Rivo: როგორ ცვლის ქართული HR-tech პლატფორმა სამუშაოს ძიებისა და რეკრუტინგის პროცესს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამსახურის ძიება და თანამშრომლის შერჩევა ერთი შეხედვით ორი განსხვავებული პროცესია, თუმცა ორივე მხარეს ერთი პრობლემა აერთიანებს: რუტინულ პროცესებზე დიდი დროის დაკარგვა. კანდიდატი საათებს ატარებს ვაკანსიების მოძიებაში, CV-ების გაგზავნასა და ფორმების შევსებაში, დამსაქმებელი კი ათეულობით ან ასობით განაცხადს შორის ცდილობს შესაბამისი ადამიანის აღმოჩენას.

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ეს პროცესი სულ უფრო მეტად ავტომატიზდება, და Rivo-ს დამფუძნებლის, ირაკლი მაისურაძის, ხედვით, მხოლოდ მეტი ვაკანსიის, მეტი CV-ის ან მეტი განაცხადის არსებობა პრობლემას ვერ აგვარებს. მთავარი არა რაოდენობა, არამედ შესაბამისობის აღმოჩენაა.

სწორედ ამ იდეით შეიქმნა Rivo – ქართული HR-tech პლატფორმა, რომელიც AI-ის გამოყენებით სამუშაოს ძიებისა და რეკრუტინგის პროცესს ორივე მხარისთვის უფრო მარტივს, პერსონალიზებულს და ეფექტიანს ხდის.

პრობლემა, რომელიც ორივე მხარეს ჰქონდა

Rivo-ს შექმნის იდეა თავად დამფუძნებლის გამოცდილებას უკავშირდება. ირაკლი მაისურაძემ ერთი და იგივე პრობლემა სხვადასხვა დროს, განსხვავებული პერსპექტივიდან დაინახა – საზღვარგარეთ ჯერ როგორც სამუშაოს მაძიებელმა, შემდეგ როგორც დამსაქმებელმა, მოგვიანებით კი, უკვე საქართველოში, როგორც მენეჯმენტ-კონსულტანტმა.

"Rivo-ს იდეა ორივე მხარის, როგორც სამუშაოს მაძიებლის, ისე დამსაქმებლის თვალით დანახულმა რეალურმა გამოწვევებმა და პირადმა გამოცდილებამ გააჩინა", – ამბობს ირაკლი მაისურაძე.

ამ პრობლემის წინაშე იგი პირველად აშშ-ში სწავლისა და მუშაობის პერიოდში გადააწყდა, როდესაც სამსახურისა და სტაჟირებების ძიების პროცესი თავად გამოსცადა. მოგვიანებით, დუბაიში მუშაობისას კი, იმავე პროცესს დამსაქმებლის პერსპექტივიდან შეხედა – ახალი სასტუმროს გახსნისას, – როგორც ოპერაციების დირექტორი, გუნდის დაკომპლექტებაზე იყო პასუხისმგებელი.

"სწორედ მაშინ დავინახეთ, თუ რამდენად რთული იყო ტალანტების მოძიება. პლატფორმები, რომლებსაც მაშინ ვიყენებდით, იყო გადატვირთული, მოუხერხებელი და კოლოსალურად ძვირი", – იხსენებს იგი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მენეჯმენტ-კონსულტანტის პოზიციიდან კომპანიების პრობლემებს ადგილობრივი ბაზრის პერსპექტივიდან აკვირდებოდა. სურათი განსხვავებული იყო, თუმცა გამოწვევა იგივე რჩებოდა – შესაბამისი კადრების მოძიებას კომპანიებისთვის დიდი დრო და რესურსი სჭირდებოდა.

ამავდროულად, სამუშაოს მაძიებლები უამრავ ვაკანსიას ათვალიერებდნენ და დიდ ძალისხმევას ხარჯავდნენ მათთვის სასურველი შესაძლებლობის საპოვნელად.

"მაშინ, როდესაც ტექნოლოგია დღეს ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს, მაგრამ ბაზარზე არ არსებობს ორივე მხარისთვის სასურველი ალტერნატივები, კომპანიები და კანდიდატები იძულებული არიან, ისევ ძველი მეთოდებით იმუშაონ", – ამბობს ირაკლი მაისურაძე.

სწორედ ამ გამოცდილებამ გაუჩინა სურვილი, შეექმნა სისტემა, რომელიც უკვე დამკვიდრებულ პროცესს ორივე მხარისთვის შეცვლიდა.

"შევქმენი Rivo – პლატფორმა, რომლის ამოცანაც არა უბრალოდ მეტი ვაკანსიის ან კანდიდატის ჩვენება, არამედ ადამიანებსა და შესაძლებლობებს შორის უფრო ზუსტი შესაბამისობის აღმოჩენაა".

ნაკლები ძიება – მეტი შესაბამისობა

სამუშაოს მაძიებლისთვის Rivo ცდილობს შეცვალოს უკვე კარგად ნაცნობი მოდელი – "ვნახე ვაკანსია, გავგზავნე CV და დაველოდე".

"სამსახურის მაძიებლებისთვის ვცდილობთ დროის ფუჭად ხარჯვის შემცირებას", – ამბობს Rivo-ს დამფუძნებელი.

კანდიდატი ხშირად დროს სხვადასხვა ვაკანსიის პლატფორმების სქროლვაში, ხელით გადარჩევაში, ელფოსტაზე CV-ების გაგზავნასა და ვრცელი ფორმების შევსებაში ხარჯავს. ამასთან, შესაძლოა მისთვის საინტერესო პოზიცია საერთოდ გამორჩეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული დასახელებით არ მოუძებნია.

Rivo კანდიდატის გამოცდილებასა და უნარებს აანალიზებს და შესაბამისი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება. ამისთვის მომხმარებელს მხოლოდ საკუთარი CV-ის ატვირთვა სჭირდება, რის შემდეგაც სისტემა მისთვის შესაბამის ვაკანსიებს აჩვენებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც შესაძლოა კონკრეტული პოზიციის დასახელებით არც მოეძებნა. თუ სამსახურის მაძიებელს CV-ის შექმნა ან განახლება სურს, Rivo-ს CV Maker-ის საშუალებით შეუძლია ის უფასოდ შექმნას ქართულ ან ინგლისურ ენაზე. გარდა ამისა, თითოეულ ვაკანსიაზე კანდიდატს შეუძლია ნახოს შესაბამისობის მაჩვენებელი, პლატფორმაზე კი მარტივად იპოვოს შესაძლებლობები სხვადასხვა ქალაქში და გამოცდილების დონის მიხედვით, ასევე სტაჟირების, დისტანციური, მოქნილი და დროებითი სამუშაოს მიმართულებით.

"ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, სამუშაოს ძიება მხოლოდ "ვაკანსია ვნახე და CV გავაგზავნე" მოდელით არ უნდა შემოიფარგლებოდეს", – აღნიშნავს "რივოს" დამფუძნებელი.

კანდიდატისთვის კიდევ ერთი ფუნქციაა Auto Apply, რომელიც განმეორებითი ფორმების შევსებას ამცირებს. სურვილის შემთხვევაში მისი პროფილი დამსაქმებლებისთვისაც ხილული ხდება. შესაბამისად, სამუშაოს პოვნა მხოლოდ კანდიდატის აქტიურ ძიებაზე აღარ არის დამოკიდებული – შესაბამისი შესაძლებლობა შეიძლება თავად კომპანიამ შესთავაზოს.

დამსაქმებლისთვის – რეკრუტინგი "ანტიქაოსის" პრინციპით

თუ კანდიდატისთვის მთავარი პრობლემა შესაბამისი შესაძლებლობის პოვნაა, დამსაქმებლისთვის გამოწვევა კანდიდატების მოზიდვა და მათ შორის შესაბამისი ადამიანის აღმოჩენაა – დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებისა და შერჩევის პროცესის მართვის პარალელურად.

სხვადასხვა არხიდან შემოსული CV-ები, კანდიდატების ხელით გადარჩევა, სტატუსების მართვა, კომუნიკაცია და სხვადასხვა ფაილსა თუ სისტემაში გაფანტული ინფორმაცია რეკრუტინგს კიდევ უფრო ართულებს და ზრდის რისკს, რომ საინტერესო კანდიდატიც ყურადღების მიღმა დარჩეს.

"პლატფორმა რეალურად არის "ანტიქაოსის" მექანიზმი. როდესაც მთელი პროცესი ერთი სივრციდან იმართება, აღარ ირევა სტატუსები და აღარ იკარგება CV-ები თუ ინფორმაცია".

Rivo ამ პროცესებს ერთ სივრცეში აერთიანებს – სრულფასოვანი ATS- და რეკრუტინგის მართვის სისტემაა, სადაც კომპანიას შეუძლია AI ასისტენტის დახმარებით მარტივად შექმნას და გამოაქვეყნოს ვაკანსიები, მიიღოს განაცხადები, თავადაც მოძებნოს შესაბამისი კანდიდატები Rivo-ს ტალანტების ბაზაში და მხოლოდ შემოსულ CV-ებზე დამოკიდებული აღარ იყოს. გამოიყენოს პირველადი შეფასებისა და სკრინინგის ინსტრუმენტები და მართოს შეფასებები, სტატუსები და კომუნიკაცია. პლატფორმაზე გუნდის რამდენიმე წევრს ერთად შეუძლია იმუშაოს, გააზიაროს უკუკავშირი და მუდმივად ხედავდეს, შერჩევის რომელ ეტაპზე იმყოფება კანდიდატი.

კომპანიას ასევე შეუძლია შექმნას საკუთარი კანდიდატების ბაზა – მიიღოს CV-ები მაშინაც, როდესაც კონკრეტული ვაკანსია გამოცხადებული არ აქვს, შეინახოს საინტერესო პროფილები და ახალი საჭიროების გაჩენისას მოძიება უკვე საკუთარი talent pool-იდან დაიწყოს.

კანდიდატებთან კომუნიკაციას მზა შაბლონებიც ამარტივებს – რეკრუტერს შეუძლია დროულად მიაწოდოს ინფორმაცია როგორც შემდეგ ეტაპზე გადასვლის, ისე უარყოფის შემთხვევაში. "გვინდა შევამციროთ შემთხვევები, როდესაც ადამიანი განაცხადის შემდეგ საერთოდ აღარ იღებს უკუკავშირს, რაც კომპანიაზე, როგორც დამსაქმებლის ბრენდზეც, მეტყველებს", – აღნიშნავს მაისურაძე.

კომპანიას ასევე შეუძლია კონკრეტული პოზიციისთვის ადგილობრივ ბაზარზე არსებული სახელფასო მონაცემები ნახოს და ანაზღაურების განსაზღვრისას უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

საბოლოოდ, ტექნოლოგია რეკრუტერს საშუალებას აძლევს, ნაკლები დრო დახარჯოს ადმინისტრაციულ და განმეორებად მოქმედებებზე და მეტი – კანდიდატების რეალურ შეფასებასა და კომუნიკაციაზე.

"ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიის დახმარებით რეკრუტერებს შეუმცირდეს ის რუტინული სამუშაო, რომელიც დღეს მისი დროის ყველაზე დიდ ნაწილს მოითხოვს, ხოლო თავისი ძვირფასი დრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებასა და საუკეთესო კანდიდატების შერჩევას დაუთმოს".

"შესაბამისობა რაოდენობაზე მნიშვნელოვანია"

Rivo-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ეს არის – "შესაბამისობა რაოდენობაზე მნიშვნელოვანია".

ტრადიციულად, რეკრუტინგში მეტი კანდიდატი მეტ არჩევანს ნიშნავდა, სამუშაოს მაძიებლისთვის კი მეტი ვაკანსია – მეტი შესაძლებლობის შანსს. თუმცა დიდი რაოდენობა ორივე მხარისთვის შეიძლება დამატებით სამუშაოდ იქცეს.

"იყო დრო, რეკრუტინგში დიდი რაოდენობა ხშირად წარმატების ინდიკატორად აღიქმებოდა: რაც მეტი კანდიდატი შემოვა, თითქოს მით მეტი არჩევანი აქვს კომპანიას. სამუშაოს მაძიებლის შემთხვევაშიც იგივე ხდება: რაც მეტ ვაკანსიას ნახავს და რაც მეტ განაცხადს გაგზავნის, თითქოს მით უკეთესია", – განმარტავს ირაკლი.

მისი თქმით, Rivo ამ პროცესს სხვაგვარად უყურებს.

"ასობით არარელევანტური განაცხადის გადარჩევა რეკრუტერს დამატებით დროს ართმევს, კანდიდატისთვის კი ათეულობით შეუსაბამო ვაკანსიის ნახვა და მათზე განაცხადის გაგზავნა ასევე დაკარგული დროა".

Rivo AI-ის მხარდაჭერით კანდიდატის გამოცდილებასა და უნარებს ვაკანსიის მოთხოვნებს ადარებს და შესაბამისობის მაჩვენებელს აჩვენებს. ძიება მხოლოდ პოზიციის დასახელების ან საკვანძო სიტყვების დამთხვევაზე არ არის დამოკიდებული – სემანტიკური ანალიზი საშუალებას აძლევს სისტემას, აღმოაჩინოს შესაბამისობები, რომლებიც ჩვეულებრივი ძიებისას შეიძლება დაიკარგოს. ამასთან, კომპანიას შეუძლია მხოლოდ შემოსულ განაცხადებებს არ დაელოდოს და Rivo-ს ტალანტების ბაზაში თავად მოძებნოს მისთვის საინტერესო ადამიანები გამოცდილების, უნარების, ადგილმდებარეობისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.

"მთავარი უფრო შესაბამისი არჩევანის აღმოჩენაა", – ამბობს Rivo-ს დამფუძნებელი.

AI რეკრუტერის დასახმარებლად – მეტი ინფორმაცია გადაწყვეტილებისთვის

შესაბამისი კანდიდატების აღმოჩენის შემდეგ Rivo რეკრუტერს მათი პირველადი შეფასების პროცესშიც ეხმარება. Rivo-ს მიდგომაში AI ადამიანის ჩანაცვლების ინსტრუმენტად არ განიხილება. მისი ფუნქცია უფრო მეტად რუტინული და განმეორებადი სამუშაოს საკუთარ თავზე აღებაა – დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება, კანდიდატების მოძიება, შესაბამისობების აღმოჩენა და პირველადი შეფასების მხარდაჭერა - ისე, რომ რეკრუტერს მეტი დრო დარჩეს კანდიდატის რეალური შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.

"ჩვენ AI-ს ვასწავლით, რომ კანდიდატები შეაფასოს არა მხოლოდ მშრალი ქივორდებით, არამედ დაინახოს მათი პოტენციალი და განვითარების ტრაექტორია", – აღნიშნავს "რივოს" დამფუძნებელი.

პლატფორმაზე ხელმისაწვდომია AI-ხმოვანი და ვიდეოინტერვიუები და DISC მუშაობის სტილის შეფასება, რაც რეკრუტერს საშუალებას აძლევს, შედარებით მოკლე დროში მეტი კანდიდატი შეაფასოს და გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ CV-ში მოცემული ინფორმაციით არ შემოიფარგლოს.

"AI-ინტერვიუს საშუალებით უფრო მეტ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები პასუხების საშუალებითაც წარმოაჩინოს".

ინტერვიუს ჩანაწერები და შეფასების შედეგები რეკრუტერისთვის ხელმისაწვდომია, რაც მას კანდიდატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და შეფასების შესაძლებლობას აძლევს. DISC შეფასება კი დამატებით ინფორმაციას იძლევა კანდიდატის სამუშაო სტილის, კომუნიკაციის გზებისა და პროფესიული უნარების შესახებ.

საბოლოო შეფასება და გადაწყვეტილება კვლავ ადამიანს ეკუთვნის. ტექნოლოგია რეკრუტერს არ ცვლის – ის ცდილობს, მას მეტი დრო დაუტოვოს იმ ნაწილისთვის, სადაც ადამიანური შეფასება და კომუნიკაციაა საჭირო.

"ადამიანის როლი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ, სადაც საჭიროა კონტექსტის გაგება, ცოცხალი კომუნიკაცია, ემოციური ინტელექტი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება".

ქართული ბაზრიდან საერთაშორისო ბაზრამდე

Rivo-ს მიდგომა საერთაშორისო HR-tech პროდუქტების გამეორებას არ ეფუძნება. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომების ადგილობრივ ბაზართან ადაპტაციაც.

"საერთაშორისო ბაზარზე რეკრუტინგი სულ უფრო მეტად სცდება მხოლოდ ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შემოსული CV-ების გადარჩევის მოდელს", – გვეუბნება ირაკლი.

მისი თქმით, კომპანიები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ATS სისტემებს, აქტიურ sourcing-ს, ავტომატიზაციასა და მონაცემებზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს. საქართველოში კი ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ არათანაბრად არის გავრცელებული და ბევრი კომპანია რეკრუტინგის პროცესის ნაწილს ელფოსტითა და ხელით მართავს.

ამასთან, ადგილობრივ ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს – ენა, ბაზრის მასშტაბი, სახელფასო ინფორმაცია და კომპანიების განსხვავებული რეკრუტინგული პრაქტიკა.

"ჩვენი მიზანი საერთაშორისო პროდუქტების უბრალოდ კოპირება არ არის. Rivo-ში ვცდილობთ თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები ადგილობრივი ბაზრის რეალურ საჭიროებებს მოვარგოთ – დაწყებული ქართულ ენაზე მუშაობით, დამთავრებული ადგილობრივი სახელფასო მონაცემებითა და იმ პროცესებით, რომლებსაც ქართული კომპანიები ყოველდღიურად იყენებენ".

ამ გამოცდილების პარალელურად, Rivo-ს განვითარების ხედვა საქართველოს ბაზრით არ შემოიფარგლება. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო Startupbootcamp Georgia-ს პროგრამაში გამარჯვება, რომელმაც, როგორც ირაკლი ამბობს, კომერციალიზაციის მიმართულებით დამატებითი რესურსი და მარკეტინგის გააქტიურების შესაძლებლობა შექმნა.

"ჩვენთვის დიდი სიამაყეა, რომ Rivo არის ქართული HR-tech პროდუქტი. Startupbootcamp Georgia-ს პროგრამაში გამარჯვება ჩვენთვის უდიდესი წარმატება და აღიარება იყო".

რა იქნება შემდეგ?

Rivo-ს განვითარება მუდმივ პროცესად რჩება – კომპანია ახალ ფუნქციონალს ამატებს და უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე შესაძლებლობის წარდგენას გეგმავს.

თუმცა ტექნოლოგიური განვითარება თავად ტექნოლოგიისთვის არ ხდება. Rivo-ს ხედვით, AI-მ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ის სამუშაო, რომელიც მექანიკური და განმეორებადია, ადამიანებს კი დაუტოვოს ის ნაწილი, სადაც გამოცდილება, კონტექსტის გაგება და ურთიერთობა გადამწყვეტია.

"AI-მ უნდა გააკეთოს თავისი საქმე: სორსინგი, ძებნა, კანდიდატების მეჩინგი, ინფორმაციის დალაგება და ერთ სივრცეში თავმოყრა. სწორედ ამას ვაშენებთ ჩვენ".

ამიტომ Rivo-ს ხედვა მხოლოდ რეკრუტინგის პროცესის დაჩქარება არ არის. საბოლოო მიზანი იმ გამოცდილების შეცვლაა, რომელსაც სამუშაოს ძიებისა და თანამშრომლის შერჩევის დროს ორივე მხარე გადის.

"ტექნოლოგიამ უნდა შეამციროს რუტინა, გაზარდოს შესაბამისობის აღმოჩენის შესაძლებლობა და ადამიანებს უკეთესი, უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად მეტი სივრცე დაუტოვოს", – ამბობს ირაკლი მაისურაძე.

გრძელვადიან პერსპექტივაში Rivo-ს მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებაა. თუმცა ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი ქართული შრომის ბაზარია, სადაც კომპანია ცდილობს ერთი შეხედვით ნაცნობ პროცესს ახალი ლოგიკა შესთავაზოს – ნაკლები რუტინა, ნაკლები შეუსაბამო ძიება და მეტი შესაძლებლობა სწორი ადამიანის სწორ შესაძლებლობებთან დასაკავშირებლად.