Get All Access for $5/mo

რას გვასწავლის "ომის ხელოვნება" ვისაც "ომი გინდათ", ნუ იქნებით მამაცი, იყავით ბრძენი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლების წინ, მანჩესტერის ბიზნესსკოლაში სწავლისას, სტრატეგიული მენეჯმენტის ლექტორმა სუნ-ძის "ომის ხელოვნების" წაკითხვა მირჩია. მაშინ ცოტა არ იყოს გამიკვირდა, რა კავშირი ჰქონდა ომს ბიზნესსა და მენეჯმენტთან.

სანამ ამ კითხვაზე პასუხს თავად ვიპოვიდი და მანჩესტერის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში "Art of War"-ს შევიძენდი, პროფესორმა საქმე გამიადვილა და თავადვე ამიხსნა – სტრატეგიულ მენეჯმენტზე უამრავი წიგნი არსებობს, მაგრამ 2500 წლის წინ დაწერილი სუნ-ძის "ომის ხელოვნების" დარი არცერთი არაა და ბიზნესლიდერებისა და მაღალი რგოლის აღმასრულებლების სამაგიდო წიგნად მიიჩნევაო.

გამიხარდა, როცა ამ ამბიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ შესანიშნავი ქართული გამოცემა შემხვდა (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში") და მას შემდეგ მინდა, ამ წიგნზე რამდენიმე სიტყვა გითხრათ და ეს დროც დადგა.

ეს დრო დადგა არა იმიტომ, რომ კითხვაზე "აბა ომი გინდა?" პასუხია – დიახ, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ამ კითხვაზე ერთადერთი სწორი პასუხია – არა!

ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად კი უნდა ვთქვათ, რომ სუნ-ძის "ომის ხელოვნება" ომის თავიდან არიდებისა და გამარჯვების უბრძოლველად მოპოვების ხელოვნებაზე დაწერილი წიგნი უფროა, ვიდრე თავად ომზე. ჩემი თუ არ გჯერათ, თავად სუნ-ძის მოუსმინეთ:

"ას ბრძოლაში ასი გამარჯვება ღირსების მწვერვალი როდია. მტრის არმიის უბრძოლველად დამორჩილება – აი, რა არის ღირსების მწვერვალი".

და მაინც, როგორ შეიძლება უბრძოლველად გამარჯვება? სუნ-ძი სამხედრო დაპირისპირების ალტერნატივად დიპლომატიურ ზეწოლას, მტრის გეგმების ჩაშლასა და მისი სტრატეგიის რეალობად ქცევისთვის ხელის შეშლას განიხილავს:

"ომის ხელოვნების უმაღლესი გამოვლინება მტრის გეგმების ჩაშლაა; ამის შემდეგ მოდის მისი კავშირების მორღვევა; შემდეგია მის არმიაზე თავდასხმა; და უმდაბლესი გამოვლინება კი მათი ციხესიმაგრეების ალყაში მოქცევაა".

"ომის წარმართვაში დახელოვნებული სარდალი სხვა ტომების არმიას უბრძოლველად ამარცხებს, სხვა ტომების ციხეებს თავდასხმის გარეშე იღებს".

ომის მოსაგებად, ისევე როგორც ბიზნესსა თუ ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად, მომზადებასა და დაგეგმარებას გადამწყვეტი როლი აქვს. ისტორიაც და თანამედროვეობაც სულსწრაფობისა და მოუმზადებლობის გამო გაკოტრებულ არაერთ კომპანიას იცნობს, რომელთა წარუმატებლობა სწორედაც არასათანადო მომზადებას და აჩქარებას, ბაზარზე შესვლის არასწორი დროის შერჩევას, მცდარ გათვლებს და არასწორ სტრატეგიას უკავშირდება. ასეა ომშიც:

"ჭეშმარიტად ძლევამოსილი არმია ჯერ გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო პირობებს ქმნის და მხოლოდ ამის შემდეგ ესწრაფვის ბრძოლაში ჩაბმას. სუსტი არმია ჯერ ბრძოლაში ებმება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს გამარჯვების ძიებას".

"გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეიძლება ბრძოლა და როდის არა".

"გაიმარჯვებს ის, ვინც, ფრთხილი და მომზადებული, დაუდევარ მოუმზადებელს დაელოდება".

სუნ-ძი დიდ მნიშვნელობას როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეების ზედმიწევნით ცოდნას ანიჭებს.

"მას, ვინც თავის მტერს და საკუთარ თავს იცნობს, ას ბრძოლაშიც კი არ ემუქრება საფრთხე. ის, ვინც არ იცნობს თავის მტერს, მაგრამ იცნობს საკუთარ თავს, ზოგჯერ გაიმარჯვებს, ზოგჯერ კი დამარცხდება. ის, ვინც არც მტერს იცნობს და არც საკუთარ თავს, ყველა ბრძოლიდან დამარცხებული გამოვა".

თანამედროვე ბიზნესში ეს საკუთარი, ისევე როგორც კონკურენტის, პროდუქტისა თუ მომსახურების ზედმიწევნით კარგად ცოდნას ნიშნავს კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. შეიძლება იგივე ვთქვათ პოლიტიკაზეც, სპორტზეც და ნებისმიერ სხვა სფეროზე.

მოულოდნელობის ეფექტი გადამწყვეტია ომში უპირატესობის მოსაპოვებლად. "შეებრძოლე, როდესაც ამას არ ელოდება", – გვასწავლის სუნ-ძი. გამარჯვებულია ის სარდალი, რომელიც ახერხებს, რომ მუდმივად გაურკვევლობაში ამყოფოს მოწინააღმდეგე. 2500 წლის წინანდელი სარდალი კი თანამედროვეობაში შესაძლოა ნებისმიერ ლიდერზე გავრცელდეს ბიზნესიდან პოლიტიკამდე...

"ის (სარდალი) საქმეების მართვის ხერხსა და სამხედრო სტრატეგიებს განუწყვეტლივ იმისთვის ცვლის, რათა სხვა ვერ ჩასწვდეს მის გეგმებს. მუდამ მოძრაობაშია და მიხვეულ-მოხვეული გზებით მიდის მიზნამდე, რათა სხვები ვერ მიხვდნენ, რას ელოდნენ მისგან".

"ისეთი გამარჯვების მოპოვება, რომელსაც ნებისმიერი განჭვრეტს, ღირსების მწვერვალი როდია".

"ისე უნდა შეკრიბო არმია და დაგეგმო სტრატეგია, რომ შენი ქმედებები მტრისთვის განუჭვრეტელი გახდეს".

"შეებრძოლე, როდესაც ამას არ ელოდება", – გვასწავლის სუნ-ძი და მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოსაპოვებლად არც მისი მოტყუების და თავგზის აბნევის ტაქტიკურ სვლებს გამორიცხავს, რაც შესაძლოა იყოს ჯარის მოჩვენებითი გადაადგილება, დეზინფორმაციის გავრცელება თუ მახის დაგება – "სატყუარას შეჩეჩებით მას მტერი მოძრაობაში მოჰყავს, მომზადებული ძალებით კი ელოდება მას".

სარდალი იმდენად იდუმალებით მოცული უნდა იყოს, რომ მისი გეგმები არათუ მტერმა, არამედ საკუთარმა ლაშქარმაც ვერ გამოიცნოს – "სარდალი აუცილებლად მშვიდი უნდა იყოს, დინჯი, პატიოსანი და საკუთარი თავის ფლობა უნდა შეეძლოს, ისევე, როგორც ოფიცრებისა და უბრალო მეომრების მხედველობისა და სმენის მოდუნება, რათა სხვა ვერ ჩასწვდეს მის გეგმებს. ის საქმეების მართვის ხერხსა და სამხედრო სტრატეგიებს განუწყვეტლივ იმისთვის ცვლის, რათა სხვა ვერ ჩასწვდეს მის გეგმებს".

ჭკუა და ანალიტიკური აზროვნება სუნ-ძის მიხედვით სარდლის ყველაზე ძლიერი მხარეა. "ომის ხელოვნება" დიდ მნიშვნელობას სწორედ სარდლის პერსონალურ პორტრეტს ანიჭებს, რაც თანამედროვე რეალობაში ყველა სფეროს ლიდერზე შეიძლება გავავრცელოთ ბიზნესიდან პოლიტიკამდე. და მაინც, როგორი უნდა იყოს სარდალი ანუ ლიდერი?

უპირველესად ბრძენი, ჭკვიანი, ყოველმხრივ განსწავლული, გონიერი, მოწესრიგებული, დისციპლინიანი, უნდა შეეძლოს ანალიტიკური და ორიგინალური აზროვნება, უნდა იყოს მკაცრი, უშიშარი, მამაცი, უნარიანი, მოქნილი და ამავე დროს მშვიდი, თავმდაბალი, პატიოსანი და სულგრძელი.

გვახსოვდეს – "უძლეველობის მიღწევის გზა შენშია; მტრის დამარცხების გზა – თავად მტერში".

სუნ-ძი სარდლისათვის აუცილებელ თვისებებსა და უნარ-ჩვევებში პირველ ადგილზე სწორედ სიბრძნეს აყენებს, რაც კიდევ ერთხელ, ადასტურებს "ომის ხელოვნების" მთავარ პრინციპს, რომ მთავარია ცოდნა, სიდინჯე, საკუთარი და მოწინააღმდეგის ძალების შეფასების უნარი, დაგეგმვა და სწორი სტრატეგიის აგება.

"სარდალი – სიბრძნეა, სანდოობა, კეთილგონიერება, კაცთმოყვარეობა, სიმამაცე და სიმკაცრე".

ასე რომ, ვისაც "ომი გინდათ", ნუ იქნებით მამაცი, იყავით ბრძენი :)

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge