რა აერთიანებს სპორტს და კორპორაციულ სამყაროს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2022 წლის 10 ივლისს ბათუმის სტადიონმა ისტორიულ სატესტო მატჩს უმასპინძლა საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის. იმ დღეს "ბორჯღალოსნებმა" "ექვსი ერის" წარმომადგენელი პირველად დაამარცხეს (28:19). ტრიბუნაზე უამრავ გულშემატკივარს შორის ვიყავი – ეს იყო დაუვიწყარი, გამარჯვების ისეთი ძლიერი განცდა, რომელიც დღემდე მახსოვს.

სწორედ მოედანზე იმ უპირობო ნდობისა და ერთმანეთის დაზღვევის ყურებისას დავიჭირე მთავარი კავშირი: ის ერთობა, რაც "ბორჯღალოსნებს" იმ წუთებში ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა გადმოგვეტანა კორპორაციულ სამყაროში?

ეს კითხვა დღემდე თან დამყვება. აგვისტოს სვეტზე მუშაობისას მცირე კვლევა გავაკეთე და ბრენე ბრაუნისა და ადამ გრანტის ძალიან საინტერესო პოდკასტს წავაწყდი "შეგვიძლია თუ არა "ჩვენ"-ის შექმნა "მათ"-ის გარეშე?" (ჯონ გრინთან ერთად,The Curiosity Shop). ეპიზოდში მსჯელობენ, რატომ ქმნის სპორტი ასეთ მძლავრ ერთობას და შესაძლებელია თუ არა გუნდმა "ჩვენ" ჩამოაყალიბოს საგარეო მტრის ან კონკურენტის "მათ"-ის არსებობის გარეშე.

თანამედროვე კორპორაციულ სამყაროში გაერთიანებისთვის სულაც არ არის საჭირო მუდმივად გარეთ ყურება და გარშემო "მტრების" ან კონკურენტების ძებნა. ნამდვილი "ჩვენ" იბადება არა ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლით, არამედ შიგნით არსებული საერთო ხედვით, ღირებულებებითა და იმ ერთადერთი მიზნით, რომელსაც გუნდის თითოეული წევრი გულწრფელად იზიარებს.

თავად ბრენე ბრაუნი, წიგნის "გაბედე ლიდერობა" ავტორი, "ბაბლჰედების" პოდკასტის ერთ-ერთი ეპიზოდის მზადებისას აღმოვაჩინე. ეს წიგნი საკმაოდ მსუყეა, ღრმა მიგნებებითაა სავსე და ამ თემას სულ სხვა თვალით დაგანახებს. არსებობს ასეთი მანკიერი რწმუნებულება, თითქოს ლიდერმა ყველაფერი უნდა იცოდეს, პიედესტალზე იდგეს და შეუცდომელი იყოს. ბრაუნი ამ აღქმას 180 გრადუსით აბრუნებს. ლიდერს რეგალია კი არა, ქცევა და მოწყვლადობის გაბედვა განსაზღვრავს.

როდესაც ლიდერობას ასე, პედესტალის მსხვრევითა და მოწყვლადობით შევხედავთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომელიც პირადად მე არ მასვენებს: გარემო აყალიბებს ლიდერს, თუ ლიდერი ქმნის გარემოს? ჩემი პირადი კორპორაციული გამოცდილებით მინახავს ძლიერი ლიდერი, რომელიც კრიზისებს მართავს, გუნდს მოტივაციას უნარჩუნებს და ტოქსიკურობას ებრძვის. თუმცა თუ თვითონ ორგანიზაციულ კულტურაში არ დევს ჯანსაღი გარემოს ხედვა, შეუძლია კი ერთ ადამიანს სისტემის შეცვლა?

ხშირად ამბობენ, რომ ლიდერი გუნდთან ახლოს უნდა იყოს, თუმცა პრაქტიკაში ბევრი ერიდება ამას. მახსოვს, ერთხელ ჩემს ლიდერობაზე ასეთი უკუკავშირიც კი მივიღე: "ნუ მეგობრობ გუნდის წევრებთან". მიუხედავად ამისა, ჩემი ღრმა რწმენა უცვლელია: კარგი ადამიანი შეიძლება ავტომატურად არ იყოს კარგი ლიდერი, მაგრამ ნამდვილ ლიდერობას ადამიანობა აუცილებლად სჭირდება.

და რაც მთავარია, მკითხველო, გისურვებ გაბედო ცხოვრება. გამბედაობას კი აუცილებლად მოჰყვება უკეთესი შედეგები.

გამომცემელი, გამომცემლობა „ბაბლჰედი“