ReAnimate – ადგილი, სადაც ტექნოლოგია, ხელოვნება და კულტურა ერთიანდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩემი მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ხელოვნება, ტექნოლოგია და კულტურა გაერთიანდებოდა, როგორც ერთი მთლიანი გამოცდილება. როდესაც ეს საქმე დავიწყე, მაშინ არ არსებობდა ადგილი, სადაც სტუმარს შეეძლო, AI-ით შექმნილ სამყაროში ემოგზაურა, ინტერაქტიული ექსპოზიციები გამოეცადა და ხელოვნება თანამედროვე, სრულიად ახალ ფორმატში დაენახა", – გიგი ცეცხლაძე, ReAnimate-ის დამფუძნებელი.

გიგი აღნიშნავს, რომ ამ ინოვაციურმა პროექტმა ერთდროულად რამდენიმე პრობლემა გადაჭრა. ახალი და საინტერესო ფორმატით ახალგაზრდების ინტერესი ხელოვნების მიმართ გაიზარდა.

"ტრადიციული ექსპოზიციების მონოტონურობა პრობლემა იყო, ჩვენ კი AI ტექნოლოგიებით ტრადიციული ვიზუალები გავაცოცხლეთ და საზოგადოებას სრულიად სხვა სახით დავანახვეთ.

თითქმის 1 წლის უკან, სანამ პროექტის შექმნას დავიწყებდი, ვაპირებდი, სტანდარტული გზა ამერჩია, მაგრამ უეცრად აზრი შევიცვალე. თითქოს დავინახე იმის შესაძლებლობა, რომ შეგვეძლო, პირველები გავმხდარიყავით საქართველოში, ვინც AI ტექნოლოგიებით ასეთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებდა.

მიზანი იყო, ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ვიზუალები შემომეტანა. დღეს კი Holoseum-ის დიდ სივრცეში ყველაზე დიდი AI პროექტი შეგიძლიათ ნახოთ.

საქართველოში არ არსებობდა მაგალითი, რომელიც მითითებას მოგვცემდა, რადგან მაშინ AI ტექნოლოგიები განვითარებული არ იყო. როდესაც ქმნი ისეთ რამეს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია, ეს უკვე ნიშნავს, რომ გარკვეულწილად რისკსა და პასუხისმგებლობას იღებ".

გიგი იხსენებს, რომ მთავარი გამოწვევა ხარისხი და სიზუსტე იყო, რადგან გამოსახულება 8k-ში უნდა ყოფილიყო, რაც იმ დროს შეუძლებელი იყო. მაგრამ ReAnimate-მა შეძლო ვიზუალები უმაღლეს ხარისხში წარმოეჩინა.

"ყველაფერი დროულად ავაწყვეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაზეც პირველმა ვიზიტორებმა თქვეს: "ასეთი სილამაზე საქართველოში არასდროს მინახავს". ამ სიტყვების გაგონება ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო.

შთაგონებას ზუსტად ის შთაბეჭდილება მაძლევს, რომელიც ადამიანების თვალებში ჩანს; როდესაც ბავშვი პირველად ხედავს AI-ის სამყაროს და სიხარულისგან აქეთ-იქით დარბის; როდესაც მშობლები ხედავენ, რომ მათი შვილები ხელოვნებით ინტერესდებიან; როდესაც ტურისტი ამბობს, რომ საქართველოში ასეთი ადგილის ნახვას არ ელოდა. ეს ყველაფერი მაძლევს ენერგიას, რომ შემდგომი პროექტები კიდევ უფრო შთამბეჭდავად განვახორციელო".

გიგი ამბობს, რომ შემდეგი წელი გაფართოების იქნება. ReAnimate-ის მიზანია, დაამტკიცოს, რომ ქართული AI კრეატივი მსოფლიო სტანდარტებს არ ჩამოუვარდება.

"პირველ რიგში ახალ AI გამოფენას დავიწყებთ, რომელიც უფრო კომპლექსური და სანახაობრივი იქნება. ასევე, ვაპირებ ინტერაქტიული ტექნოლოგიების შერწყმას ხელოვნურ ინტელექტთან, როგორიცაა AR, VR, მოძრაობის სენსორები, volumetric კონტენტი. ასევე, ვფიქრობ, შევქმნათ დამწყები კრეატორების მხარდამჭერი პლატფორმა, სადაც ტალანტებს განვითარების შანსი ექნებათ.

დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გზას მარტო ვერ გავივლიდი. ყველა წარმატებული პროექტის უკან გუნდი დგას. და ამ გზაზე ჩემი ყველაზე ძლიერი საყრდენი ჩემი ძმა, ლუკა ცეცხლაძე იყო. ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ გვერდით მედგა, არამედ მთელი გულითა და სულით იყო ჩართული პროცესში. ასევე, ჩემი მეგობარი ლევან მაჭავარიანი, რომელმაც თავისი დრო და უნარები ჩვენი პროექტების განვითარებას მოახმარა.

საბოლოოდ მინდა ერთი რამ ვთქვა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახლა იწყებს საქმეს. მხოლოდ ოცნება არ არის საკმარი, მაგრამ საქმეს არც ფული, არც კავშირები და არც იდეები ჰყოფნის, თუ არ გაქვს რწმენა ღმერთის და საკუთარი თავის! სულ ვამბობ, ყველა სიტუაციაში, პირველ რიგში, საჭიროა რწმენა, შემდეგ კი მოქმედება".