Get All Access for $5/mo

Reckless-ი ინვესტიციის მოზიდვის ეტაპზეა - რა გეგმები აქვს ქართულ ბრენდს საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Reckless − სწორედ ასე ჰქვია ქართულ ბრენდს, რომელიც სალომე გველესიანმა ახალბედა დიზაინერებთან ერთად შექმნა და მას შემდეგ ცდილობს, გახდეს ის პლატფორმა, სადაც მოზარდები საკუთარი თავის სრულად გამოხატვას შეძლებენ. ბრენდი შვილს − ნიკა ჯორჯაძეს ეძღვნება. სწორედ ნიკას თანატოლები ქმნიან Reckless-ს, რომელიც თავისუფალი, ენერგიული, შემოქმედებითი და პროგრესული ახალგაზრდების სულისკვეთებას გამოხატავს. Reckless-ის საშუალებით, მოზარდები მათი გემოვნების შესაბამის სამოსს არჩევენ, რომლითაც ყველაზე უკეთ გადმოსცემენ საკუთარ თანამედროვე მისწრაფებებსა და ენერგიას.

ბრენდზე მუშაობა პირველად სამი წლის წინ დაიწყეს, როდესაც სალომეს მეგობარმა უბიძგა, ტრაგიკული ამბისგან გაჩენილი უშრეტი ენერგია შემოქმედებითობაში გადაეტანა. "დამაინტერესა თინეიჯერების გარდატეხის ასაკმა და ხასიათმა − ჩემს ფოკუსში მოექცა და მივხვდი, უამრავი რამ აქვთ სათქმელი. მსურდა, მომეფიქრებინა ისეთი მეთოდი, რომლითაც მოზარდობაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ადამიანის ცხოვრებაში, ხმამაღლა საუბარს დავიწყებდით და მოზარდებს თვითგამოხატვის საშუალებას მივცემდით. ნიკას როლი ბრენდის მშენებლობაში უდიდესია, თუმცა, ყოველთვის რადიკალურად ვერიდები ამ ამბის ხაზგასმას. ზოგადად, ტრავმის კომერციალიზაცია ძალიან დაბალ დონედ მიმაჩნია. "რექლესი" დღეს მუშაობს იმ ადამიანებისთვის, ვინც ქმნის ბრენდს, და იმ მოზარდებისთვის, ვინც ჩვენს კოლექციას ყოველთვის განსაკუთრებით ელოდება", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს სალომე გველესიანი.

ფოტოები: ნატა სოფრომაძე, მასუ მწარიაშვილი

დღესდღეობით, Reckless-ის სამოსის დიზაინს ახალბედა დიზაინერები − ანკა ქოიავა, ლიზა ყაჯრიშვილი და მასუ მწარიაშვილი ქმნიან. სალომემ ისინი თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლის დახმარებით იპოვა და მას შემდეგ საერთო ძალისხმევით აღწევენ ბრენდის მრავალფეროვნებას. როგორც "რექლესის" დამფუძნებელი აღნიშნავს, დიზაინერებს მკაფიო ხედვა, თავისუფალი აზროვნება და განსხვავებული გემოვნება აქვთ, შესაბამისად, დიზაინზე მუშაობა საინტერესო პროცესია დასაკვირვებლადაც.

ბრენდი ინსპირაციას მოზარდებთან ურთიერთობითა და მათზე დაკვირვებით იღებს. "რექლესის" გუნდი ხშირად კითხულობს სტატიებს, უყურებენ მოზარდებისთვის საინტერესო ფილმებს, უსმენენ თანამედროვე მუსიკას და სხვა. ეს ყველაფერი კი მათ ეხმარება, გამოძერწონ და იდეალური ფორმა მისცენ თითოეულ კოლექციას, რაც თანამედროვე ახალგაზრდებისთვის იქმნება. სწორედ იმიტომ, რომ ბრენდი ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს მოზარდთა ხედვას, "რექლესს" დღეს უამრავი მომხმარებელი ჰყავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიდი პოპულარობით სარგებლობს სასკოლო თარგები, ზოლიანი ბოლოები, ჯინსები და ე.წ. Statement მაისურები, რომელზეც კონკრეტული ტექსტებია გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ "რექლესმა" პირველი კოლექცია 3 წლის წინ გამოუშვა, ხშირად ამ კოლექციის დაბრუნებაც უწევთ, რადგან მომხმარებელთა მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

"მომხმარებლებს ყველაზე მეტად გულწრფელობა იზიდავთ. დღეს უამრავი ბრენდი ჩნდება და ქრება სამყაროში, და ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია ის ამბავი და უნიკალურობა, რომელიც ამა თუ იმ ბრენდის უკან დგას. სამოსი − ეს არ არის მხოლოდ ფორმა, არამედ თაობის სათქმელის გამომხატველი. თუმცა, გარდა ამის, ყველა ადამიანს დამატებით საკუთარი ინდივიდუალური სათქმელიც აქვს. ალბათ კიდევ მილიონი თემა არსებობს, რომელსაც ვერ ვეხებით და აუცილებლად უნდა მივაგნოთ სამომავლოდ. ჩემი სურვილია, "რექლესი" გადაიქცეს პლატფორმად, სადაც მოზარდებისთვის თვითგამოხატვის ყველა შესაძლებლობა იარსებებს − იქნება ეს მუსიკა, ფილმები თუ შემოქმედებითი სფეროს სხვა მიმართულებები. ნებისმიერი ფორმით, გვსურს, დავეხმაროთ მოზარდებს, თავიანთი სათქმელი ამოწიონ ზედაპირზე და ჩვენ ვიყოთ ამ პროცესში მთავარი ხელშემწყობები", − განმარტავს სალომე გველესიანი.

ქართული ბრენდი, შექმნიდან 3 წლისთავზე, უკვე მოექცა საერთაშორისო მოდის კრიტიკოსებისა და მედიის ყურადღების ცენტრში. იმისათვის, რომ "რექლესმა" განაგრძოს მსოფლიო მასშტაბით ბრენდის წარმოჩენა, საჭიროა სხვადასხვა შოურუმსა და გამოფენაში მონაწილეობის მიღება, კონკრეტული, მიზანმიმართული ნაბიჯები და შესაბამისი ფინანსური ხელშეწყობა. კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს − სურთ, ქართველი ახალგაზრდების სათქმელი მიაწოდონ მსოფლიოს და სამოსის მეშვეობით წარმოაჩინონ, რაზე ფიქრობენ ქართველი მოზარდები.

"თითოეული ჩვენი კოლექცია შეიძლება ჩაითვალოს დიდ წარმატებად, ვინაიდან ყველა განსხვავებულია და უნიკალურ ხედვას გამოხატავს. ზოგიერთი მათგანი ტაბუდადებულ თემებსაც კი ეხება, რაზეც შემდგომ მოზარდები ხმამაღლა იწყებენ საუბარს. თუმცა, ჯერ ყველა წარმატება წინ არის.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდი პანდემიის დროს ჩავუშვით, მეტწილად ონლაინგაყიდვებით შემოვიფარგლებოდით. ასშტაბის გასაზრდელად კონკრეტული მოქმედებებია განსახორციელებელიფიზიკურ შოურუმებში მონაწილეობა მოდის კვირეულების პარალელურად, PR-სააგენტოებთან კონტრაქტები და სხვა, რაზეც აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული. ჩვენი მიზანია, რომელიმე დიდ ქსელში გავყიდოთ ჩვენი სამოსი და უფრო მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, გამოხატონ საკუთარი თავი. ექსპანსია საწყის ეტაპზე 150 000 დოლარს მოითხოვს, სწორედ ამიტომ, აქტიურად ვეძებთ პარტნიორს, რომლისთვისაც საინტერესო იქნება გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ საერთაშორისო წარმატებამდე", − აღნიშნავს სალომე გველესიანი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ