარეთ. მიაღწიეთ რამეს? გამოავლინეთ. ისწავლეთ ახალი რამ? გააზიარეთ. LinkedIn-ზე ხილვადობის გასაღები არის ღირებულების მიწოდება - ინდუსტრიის სიახლეების გაზიარება და საერთო გამოწვევების გადაჭრის გზების მიწოდება.

გახსოვდეთ, იაქტიურეთ, იაქტიურეთ, იაქტიურეთ. მოიწონეთ პოსტები. დააკომენტარეთ. გააზიარეთ. იყავით საუბრის ნაწილი. ეს თქვენი ქსელი, თქვენი საზოგადოებაა. მიაქციეთ მას ყურადღება. აკონტროლეთ თქვენი ზრდა. შეამოწმეთ, რა მუშაობს და რა არა. შეასწორეთ თქვენი სტრატეგია, თუ საჭირო გახდება. გახსოვდეთ, ეს თქვენი LinkedIn-ის მოგზაურობაა".

რატომ აარჩია LinkedIn-ი? მარკეტერი გვიყვება, რომ ეს პროფესიონალებისთვის საუკეთესო პლატფორმაა საკუთარი ბრენდის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პროფესიულ წრეებში კონტაქტის გაჩენისთვის.

მისი თქმით, LinkedIn-ი უნიკალურ საშუალებას აძლევს პროფესიონალებს, წარმოაჩინონ თავიანთი უნარები, დაუკავშირდნენ კოლეგებს და შეისწავლონ კარიერული შესაძლებლობები. გარდა ამისა, პლატფორმა უკვე მიიჩნევა რეზიუმეს საუკეთესო ალტერნატივად.

ჩვენს კითხვაზე, რას ურჩევდა ამ მიმართულებით დაინტერესებულ პროფესიონალებს, მარიამი ასე გვპასუხობს:

"ჩემი ყველაზე დიდი რჩევაა, შექმნათ ძლიერი პირადი ბრენდი LinkedIn-ზე. გამოიყენეთ თქვენი პროფილი, როგორც მძლავრი სადესანტო გვერდი. გააძლიერეთ თქვენი პროფილი მოწონებებითა და რეკომენდაციებით. დაუკავშირდით, გააზიარეთ, ისწავლეთ და ჩაერთეთ თქვენს სფეროში. აკონტროლეთ თქვენი ნარატივი ძიების შედეგებში. მიეცით თქვენს ნამუშევარს თავისით საუბრის საშუალება და თქვენი პირადი ბრენდი უფრო გაძლიერდება.

80% B2B ლიდების LinkedIn-დან მოდის. ადამიანების 92% ინდივიდების რეკომენდაციებს ბრენდებზე მეტად ენდობა. ძლიერი პირადი ბრენდის მქონე დამფუძნებლები და CEO-ები 5-ჯერ უფრო მეტ ინვესტორებს იზიდავენ. LinkedIn-ი საშუალებას გაძლევთ, წარმოაჩინოთ თქვენი პიროვნება მთლიანად, არამხოლოდ პუნქტებით და ფორმატირებულად, როგორც რეზიუმეში".

მარიამი იხსენებს, რომ წარმატებას სანამ მიაღწევდა, ბევრი მარცხის გავლამ მოუწია. და ეს წარმატებისკენ გზაზე გარდაუვალიც კია არა იმიტომ, რომ ადამიანს ნიჭი, განათლება, უნარები არ ჰყოფნის - არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ნიშის ქონაა საჭირო.

სანამ ამ ნიშას იპოვიდა, მარიამ გოგიძემ მრავალი მიმართულება გამოცადა. რაღაც პერიოდის განმავლობაში პროგრესიც ნელი იყო, თუმცა თანამიმდევრულობამ და სისტემატურობამ თავისი შედეგი გამოიღო. მარიამის კარიერაც სწრაფად განვითარდა.

მარკეტერი ამბობს, რომ მისი მთავარი მოტივაცია განვითარების სურვილი და მუდმივად რაღაც ახლის სწავლაა. ამბობს, რომ სწავლობს ყოველდღიურად და ყველასგან, ვინც მის გარშემო ტრიალებს - იქნებიან ესენი ბიზნესპარტნიორები, წამყვანი მენეჯერები თუ მის მიერ აშენებული საზოგადოების წევრები.

ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობს, მარიამისთვის მუდმივი შთაგონების წყარო არიან. ეს კი აძლევს საშუალებას, მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე იყოს ორიენტირებული.

"მქონდა საშუალება, მემუშავა ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან - საუდის არაბეთიდან ფლორიდამდე და კორეამდე. შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგალითად, თანამშრომლობ CEO-ებთან, რომლებიც NASA-სთვის საძიებო სისტემებს ამზადებენ, ვმუშაობდი ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორიცაა Ford Motors-ი, Danone-ი, EVIAN-ი, UCLA და სხვ. ყოველდღე ვსწავლობ ჩემი პარტნიორებისგან, სწავლა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა".

მთავარი შთაგონების წყარო კი ძმაა - მისი ანტრეპრენერული აზროვნება და უსაზღვრო ენერგია მუდმივად უბიძგებს მარიამსაც, არ დანებდეს და წინ იაროს. გვიყვება, რომ მისმა ძმამ ყოველთვის იცის, როგორ დაინახოს შესაძლებლობა იქ, სადაც სხვებისთვის მხოლოდ სირთულე ჩანს და ეს უნარი ახალი იდეების, რისკების გაწონასწორებისა და მოტივაციის წყაროა მარიამისთვის.

"ჩემი ძმის ამბიციურობა და წარმატება ხელს უწყობს ჩემს თავგადასავალს. მისი მიდგომა პრობლემების გადაჭრისადმი და ახლებური ხედვა ჩემს განვითარებასა და პროფესიულ ზრდაში დიდ როლს ასრულებს. მისი რჩევები და მხარდაჭერა კი ყოველთვის მახსენებს, რომ ჩემი მიზნებისკენ სვლა არ უნდა შევწყვიტო", - ამბობს მარიამ გოგიძე.

დაინტერესებულ ადამიანებს პროფესიული თუ ყოველდღიური რჩევების მიღება მარიამის LinkedIn გვერდიდან შეუძლიათ.

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინსპირაცია

10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო