როდესაც პარტნიორობა შესაძლებლობად იქცევა – IBSU-ს სტუდენტის საერთაშორისო გამოცდილება MIT-ის StartMIT პროგრამაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) დაიწყო სტრატეგიული პარტნიორობა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოში განათლების და მეწარმეობის ეკოსისტემას. თანამშრომლობის ფარგლებში, იანვარში IBSU-ს სტუდენტი ანი მერაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, MIT-ში იმყოფებოდა და სრული დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო StartMIT-ის პროგრამაში, რომელიც 3 კვირის მანძილზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდებოდა.

პარტნიორობის შედეგად, IBSU-ს ყველა სტუდენტს და თანამშრომელს ექნება წვდომა MIT-ის ORBIT-ის პლატფორმაზე - რესურსებზე, რომელიც მოიცავს ინოვაციებს, ტექნოლოგიურ ტრენდებს და მეწარმეობის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. პარტნიორობის ფარგლებში უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ტექნოლოგიების და მეწარმეობის ცენტრი, რომელიც ადგილობრივ აკადემიურ და პროფესიულ პრაქტიკას გლობალურ გამოცდილებასთან აერთიანებს. ცენტრში დანერგილი მეთოდოლოგია პირდაპირ ეფუძნება MIT-ის მეწარმეობის პრაქტიკას, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენონ მსოფლიო დონის რესურსები საქართველოდან გაუსვლელად, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში და მიიღონ მონაწილეობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.

მნიშვნელოვანია, რომ IBSU-ს სტარტაპ ეკოსისტემა ორიენტირებულია ინოვაციური იდეების რეალობად გარდაქმნაში. სტუდენტები მუშაობენ საკუთარ პროექტებზე, გადიან მენტორინგის ეტაპებს, აქტიურად ერთვებიან ჰაკათონებში, პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამებში. უნივერსიტეტში უკვე ჩამოყალიბდა მეწარმეობის კლუბიც, სადაც StartMIT-ის მონაწილე ანი მერაბიშვილი კლუბის წევრებს MIT-ში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს. აღნიშნული გარემო სტუდენტებს ეხმარება პოტენციურ ინვესტორებთან კავშირების დამყარებასა და ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე გატანაში.

აღსანიშნავია, რომ IBSU ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად ახორციელებს. უნივერსიტეტში გაიხსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები.

ანი მერაბიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია, რომელმაც ამ პარტნიორობის დახმარებით StartMIT-ის პროგრაგამაში მიიღო მონაწილეობა.

რას მოიცავდა StartMIT პროგრამა და რა იყო მისი მიზანი?

როგორც კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტისთვის, MIT ჩემთვის ყოველთვის იყო ნომერ პირველი და საოცნებო უნივერსიტეტი, სწავლის გასაგრძელებლად.

საბედნიეროდ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და MIT-ის პარტნიორობამ შესაძლებლობა მომცა, მონაწილეობა მიმეღო StartMIT-ის სამკვირიან მეწარმეობის პროგრამაში.

StartMIT არის სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა, სადაც მეწარმეობაში გამოცდილი და პროფესიონალი სპიკერები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და გვასწავლიან, როგორ განვავითაროთ სტარტაპი, იდეიდან ამოქმედების ეტაპამდე.

პროგრამა ბილი აულეტის წარმატებული სტარტაპის განვითარების 24 ნაბიჯს ეფუძნებოდა და ყოველდღიურად თითოეულ ფაზას დეტალურად განვიხილავდით.

რომელი გამოცდილება ან პროექტი აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი პროგრამის მიმდინარეობისას?

ჩემთვის პროგრამის ფარგლებში განხილული ყველა თემა ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით გამოვარჩევდი სამიზნე აუდიტორიის შერჩევას, Product Market Fit (PMF)-ს და ფიჩინგის ნაწილს.

MIT-მა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სპიკერები თავიანთ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული ფიგურები იყვნენ, რაც მათთან ურთიერთობას განსაკუთრებით ღირებულს ხდიდა.

ძალიან მომეწონა მათი უშუალო დამოკიდებულება, თითოეული მათგანი გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, მარცხს, განვლილ გზასა და მიღწეულ წარმატებებს. მათი ისტორიების მოსმენამ და თავისუფალმა კითხვა-პასუხის ფორმატმა მასწავლა, როგორ ავირიდო პოტენციური შეცდომები თავიდან და ვიყო უფრო თანმიმდევრული სტარტაპის განვითარების პროცესში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება, რითაც StartMIT დამამახსოვრდა, იყო გასვლითი ტურები. არასდროს დამავიწყდება IBM-ის ნიუ-იორკის ოფისში ვიზიტი, სადაც ვენჩერებთან შეხვედრის, გაცნობისა და ბილი აულეტისა და მისი თანამოაზრეების პანელურ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა გვქონდა.

რით განსხვავდება MIT-ის აკადემიური და მეწარმეობრივი მიდგომა იმ გამოცდილებისგან, რაც აქამდე საქართველოში მიგიღიათ?

ყველაზე დიდი განსხვავება, რაც MIT-სა და საქართველოს შორის მეწარმეობრივი მიდგომის თვალსაზრისით დავინახე, ის იყო, რომ იქ მთელი პროცესი არა მხოლოდ სასწავლო მასალასა და თეორიულ ცოდნას ეფუძნებოდა, არამედ წარმატებული სპიკერების პირადი გამოცდილების გაზიარებას, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და აქტიურ ნეთვორქინგს.

შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება ყველგანაა შესაძლებელი, თუმცა MIT-მა მართლაც უზარმაზარი შესაძლებლობები დამანახა, ბევრად მეტი, ვიდრე მანამდე საქართველოში წარმომედგინა.

რა უნარები და ცოდნა შეიძინეთ StartMIT პროგრამაში მონაწილეობით?

StartMIT-ის პროგრამამ არაერთი მნიშვნელოვანი უნარი მომცა. არა მხოლოდ მეწარმეობასთან დაკავშირებული ცოდნა, არამედ ის უნარები, რომლებიც წარმატებულ მეწარმეს სჭირდება, კონტაქტების დამყარება, ნეთვორქინგი, დისციპლინა, გუნდური მუშაობა და სტარტაპის პირველადი ჩაშვებისთვის მარტივი და ეფექტური გზების მოძიება.

პროგრამამ მასწავლა, როგორ ვიპოვოთ პრობლემა და მისი გადაჭრის გზა, როგორ შევფუთოთ იდეა, შევარჩიოთ გუნდის წევრები, განვსაზღვროთ და გავიცნოთ მომხმარებელი, ვმართოთ ფინანსები, შევქმნათ MVP, გავიდეთ ბაზარზე და ეფექტურად გავფიჩოთ ინვესტორების წინაშე.

შეიცვალა თუ არა თქვენი ხედვა მეწარმეობაზე ან საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე MIT-ში მიღებული გამოცდილების შემდეგ?

ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ სტარტაპის მშენებლობისას არ უნდა ვუყუროთ პროცესს მხოლოდ პროდუქტის პერსპექტივიდან. მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს მთავარი ფიგურა, მომხმარებელი, ვისთვისაც ეს პროდუქტი იქმნება, მარტივი და ეფექტიანი გადაწყვეტის აუცილებლობა.

როგორც უკვე აღვნიშნე, MIT-მა დამანახა სტარტაპისა და ბიზნესის განვითარების უზარმაზარი შესაძლებლობები უფრო ფართო, გლობალურ ჭრილში.

რას ურჩევდით IBSU-ს სტუდენტებს, რომლებიც საერთაშორისო აკადემიურ და მეწარმეობის პროგრამებში მონაწილეობას ფიქრობენ?

სტუდენტებს, რომლებიც საერთაშორისო მეწარმეობის პროგრამებში მონაწილეობას გეგმავენ, ვურჩევდი, აუცილებლად სცადონ საკუთარი ძალები, მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადებში, ჰაკათონებში და საერთაშორისო პროგრამებში.

თითოეული ასეთი გამოცდილების შემდეგ, ახალი ცოდნის გარდა, მნიშვნელოვან კონტაქტებსაც შეიძენენ, ხოლო კონტაქტები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია.

საბოლოოდ კი, ყველაზე მთავარი რჩევაა, ნუ დაელოდებით იდეალურ დროს ან იდეას. დაიჭირეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენ გარშემოა, და მაქსიმალურად გამოიყენეთ ისინი წარმატების მისაღწევად.