RiskAdvisor კომპანიებს რისკების მართვის ეფექტიან მიდგომებს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"საქართველოში ბიზნესი ყოველთვის დინამიკური ბუნებით ხასიათდებოდა. თუმცა დამეთანხმებით, თანამედროვე ბიზნესგარემოში პერმანენტული ცვლილებები ყოველდღიურ გამოწვევად იქცა.

ციფრული ტრანსფორმაცია, ახალი რეგულაციებისა და ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ყოველი ახალი ინიციატივა თუ მოთხოვნის დანერგვა კომპანიებისთვის როგორც ახალ შესაძლებლობებს, ასევე ახალ საფრთხეებსა და რისკებს წარმოშობს, რომელთა ეფექტიან მართვას წარმატების მიღწევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", – ნინო ოქრუაშვილი, RiskAdvisor-ის დამფუძნებელი.

როგორც ნინო აღნიშნავს, RiskAdvisor კომპანიებს რისკების მართვის ეფექტიანი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება, მათ მიმდინარე გამოწვევებს აანალიზებს და საჭიროებებზე მორგებულ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

კომპანიებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა, ფინანსური დანაკარგები მნიშვნელოვნად შეამცირონ, საქმე რეგულაციებთან შესაბამისობაში აწარმოონ და რისკის შესაძლებლობები ეფექტიანად გამოიყენონ.

"მსხვილ ფინანსურ ჯგუფში მრავალწლიანი საქმიანობით დარგის ექსპერტული ცოდნა შევიძინე და პრაქტიკული მიდგომებით საქმის წარმოების არაერთი მაგალითი დავაგროვე.

ჩემი სურვილი იყო, რომ ეს გამოცდილება ხელმისაწვდომი გამეხადა ფინანსური სექტორის შედარებით ახალი და მზარდი კომპანიებისთვის, რათა ეს შესაძლებლობა მათაც გამოიყენონ, რისკის მართვის საერთაშორისო პრაქტიკები დანერგონ და ფინანსური თუ რეპუტაციული დანაკარგები დროულად აირიდონ".

ნინო მიიჩნევს, რომ ფინანსური სექტორისთვის რისკების მართვის საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზება გამბედაობას მოითხოვდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ზოგიერთ კომპანიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა რისკების ნეგატიური ეფექტის გამოცდილება. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესი ნათლად ხედავს რეალურ გამოწვევებს და დღითიდღე რწმუნდება რისკების პრაქტიკული მართვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაში.

"ჩვენ გვაქვს მზაობა, ვითანამშრომლოთ სწორედ ასეთ კომპანიებთან, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია, მათი კომპანიის გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობასა და ოპერაციულ მდგრადობაზე იზრუნონ. ეფექტიანად ორგანიზებული კორპორაციული მართვა და ჯანსაღი რისკის კულტურა კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია".

ნინო იხსენებს, რომ ამ გზაზე ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი თავში წინააღმდეგობის დაძლევა და პირველი ნაბიჯის გადადგმა იყო, რა დროსაც თავს ემოციური წინააღმდეგობა და წარუმატებლობის შიში იჩენს.

"როცა ახალბედა თანამშრომლებს რჩევას ვაძლევდი, ხშირად მითქვამს, რომ შეიძლება შენ ვერ ხედავ წარმატების გზას, მაგრამ ეს გზა ნამდვილად არსებობს და შენ ამ გზის დასაწყისში დგახარ. სწორედ ამას ვუმეორებდი საკუთარ თავს და ჩემი მიზნისკენ სვლას ვაგრძელებდი.

ბავშვობიდან მიყვარდა პრობლემების სიღრმისეული ანალიზი და გამოსავლის ძიება. ჩემი პროფესიაც სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე შემიყვარდა. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ იმაზე ფიქრით, თუ რა ბიზნესგადაწყვეტა შეიძლება იყოს ეფექტიანი პოტენციური საფრთხეების საპასუხოდ და ამ მიდგომით რა პოზიტიურ შედეგს მიიღებს კომპანია".

RiskAdvisor-ის მთავარი ღირებულებებია მომხმარებლის ნდობა, მდგრადობა და პატიოსნება. კომპანია არ მიისწრაფვის მოკლევადიანი წარმატების მისაღწევად და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

"ჩვენ ვგეგმავთ, აქტიურად ჩავერთოთ საზოგადოების რისკის მიმართ ცნობიერების ამაღლების აქტივობებში. ამ მიმართულებით ბევრ საინტერესო ინიციატივას შემოგთავაზებთ".