რა (არ) უნდა გავაკეთო? ნაცვლად კითხვისა – რა უნდა გავაკეთო, ვიკითხოთ – რა არ უნდა გავაკეთო?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს წარუმატებლობასა და მარცხზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ პოტენციურ პრობლემებზე და ჩვენთვის სასურველი პოზიტიური მიზნების საპირისპირო, ნეგატიური სცენარების წინასწარ გააზრების მნიშვნელობაზე.
მთავარია კარგად გვესმოდეს, რატომ მივმართავთ ამ ხერხს? პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ ცოდნა ყველა იმ შესაძლო გართულების შესახებ, რაც დიდი ალბათობით დასახული მიზნების მიღწევის გზაზე შეგვხვდება, მარცხს მომზადებული შევხვდეთ, წარმატებისთვის კი მუდმივ მზადყოფნაში ვიყოთ.
რა ჯობს, სათანადოდ მზად ვიყოთ არასასიამოვნო მოულოდნელობებისთვის და წინასწარ კარგად მომზადებულებმა უფრო მარტივად გადავლახოთ ისინი, თუ ვერ დავაღწიოთ მათ თავი და ყველაფერი წყალში გადაგვეყაროს?
გარემო ფაქტორებს, რომელზე კონტროლიც ჩვენ არ გვაქვს, სრულიად შეუძლია შეცვალოს ჩვენი გეგმები და რაც სამართლიანად გვეკუთვნის, ისიც კი ვერ მივიღოთ. ამიტომ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ უარყოფითი სცენარებისთვის და ვიმუშაოთ მათთან გასამკლავებლად.
აზროვნების ეს საკმაოდ უცნობი და არაპოპულარული მეთოდი, რომელიც ინვერსიული აზროვნების სახელით არის ცნობილი, ძველისძველია, რასაც არ ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
ამ მეთოდს ჯერ კიდევ სტოიციზმის მიმდევრები მიმართავდნენ, როცა სასურველის სრულიად საწინააღმდეგოს წარმოიდგენდნენ და ნეგატიური სცენარების ვიზუალიზაციას ახდენდნენ.
Premeditatio malorum – სტოიკოსების პრობლემების წინასწარგანჭვრეტის ერთგვარი სავარჯიშოა, რომელიც გვეხმარება წარმოვიდგინოთ მოვლენათა არასასურველი განვითარება და ყველა პრობლემა და გართულება, რაც თავიდან შეგვიძლია ავირიდოთ.
ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არ არის. ამიტომაც უნდა ვიყოთ სათანადოდ მზად ცხოვრების გარდაუვალი მოულოდნელობებისთვის.
აქ პესიმიზმი არაფერ შუაშია. პირიქით, ეს ჩვენში თავდაჯერებული ოპტიმიზმის ჩამოყალიბებაში გვეხმარება, როცა გვჯერა, რომ არ რაც უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ მასთან გასამკლავებლად.
უარესი სცენარის წინასწარ წარმოსახვა მოვლენათა ნეგატიური განვითარების და მასთან დაკავშირებული შიშების დამარცხებაში და მათი პრევენციისთვის უკეთესი გეგმების შედგენაში გვეხმარება.
გვეხმარება, მზად შეხვდეთ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, ვიყოთ მეტად მოქნილები, შეუპოვრები და სწრაფად აღვიდგინოთ ძალები.
ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს წარმატების მიღწევის გზებზე, სტოიციზმის მიმდევრები კი ასევე ფიქრობდნენ, როგორ გამკლავებოდნენ მარცხს. რა მოხდება ხვალ, თუ ყველაფერი ცუდად წავა და როგორ უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის დღეს?!
ინვერსიული აზროვნებისას ჩვენ თავიდანვე შეგვიძლია დავინახოთ ყველა ის ხარვეზი და ნეგატიური შედეგი, რაც დასაწყისში არ ჩანს, მაგრამ გზადაგზა შესაძლოა შეგვხვდეს.
"შეატრიალე, ყოველთვის შეატრიალე!" – ეს გერმანელი მათემატიკოსის, კარლ გუსტავ იაკობის ცნობილი მიდგომაა, რომელსაც მეცნიერი რთული მათემატიკური პრობლემების გადასაჭრელად იყენებდა. პრობლემის საპირისპირო ვერსიას წერდა, რაც მას ამოხსნას უადვილებდა.
ამ მეთოდს ეფექტურად იყენებენ მეცნიერები, არტისტები, ბიზნესმენები, ლიდერები, რაც მათ საკუთარ სფეროში ექსტრავაგანტური იდეების ხორცშესხმასა და ცხოვრების ლოგიკური, რაციონალური გზით წარმართვაში ეხმარება.
"ერთადერთი, რაც მინდა ვიცოდე, სად მელის სიკვდილი და არასოდეს წავალ იქ!" – იტყვის ცნობილი ამერიკელი ინვესტორი, უორენ ბაფეტის პარტნიორი, ჩარლი მანგერი, 1986 წლის 13 ივნისს ჰარვარდის სკოლის კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვის გამოსვლისას.
მისი სიტყვა სათაურით "როგორ მივაღწიოთ უბედურ ცხოვრებას" სტუდენტთა წინაშე წარმოთქმულ ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და არაორდინარულ გამოსვლად მიიჩნევა. მანგერმა შოკში ჩააგდო სტუდენტები, როცა მათ წარმატების მიღწევის გზებზე საუბრის ნაცვლად წარუმატებლობისა და მარცხის გარანტირებული რეცეპტები გაუზიარა.
მეთოდმა გაამართლა, რადგან უარყოფითი წესები ბევრად ძლიერი, კონკრეტული და კარგად დასამახსოვრებელია, ვიდრე მათი პოზიტიური ანტონიმები. მაშინ, როცა წარმატებისა და ბედნიერების მისაღწევ გზებზე ბოლომდე შეთანხმებული პოზიციები დღემდე არ არსებობს, ყველა თანხმდება იმაზე, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს წარუმატებლობა და უბედურება.
ნაცვლად კითხვისა – რა უნდა გავაკეთო, ვიკითხოთ – რა არ უნდა გავაკეთო? ამ დროს ჩვენ შევძლებთ გარედან შევხედოთ ტრადიციულ ნორმებს და სიტუაცია სხვა კუთხით შევაფასოთ.
როგორ გავხდე წარუმატებელი?
როგორ გავხდე არაპროდუქტიული?
როგორ გავაკოტრო ბიზნესი?
ამ უცნაურ კითხვებზე დაფიქრება გაგინათებთ გონებას და დაგანახვებთ ყველაფერს, რაც სწორედ წარმატებაში, პროდუქტიულობასა და მოგებიანობაში გიშლით ხელს და რასაც ყველაზე მეტად უნდა ერიდოთ და რაც აღარ უნდა გააკეთოთ.
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge