Get All Access for $5/mo

რა საფრთხეს უქმნის Yandex Delivery ქართულ ბიზნესს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Yandex რამდენიმე თვის წინ სრულად რუსულ მფლობელობაში გადავიდა. ამ ფაქტს რუსული სახელისუფლებო წრეები გამოეხმაურნენ და მიესალმნენ, რადგან მათთვის "იანდექსი" უბრალოდ ბიზნესი არაა.

საერთაშორისო და ქართულ მედიაში არაერთი ინფორმაცია და სტატია გავრცელდა "იანდექსის", როგორც რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის შესახებ იქ, სადაც პირდაპირ ძალა არ ჩანს.

პრაქტიკულად თავად რუსეთშიც არავინ მალავს, რომ "იანდექსი" რუსეთის ე.წ. Soft Power - ანუ "რბილი ძალაა".

ამ ხაზის ლოგიკური გაგრძელება იყო სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში პერსონალური დაცვის ინსპექტორის მიერ გავრცელებული ოფიციალური ცნობა, რომ "იანდექსთან" დაკავშირებულ მონაცემებთან წვდომა აქვს რუსეთს.

ეს პირდაპირ მომხმარებლის უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაა.

მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეების უმეტესობამ არც კი იცის, თუ რა საფრთხეს უქმნის მას მსგავსი აპლიკაციებით სარგებლობა.

აქამდე ეს საქართველოში მხოლოდ "იანდექს-ტაქსის" სერვისზე ვრცელდებოდა.

კიდევ უფრო რთულია პრობლემები, როცა ესა თუ ის პირი "იანდექსის" მიტანის სერვისით ისარგებლებს. ერთ-ერთი სერვისი, რომელიც რუსეთში კარგა ხანია, მოქმედებს და, როგორც ცნობილი გახდა, საქართველოშიც ამუშავდება, საკვების გამოძახება/მიტანის მომსახურებაა.

Yandex-ის მიტანის სერვისის ონლაინგვერდი კურიერებს იწვევდა კიდეც მათთან სამუშაოდ და სხვადასხვა პირობასაც სთავაზობდა. რამდენიმე კვირის წინ კი, Newpost-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების არსებობა გამოცემასთან რამდენიმე მსხვილმა ბიზნესმაც დაადასტურა.

როგორც ქართული გამოცემა წერს, ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც დაადასტურა Yandex-თან კომუნიკაცია, "მაკდონალდსი" იყო.

თუმცა, "მაკდონალდსში" Newpost-ს უთხრეს, რომ ისინი რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

"ჩვენც ვართ ინფორმირებული და მოგვმართეს კიდეც, მაგრამ რუსული ბრენდია და როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან... არც ვაპირებთ..." - უთხრეს Newpost- "მაკდონალდსის" წარმომადგენლებმა.

"კრაფტფუდი", "მადარტი", "ზოომარტი", "ლუი კოფი", "მაჭახელა", "DRO" - ეს იმ ბიზნესის ჩამონათვალია, რომლებიც, Newpost-ის ცნობით, არ აპირებენ რუსულ Yandex-თან მუშაობას.

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელიც არ აპირებს Yandex-თან თანამშრომლობას, "წიწილა გრილი&ბისტროა". როგორც ჩანს, მიტანის ამ სერვისის აპლიკაციაში მსგავსი სახელწოდებით სხვა რესტორანი დარეგისტრირდა პარტნიორად. ამაზე "წიწილას" სოციალურ ქსელში მოგვიანებით განცხადებაც გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ:

"წიწილა გრილი & ბისტრო" არ თანამშრომლობს "იანდექსის" მიტანის სერვისთან და არასდროს ითანამშრომლებს იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. ფოტოზე მოცემული რესტორანი სრულიად სხვა კვების ობიექტია."

ქართული ბიზნესის იანდექსთან თანმშრომლობა რამდენიმე მიმართულებითაა საფრთხის შემცველი.

უპირველესად, რა თქმა უნდა, ეს რეპუტაციული რისკებია და ამას ჩვენ ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევეხებით. მოგეხსენებათ, რომ აგრესია მსგავსი კომპანიების მიმართ საქართველოში, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, უდიდესია.

მეორე - ეს მომხმარებლის დაცულობაა.

მესამე - თავად ამ ბიზნესის უსაფრთხოება და დაცულობა.

Entrepreneur დაუკავშირდა რამდენიმე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს და დაინტერესდა, ყოფილა თუ არა რაიმე კომუნიკაცია მათსა და "იანდექსს" შორის, ან როგორია მათი ზოგადი პოზიცია თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ჰიპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი "კარფური", არ აპირებს "იანდექსთან" თანამშრომლობას - ამის შესახებ მათმა წარმომადგენელმა განგვიცხადა. როგორც ამბობენ, ეს საკითხი არც კი განიხილება სააფთიაქო ქსელ "პსპ"-ში.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით სუპერმარკეტების ქსელ "სპარსაც" - მათი წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიასა და "იანდექსს" შორის კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რაიმე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, ამის შესახებ მედიასაც აცნობებენ.

"შაურმა ქლაბის" წარმომადგენელმა, ჩვენს კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომპანიას მათთან რაიმე სახის კომუნიკაცია, გვითხრა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა.

Yandex-ის მრავალპროფილიან ოპერირებას ქვეყანაში, შესაძლოა, უსაფრთხოების სხვადასხვა ტიპის პრობლემები ახლდეს თან. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მის წილებს ჰოლანდიური კომპანია ფლობდა, რუსეთში ამუშავდა კანონი - ის რუსულ სპეცსამსახურებს ტაქსის კომპანიებში არსებულ მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციაზე წვდომას უწყვეტად აძლევს.

გავრცელდება თუ არა ეს ცვლილება საქართველოში მას შემდეგ, რაც კომპანია სრულად რუსულ მფლობელობაში გადავიდა? 2023 წელს, როცა საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ქართულ მედიას განუცხადეს, რომ ქართველ მომხმარებელთა მონაცემები დაცული იყო, თუმცა, მას შემდეგ Yandex-ში ძირეული ცვლილებები გატარდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ რამდენიმე დღის წინ, 2024 წლის 23 სექტემბერს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამსახურმა "შპს რაიდტექ ჯორჯიას" მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი დაადგინა". შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს "იანდექსის" ტაქსის სერვისს და მძღოლებს შესაბამის სამუშაო აპლიკაციას მომსახურების გაწევისთვის.

გამოცემა "პუბლიკა" წერს, რომ პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა შესწავლის შემდეგ დაადგინა - შპს "რაიდტექ ჯორჯიას" მეშვეობით საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. უწყებამ კომპანია 4000 ლარითაც დააჯარიმა.

შპს "რაიდტექ ჯორჯია" კი აცხადებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მათი მტკიცებით, კანონი არ დაურღვევიათ და ოპერირებას ქართული კანონმდებლობის სრული დაცვით აწარმოებენ, ხოლო მონაცემებს ევროკავშირში განთავსებულ სერვერებზე ინახავენ.

ისევე, როგორც ტაქსის სერვისის შემთხვევაში, საკვების მიტანის სერვისით სარგებლობისასაც კომპანიას ეძლევა ისეთი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, როგორიცაა: სახელი, გვარი, საცხოვრებელი, გეოლოკაციაზე პოტენციური წვდომა, საბანკო ანგარიშები და ა.შ.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ სწორედ Yandex Delivery-ის ოპერირებაზე იყო კითხვები ევროპულ ქვეყნებში. მაგალითად, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian წერდა, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარები ჯერ კიდევ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოუწოდებდნენ მთავრობას, შეეჩერებინა Yandex-ისთვის მუშაობის უფლება.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელსაც ქართული საზოგადოების სერიოზული აღშფოთება მოჰყვა, "იანდექს კვების" მიერ გავრცელებული სარეკლამო ბანერი იყო.

მასზე საქართველოს რუკა იყო ასახული და აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორია პიცითა და ხინკლით იყო დაფარული.

სოციალური ქსელი თითქმის წალეკა აღშფოთებული ადამიანების პროტესტმა, რის გამოც "იანდექსმა" მოგვიანებით კომენტარი გააკეთა და მსგავსი ბანერის გავრცელება უარყო, ხინკლით და პიცით დაფარული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუკა კი წაიშალა.

ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს, თუ რამდენად და როგორ შეძლებს "იანდექს კვება" საქართველოში ფუნქციონირებას და ვინ ითანამშრომლებს მასთან.

საზოგადოებას კი დამატებით მივაწვდით ინფორმაციას საფრთხეების შესახებ, რომ ისინი უფრო ინფორმირებულები და დაცულები იყვნენ შესაძლო რისკების წინაშე.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"