რატომ არის დუბაი შემდეგი გლობალური თავშესაფარი მეწარმეებისა და მდიდარი ადამიანებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
16 წლის წინ დუბაიში საცხოვრებლად მარტივი მიზნით გადავედი: შემექმნა რაღაც რეალური. ჩემი პირველი ბიზნესლიცენზიის მიღებას სწრაფი ტემპით მიმდინარე მოგზაურობის დასაწყისი მოჰყვა, რომელმაც სხვადასხვა სექტორში, ინდუსტრიასა და ციკლში ჩამრთო.
ტემპი მიმზიდველობის ნაწილი გახლდათ, მაგრამ ყველაზე მეტად იდეების ფუნქციონალურ ოპერაციებად ქცევამ გამაოგნა. იყო ენერგია, მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უწყობდა ინფრასტრუქტურაც.
მე ვმუშაობდი მეწარმედ, ინვესტორად და მრჩევლად, ხოლო დუბაი ამ ყველაფერს ფონად გასდევდა. ეს არის ადგილი, რომელიც უმოქმედოდ არ დგას. ქალაქი მუდმივად ვითარდება და თუ ყურადღებით იქნებით, ეს გიბიძგებთ მასთან ერთად განვითარებისკენ.
იქნება ეს ტექნოლოგიები, უძრავი ქონება თუ ისეთი სექტორები, რომლებზეც იშვიათად გსმენიათ - მაგალითად, აგროტექნოლოგიები თუ რეგიონული ლოჯისტიკა - დუბაი ყოველთვის იძლეოდა ფოკუსირებისა და მომზადების საშუალებას.
რა აძლევს მას მუშაობის საშუალებას
ბევრი ადამიანი საუბრობს დუბაის გეოგრაფიაზე და ისინი არ ცდებიან. ინვესტორებთან, კლიენტებსა და პარტნიორებთან დაკავშირება სამ კონტინენტზე ერთ დღეზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. თუმცა თავიდანვე ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ის იყო, თუ რამდენად სწრაფად შემეძლო მუშაობის დაწყება. აქ ბიუროკრატიაში თვეების დაკარგვა არ გიწევს. გადმოსვლის პროცესი პირდაპირი იყო. ინსტიტუტებისგან - ბანკებისგან, მარეგულირებლებისგან, მეიჯარეებისგან - რეაგირების დრო სწრაფი იყო, რაც დღესაც ასე გრძელდება.
მარეგულირებელი მხარე სტაბილურად მომწიფებულია. პროცესები, რომლებსაც ადრე კვირები სჭირდებოდა, ამჯერად ერთიანი პორტალების მეშვეობით ხორციელდება. მაგალითად, Invest in Dubai პლატფორმამ ლიცენზიების განაცხადების დიდი რაოდენობა შეამცირა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქი რეალურ მნიშვნელობას ანიჭებს თავის პრიორიტეტებს.
როდესაც ხელმძღვანელობამ ხელოვნურ ინტელექტსა და სუფთა ენერგიაზე ფოკუსირება დაიწყო, მათ არა მხოლოდ განცხადებები გააკეთეს - შექმნეს ზონები, მოახერხეს სტიმულების სისტემის შექმნა და შექმნეს პლატფორმები ამ ეკოსისტემების მხარდასაჭერად.
სწრაფია, თუმცა არა უპრობლემო
ჩემი პირველი კომპანია დუბაიში თავისუფალ ზონაში დაარსდა, რამაც საკუთრებისა და მოქნილობის გაზრდაში შეუწყო ხელი. პროცესი ეფექტიანი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ის შეუფერხებლად მიმდინარეობდა. სწორი თავისუფალი ზონის შერჩევა, ლიცენზიის კატეგორიის გარკვევა, საბანკო და გადასახადებისთვის შედეგების გააზრება - ეს ყველაფერი აშკარა არ ყოფილა. შეცდომების თავიდან ასაცილებლად ხელმძღვანელობა და ადგილობრივი ცოდნა იყო საჭირო.
საბანკო საქმე მოთმინებას მოითხოვდა. რეგულაციები მკაცრია, განსაკუთრებით უცხოელ აქციონერებთან პარტნიორი კომპანიებისთვის. ვადები შესაძლოა შეიცვალოს თქვენი ინდუსტრიის ან ეროვნების მიხედვით. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რა დოკუმენტები იქნება საჭირო და რატომ.
ხარჯებიც ბევრის მოლოდინს გადააჭარბებს. საოფისე ფართი, ლიცენზიები, ვიზები და ჯანმრთელობის დაზღვევა სწრაფად იზრდება. ლისაბონის ან ტალინის მსგავს ადგილებში დაფუძნებასთან შედარებით, აქ საწყისი ხარჯები 30-40%-ით მეტს აღწევდა. ეს გადამწყვეტი არ არის, მაგრამ გრძელვადიან დაგეგმვას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. თავისუფალი ზონა მატერიკის წინააღმდეგ, საერთო სივრცე სპეციალური ოფისის წინააღმდეგ - ეს ადრეული გადაწყვეტილებები მოგვიანებითაც იჩენს ხოლმე თავს.
ადამიანური ფაქტორი
აქ ბიზნესი მხოლოდ ტრანზაქციული ხასიათის არ არის. ფინჯან ყავასთან მეტი საქმე გვარდება, ვიდრე ელექტრონული ფოსტით. ღონისძიებაზე შემთხვევით გაბმულმა საუბარმა შესაძლოა თვეების შემდეგ პარტნიორობამდე მიგიყვანოს. ადამიანური კავშირი აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ადგილების უმეტესობაში, სადაც მიმუშავია. ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება.
არაბულის ცოდნა არ არის საჭირო, მაგრამ უნდა გესმოდეთ, როგორ მუშაობს ყველაფერი კულტურულად. დროულად გამოცხადება, დავალების შესრულება, რიტმის შესწავლა, თუ როდის უნდა ისაუბროთ საქმიანად და როდის არა - ყველაფერი მნიშვნელოვანია. ეს არის ქალაქი, რომელიც ღიაა, მაგრამ არა პასიური. თქვენ უნდა ადაპტირდეთ მასთან და არა პირიქით.
წესები იცვლება, რასაც მზად უნდა დახვდეთ
დუბაი სწრაფად ვითარდება, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი კორპორაციული გადასახადია. როდესაც 9%-იანი განაკვეთი დააწესეს, ეს გრძელვადიანი, მდგრადი ზრდისკენ გადახვევის მკაფიო სიგნალი იყო. ჩვენ მოგვიწია ადაპტაციამ - ორგანიზაციების რესტრუქტურიზაცია, საგადასახადო მრჩევლებთან კონსულტაცია და ანგარიშგების რეორგანიზაცია. ეს მართვადი იყო, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესებს.
ასევე, იზრდება კონტროლი ისეთ სექტორებში, როგორიცაა კრიპტოვალუტა და საზღვრისპირა გადახდები. ლიცენზირება, სათანადო შემოწმება, მარეგულირებელი ორგანოების მიერ წარდგენილი დოკუმენტები - ეს ყველაფერი მკაცრდება. როდესაც ჩვენ შევიმუშავეთ პროდუქტი გადახდების სფეროში, თვეების განმავლობაში გვჭირდებოდა წინასწარი მუშაობა, რათა დაგვეკმაყოფილებინა საბანკო ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტაციის სტანდარტები.
რაც ვისწავლე, არის ის, რომ დუბაი არა მხოლოდ წესებს ადგენს, არამედ იმასაც, თუ საითკენ მიდის საქმეები. იქნება ეს ვიზების კატეგორიების ცვლილებებით, ESG ანგარიშგების მინიშნებებით თუ DIFC-ის რეგულატორების განახლებებით, ამ ყველაფრისთვის სიგნალები ყოველთვის არსებობს. საჭიროა, უბრალოდ, ყურადღებით იყოთ.
ტექნოლოგიების განვითარება საზღვრების გარეშე
რამდენიმე წლის შემდეგ ტექნოლოგიების სფეროში გადავედი. დუბაიში ეს სხვა ადგილებთან შედარებით უფრო ადვილი იყო. შეგვეძლო რეგიონული ტალანტის მოზიდვა, დისტანციურად დაქირავება და ოპერაციების მთლიანად ღრუბელზე დაფუძნებული სისტემების მეშვეობით მართვა. მის ამოქმედებამდე უზარმაზარი ადგილობრივი გუნდის შექმნის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ინფრასტრუქტურა უკვე არსებობდა.
აქ ნიჭი ნამდვილად გლობალურია. მე მიმუშავია აღმოსავლეთ ევროპის დეველოპერებთან, ჩრდილოეთ აფრიკის პროდუქტის ლიდერებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დიზაინერებთან - ყველა მათგანი კოორდინირებული იყო დუბაიში ჩვენი ბაზის მეშვეობით. ჰიბრიდული მუშაობა აქ სიახლეს არ წარმოადგენს - ის ნორმალიზებულია. ერთობლივი სამუშაო სივრცეები, სტარტაპ ჰაბები და ფრილანსერებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკა აადვილებს მასშტაბირებას ზედმეტი ვალდებულებების გარეშე.
ძირითადი ბიზნესის მიღმა
გარდა ამისა, უძრავ ქონებაშიც ჩავდე ინვესტიცია - ნაწილობრივ კომერციულში, ნაწილობრივ საცხოვრებელში. ნაწილობრივ ეს პრაქტიკული იყო: სივრცე გვჭირდებოდა. ნაწილობრივ კი სტრატეგიული. სწორმა ადგილმდებარეობებმა შეინარჩუნა თავისი ღირებულება. JLT-ში მდებარე პატარა საოფისე ფართი, რომელიც ადრევე ვიყიდე, დროთა განმავლობაში ორჯერ გაიზარდა. ასეთი გრძელვადიანი შემოსავალი ხელს უწყობდა ადრეული ეტაპის ბიზნესის წარმოების არასტაბილურობის დაბალანსებას.
უძრავი ქონების სფეროს გარეთ, ვმონაწილეობდი კერძო ინვესტიციებში, რაც მოიცავდა ძირითადად ადრეულ ეტაპზე მყოფ საწარმოებს. ერთ-ერთი გამორჩეული იყო მდგრადი შეფუთვის სტარტაპი, რომლის ოპერაციებიც შარჯასა და რიადს შორის ვრცელდებოდა. სათანადო შემოწმებას დრო დასჭირდა, მაგრამ გარიგების სტრუქტურა შედარებით სუფთა იყო, რაც, ჩემი აზრით, აქაური ჩარჩოების დამსახურებაა. საქმის გასაკეთებლად დოკუმენტაციის დაუსრულებელი ფენები არ არის საჭირო, რაც იმპულსის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.
დასკვნა
დუბაი იდეალური არ არის, ხოლო იქ ცხოვრება და მუშაობა საჭიროებს ძალისხმევას. თუმცა ის აფასებს თანმიმდევრულობას, ადაპტირების უნარსა და მოთმინებას. თუ აქ მყისიერი გამარჯვების მოლოდინით ჩამოხვალთ, სავარაუდოდ, იმედგაცრუებული დარჩებით. თუმცა, თუ მზად ხართ ისწავლოთ, მოერგოთ და ჩაერთოთ, დადებითი მხარეები რეალურია.
აქ მქონია გამარჯვებებიც და წაგებებიც. დავაარსე და დავხურე კომპანიები, განვახორციელე ინვესტიციები, რომლებმაც გაამართლეს, ზოგმა კი ვერ გაამართლა. მაგრამ წინსვლა არასდროს შემიწყვეტია. ეს ამ ქალაქის რიტმია. ის წარსულზე არ ფიქრობს და არ ჩერდება.
თუ დუბაიში დასახლებაზე ფიქრობთ, მოემზადეთ. გაიგეთ ხარჯებთან დაკავშირებით. გაეცანით წესებს. პატივი ეცით კულტურას. ასევე - იყავით ღია. აქ წარმატების შაბლონი არ არსებობს, მაგრამ არსებობს უსასრულო გზა რაიმე მნიშვნელოვნის შესაქმნელად.
შესაძლოა ჰორიზონტი მიმზიდველი ჩანდეს, თუმცა მისი არსი - ხალხი, ტემპი, მიმართულება - გაიძულებს აქ დარჩენას.
თარგმანი: მარიამ ქობალია