რებრენდინგის შემდეგ "ევექსმა" პირველადი ჯანდაცვის ახალი კონცეფცია წარადგინა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილმა მიმწოდებელმა, "ევექსმა", მასშტაბური რებრენდინგი განახორციელა. განახლება მოიცავს როგორც ვიზუალურ, ასევე კონცეპტუალურ ცვლილებებს, რაც სრულიად ახალ მიდგომას ნერგავს პირველად ჯანდაცვაში.
"ევექსის" ახალი კონცეფცია სცდება მხოლოდ დაავადებების მკურნალობასა და სიმპტომების მართვას – ის ეფუძნება პრევენციულ მედიცინას და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ჯანდაცვის სისტემაში.
ახალ კონცეფციაზე, პროგრამებსა და ინიციატივებზე Entrepreneur "ევექსის" დირექტორს, გოგა გორდაძეს ესაუბრა:
"ჩვენი რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური იდენტობის შეცვლას არ გულისხმობს. პირველად ჯანდაცვაში დღეს უამრავი გამოწვევაა და ჩვენ გვსურდა, სწორედ ამ გამოწვევებისთვის გვეპასუხა. გვინდა, რომ პირველადი ჯანდაცვა გავაძლიეროთ. დღეს ადამიანები მხოლოდ წერტილოვანი ჩივილებით მოგვმართავენ, თუმცა ჩვენი რწმენაა, რომ პირველადი ჯანდაცვა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს – გახდეს პრევენციული. ჰოლისტურად ვუყურებთ საკითხს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ხედვაში გამოგვყვებიან მომხმარებლები. გვინდა, შევქმნათ ამის შესაძლებლობა ჩვენი კლინიკებისა და პარტნიორების მეშვეობით, რათა პირველადი ჯანდაცვა საქართველოში მეტად პრევენციული, კომპლექსური და სისტემური გახდეს. გვსურს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამაში აქტიურად აგვყვება ჩვენი მომხმარებელი."
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროში ჰოლისტური მიდგომით მუშაობას საინტერესო სიახლეებით აგრძელებს, რაც პრევენციულ მედიცინასა და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას ემყარება. ამ მიმართულებით უკვე დაინერგა ე.წ. Health Coach-ის ინოვაციური პროგრამა, რომელიც ხორციელდება UK & International Health Coaching Association-სთან თანამშრომლობით.
Health Coaching არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისციპლინა, რომლის მთავარი მიზანი ჰოლისტური მიდგომით ადამიანის საერთო ჯანმრთელობის მხარდაჭერაა. ოჯახის ექიმი/Health Coach პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ეხმარება მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვასა და მიღწევაში.
გოგა გორდაძე:
"Health Coach არის ქართული ბაზრისთვის უნიკალური პროდუქტი, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 19 თებერვლიდან "ევექსის" თბილისის ყველა კლინიკაში. ამ პროგრამაზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით. ვიმუშავეთ კოლაბორაციულად UK & International Health Coaching Association-სთან. მათთან 7-თვიანი გადამზადების პროგრამა გაიარეს ჩვენმა ოჯახის ექიმებმა. გადავეცით სერტიფიკატები და ახლა ისინი უკვე სერტიფიცირებული სპეციალისტები არიან – ჯანმრთელობის ქოუჩები."
როგორც გოგა გორდაძე Entrepreneur-თან საუბრისას განმარტავს, Health Coach-ები არიან ოჯახის ექიმები, რომლებსაც აქვთ დამატებითი უნარები – გავლილი აქვთ ე.წ. ლაიფსთაილ მედიცინის კურსი. ეს კომპლექსურად გულისხმობს, რომ პაციენტებს Health Coach-ები გაუწევენ ერთგვარ მეგზურობას, რათა შეიძინონ საკუთარ ჯანმრთელობაზე პრევენციული ზრუნვის უნარ-ჩვევები; მეტად აიმაღლონ ცნობიერება, მიეჩვიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, დაისახონ ჯანმრთელობასა და გაჯანსაღებასთან დაკავშირებული მიზნები და აქტიურად იზრუნონ საკუთარ თავზე.
დღესდღეობით, მედიცინა მუდმივად ვითარდება და იცვლება. თანამედროვე ცხოვრების სტილის ცვლილებები, პაციენტების მოთხოვნილებები და მსოფლიოს განვითარების ტემპი ახალ მიდგომებს ქმნის ჯანდაცვის სფეროში. ამ ყველაფრის ფონზე, ჯანმრთელობის მართვის პროცესში ახალი პრაქტიკები ინერგება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ექიმებისა და პაციენტების ურთიერთობაზე, ისე მთლიანად ჯანდაცვის სისტემაზე. როგორც გოგა გორდაძე აღნიშნავს, ჯანდაცვაც უნდა ერგებოდეს განვითარების ამ დინამიკას. სწორედ სიახლეების დანერგვას ითვალისწინებს "ევექსის" ახალი კონცეფციაც.
გოგა გორდაძე:
"თანამედროვე ადამიანი მუდმივად აჩქარებულია – მას ბევრი საქმე აქვს, ცდილობს სწრაფი ცხოვრების რიტმს ფეხი აუწყოს, რაც, ბუნებრივია, აისახება როგორც მის მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამასთან ერთად, ჯანდაცვასთან დაკავშირებული მიდგომებიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე ექიმი ნიშნავდა მკურნალობას, რომლის შესრულებაც პაციენტის პასუხისმგებლობა იყო. დღეს კი ჯანდაცვის საერთაშორისო პრაქტიკაში გაჩნდნენ Health Coach-ები, ნუტრიციოლოგები და სხვა სპეციალისტები, რომლებიც პაციენტთან თანამშრომლობით, კომპლექსურად უდგებიან ჯანმრთელობაზე ზრუნვას. "ევექსი" საერთაშორისო გამოცდილებას ითვალისწინებს, თუმცა ვცდილობთ, კიდევ უფრო უნიკალური მიდგომა დავნერგოთ. მაგალითად, ჩვენ ოჯახის ექიმებისა და Health Coach-ების კომპეტენცია გავაერთიანეთ და მათი როლი უფრო გავაძლიერეთ. ამ სპეციალისტებს აქვთ კლინიკური სამედიცინო ბექგრაუნდი და აკადემიური ცოდნა, რომელზეც დაყრდნობით ავითარებენ თანამედროვე Health Coaching პრაქტიკას."
"ევექსის" ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ტექნოლოგიური განვითარებაა. ციფრული პლატფორმა EKimo მომხმარებლებს სთავაზობს სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას. კომპანიის ხედვაში ასევე გათვალისწინებულია დისტანციური კონსულტაციების სერვისის განვითარება, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს, პროფესიონალური სამედიცინო რჩევები სახლიდან გაუსვლელად მიიღონ.
გოგა გორდაძე:
"ტექნოლოგიების როლი ჯანდაცვაში წლიდან წლამდე იზრდება. მათი საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც სამედიცინო სერვისებზე წვდომა დროში გაწელილია, ან სხვადასხვა გარემოების გამო გართულებულია. ამის მაგალითი იყო პანდემია, როდესაც ჯანდაცვის სერვისებზე ფიზიკური წვდომა გართულდა და ციფრულმა ტექნოლოგიებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. ჩვენი ციფრული პლატფორმა Ekimo ექიმსა და პაციენტს შორის ციფრული ასისტენტის ფუნქციას ითავსებს. მისი მეშვეობით პაციენტს შეუძლია დისტანციურად დაჯავშნოს სერვისები, განაგრძოს კომუნიკაცია ექიმთან ისე, რომ ყოველ ჯერზე ვიზიტი არ დასჭირდეს. პლატფორმაში თავმოყრილია მისი კვლევების შედეგები და ანალიზების პასუხები, რაც იძლევა პაციენტის ანამნეზისა და ისტორიის ერთიან სურათს და საჭიროების შემთხვევაში, მისი სხვა სპეციალისტებთან გაზიარებაც შესაძლებელია."
როგორც "ევექსის" დირექტორი, გოგა გორდაძე ამბობს, მალე EKimo-ში ხელოვნური ინტელექტის დამატებითი ფუნქციებიც ინტეგრირდება, რაც კომუნიკაციის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს, დააჩქარებს და ეფექტიანს გახდის.
"ევექსის" რებრენდინგის ფარგლებში შეიცვალა ლოიალურობის პროგრამაც, რომელიც ახლა კლუბის სახით არის წარმოდგენილი. ეს ცვლილება სრულად ასახავს კომპანიის განახლებულ ჰოლისტურ მიდგომას, რომელიც ჯანმრთელობის პრევენციასა და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას ემყარება.
როგორც გოგა გორდაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, ეს სიახლე ლოიალურობის პროგრამას კიდევ უფრო მასშტაბურს და მრავალმხრივს ხდის. კლუბში გაწევრიანებული პაციენტებისთვის გაიზარდა ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სერვისზე, როგორც "ევექსის" ფარგლებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ისინი შეძლებენ ისარგებლონ ნუტრიციოლოგების კონსულტაციებით, ჯანსაღი კვების ობიექტების, გამაჯანსაღებელი ცენტრებისა და სპორტული კომპლექსების სერვისებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას.
"ჩვენთვის, როგორც ჯანდაცვის პროვაიდერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ. სწორედ ამიტომ, დაგეგმილია სემინარები, ვორქშოპები და სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამა უკვე წლებია დანერგილია კომპანიის შიდა სისტემაში – კორპორატიული კეთილდღეობის პროგრამის ფარგლებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ეფექტიანი პრაქტიკა უნდა დავნერგოთ ჩვენს თანამშრომლებში, რათა შემდეგ ეს გამოცდილება საზოგადოებაშიც გადავიტანოთ," – ამბობს გოგა გორდაძე.
"ევექსმა" საინტერესო ინიციატივა წარადგინა კორპორატიული პროგრამების მიმართულებით. ის ორგანიზაციებსა და კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რაც მოიცავს სპეციალურ სამედიცინო პაკეტებსა და ფასდაკლებებს. ამასთან ერთად, ამოქმედდება ინიციატივა "ერთი თავისუფალი დღე ჯანმრთელობისთვის", რაც თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ კეთილდღეობას.
გოგა გორდაძე:
"ადამიანები ხშირად თავს იკავებენ გეგმიური გამოკვლევებისა და სკრინინგებისგან, რადგან ეს დიდ დროს მოითხოვს. თუმცა, პრევენციული გამოკვლევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ეს სერვისები მაქსიმალურად გამარტივებული და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც დროის, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ამასთან, მივმართეთ კომპანიებს ინიციატივით, რომ თანამშრომლებისთვის გამოყონ ერთი დამატებითი დასვენების დღე, რომელიც პრევენციული ჯანმრთელობისთვის იქნება განკუთვნილი. ორგანიზაციების სურვილის შემთხვევაში, ჩვენთან შესაძლებელია მემორანდუმის გაფორმება. თანამშრომელი, რომელიც ამ ინიციატივის ფარგლებში ჯანმრთელობას შეიმოწმებს, მიიღებს ცნობას, რომ მან ერთი სამუშაო დღე "ევექსში" ჯანდაცვის სერვისების მიღებას დაუთმო.
კომპანიებს, რომლებიც ამ ინიციატივას შეუერთდებიან, ვპირდებით, რომ მათ თანამშრომლებს სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებები და გამარტივებული ხელმისაწვდომობა ექნებათ."
კომპანია საინტერესო მიმართულებით განაგრძობს ბრენდინგისა და კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარებას. რებრენდინგის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდისთვის "ევექსმა" წამოიწყო ახალი კრეატიული კამპანია – "1001 მიზეზი, რატომ უნდა იცხოვრო დიდხანს".
კამპანია მოიცავს მრავალფეროვან საკომუნიკაციო საშუალებებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.
გოგა გორდაძე:
"ჩვენ გვაქვს მარტივი საკომუნიკაციო გზავნილი: "თავს მოუარე." ეს შესაძლოა მარტივად ჟღერდეს, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებას ეხება. "1001 მიზეზი, რატომ უნდა იყო კარგად" ამ საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია. ცხადია, ეს რიტორიკულად არის ნათქვამი, რადგან ბევრად მეტი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა იყოს ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტული. კამპანიის ფარგლებში შეიქმნება პლატფორმა, სადაც ჩამოთვლილი იქნება ეს მიზეზები და ადამიანებს გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, ეს პლატფორმა იქნება ინტერაქციული, რაც მომხმარებლებს თავიანთ მიზეზების დამატების შესაძლებლობასაც მისცემს. ამ კამპანიის მიზანი ცნობადობის ამაღლება და ყურადღების მიქცევაა და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მას მარათონის სახე მიეცემა და ბევრი ადამიანი აქტიურად ჩაერთვება. გვინდა, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ გზავნილი, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უნდა გადადონ, რადგან ჯანმრთელობიდან იწყება ყველაფერი და ჩვენი ცხოვრების ყოველი ასპექტი სწორედ ჯანმრთელობის ხარისხით არის განპირობებული."
როცა პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და პრევენციული მიდგომების დანერგვას ეხება, პაციენტების ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა ექიმებთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ეფექტიანი მიდგომების დასადგენად "ევექსმა" სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარა, მათ შორის მარათონები, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
გოგა გორდაძე:
"ახლახან გვქონდა მარათონი, სადაც დაინტეგრირდა Health Coach-ის პრაქტიკა. ამ მარათონის ფარგლებში 15-მა Health Coach-მა იმუშავა 15 პაციენტთან, რომლებიც ჩვენი თანამშრომლები არიან. მათ დაისახეს გარკვეული მიზნები, რის მიღწევაც სურდათ. როდესაც მარათონის შედეგები განვიხილეთ, სასიამოვნო სურათი ვიხილეთ. არამხოლოდ პაციენტი ჩაერთო ამ პროგრამაში და დასახული მიზნების განხორციელების პროცესში, არამედ მისი ოჯახის წევრებიც. შეიცვალა ცნობიერება და მიდგომა და ეს მიდგომა გავრცელდა მის გარშემომყოფებზე. ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები, ასე ვთქვათ, გადამდებია. ცხადია, საიდანღაც უნდა დაიწყოს ეს ცვლილებები და შემდეგ განვითარდეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლება და ამას ჩვენი მხრიდან არაერთი პროგრამით შევუწყობთ ხელს."
პრევენციული მედიცინის განვითარება "ევექსის" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. როგორც გოგა გირდაძე აღნიშნავს, ამ მიმართულებით მუშაობა მთლიან ჯანდაცვის სისტემაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. როგორც გოგა გორდაძე განმარტავს, "ევექსის" ახალი მიდგომა გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე, როგორც კერძო კომოანიების დაზღვეულებზე, ასევე სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულებზე.
"ჩვენ სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ დაახლოებით სამასი ათას პაციენტს ვემსახურებით და ასევე ვართ პროვაიდერი ყველა კერძო სადაზღვევოსთვის. შესაბამისად, გვაქვს პარტნიორობა როგორც სახელმწიფოსთან, ასევე კერძო კომპანიებთან. მნიშვნელოვანია, რომ წამოვიდეს ინიციატივები, კომპლექსურად განვითარდეს ჯანდაცვის სისტემა. პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადდ ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის. პირველ რიგში, იმიტომ რომ ავადობის პრევენცია ხდება და აქედან გამომდინარე, ხარჯებიც მნიშვნელოვნად მცირდება. თუ პაციენტი პრევენციულ სერვისებს მიმართავს აქტიურად, მას ნაკლებად ურთულდება მდგომარეობა და სტატისტიკურად ნაკლებ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, შესაბამისად, სახელმწიფო დანახარჯი ნაკლებია. ამიტომ ვიმედოვნებ, პირველადი ჯანდაცვის ნაწილში ჩვენს ინიციატივას ექნება მხარდაჭერა როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სადაზღვევო სექტორის მხრიდან."