Cyber Week Sale! 50% Off All Access

Retain - ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებლებისგან უკუკავშირის სწრაფად და ეფექტიანად მიღებაში დაგეხმარებათ ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმოიდგინეთ, რომ შეიძინეთ პროდუქტი ან მომსახურება და გსურთ, თქვენი უკუკავშირი, დადებითი ან უარყოფითი ემოცია გაუზიაროთ კომპანიას ისე, რომ დარწმუნებული იყოთ, თქვენი ხმა ნამდვილად მივა იქ, სადაც აინტერესებთ თქვენი შეხედულება. სწორედ ამ მიზნით, 2023 წელს კომპანია "რითეინი" შეიქმნა, რომელიც მომხმარებლის უკუკავშირის პირდაპირ სათავო ოფისში მიღების საშუალებაა. მისი დახმარებით, მომხმარებლის ხმა არ იკარგება დეპარტამენტებს შორის, არ ზიანდება კომპანიის იმიჯი და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვნად უმჯობესდება სხვადასხვა სერვისი თუ პროდუქტი.

"მომხმარებელს არ სჭირდება არაფრის გადმოწერა, ინსტალირება ან რეგისტრაცია, უბრალოდ ასკანერებს ჩვენს QR-კოდს ან ხსნის ჩვენს ლინკს, გადადის შეფასების გვერდზე, აკეთებს შეფასებას, წერს კომენტარს, სურვილის შემთხვევაში იღებს და აბამს ფოტოს და გზავნის. 10 წამში უკუკავშირი საქართველოს/მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიღებულია სათავო ოფისში. უკუკავშირი არ არის საჯარო, მას მხოლოდ კომპანია ხედავს ერთ სივრცეში თავის დეშბორდზე", − Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს ლევან ჯაბუა, "რითეინის" თანადამფუძნებელი და დირექტორი.

ანტრეპრენერი მიიჩნევს, რომ ისეთი კომპანიის დაარსება, რომელიც ახალ სერვისს ნერგავს ქვეყანაში, ყოველთვის გაბედულებას მოითხოვს. ლევან ჯაბუა აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე, ინიციატივის წარუმატებლობის შანსი 90%-მდეა. შესაბამისად, გარდა ფულისა და ენერგიისა, რომელიც, შესაძლოა, უშედეგოდ დაიხარჯოს, მნიშვნელოვანია ემოციური ნაწილის გააზრებაც. ფაქტმა, რომ გარკვეული საქმიანობა წამოიწყე და არ გამოგივიდა, შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს მთელ დარჩენილ ცხოვრებაზე. შესაბამისად, როგორც წესი, ყველა ადამიანი, ვინც რაიმე ახალს იწყებს, გაბედულ და თამამ ნაბიჯებს უნდა დგამდეს.

"როცა ინოვაციურ პროდუქტს ქმნი, ძალიან ბევრი საკითხი გაქვს, რომელიც გაურკვევლობით და განუსაზღვრელობითაა სავსე. მაგალითად, ვფიქრობდით თუ როგორ მიიღებდნენ და დანერგავდნენ კომპანიები ჩვენს პროდუქტს მომხმარებელთა უკუკავშირის მისაღებად. გვანერვიულებდა საკითხი, თუ როგორ გამოიყენებდნენ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მომხმარებლები "რითეინს", დაასკანერებდნენ თუ არა კოდს, რომელი ფორმის QR-კოდის დიზაინი იქნებოდა ყველაზე შესამჩნევი და ა.შ. გაბედულება სწორედ ამაშია, რომ დგამ ნაბიჯებს და მხოლოდ მოსაზრებები გაქვს შედეგის შესახებ. არაფერია გარანტირებული", − აღნიშნავს ლევან ჯაბუა.

"რითეინის" თანადამფუძნებლის შეხედულებით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ პრობლემაში ახალ შესაძლებლობას ხედავს, აქვს საკმარისი სიჯიუტე, ბოლომდე დაიხარჯოს იმისათვის, რისიც სჯერა. ანტრეპრენერისთვის მნიშვნელოვანია მოგზაურობა და არა ის ადგილი, სადაც მიდის.

"სტარტაპის დაწყება ბევრ შინაგან და გარეგან წინააღმდეგობასთან და შიშთანაა დაკავშირებული. როცა ნელ-ნელა გადალახავ ამას, დაიწყებ, აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს და გჯერა, მიგაჩნია, რომ სასარგებლოა, ნელ-ნელა იზრდება, შედეგები უმჯობესდება, ეს შეუდარებელი გრძნობაა. მცირე პროგრესიც კი უკვე გაძლევს შინაგან ძალას იმისათვის, რათა გაუმკლავდე იმ უამრავ გამოწვევასა და არასტაბილურობას, რომელიც სტარტაპის შექმნას ახლავს.

გჯერა, რომ შენი იდეა სასარგებლოა, ბევრი ადამიანის პრობლემას გადაჭრის? დაიწყე ახლავე, რადგან სწორი დრო არასდროს დადგება, 100%-ით მზად არასდროს იქნები. ასევე, მზად იყავი, რომ შესაძლოა არ გამოვიდეს, შესაძლოა ცდებოდით, მაგრამ მიღებულ გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, სულ მცირე, არ იდარდებთ, რომ არ სცადეთ", − აღნიშნავს რესპონდენტი.

"რითეინის" პირველი QR-კოდები ფილიალებში მიმდინარე წლის მაისიდან გამოჩნდა. დღეს კი უკვე კომპანია, საქართველოს 150 კომპანიის 1,600-ზე მეტ ფილიალშია განთავსებული. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2024 წლისთვის "რითეინის" გუნდი პროდუქტის მუდმივი განვითარებისთვის აქტიურად იმუშავებს. ამასთან, იგეგმება კომპანიის საზღვარგარეთაც გაფართოება და შუა აზიის, ავსტრალიისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ბაზრებზე გასვლა. აღსანიშნავია, რომ "რითეინს" უკვე ჰყავს გაყიდვების წარმომადგენლები საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც კომპანიის ინტერნაციონალიზაციისთვის აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ.

"გვინდა, ღვინის ყველა ბოთლს, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გავა, ჰქონდეს ჩვენი QR-კოდი. წარმოიდგინეთ, ქართველი მეღვინე, რომელიც ცხოვრობს კახეთში ან იმერეთში, ან სხვა რეგიონში, ყიდის ღვინოს საზღვარგარეთ. ახლა თითქმის შეუძლებელია საბოლოო მომხმარებელთან კომუნიკაცია, მისგან უკუკავშირის მიღება. ჩვენი QR-კოდების საშუალებით ადამიანები მთელი მსოფლიოდან შეძლებენ 10 წამში დაუკავშირდნენ პირდაპირ მეღვინეს, გაუზიარონ უკუკავშირი, წაიკითხონ მეტი ამ ღვინისა და მეღვინის შესახებ, ან უბრალოდ, პირდაპირ შეუკვეთონ ღვინო. როგორც ქართული ღვინოა პირველი, გვინდა მეღვინესთან პირდაპირი კავშირიც იყოს ქართული ინოვაცია. ამ მიმართულებით ახლა ვაქტიურდებით, უკვე გვყავს რამდენიმე პარტნიორი მეღვინე, რომელთა ნაწარმზეც განვათავსეთ QR-კოდები", − აღნიშნავს ანტრეპრენერი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.