რას ამბობენ თქვენზე, როცა ოთახში არ ხართ? პერსონალური ბრენდის რეპუტაციის ძალა პერსონალური ბრენდის რეპუტაციის ძალა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

- რას ამბობენ თქვენზე, როცა ოთახში არ ხართ?
- რა შეფასებას აკეთებენ თქვენ შესახებ, სანამ შეხვედრაზე შეხვალთ ?
- როგორ აცნობს მეგობარი თქვენს თავს უცხო ადამიანს ?
როგორც ჯეფ ბეზოსი (ამაზონის დამფუძნებელი) ამბობს, თქვენი პერსონალური ბრენდი ზუსტად ის არის, რასაც ხალხი ამბობს თქვენ შესახებ, როცა ოთახში არ ხართ.
და ის, რასაც ხალხი თქვენ შესახებ ამბობს, ეს არის თქვენი რეპუტაცია, ის არამატერიალური კაპიტალი, რომელიც განსაზღვრავს თქვენს გრძელვადიან წარმატებას.
როგორ მუშაობს ჩვენს სასიკეთოდ სწორად აშენებული რეპუტაცია, ამაზე მოგვიანებით, მანამდე კი გავერკვიოთ, სად და როდის ყალიბდება ჩვენი რეპუტაცია ?
პასუხია – ყველგან და ყოველთვის!
კორპორაციული ბრენდის რეპუტაცია ყალიბდება ყველა გადაკვეთის წერტილში, სადაც ბრენდი ხვდება მომხმარებელს: სარეკლამო რგოლს ვუყურებთ თუ ბანერს ვხედავთ ქუჩაში, უშუალოდ ვცდით პროდუქტს თუ ვმონაწილეობთ ბრენდის ღონისძიებაში, ყველა გამოცდილებით გვექმნება ბრენდის მიმართ ასოციაციები, შეფასებები, დამოკიდებულებები და საერთო ჯამში იქმნება ბრენდის რეპუტაცია.
ზუსტად ეს სისტემა მუშაობს პერსონალურ ბრენდინგშიც.
ხშირად რეპუტაციას ვაიგივებთ მხოლოდ პოპულარობასთან, საჯარო გამოსვლებთან, რაიმე პომპეზურობასთან, სინამდვილეში კი რეპუტაცია არ იქმნება ერთ კონკრეტულ მომენტში, მის მშენებლობას გაცილებით ადრე ვიწყებთ და ყოველდღიურად ვაყალიბებთ და ვაფორმირებთ ჩვენს რეპუტაციას:
- რას ვსაქმიანობთ
- სად ვერთობით
- რას ვპოსტავთ სოციალურ ქსელში
- როგორ ვსაუბრობთ
- რა გვაცვია
- როგორ ვურთიერთობთ ადამიანებთან
- რა ღირებულებებს ვაზიარებთ
- და ა.შ.
ყველაფერი ლაპარაკობს ჩვენზე და ყველა პატარა გამოცდილება ერთიანდება ისტორიად, რომელიც სხვებს ახსოვთ ჩვენ შესახებ.
აი, რა დაამახსოვრდეთ და რა ისაუბრონ ჩვენზე, როცა ოთახში არ ვართ. ამას დაგეგმვა და გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება.
ძლიერი რეპუტაცია იშვიათად არის შემთხვევითი. ის არის კარგად გააზრებული თანმიმდევრული ქცევების შედეგი.
თქვენს შემთხვევაში რომელი ქეისია: რეპუტაცია თქვენგან დამოუკიდებლად აგრძელებს ფორმირებას თუ თავად მართავთ პროცესს?
თუ კი პირველ ეტაპზე ხართ, გადაწყვეტილების მიღება რომ გაგიადვილოთ, განვიხილოთ, როგორ მუშაობს რეპუტაცია და რატომ არის მისი შენება გამდაწყვეტი?
კვლავ კორპორაციული ბრენდის პარალელით დავიწყებ.
დღეს, როცა ბრენდებს საკომუნიკაციოდ ყველანაირი საშუალება აქვთ, რომ მისწვდნენ აუდიტორიას და ნებისმიერი ფორმატით გაუზიარონ სასურველი ინფორმაცია, იცით რა რჩება ყველაზე ეფექტურ და სანდო გზად?
რეკომენდაციები!
- მომხმარებელთა 92% ახლობლების რეკომენდაციებს მეტად ენდობა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის რეკლამას. (Nielsen's Global Trust in Advertising)
– და თქვენი აზრით, რომელ ბრენდს ვუწევთ რეკომენდაციას?
– რომელსაც ვენდობით.
– და როდის ვენდობით ბრენდს?
– როცა ზუსტად ვიცით, რას მივიღებთ ბრენდთან ურთიერთობით.
– და ეს საიდან ვიცით?
– გამოცდილებით. ბრენდი თანმიმდევრულია და ყოველ ჯერზე ამართლებს იმედს.
პერსონალურ ბრენდთან ურთიერთობაშიც რეკომენდაციებია გადამწყვეტი!
- სამუშაო პოზიციების 85% რეკომენდაციებით ივსება!
- ბიზნესშეთავაზებების 65% რეკომენდაციებზე მოდის!
- პროფესიონალების 79% აღნიშნავს, რომ კარიერული წარმატება დიდწილად დამოკიდებულია რეკომენდაციებზე!
სხვადასხვა კონტექსტის უამრავი სტატისტიკა არსებობს რეპუტაციისა და ძლიერი პერსონალური ბრენდის სარგებლიანობაზე, თუმცა, რომ შევაჯამოთ:
რეპუტაცია თქვენი არამატერიალური აქტივია (intangible asset), რომელიც ქმნის კონკურენტულ უპირატესობას, ზრდის ნდობას და ამცირებს რისკებს და ამ ყველაფრით გაძლევთ სტრატეგიულ უპირატესობას ბაზარზე.
თუკი თქვენი რეპუტაციის მართვაში თავად ჩაერთვებით, მცირე გაიდლაინი დაგეხმარებათ:
1. აირჩეთ ფოკუსი
განსაზღვრეთ, რითი გინდათ გიცნობდეთ ხალხი, რა გინდათ აუდიტორიამ ისაუბროს თქვენზე. რა ასოციაციების, წარმოდგენების, შეფასებების გამოწვევა გსურთ?
2. იყავით თანმიმდევრული
ხომ გახსოვთ, ყველა თქვენი ქმედებით აშენებთ რეპუტაციას, ამიტომ მუდმივად პირველ ეტაპზე შერჩეული ფოკუსის გარშემო უნდა იტრიალოთ, რომ ერთგვაროვანი და თანმიმდევრული ასოციაციები გამოიწვიოთ.
3. იზრუნეთ ონლაინიმიჯზე
დღევანდელ რეალობაში თქვენი რეპუტაციის დიდი წილი ონლაინ ყალიბდება და თან ისე, რომ გუგლი საგულდაგულოდ ინახავს თქვენს ყველა ნაბიჯს.
4. გადახედეთ თქვენს ვიზუალურ სტილს
ვიზუალური იდენტობა ისეთივე როლს ასრულებს რეპუტაციის შექმნაში, როგორც შინაარსობრივი ნაწილი. ამიტომ კარგად შეისწავლეთ თქვენი ვიზუალური მახასიათებლები და ნახეთ, ჰყვება თუ არა სწორ ისტორიას თქვენზე და აყალიბებს თუ არა სასურველ ასოციაციებს.
დაბოლოს, იფიქრეთ ყველა ურთიერთობაზე, როგორც გამოცდილებაზე, რომლითაც აგროვებთ თქვენი ბრენდის დადებით კაპიტალს.
და ფრთხილად რეპუტაციასთან!
სასურველი რეპუტაციის შექმნას შესაძლოა 10 წელი მოვანდომოთ, თუმცა მისი ჩამოშლა უმარტივესად, სულ 5 წუთშია შესაძლებელი.