როგორ აპირებს ქართული სტარტაპი Admagica.ai მსოფლიო ციფრული მარკეტინგის სფეროს განვითარებას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს ცხოვრების სტილი აჩქარებულია, ხოლო ადამიანები დროის დაზოგვის რეჟიმზე არიან გადასულები. მუდმივად გვიწევს უზარმაზარი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, გარდა ამისა კი, ვცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ერაში. Google-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ დღევანდელ რეალობაში AI იმაზე დიდ რევოლუციურ გავლენას იქონიებს კაცობრიობის ისტორიაზე, ვიდრე ეს თავის დროზე შეძლო ცეცხლმა ან ელექტროენერგიამ.

AdMagica.ai-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიგი კურტანიძე ამბობს, რომ მათი ბიზნესის მთავარი იდეა ადამიანებისთვის რეკლამის შექმნის პროცესის გამარტივებაა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. სტარტაპზე მუშაობა გუნდმა აპრილში დაიწყო და ძალიან მცირე დროში მოიგეს 500 Global და დასახელდნენ ევრაზიის 13 საუკეთესო სტარტაპს შორის. გიგი კურტანიძე აღნიშნავს, რომ 500 Global-თან პარტნიორობამ მათ იდეის ძლიერ სტარტაპად გადაქცევა ასწავლა.

"მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ e-commerce სფეროში ვმუშაობდი, მუდმივად მჭირდებოდა რეკლამისთვის ვიზუალების შექმნა. კომპანიებს ასევე სჭირდებათ ხანგრძლივი, მრავალსაფეხურიანი ეტაპების გავლა მანამ, სანამ რეკლამა დადასტურდება, საბოლოო სახეს მიიღებს და კამპანია ამოქმედდება. საწყის ეტაპზე საკუთარი თავისთვის რამდენიმე შაბლონი ერთდროულად შევქმენი და როდესაც ვნახე, რამდენად მოსახერხებელი იყო მზა პროდუქტით მუშაობა, დავიწყე შაბლონების გაყიდვა, რის შემდეგაც ბაზარზე მოთხოვნა და ინტერესი გაჩნდა.

ვიფიქრე, რამდენად სასარგებლო იქნებოდა, ხელოვნურ ინტელექტს მრავალფეროვანი რეკლამების ავტომატური გენერირება რომ შესძლებოდა. შედეგად, პარტნიორთან ერთად შევქმენი პლატფორმა, რომელიც აანალიზებს მილიონზე მეტ რეკლამას ინტერენეტსივრცეში ყოველდღიურად და მონაცემებზე დაყრდნობით გეგმავს ბრენდისთვის პერსონალიზებულ, გაყიდვებზე ორიენტირებულ მარკეტინგულ კამპანიებს", – ამბობს გიგი კურტანიძე.

გიგი კურტანიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორიო ბაზარზე შესვლისას შეუძლებელია უკონკურენტო სფერო იპოვო – აუცილებლად იქნება ბევრი გამოწვევა, მრავალფეროვანი დაბრკოლებები, რაც მთელი ამ პროცესის უწყვეტი თანმდევი ნაწილია. ასეთ დროს სიმამაცე და გაბედული ნაბიჯების გადადგმა ნამდვილად საჭიროა, რათა უკან არ დაიხიო. ის ამბობს, რომ მათ გუნდს არ ეშინია სიახლეების, შეჯიბრის, თითოეულ სირთულეს უყურებენ როგორც ახალ, საინტერესო გამოწვევას და ერთი სული აქვთ, ამოხსნან თითოეული ამოცანა, რომ შემდეგ დატკბნენ შედეგით და იხილონ შრომის ნაყოფი.

თავდაპირველად, როდესაც პროექტი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ხელოვნური ინტელექტი არ იყო ისეთი განვითარებული, როგორიც დღესაა, რაც, გიგი კურტანიძის თქმით, მათ აფიქრებინებდა, რომ შესაძლოა ყველა მათი გეგმა არ განხორციელებულიყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ისევ ტექნოლოგიებმა გაუსწრო ყველა მოლოდინს, გააუმჯობესა საკუთარი თავი, მუდმივმა განახლებებმა და ინოვაციურმა პლატფორმებმა თავიდან შემატა მათ იმის რწმენა, რომ შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება.

"ჩვენ გვჯერა, რომ ქართული სტარტაპებისთვის ეს არის უნიკალური შანსი. თუ სწორად და დროულად ავითვისებთ AI-ს შესაძლებლობებს, ავყვებით ტენდენციებს, არ ჩამოვრჩებით დროს და გავუმკლავდებით წინააღმდეგობებს, შევძლებთ გავაუმჯობესოთ ტექნოლოგიის სფეროც, განათლების ხარისხიც და წვლილი შევიტანოთ ბიზნესგანვითარებაში ისე სწრაფად, რომ ბევრ მოწინავე და დიდი ზომის ქვეყანასაც კი გავუსწროთ ეკონომიკურად", – ამბობს გიგი კურტანიძე.

AdMagica.ai-ს თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მას მოტივაციას აძლევს ისეთ პროექტებსა და იდეებზე მუშაობა, რომელიც წარმოსახვის ეტაპზე ინოვაციურად და სხვისთვის შეუძლებლადაც კი შეიძლება ჟღერდეს.

"ჩემი მთავარი ჟინიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ შევძლო საერთაშორისო ბაზარზე ისეთ საფეხურზე ასვლა, რომ გავუტოლდე დიდ და ცნობილ კომპანიებს. რთულია, მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ინსპირაციის წყაროს სწორედ ამაში ვპოულობ. ქართული სტარტაპები ნაკლებადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოშიც მსურს შეიქმნას პროდუქტი, რომელსაც კონკურენციის გაწევის გამბედაობა ეყოფა გლობალურ ჭრილში", – ამბობს ის.

გიგი კურტანიძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, ქართულმა პროდუქტმა იმხელა გავლენა იქონიოს საერთაშორისო ბაზარზე, რომ შეცვალოს როგორც მომხმარებლების, ისე კომპანიების ქცევები ციფრული მარკეტინგის სფეროში. მისი აზრით, სტარტაპის მნიშვნელობა იდეაში კი არა, ადამიანებშია.

"ჩვენ ორიენტირებული ვართ მუდმივ განვითარებაზე, არ ვჩერდებით. უახლოესი 1 წლის გეგმად დავისახეთ პლატფორმაზე 100 000 მომხმარებლის დარეგისტრირება, ხოლო შემდეგი მიზანია ამერიკა, სილიკონ ველი და ახალი ინვესტიციები, რათა კიდევ უფრო სწრაფად გავიზარდოთ და მსოფლიო ბაზარზე გავიდეთ", – ამბობს გიგი კურტანიძე, AdMagica.ai-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.