რატომ არის ხელსაყრელი შენელება, როდესაც ყველა ჩქარობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენჯერ სმენიათ ლიდერებს გასულ წელს, რომ სწრაფად უნდა იმოქმედონ, თორემ ჩამორჩებიან?

ხელოვნური ინტელექტის მარათონმა კომპანიებში სრული განგაში გამოიწვია: ხელმძღვანელებს ტექნოლოგიებთან, კადრებსა თუ ინვესტიციებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება თვალის დახამხამებაში უწევთ.

თუმცა, ნაჩქარევი ნაბიჯების შედეგი უკვე თვალსაჩინოა: ამერიკელ მენეჯერებთა მესამედმა, რომელთაც შტატები AI-ის გამო შეამცირეს, ზოგიერთი პოზიცია ხელახლა აღადგინეს.

თუმცა ლიდერობა ყოველთვის მოითხოვს გადაჭრით და სწრაფად მოქმედების უნარს, მას ასევე სჭირდება იმის შეგრძნებაც, თუ როდის უნდა მიეცეს გადაწყვეტილებას "სასუნთქი სივრცე", ეს კი ყოველთვის იოლი როდია. ეს შესაძლოა ნიშნავდეს მეტი ინფორმაციის შეგროვებას, დაინტერესებული მხარეების მოსმენას ან იმის გააზრებას, თუ რა ექოდ და ბუმერანგად შეიძლება დაუბრუნდეს ერთი ცვლილება მთელ ორგანიზაციას. მიუხედავად ამისა, კვლევები მოწმობს, რომ ხუთიდან მხოლოდ ორი ლიდერი პოულობს დროს ყოველკვირეული დაფიქრებისა და ანალიზისთვის.

როდესაც მიზანი ზედმეტი შეცდომების, კურსიდან აცდენისა და ფუჭი ინვესტიციების თავიდან აცილებაა, ხელმძღვანელებმა ხანდახან უნდა დაძლიონ სულსწრაფობისა და სიჩქარის ცდუნება და უბრალოდ, გამონახონ სივრცე ფიქრისთვის.

აი, რატომ შეიძლება იყოს ეს რთული და როგორ გავაკეთოთ ეს ნაყოფიერად.

ლიდერები რეპუტაციას მოქმედებით აშენებენ

კარიერის დასაწყისში ლიდერები შედეგებითა და სწრაფი მოქმედებით ფასდებიან, რაც მათში მოქმედებისკენ სწრაფვის უნარს აყალიბებს. ეს თვისება ამართლებს მარტივი ამოცანების დროს, თუმცა ვითარება რთულდება, როცა საქმე ადამიანების, ტექნოლოგიებისა და სისტემების კომპლექსურ კოორდინაციას ეხება.

მაგალითად, აღმასრულებელი დირექტორების თითქმის ორ მესამედს მიაჩნია, რომ სამეთვალყურეო საბჭოები AI-ტრანსფორმაციის პროცესს ზედმეტად აჩქარებენ. ეს ნაჩქარევი ნაბიჯები ხშირად ქმნის ისეთ ფინანსურ, საორგანიზაციო და ტექნიკურ სირთულეებს, რომელთა გამოსწორებასაც შემდგომში წლები სჭირდება.

მთავარია იმის ცოდნა, თუ როდის იმოქმედო და როდის დაიტოვო დასაფიქრებელი დრო. პირადი გამოცდილებით ვიცი, რამდენად რთულია "ჯერ არ ვიცი"-ს თქმა, თუმცა სიმშვიდის შენარჩუნებას, მეტი ინფორმაციის შეგროვებასა და რისკების გააზრებას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

თუმცა, არსებობს ზღვარი: ზედმეტმა ფიქრმა შესაძლოა ორგანიზაცია შეაფერხოს. გამოცდილება ეხმარება ლიდერს, იგრძნოს ეს ბალანსი: თუ დაშვებების გადამოწმებისა და ალტერნატივების ძიების შემდეგაც იმავე დასკვნამდე მიდიხართ, ეს იმის ნიშანია, რომ მოქმედების დროა.

მკაფიო აზროვნებისთვის დისტანციის შექმნა

არასოდეს დამავიწყდება ჩემი მენტორის კითხვა რთულ სიტუაციაში: "ვინმე გარდაიცვალა?" ამ შეკითხვამ დამანახა, რომ გადაუდებელი საქმეები ჭეშმარიტად მნიშვნელოვნისგან უნდა გამემიჯნა.

ჩემთვის დაფიქრება სწორედ აქედან იწყება: პრობლემის, მისი მიზეზებისა და ფართო სურათის გააზრებით. ხანდახან ჩარლი მუნგერის "ინვერსიის ტექნიკასაც" ვიყენებ: იმის ნაცვლად, რომ ვიკითხო, "როგორ მივაღწიოთ წარმატებას?", ვკითხულობ: "რა განაპირობებს გარდაუვალ მარცხს?". მარცხიდან უკუსვლით მსჯელობა აშკარას ხდის იმ საფრთხეებს, რომლებიც თავიდან უნდა ავიცილოთ.

დაფიქრებას არ სჭირდება საათობით დრო ან ოფიციალური პროცესები – პროდუქტიული აზრები ხშირად სეირნობისას, საჭესა თუ დაფასთან დგომისას იბადება. ხანდახან საკმარისია ესპრესო: მოკლე, კონცენტრირებული პაუზა, რომელიც ყოველდღიურ რუტინას წყვეტს და პრობლემას ზემოდან დაგანახებს.

დაფიქრება გუნდურ დონეზეც აუცილებელია. წელიწადში 3-4-ჯერ ჩემი გუნდი სწყდება ყოველდღიურობას, რათა ბიზნესს განსხვავებული რაკურსით შეხედოს. ასეთი შეხვედრები რადიკალურად აჩქარებს იმ საკვანძო საკითხების მოგვარებას, რომლებზეც თვეების განმავლობაში ვწვალობდით.

ამჟამად რეფლექსია ისე ამართლებს, როგორც არასდროს

რეფლექსიის სარგებელი ცალკეულ გადაწყვეტილებებს სცდება და ორგანიზაციებს ცვლილებებთან ადაპტაციაში ეხმარება. McKinsey-ს კვლევით, რეფლექსიური ლიდერების კომპანიები 30%-ით სწრაფად ეგუებიან ცვალებად გარემოს, ხოლო ნაკლებად რეფლექსიურების – მხოლოდ 17%-ით.

ამასთან, რეფლექსია გრძელვადიან პერსპექტივაში პროცესებს აჩქარებს: დასაწყისში მცირე პაუზა და მარშრუტის გააზრება თავიდან გვაცილებს შეცდომებსა და დაკარგულ დროს.

რეფლექსია ლიდერებს ეხმარება, ერთმანეთისგან გამიჯნონ აქტიურობა და რეალური შედეგი. კომპანიებში შედეგების უდიდეს ნაწილს გადაწყვეტილებების მცირე წილი განაპირობებს: ფიქრისთვის დროის გამოყოფა სწორედ ამ მთავარი 20%-ის განსაზღვრას უწყობს ხელს.

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როცა კეთებასა და აზროვნებას შორის ბალანსი იცვლება, რეფლექსიის ფასი კიდევ უფრო იზრდება. როდესაც ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მთავარი უპირატესობა სწორ პრობლემეზე ყუარდღების გამახვილება და მიღებული შედეგების კრიტიკული შეფასება ხდება.

რაც უფრო სწრაფად ვითარდება გარემო, მით უფრო მნიშვნელოვანია სწორი მიმართულების არჩევა, რეფლექსია კი ლიდერებს სწორედ ამ არჩევანისთვის საჭირო სივრცეს აძლევს.