რატომ არის შენი პასუხი შენი გუნდის პრობლემა?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წარმოიდგინე ორი მენეჯერი. პირველ მენეჯერთან თანამშრომელი შედის კონკრეტული პრობლემით და გამოდის მზა პასუხით. მეორესთან შედის იმავე პრობლემით და გამოდის საკუთარი გადაწყვეტილებით. როგორ ფიქრობ, ერთ წელიწადში რომელი გუნდი იქნება უფრო ეფექტური?
ჩვენს ტვინს რამდენიმე რეჟიმი აქვს, მათ შორის, ყოფნისა და კეთების რეჟიმები. იმის გაგება, თუ რომელი რეჟიმი რა ქცევაზეა პასუხისმგებელი, გვეხმარება ვიყოთ უფრო ეფექტურები, პროდუქტიულები და მედეგები.
ადამიანის ჩვეული რეჟიმი კეთების რეჟიმია. ის ხშირად ჩვენი მოკავშირეა და გვეხმარება უამრავი საქმის შესრულებაში. თუმცა, შეიძლება ჩვენს მტრადაც იქცეს. როდესაც სტრესში ვართ, უფრო ტენდენციურად ვიყენებთ კეთების რეჟიმს – ვღელავთ, ზედმეტად ვაანალიზებთ და ვცდილობთ პრობლემის მყისიერ გადაჭრას. ხშირად სწორედ ამ რეჟიმს მივმართავთ, რათა თავი დავაღწიოთ არასასურველ ემოციებს. ყველასთვის ნაცნობია განცდა: "უნდა", "აუცილებელია", "საჭიროა" – სწორედ ამ დროს ვიმყოფებით კეთების რეჟიმში.
გადატვირთულ დღის განრიგში, დედლაინებში, გაუთვალისწინებელ სიტუაციებში, ემოციური გადაღლისა და გადამეტებული ფიქრის დროს, კეთების რეჟიმი ხდება ლიდერის "მტერი". სწორედ მაშინ იძლევა ლიდერების ნაწილი მზა რეცეპტებს, გამზადებულ პასუხებსა და გადაწყვეტილებებს გუნდისთვის. ეს გუნდის წევრებში იწვევს განცდას, რომ მათ აზრს არ ითვალისწინებენ, რომ ისინი გუნდის სრულფასოვანი წევრები არ არიან. დროთა განმავლობაში ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას, ინიციატივის გამოჩენას და ნაკლებად პროდუქტიულები ხდებიან, ზოგ შემთხვევაში კი, საერთოდ ტოვებენ გუნდს.
ყოფნის რეჟიმი საპირისპიროდ მოქმედებს. ის ჩნდება მაშინ, როდესაც ჩერდები, თუნდაც ერთი წუთით და პასუხის ნაცვლად, ჯერ უსმენ. არ ჩქარობ გადაწყვეტილებას, არ ცდილობ პრობლემის მყისიერ მოგვარებას. ამ დროს ტვინი წყვეტს ავტომატურ რეაგირებას და ცდილობს დაინახოს ის, რაც ზედაპირზე არ ჩანს: რას გრძნობს თანამშრომელი, რა უჭირს რეალურად, რა გადაწყვეტილებაზე ფიქრობს თავად ის.
ყოფნის რეჟიმში ლიდერი პასუხის ნაცვლად სვამს კითხვას. ის აძლევს თანამშრომელს სივრცეს, დაფიქრდეს, შეცდეს, თავად იპოვოს გამოსავალი. ეს ნელი პროცესია, ხანდახან უხერხულიც – გრძნობ ცდუნებას, პასუხი გასცე. მაგრამ ეს სწორედ ის სივრცეა, სადაც თანამშრომელი აანალიზებს საკუთარ პასუხისმგებლობას და მის როლს გადაწყვეტილების მიღებაში. დროთა განმავლობაში ის ინიციატივას იჩენს, პასუხისმგებლობასაც არ გაურბის, რადგან უკვე სრულადაა ჩართული პროცესში.
პირველი მენეჯერი ზუსტად კეთების რეჟიმშია, ის აგვარებს პრობლემას. მეორე კი ყოფნის რეჟიმს იყენებს, თანამშრომელს აძლევს სივრცეს, თავად დაფიქრდეს და მიიღოს გადაწყვეტილება.
სწორედ აქ მეხმარება ლიზ ჰოლის, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიცირებული ქოუჩისა და ჟურნალისტის, წიგნი Coach Your Team. ეს არ არის წიგნი, რომელიც სიღრმისეულად შეგასწავლის ქოუჩინგს. ეს არის წიგნი, რომელიც მოგცემს საშუალებას, გაჩერდე, ამოისუნთქო და... გააგრძელო, ოღონდ გააგრძელო შენთვის და გუნდისთვის საუკეთესო მიმართულებით. რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ წიგნში, არის გულწრფელობა: დაიწყე საკუთარი თავით. თუკი საკუთარ თავზე არ მუშაობ, არ ვითარდები, საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავ და ვერ აღიარებ, ლიდერს გაგიჭირდება გუნდის ეფექტურად მართვაც და შედეგების მიღწევაც.
Coach Your Team მარტივი ტექსტია, პრაქტიკული სავარჯიშოებით და სწორედ ამ სავარჯიშოების ცხოვრებაში გადმოტანა გაძლევს მყისიერ შედეგს. გაჩერდი, ჩაისუნთქე, დააკვირდი, იგრძენი, გაანალიზე.
და შემოდის შენთან თანამშრომელი, კონკრეტული პრობლემით.
როგორია შენი ქცევა?
ა. უსმენ და აძლევ პასუხს?
ბ. უსმენ და სვამ შეკითხვას: ,,შენ როგორ ფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთოთ?"
კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. ზოგჯერ გუნდის სტაბილურობა სწორედ შენს სწრაფ გადაწყვეტილებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული, და ეს წერტილი, როდის რომელი როლი მოირგო, თავად უნდა იპოვო. თუმცა უმეტესობა თითქმის ყოველთვის ა-ს ირჩევს და ეს არ არის შემთხვევითობა, ეს არის ჩვევა, რომელიც ვარჯიშს მოითხოვს, რომ შეიცვალოს.
დააკვირდი შენს თავს ერთი კვირის განმავლობაში: როდის მიიღე გადაწყვეტილება ყოფნის რეჟიმიდან: კითხვით, დუმილით, მოსმენით და რა შედეგი მოჰყვა ამას? ეს დაკვირვება თავად გეტყვის მეტს, ვიდრე ნებისმიერი რჩევა.