რატომ იღებენ ჭკვიანი ლიდერები მცდარ გადაწყვეტილებებს წნეხის დროს და რატომ არ არის მიზეზი დისციპლინის ნაკლებობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იქნება ეს საოპერაციო, სხდომათა დარბაზი თუ კრიზისული შეხვედრა, სცენარი ყველგან ნაცნობია: გამოცდილი და კომპეტენტური პროფესიონალებიც კი წნეხის დროს მცდარ ნაბიჯებს დგამენ. რთული საუბრები გადაიდება ხოლმე, გააზრებულ გადაწყვეტილებებს იმპულსური ცვლის, ხოლო მთავარი პრიორიტეტები წვრილმანების ჩრდილში ექცევა.

წლებია, ამას დისციპლინისა თუ პასუხისმგებლობის ნაკლებობას ვაბრალებთ, თუმცა ქცევითი მეცნიერება საპირისპიროს გვიჩვენებს: ლიდერები ცოდნის უკმარისობის გამო კი არ მარცხდებიან, არამედ იმიტომ, რომ სტრესის დროს ადამიანი ქვეცნობიერად უბრუნდება ავტომატურ, ნაცნობ და გონებრივად უმარტივეს ქცევებს.

ამ მოვლენას ქცევითი მეცნიერება კარგად ხსნის. დანიელ კანემანის "Thinking, Fast and Slow"-ს მიხედვით, ადამიანის აზროვნებას ორი სისტემა მართავს: ერთი – სწრაფი, ავტომატური და ჩვევებზე დაფუძნებული, ხოლო მეორე – ნელი, გააზრებული და ანალიტიკური.

თუმცა სტრესის, დაღლილობისა თუ ინფორმაციული გადატვირთვისას მართვის სადავეებს შეუმჩნევლად სწორედ ავტომატური სისტემა იღებს. ეს ლიდერის ნაკლი კი არა, ტვინის მიერ ენერგიის დაზოგვის ბუნებრივი მექანიზმია.

თანამედროვე სამუშაო გარემო ლიდერის გონებას მუდმივად ტვირთავს: შეტყობინებები, შეხვედრები თუ მონაცემთა უწყვეტი ნაკადი ყურადღებას გამუდმებით იტაცებს. შედეგად, ძლიერი ხელმძღვანელებიც კი გააზრებული მოქმედებიდან იმპულსურ რეაგირებაზე გადადიან. მიზეზი ინტელექტის ან ამბიციის ნაკლებობა კი არა, გარემოსა და განზრახვებს შორის აცდენაა.

წარმატებული ლიდერები კი ამას კარგად აცნობიერებენ – მხოლოდ მოტივაციაზე დაყრდნობის ნაცვლად, ისინი თავად გადაწყვეტილების მიღების პროცესს ცვლიან.

მთავარი შეცდომა, რომელსაც ლიდერები ქცევითი ცვლილებებისას უშვებენ

ქცევის შეცვლის მცდელობები პროგნოზირებადი მიზეზებით მარცხდება. ჯერ ერთი, ლიდერები გაცნობიერების ძალას გადააფასებენ ხოლმე – იცოდე, რა არის სწორი, არ ნიშნავს, რომ ამას სტრესის დროსაც თანმიმდევრულად გააკეთებ.

მეორეც, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ გონებრივ დატვირთვას: მუდმივი ყურადღების გადართვა, სწრაფი მსჯელობა და ემოციების მართვა ტვინს ენერგიას აცლის და ღრმა აზროვნების უნარს აქვეითებს.

დაბოლოს, ცვლილებებისთვის ისინი სტრუქტურის ნაცვლად ნებისყოფას ეყრდნობიან. ხანგრძლივი ქცევითი ცვლილება არა ძალისხმევის ინტენსივობაზე, არამედ სწორად დაპროექტებულ გარემოზეა დამოკიდებული.

სამი პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც რეალურად ამართლებს

1. ამოიცანით, სად ირღვევა თქვენი განზრახვები სისტემატურად

ლიდერების უმრავლესობამ იცის, რისი შეცვლა სურს, მთავარი გამოწვევა კი იმ ზუსტი, პროგნოზირებადი მომენტების დაჭერაა, როდესაც სტრესის დროს ეს განზრახვები ირღვევა.

ეს შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობისას თავდაცვაზე გადასვლა, რთული საუბრების გადადება, სტრატეგიის ხარჯზე წვრილმანებზე გაფანტვა ან სულის მოუთქმელად სიჩქარეზე გადართვა. აქ მიზანი ზოგადი თვითგაუმჯობესება კი არა, წერტილოვანი სიზუსტეა.

იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ ზოგადად უკეთეს ლიდერად გახდომაზე, საკუთარ თავს ჰკითხეთ:

  • რა იწვევს ჩემში იმპულსურ რეაქციებს?
  • რომელ გადაწყვეტილებებს ვიღებ სისტემატურად ნაჩქარევად?
  • რა ქცევითი მოდელები იჩენს თავს გონებრივი გადაღლისას?

ქცევის შეცვლა სწორედ იმ მომენტების დაჭერით იწყება, როდესაც მართვის სადავეებს ავტომატური ჩვევები იღებენ.

2. შეამცირეთ ბარიერები წინასწარ, წნეხის დადგომამდე

ქაოსის შუაგულში ქცევის შეცვლა დაგვიანებულია – სტრესისას ტვინი ენერგიას ზოგავს და ავტომატურად ნაცნობ ჩვევებს უბრუნდება. ეფექტური ლიდერები ბარიერებს კრიტიკულ მომენტამდე ამცირებენ: იტოვებენ დროს ფიქრისთვის, იზღუდავენ ზედმეტ ინფორმაციას და ქმნიან მარტივ მექანიზმებს, რომლებიც იმპულსურ რეაქციებს ანელებს.

შეხვედრებს შორის პაუზა, წინასწარ გაწერილი ჩარჩოები თუ შეტყობინებების გათიშვა პროდუქტიულობის უბრალო "ხრიკები" კი არა, ქცევის სწორი დაპროექტებაა. საბოლოო ჯამში, სწორედ გარემო განსაზღვრავს მასში მიღებული გადაწყვეტილების ხარისხს.

3. ჩაანაცვლეთ მოტივაცია გარემოს დაპროექტებით

ლიდერები ხშირად ცდილობენ მეტი დისციპლინისა თუ გამძლეობის გამომუშავებას, თუმცა მხოლოდ ცვალებად მოტივაციაზე დაყრდნობა არ არის საკმარისი. ქცევა ბევრად მდგრადი ხდება მაშინ, როდესაც სასურველ ნაბიჯს თავად გარემო უწყობს ხელს.

სწორედ ესაა "არჩევანის არქიტექტურის" (რიჩარდ თალერისა და კას სანშტაინის წიგნიდან "Nudge") მთავარი იდეა: არჩევანის სტრუქტურის მცირე ცვლილებაც კი საიმედოდ ცვლის ადამიანის ქცევას. გარემოს მცირე მინიშნებები და სტრუქტურული კორექტირება გაუაზრებელ, ავტომატურ ჩვევებს ჭრის და სწორი გადაწყვეტილებების მდგრადობას უზრუნველყოფს.

მაგალითად:

  • თუ სტრატეგიული აზროვნება თქვენთვის ღირებულია, გამოყავით და მტკიცედ დაიცავით მისთვის განკუთვნილი დრო.
  • თუ მოსმენის უნარის დახვეწა გსურთ, შექმენით შეხვედრების ისეთი ფორმატი, რომელიც საპასუხო რეაქციებს ოდნავ შეანელებს და დაფიქრების საშუალებას მოგცემთ.
  • თუ საქმეთა დელეგირება პრიორიტეტია, გარდაქმენით დასტურის გაცემის ის პროცესები, რომლებიც თქვენს ზედმეტ და არასაჭირო ჩართულობას კვებავს.
  • თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, გააუქმეთ ბარიერები ჩანაფიქრსა და ქმედებას შორის, ნაცვლად იმისა, რომ დაქანცულ მდგომარეობაში დღის მიწურულს მხოლოდ ნებისყოფის იმედად დარჩეთ.

მთავარი მიზანი სრულყოფილება როდია: მთავარი სტაბილური თანმიმდევრულობაა. დროთა განმავლობაში ეს მცირე ცვლილებები გროვდება და უზარმაზარ ეფექტს ქმნის. შედეგად, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ დაძაბულ ძალისხმევაზე – ის უკვე სწორად აგებულ სტრუქტურას ეყრდნობა.

თვითდისციპლინიდან თვითდაპროექტებამდე

ლიდერობაზე მსჯელობისას ხშირად ახსენებენ აზროვნების ტიპს, ნებისყოფასა თუ პასუხისმგებლობას. ეს თვისებები მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი ვერ ხსნის ქცევის ცვლილების, ან ამ ცვლილების მარცხის სრულ სურათს. ინტელექტი და კეთილი განზრახვა იშვიათადაა შემზღუდავი ფაქტორი; საბოლოო შედეგს თითქმის ყოველთვის გადაწყვეტილების მიღების გარემო განსაზღვრავს.

საუკეთესო ლიდერები აუცილებლად ყველაზე დისციპლინირებული როდი არიან: ისინი არიან ის ადამიანები, ვინც მზადაა, თვალი გაუსწოროს საკუთარ ავტომატურ ჩვევებს და მათ ირგვლივ არსებული სისტემები გარდაქმნას. რადგან ნამდვილი ქცევითი ცვლილება საკუთარი თავის იძულებითა და "სხვაგვარად აზროვნებით" თითქმის არასდროს იწყება.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი