Get All Access for $5/mo

რამდენს გამოიმუშავებენ Stepn-ის ქართველი მოთამაშეები? Entrepreneur "ციფრული ბოტასების" მიმართულებით ციკო და ზუკა ინაურების გამოცდილებით დაინტერესდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Stepn-ისა და "ციფრული ბოტასების" მიმართ ინტერესი საქართველოში დღითიდღე მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ამ ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტის მიმართ არაერთგვაროვანია, კრიპტოენთუზიასტთა ნაწილს სწამს პროექტის წარმატების და საკმაოდ სოლიდურ დამატებით შემოსავალსაც გამოიმუშავებს ამ კრიპტოთამაშით.

Entrepreneur დაინტერესდა ქართველი მომხმარებლების გამოცდილებით Stepn-ის ბოტასების კუთხით და გვსურს გაგიზიაროთ კინომცოდნე და მწერალი ციკო ინაურისა და მისი ძმის, მხატვრისა და ვიდეო გრაფიკოსის, ზუკას კრიპტოგატაცების ისტორია.

გვიამბეთ, რამდენი ხანია, რაც თამაშში აქტიურად ხართ ჩართული და როგორია თქვენი სამომხმარებლო გამოცდილება?

მე (ციკო) და ზუკა თამაშში დაახლოებით სამი კვირის წინ ჩავერთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის წინ უკვე გვინდოდა ყიდვა, მაინც ვფიქრობდით და საბოლოოდ ერთად ვიყიდეთ NFT ბოტასი Stepn.

რადგან თამაშში, ერთდროულად ჩავერთეთ, ამიტომ გამოცდილებაც იდენტური გვაქვს. განსხვავება ისაა, რომ ზუკა სპორტსმენია და ამიტომ ადვილად მოერგო Runner-ის ტიპის ბოტასს, მე კი ამხელა დატვირთვას ვერ გავუძელი და ამიტომ ბოტასის Jogger-ში გადაცვლას ვგეგმავ.

თითქოს მარტივად ჩანს: დღეში ოთხი ენერგიის დახარჯვას, რომელსაც აპლიკაცია გვთავაზობს, სულ ათი წუთი სჭირდება, თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ მუხლებზე პრობლემა გაქვთ, ან დიდი ხანია არ გივარჯიშიათ, Runner-ის ყიდვისგან თავი შეიკავოთ. ჯერ მოემზადეთ და მხოლოდ შემდეგ იყიდეთ, რადგან 8-20 კმ/სთ სიჩქარით სირბილი, დილას და საღამოს, ნამდვილად არაა ადვილი და დიდი მომზადებაც სჭირდება.

სწორედ სირბილის საშუალებით გამოიმუშავებ ყველაზე მეტ GST-ს, რომელიც საბოლოოდ კურსიდან გამომდინარე ყოველდღიურად 50-70 დოლარს უტოლდება.

თამაში საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავია. იმის გააზრებაც კი, რომ ადამიანის ძალითა და ფეხებით ფული გამომუშავდება და ჩვენ, ადამიანები ცოცხალი "მაინერები" ვართ, უკვე საოცრად დიდებული იდეაა. ამას ემატება, ჯანსაღი ცხოვრების ის რუტინა, რომელსაც ოფისში მჯდომი ადამიანები ვერ ახერხებენ. Stepn, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით, თანხა გამოვიმუშავოთ და ამასთანავე ძალიან საინტერესო, საერთაშორისო მაშტაბის თამაშის მონაწილეები გავხდეთ.

თქვენი ბოტასების სპეციფიკიდან გამომდინარე, თამაშის რომელ სტრატეგიას მიმართავთ? რამდენ დროს ანდომებთ სირბილს დღის განმავლობაში?

ჩვენ შემდეგი სტრატეგია ავირჩიეთ: რადგან ენერგიები ყოველ ექვს საათში ერთხელ გვერიცხება და სასურველია ახალ ენერგიას ძველი არ დახვდეს, დილის 10:30-დან 11:15-მდე შუალედში და საღამოსაც იგივე დროის მონაკვეთში დავრბივართ. 10:30-ზე ვხარჯავთ დილის ხუთ საათზე დარიცხულ ენერგიას, 11:00-ზე კი, როცა ახალი ენერგია გვერიცხება, ამ ენერგიასაც დავრბივართ. იგივეს ვაკეთებთ 22:30-იდან 23:15 მონაკვეთში. ამ სტრატეგიით ცალსახად მეტი GST გამომუშავდება, ვიდრე ოთხივე ენერგიის ერთად დახარჯვის შემთხვევაში. ოთხივე ენერგიას, საერთო ჯამში, სულ ათი წუთი სჭირდება, თუმცა ენერგიისა და დროის ეფექტური გამოყენებისთვის და ავტომატურად GST-ის იდეალური რაოდენობის გამოსამუშავებლად, აუცილებელია კარგი მობილური-ინტერნეტი, GPS-ის მაქსიმალურ სიხშირეზე დაჭერა და ტელეფონი, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს.

რეალურად, რა თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი აპლიკაციით დღის განმავლობაში და საშუალოდ, რამდენ ხანში ხდება საწყისი ინვესტიციის დაბრუნება?

იმ შემთხვევაში თუ არ იზარმაცებთ და ენერგიებს თანმიმდევრულადა და გონივრულად დახარჯავთ, ჩადებული ინვესტიციის ამოღება მაქსიმუმ თვენახევარშია შესაძლებელი. თანხის გამომუშავება კი GST-ის კურსზე და ბოტასების სახეობებზე დამოკიდებული. თანხა, რომელსაც ყოველდღე გამოიმშავებთ დაახლოებით 35-დან 80 დოლარამდე მერყეობს.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ თამაშის და ზოგადად კრიპტო სამყაროს მიმართ? ღირს თუ არა მსგავსი მიმართულებით ინვესტირება?

როდესაც NFT ბოტასის Stepn-ის შესახებ გავიგე, მაშინვე სერიალ Black mirror-ის პირველი სეზონის მეორე ეპიზოდი გამახსენდა. სიუჟეტი ვირტუალურ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობს, სადაც ისინი ენერგიებს სავარჯიშო მოწყობილობებით (ველოსიპედით) გამოიმუშავებენ. ეს ენერგიებია მათი ფულიც, საჭმელიც და ცხოვრებაც. როგორც კი არ ივარჯიშებენ, ენერგიები ეწურებათ და ფულიც უთავდებათ. სერიალი 2011 წელსაა გადაღებული, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოვალუტის შესახებ, "ჩვეულებრივმა მოკვდავებმა" თითქმის არაფერი იცოდნენ. დღეს კი არა, ველოსიპედებითა და სარბენი ბილკებით, მაგრამ საკუთარი ფეხებით ადამიანები კრიპტო-მონეტებს გამოვიმუშავებთ, შემდეგ მათ დოლარში ვცვლით და ყოველდღიურად ეს თანხა იმდენი გამოდის, რომ ჩვენს ხელფასებს უტოლდება. ჩვენთვის ეს თამაში ძალიან საინტერესოა. ის ახალ, თან ვირტუალურ და თან მეტად ცოცხალ სამყაროს გვთავაზობს, რომლის დახმარებითაც, ბევრი ოფისს მიჯაჭვული ადამიანი ბუნებაში სეირნობას დაიწყებს.

რაც შეეხება კრიპტოსამყაროს, 2010, 2011 წლებში ბიტკოინში, რომ 50-100 დოლარი დაგვებანდებინა, 2021 წელს 70 ათასი ევრო გვექნებოდა. ეს ფაქტი ჩემთვის ნათელი მაგალითია, რომ კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური და მომგებიანი ინვესტიციაა. "ეთერიუმიც" საინტერესო კრიპტოვალუტაა და stepn-თან ერთად ამ ეტაპზე "ეთერიუმსა" და "სოლანაში" ფულის ინვესტირებაზეც ვფიქრობთ.

როგორი მოლოდინები გაქვს Stepn-თან დაკავშირებით? არის თუ არა საშიშროება, რომ ეს აპლიკაცია სპეკულაციად იქცეს და დროთა განმავლობაში GST მკვეთრად გაუფასურდეს?

Stepn, როგორც იდეა იმდენად შთამბეჭდავია და მის უკან იმდენად დიდი იმიჯის მქონე კომპანიები და სპონსორები დგანან, საეჭვოა მისი სპეკულაციად გადაქცევა ან გაუფასურება და ფასის სწრაფი ვარდნა უცბად მოხდეს. მგონია, რომ ამ პროექტის ავტორებს ბევრად დიდი მიზნები და გამოწვევბი აქვთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ფინანსური ინვესტიციისა და კრიპტოვალუტის გარდა, ის ადამიანურ ენერგიაზე დაფუძნებული პროექტია, რომლის ამწურვაცა და გაუფასურებაც ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მიმაჩნია. GST-ის და GMT-ის ვარდნაცა და აწევაც, როგორც სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაში მოსალოდნელია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამით თამაში ან მისი მომავალი სრულდება, პირიქით მგონია, რომ ყოველი ახალი UPDATE-ის შემდეგ STEPN-ის მომხმარებლები ახალ და ბევრად მომგებიან შესაძლებლობებს მიიღებენ.

მოგვიყევით თქვენი ტექნოლოგიურ სამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილების შესახებ. როდის და როგორ მოხდა თქვენი დაახლოება კრიპტო თემატიკასთან?

პირველად კრიპტოთემატიკით საკმაოდ მცირე ასაკში დავინტერესდი. მაშინ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი მის არსსა და შესაძლებლობებს, თუმცა ვხვდებოდი, რომ სწორი ინვესტიციითა და ცოდნით, საკმაოდ დიდი სარგებელის მიღება იყო შესაძლებელი.

დავიწყე კითხვა და შეძლებისდაგვარად ბევრ ინფორმაციას გავეცანი. შემდეგ გავაკეთე ვირტუალური საფულე პლატფორმა BINANCE-ზე და სხვადასხვა კრიპტოვალუტაში, მცირე ინვესტიციებიც განვახორციელე. ზოგადად ვფიქრობ, რომ კრიპტოსამყარო ჩვენი მომავალია და გვინდა თუ არა მასთან დამეგობრება უნდა დავიწყოთ.

რაც შეეხება STEPN-ს, მგონია, რომ მას ახალი მისიები დაემატება და სირბილთან და სიარულთან ერთად მფლობელებს ახალი შესაძლებლობები მოგვეცემა, რომ საკუთარი ენერგიებით ახალი კრიპტო-მონეტები გამოვიმუშავოთ. ადრე თუ მაინინგი დენს მოითხოვდა ახლა ეს ჩვენი საკუთარი ფეხებით შეგვიძლია. ძალიან მაგარია არა? არ ვხარჯავთ დენს და საკუთარი გადააგილებით ვაკეთებთ იმას, რითიც ადრე დედამიწას ვაზიანებდით.

"თუ გსურს იყო ძლიერი - ირბინე, გსურს იყო ლამაზი - ირბინე, გსურს იყო ჭკვიანი-ირბინე", ეს სიტყვები ძველ საბერძნეთში საუკუნეების წინ დიდ ქვაზე ამოტვიფრეს. მე კი ამ სიტყვებს ამ თამაშის მთავარ სლოგანად გამოვიყენებდი.

* სტატია ეფუძნება რესპონდენტის აზრს და გამოხატავს მის პირად დამოკიდებულებას აღნიშნული საინვესტიციო ინსტრუმენტების მიმართ, რაც შესაძლოა არ ემთხვეოდეს Entrepreneur-ის ან სტატიის ავტორის მოსაზრებას

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ქალი ანტრეპრენერი

ელენე კერძაია - La Clinique

"მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ვხედავ ჩვენი სერვისის მაღალ შედეგიანობას"