როგორ აქცია ინგა მალაყმაძემ ტურიზმი ხელოვნებად და ბიზნესად – Calypso Travel & Event-ის ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტურიზმი არ არის მხოლოდ მოგზაურობა - ეს, პირველ რიგში, გამოცდილებაა. სწორედ ასე უყურებდა ინგა მალაყმაძე ტურიზმის ინდუსტრიას, როცა Calypso Travel დააფუძნა. მაშინ საქართველოში შემომყვანი ტურიზმი ჯერ კიდევ ევოლუციის ეტაპზე იყო, ხოლო პრემიუმ სეგმენტი თითქმის არ არსებობდა.
მაგრამ ინგას ჰქონდა მიზანი - შეექმნა სტანდარტი, რომელიც არა მხოლოდ ტურისტებს შესთავაზებდა უნიკალურ გამოცდილებებს, არამედ ქართულ ბიზნესებსაც დაეხმარებოდა განვითარებაში.
"ჩვენ არ ვუწევთ ორგანიზებას უბრალოდ ღონისძიებებს - ჩვენ ვქმნით გამოცდილებებს, რომლებიც აძლიერებს ბიზნესს, აკავშირებს გუნდებს ერთმანეთთან და შთააგონებს ადამიანებს", - ამბობს ინგა.
თავიდან ეს ყველაფერი იდეას ჰგავდა, რომელიც ბევრისთვის ზედმეტად ამბიციური და რთული განსახორციელებელი ჩანდა. მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა ყველას ეჭვი ეპარებოდა, რომ საქართველოში შეიძლებოდა პრემიუმ კლასის ტურიზმისა და MICE ინდუსტრიის (Meetings-ი, Incentives-ი, Conferences-ი, Exhibitions-ი) განვითარება, ინგამ გაბედა და Calypso Travel-ი რეალობად აქცია.
ეს არ იყო პირველი გამოწვევა, რაც მას კარიერაში შეხვდა. 2002 წელს, როცა ტურისტული კომპანია შექმნა, მას ზეპირი შეთანხმება ჰქონდა დამსაქმებელთან - თუ 11 თვეში ბიზნესი მოგებაზე გავიდოდა, მისი 30%-ის მფლობელი გახდებოდა. შეთანხმება შესრულდა - ინგამ 24/7-ზე დაუღალავი შრომით კომპანია რეალურად მოგებაზე გაიყვანა. მაგრამ როცა საკუთარი წილის მიღების დრო დადგა, აღმოჩნდა, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ სიტყვების დონეზე არსებობდა.
"იმ დროს მეგონა, რომ ყველაფერი დავკარგე: ამდენი ძალისხმევა წყალში ჩამეყარა და მხოლოდ დანაკარგი შემრჩა ხელში. მაგრამ დრო გავიდა და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება. რომ არა ეს მარცხი, რომ არა ეს გაკვეთილი, ვერასდროს გავბედავდი საკუთარი ბიზნესის შექმნას", - იხსენებს ინგა.
2004 წლის იანვარში 2 000 დოლარით მან Calypso Travel-ი დააფუძნა და შეუდგა გზას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში სრულიად შეცვლიდა მის ცხოვრებას. სულ რამდენიმე წელში კომპანიამ 92 000-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში და პირველი ქართული ტურისტული კომპანია გახდა, რომელმაც კუბაზე ტურები გაყიდა.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 2008 წელს ინგას საქმიანობა აშშ-ის საელჩომ შეამჩნია, რის შედეგადაც ის International Visitor Leadership Program-ზე მიიწვიეს. ეს იყო გარდამტეხი მომენტი - ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის შემდეგინგა უკვე სხვაგვარად უყურებდა ტურიზმს.
"უკანა გზაზე, თვითმფრინავში მჯდომმა, ვიცოდი, როგორი ტურიზმით დაკავდებოდა Calypso. სხვა თვალით შევხედე ჩემს ქვეყანას - ასეთ პატარას, მაგრამ ასეთ მრავალფეროვანს, უნიკალური ისტორიითა და ტრადიციებით. საქართველო ამერიკაში შემიყვარდა - ეს უკვე შეგნებული სიყვარული იყო", - ამბობს ის.
დღეს Calypso Travel & Event-ი არ არის უბრალოდ ტურისტული კომპანია - ის ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე და ერთგვარი წესების დამდგენიცაა. ბრენდი აქტიურად მუშაობს ბიზნესების გაძლიერებაზე, კორპორაციული კულტურის გაუმჯობესებაზე და ინოვაციური პროექტების შექმნაზე, როგორიცაა, მაგალითად, "პეტრას განძის" თიმბილდინგი - ღონისძიება, რომელიც ქართული ისტორიის, არქეოლოგიისა და თანამედროვე მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკას აერთიანებს.
ინგა არასდროს შეუშინებია გენდერულ სტერეოტიპებს, თუმცა აღიარებს, რომ ბიზნესის დაწყებისას ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი იყო.
"როდესაც 2000-იან წლებში ქალი იწყებდა ბიზნესს ტურიზმში, ეს არ იყო ყოველდღიური მოვლენა. ხშირად, პირველ რიგში, ჩემს სქესს აფასებდნენ და მხოლოდ შემდეგ - ჩემს პროფესიონალიზმს. მაგრამ ეს სტერეოტიპები ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო".
მისი რჩევა დამწყები ანტრეპრენერებისთვის მარტივია - არასდროს მიიღოთ "არა" პასუხად.
"ბევრჯერ მსმენია: "ეს შეუძლებელია"', "ამას ვერ გააკეთებ" - მაგრამ მე არასდროს არ მივიღე "არა" როგორც საბოლოო პასუხი. თუ პირველი, მეორე, მეათასე მცდელობა არ გამოდის, მაინც არ დანებდეთ, და ბოლოს სამყარო თავად დანებდება".
ინგას ინსპირაციას აძლევს პროექტები, რომლებიც ჯერ არავის გაუკეთებია. მისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა, როცა ხედავს, რომ გაწეული მომსახურება აღემატება კლიენტების მოლოდინს.
"ეს მაძლევს ძალას, უფრო მეტი გავაკეთო, შევქმნა ინოვაციები და ახალ რეალობას მოვარგო ტურიზმის ინდუსტრია", - ამბობს ის.
ინგას დიდი მიზნები აქვს. Calypso Travel & Event-ის განვითარების ხედვა ეფუძნება ინოვაციებს, კრეატივს და მომსახურების ხარისხის მუდმივ სრულყოფას. კომპანია გეგმავს საქართველოში ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გამყარებას და კორპორაციული ტურიზმის ახალი სტანდარტების დანერგვას. ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა Calypso-ს აკადემიის შექმნაა, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროში ახალი პროფესიონალების აღზრდას.
"Calypso არ არის მხოლოდ ბიზნესი - ეს ეკოსისტემაა, სადაც თითოეული ადამიანი ვითარდება და იზრდება. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის გაზიარება და სწორი მიდგომა ახალ შესაძლებლობებს ქმნის არა მხოლოდ ჩვენს კომპანიაში, არამედ მთლიანად ინდუსტრიაში", - აცხადებს ინგა.