Rezto – რესტორნის რეზერვაციების და წინასწარ შეკვეთების პლატფორმა სადაც საჭმლისთვის ლოდინი არ გჭირდებათ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს სამყარო აჩქარებულია, მაგრამ ერთადერთი, რაც გვაყოვნებს, რესტორანში შეკვეთილი საჭმლისთვის ლოდინია, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება ხოლმე. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება რესტორნის სტუმრებისთვის Rezto – რეზერვაციებისა და წინასწარ შეკვეთების პლატფორმა, რომელიც სრულიად აქრობს საჭმლის ლოდინის დროს.
კომპანიის დამფუძნებლის, დავით წიკლაურის თქმით, იდეა ცუდი პირადი გამოცდილებიდან გაჩნდა.
"მთელი ჩვენი გუნდი რესტორნების ხშირი სტუმრები ვართ, ამიტომ Rezto-ს შექმნა არ იყო ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილება, ეს იყო ჩვენი პრობლემის მოგვარების სურვილი.
ჩვენს შემთხვევაში და როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოშიც, ყველაზე დიდ უკმაყოფილებას რესტორანში სწორედ მშიერზე შეკვეთისთვის ლოდინი იწვევს. ჩვენი მიზანი იყო, სრულიად გაგვექრო მშიერზე ლოდინის დრო. თუმცა ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, მათ შორის უდიდესი გამოწვევა იყო მოძველებული სარესტორნო ჩვევების დაძლევა. ვუპირისპირდებოდით იმ პროცესებს, სადაც ჯავშანს ძირითადად ფურცელზე ინიშნავდნენ (რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიტუაციაში, საქართველოს ნაკრების თამაშის დროს, დაკარგეს და უკან გამოგვიშვეს).
რეზერვაციის პრობლემას თუ მსოფლიო გამოცდილებით აგვარებენ რესტორნები, საჭმლის ლოდინის დრო მაინც დიდ პრობლემად რჩებოდა – გადაუჭრელად გვეჩვენებოდა, როგორ უნდა დალაგებულიყო პროცესები ისე, რომ რესტორანში მისვლისას კერძი მზად დაგვხვედროდა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლანჩის დროს ან გადატვირთული საღამოს შემთხვევებში.
დაგვჭირდა დიდი ძალისხმევა არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნის მიმართულებით, არამედ რესტორნის მოძველებული შიდა ოპერაციების ტრანსფორმაციის კუთხით. შედეგად ჩვენ პლატფორმაზე გაერთიანდა 50-მდე წამყვანი რესტორნის ციფრულად დაჯავშნის შესაძლებლობა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ჩვენს გუნდთან, შეფებსა და გლობალურ სარესტორნო ბრენდებთან მჭიდრო თანამშრომლობით შევქმენით მექანიზმი, რომელიც შეკვეთას წინასწარ რიგში აყენებს და ამზადებს მომხმარებლის მისვლისთვის", – ამბობს დავით წიკლაური.
"ამ ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ შევძელით, საჭმლის ლოდინის დრო სრულიად გაგვექრო. მომხმარებლის მხრიდან მაგიდის დაჯავშნის შემდეგ, მხოლოდ წინასწარ შეკვეთაა საკმარისი, არანაირი დამატებითი გადასახადი ან დამატებითი ქმედება არაა საჭირო", – ამბობს ის.
დავით წიკლაური აღნიშნავს, რომ გუნდისთვის მთავარი ინსპირაცია მომხმარებლების კომფორტია, ხოლო მოტივაციის წყარო კი ის ფაქტი, რომ შექმნეს პლატფორმა, რომელიც მათივე პრობლემის მოგვარების სურვილით დაიწყო და ახლა ათიათასობით ადამიანს უმარტივებს ცხოვრებას.
"ყველაზე დიდი ინსპირაცია კი არის ის, რომ პლატფორმა Rezto რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და უკვე ყოველთვიურად 20 000 მომხმარებლამდე ითვლის. მიხარია, რომ ეს სიახლე პოზიტიურად მიიღო როგორც რესტორნის, ისე სტუმრის მხარემ. ამ შედეგის დანახვა გვაძლევს ენერგიას, რომ Rezto-ს იდეა კიდევ უფრო განვავითაროთ", – გვეუბნება კომპანიის დამფუძნებელი.
დავით წიკლაურის თქმით, გუნდის მთავარი სურვილია, რომ ლოდინის დრო წარსულს ჩაჰბარდეს და Rezto ან მსგავსი სერვისი გახდეს სარესტორნო ინდუსტრიის ერთადერთი ლოგიკური არჩევანი – არა როგორც ფუფუნების საგანი, არამედ აუცილებლობა სარესტორნო ინდუსტრიაში.
"ამჟამად ვთანამშრომლობთ საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს ბანკთან, კერძოდ SOLO-სთან. მათთან ერთად გავუშვით განსხვავებული ტიპის გამოცდილება, პრიორიტეტული მომსახურება რესტორნებში SOLO მომხმარებლებისთვის.
SOLO-სთან ერთად ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსური ტექნოლოგიების გლობალურ ლიდერთან Mastercard-თან, ერთობლივად გავაკეთეთ ტურისტებისთვის პროექტი, რომელიც ცხადია, სარესტორნო ნაწილსაც მოიცავს, იგი საშუალებას აძლევს ტურისტებს, კიდევ უფრო მარტივად დაჯავშნონ ქართული რესტორნები.
გავცდით ქართულ ბაზარსაც, გვქონდა მოლაპარაკება იტალიის ინოვაციების ჰაბის დამფუძნებელთან, Andrea Pelleschi-სთან. დროის დაზოგვის იდეა ძალიან მოეწონათ იტალიის ბაზრისთვისაც და ამ წლის ბოლოსთვის იტალიაშიც ავმოქმედდებით სატესტოდ რამდენიმე რესტორანში, შემდეგი წლის განმავლობაში კი აქტიურად ვიმუშავებთ Rezto-ს განვითარებაში, როგორც ქართულ, ისე იტალიურ ბაზარზე", – ამბობს დავით წიკლაური.